მე მათ ვასწავლი და ისინი - მე
მე მათ ვასწავლი და ისინი - მე
ხელოვნება მშვენიერებაა. ხელოვნების ნიჭი ღვთისგან ნაბოძები მადლია, რომელსაც ,,მოვლა-პატრონობა, ხელის შეწყობა, გაზრდა და დავაჟკაცება სჭირდება" (წმინდა ილია მართალი). ამიტომაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ახალი თაობის მაღალი ესთეტიკური ფასეულობებით აღზრდას, მათი "ზნე-ხასიათის წვრთნას", რაც ქვეყნის ძლიერებისა და კეთილდღეობის საწინდარია. სასიხარულოა, რომ ჩვენი საგანმანათლებლო დაწესებულებები ძალ-ღონეს არ იშურებენ, რათა "ახალგაზრდების სულში ღვთის მიერ ჩარგული მშვენიერი ნერგი ახეირონ და ცოტა თუ ბევრი ყვავილი გამოასხმევინონ".

გვინდა გიამბოთ სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის კულტურის განყოფილების შესახებ, რომლის დირექტორი ბატონი გოგა გეგელია, მოადგილე კი - ქალბატონი ლალი დოლიძე გახლავთ. ამ განყოფილებაში მოქმედებს ორი თეატრალური დასი (ხელმძღვანელები: მამუკა ლომაშვილი და გოგა გეგელია), გოგონებისა და ვაჟების ფოლკლორული ანსამბლები (ხელმძღვანელები: რამაზ გუნიავა და ნანა მოსეშვილი), ყველასათვის ცნობილი ცეკვის ანსამბლი "გორდა". ცოტა ხნის წინ ხალხური ინსტრუმენტების ანსამბლიც ჩამოყალიბდა (ხელმძღვანელი - ქეთინო წიკლაური). აქ ეწყობა საიუბილეო საღამოები, გამოფენები, რომლებიც სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღს ეძღვნება. ყოველწლიურად უნივერსიტეტში მოდის პირველკურსელთა ახალი ნაკადი და ხდება ახალ-ახალი ტალანტების გამოვლენა. სტუდენტებს მოაქვთ თავიანთი შექმნილი ნამუშევრები, გამოყენებითი ხელოვნების სხავადასხვა სფეროს ნიმუშები: ჩანთები, ფარდაგები, ნაქარგობები, მძივები, ხეზე ნაკვეთი ნივთები...

ბოლო გამოფენა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს მიეძღვნა. დამთვალიერებლების წინაშე ამ უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა ბისერებით შესრულებული ნახატები, აბრეშუმის ძაფებით დამზადებული თოჯინები, გობელენის ხატები, მინანქრით შესრულებული ჯვრები და გულსაბნევები წარმოადგინეს. გამოფენილი იყო აგრეთვე ხეზე რეწვით შესრულებული მწერლებისა და საზოგადო მოღვაწეების პორტრეტები, სხვადასხვა ტექნოლოგიით გაკეთებული, ორიგინალურად მოხატული კვერცხები და სხვა. გამოფენაზე წარმოდგენილი თითოეული ნიმუში სისადავით გამოირჩეოდა. სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტმა არჩილ ცანავამ წარმოადგინა პლასტელინისა და თაბაშირის მეტად მომხიბვლელი სხვადასხვა ზომის ქანდაკებები. გამოფენაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები: ია ხაჩიძე, თაკო ჯამალაშვილი, თამარ კვაჭანტირაძე, ქეთევან ბედენაშვილი, ლაშა ავალიანი. უნივერსიტეტის პედაგოგმა, ქალბატონმა ლეილა გეგენავამ წარმოადგინა საოცრად დახვეწილი, მაღალი დონის ნაქარგი ხატები და სურათები; ქალბატონმა მაია ფეიქრიშვილმა - ყვავილების ფოთლებით შესრულებული ლამაზი და ორიგინალური აპლიკაციები, მინანქრით შესრულებული მოოქრული ნივთები; ხეზე კვეთილობის ავტორი გახლდათ ბატონი სერგო ლომიძე; ქალბატონ თამარ დოლიძეს მძივები ჰქონდა წარმოდგენილი, ბატონ თამაზ ხარაბაძეს კი - მასიური ხის ქანდაკებები.

ამ გამოფენაში მონაწილეობით სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა ერთმანეთი უკეთ გაიცნეს. წელს სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტს 80 წელი შეუსრულდა. ეს გამოფენაც აღდგომის დღესასწაულთან ერთად ამ საიუბილეო თარიღს მიეძღვნა. უნივერსიტეტის რექტორის, ბატონ გელა ჯავახიშვილის თქმით, გამოფენაზე წარმოდგენილ მრავალფეროვან ნაწარმოებებში იგრძნობოდა აღმაფრენა, სიხარული და ტკივილი, რაც ჩვენმა ქვეყანამ ბოლო პერიოდში გადაიტანა. გამოფენის სტუმარი გახლდათ სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტთან არსებული წმინდა ილია მართლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ბასილ ჟორჟიკაშვილი. მისი თქმით, უნივერსიტეტის პედაგოგები და სტუდენტები აქტიურად არიან ჩართულნი რელიგიურ ცხოვრებაში. ისინი თავიანთ შემოქმედებას უძღვნიან უფალს და განადიდებენ მას. სააღდგომო გამოფენა, რომელსაც "სადიდებლად უფლისა" დაერქვა, საგალობლების ფონზე გაიმართა.

KARIBCHEვესაუბრეთ გამოფენის ერთ-ერთ ინიციატორს, ქალბატონ ლალი დოლიძეს.

- ქალბატონო ლალი, რა გეგმები გაქვთ დასახული?


- რამდენიმე დღეში ჩვენი უნივერსიტეტის სცენაზე შედგება პრემიერა ლაშა თაბუკაშვილის პიესის მიხედვით შექმნილი სპექტაკლისა ,,დარაბებს მიღმა გაზაფხულია". ასევე დაიწყება სტუდენტური დღეები. სტუდენტები აქტიურად მონაწილეობენ შემოქმედებით ცხოვრებაში. ჩვენს განყოფილებაში მათ ეძლევათ საშუალება, უფრო პროფესიულად დაეუფლონ ხელოვნების სხვადასხვა დარგს: ცეკვას, სიმღერას, თეატრალურ ხელოვნებას... უნივერსიტეტის რექტორატი მხარში გვიდგას და რაც შეუძლია, ყველაფრით გვეხმარება. შენობის ის ნაწილი, სადაც ახლა ჩვენი განყოფილებაა განთავსებული, თითქმის მთლიანად დანგრეული იყო. გაგვირემონტეს, ყველანაირად შეგვიწყვეს ხელი და მოგვცეს მუშაობის საშუალება - შეგვიძინეს ძვირად ღირებული აპარატურა, მიკროფონები, გამაძლიერებლები. ისე მოგვიწყვეს საგრიმიორო ოთახი, რომ შეიძლება სახელმწიფო თეატრსაც კი შეშურდეს. ახლა გვპირდებიან სარეპეტიციო დარბაზს. ცოტა ვიწროდ კი ვართ - ოთახები არ გვყოფნის.

KARIBCHEსტუდენტებს ძალიან უყვართ ხელოვნება. მათი უმეტესობა წარჩინებულია სწავლაშიც და შემოქმედებით ცხოვრებაში. ხელოვნების სამყაროსთან ზიარება ესთეტიკურ ფასეულობებს უღვივებს, აკეთილშობილებს, ზნეობრივად ამაღლებს მათ და უსპეტაკებს სულს. ასეთი ბავშვები სხვებისაგან გამოირჩევიან. უფრო ზრდილობიანები და თავშეკავებულები არიან თითქოს. უფრო შინაარსიანი და საინტერესო ცხოვრება აქვთ. ნაყოფიერად შრომობენ და ხალისიც მეტი აქვთ. მათი შრომა ყოველთვის იმკის კიდეც ნაყოფს. სხვათა შორის, თეატრალური დასის წევრები ივნისში მიწვეულნი არიან საფრანგეთში, სტუდენტურ ფესტივალზე. ღონისძიებებზე მაყურებელი არ გვაკლია. სასურველია, გვქონდეს მეტი ფინანსური საშუალება, რაც უზრუნველყოფდა ჩვენი ღონისძიებების მეტ მრავალფეროვნებასა და ხარისხს.

- პირადად თქვენ რას განიჭებთ სტუდენტ-ახალგაზრდობასთან ურთიერთობა?

- დრო იცვლება, თაობებიც იცვლებიან და ალბათ ფასეულობებიც, მაგრამ ახალგაზრდებისადმი ჩემი სიყვარული არ ნელდება. მათთან ყოფნისას მეც ვყმაწვილდები. მათ ყველა საინტერესო იდეასა და წამოწყებას სიხარულით ვუერთდები და ავიტაცებ ხოლმე. ჩემს აზრს არასოდეს ვახვევ თავს. რითაც შემიძლია, მხარში ვუდგავარ. მე მათ ვასწავლი და ისინი - მე. ხელოვნების დანიშნულებაც ხომ ესაა - მიაღწიოს ადამიანთა ერთობას, რაც სიკეთისა და სიყვარულის დასაბამია.
ბეჭდვა
1კ1