სამების კომპლექსის რვა მცირე ტაძარს ახალგაზრდა მხატვარი მოხატავს
სამების კომპლექსის რვა მცირე ტაძარს ახალგაზრდა მხატვარი მოხატავს
ოცდაათ წელიწადზე მეტია, ამირან გოგლიძე მონუმენტური მხატვრობის რესტავრაცია-კონსერვაციას მისდევს. ტაძარი მისთვის ყველაფერია. მის ირგვლივ ჩატარებული ყველანაირი სამუშაო უდიდეს სიამოვნებას ანიჭებს. დაამთავრა იაკობ ნიკოლაძის სახელობის სასწავლებელი ფერწერის განხრით, შემდეგ სამხატვრო აკადემიაში ფერმწერ-რესტავრატორის პროფესიას დაეუფლა. 1971 წლიდან მუშაობდა მონუმენტური მხატვრობის რესტავრაციაზე. ჩატარებული აქვს ორმოცამდე ეკლესიის მოხატულობის რესტავრაცია-კონსერვაცია. ტიმოთესუბანში, ღვთისმშობლის მონასტერში, შეასრულა სამოთხედ დაჯდომის კომპოზიცია, მოხატა ძველი სამების ეკლესიის მინაშენი, შემოქმედის ეპარქიისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკლესიები. მისი დაწერილი ხატები და მინიატიურები დაბრძანებულია ქართულ ეკლესია-მონასტრებში და დაცულია უცხოეთის კერძო კოლექციებში. ჰყავს მეუღლე და ტყუპი ვაჟი - ანტონი და ლევანი. ისინიც ხატავენ. უმთავრესად საერო მხატვრობით არიან დაკავებულნი, მაგრამ თუ საჭირო გახდა, უმალვე მამის გვერდით აღმოჩნდებიან ხოლმე.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, ამირან გოგლიძე წმინდა ელიას მთაზე მდებარე სამების ტაძრის მთავარ მხატვრად შეირჩა. პატრიარქის კურთხევით ბატონი ამირანი მასთან ერთად მომუშავე ახალგაზრდა ხატმწერებს სიამოვნებით უზიარებს წლების განმავლობაში დაგროვილ გამოცდილებას. სამების კომპლექსის რვა მცირე ტაძარს ახალგაზრდა მხატვარი მოხატავს, ხოლო ორი დიდი - სამებისა და ხარების სახელობის ტაძრები - მხატვართა ჯგუფმა უნდა დაამშვენოს.

ბატონ ამირანს სამების ტაძარში ვესტუმრე. ის ახლა მთავარი ტაძრის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე მთავარანგელოზთა ეკლესიას ხატავს. ეს არის სამების კომპლექსის პირველი ტაძარი, რომლის მოხატვაც დაიწყო. კედლის მოხატვა პატრიარქის მეთვალყურეობით მიმდინარეობს. მისივე უშუალო ხელმძღვანელობით იქმნება ყოველი დეტალი. მთავარანგელოზთა ტაძრის მხატვრობა ერთგვარი ნიმუში იქნება იმისა, როგორი უნდა იყოს მთავარი ტაძრის მხატვრობა.

ჩვენი საუბარიც მთავარანგელოზთა ეკლესიაში, თითქმის გუმბათამდე აწვდილ ხარაჩოზე შედგა.

- ბატონო ამირან, როგორ სახეს მიიღებს საბოლოოდ მთავარანგელოზთა ტაძრის მხატვრობა?

- მთავარანგელოზთა ეკლესიაში თემატიკა საკმაოდ რთულია. სცენები ძველი და ახალი აღთქმიდან იქნება - გაბრიელ მთავარანგელოზი ხომ ერთგვარად აერთიანებს ძველსა და ახალ აღთქმას. ტაძარი სამ რეგისტრად არის დაყოფილი. პირველ რეგისტრში წმინდა მამების რიგი იქნება განლაგებული, ოთხი მღვდელმთავრის: იოანე ოქროპირის, გრიგოლ ღვთისმეტყველის, ბასილი დიდისა და წმინდა ნიკოლოზის - გვერდით უფლის ტარიგი და ჯვარი იქნება გამშვენებული. სარკმლის თავზე გამოისახება ორი ანგელოზი, რომელთაც ხელთ ექნებათ უფლის ხელთუქმნელი ხატი. საკურთხევლის მეორე რეგისტრში შესრულდება ორმხრივი ზიარება, ხოლო მესამე რეგისტრში - ანგელოზთა კრება. ტარიგის შემოსასვლელ კარში გამოისახება მთავარანგელოზი და ორი ქტიტორი. მერე მოდის წმინდა მხედრების - გიორგის, დემეტრესა და თევდორეს - გამოსახულებები.

მეორე რეგისტრის დასავლეთ კედელზე გრაფიკულად უკვე გამოსახულია სამი ყრმა რკინის ღუმელში და წინასწარმეტყველი დანიელი ლომების ხაროში. ზედა, მესამე რეგისტრის, სამხრეთ ნაწილში დაწყებულია ამაღლების კომპოზიცია, რომელიც მთლიანად გადადის კამარაზე და ჩრდილოეთ კედელზე მთავრდება. თავად კამარაზე გამოსახული იქნება რვა წინასწარმეტყველი: ელია, ესაია, დანიელი, სოფონია, იონა, ეზეკიელი, ამბაკუმი და იერემია. მათ შუაში გამოვსახავთ ჯვარს, როგორც ძლიერების სიმბოლოს. თაღის სამხრეთით გამოისახება ძველი დღეთაი და ხარება, ჩრდილოეთით - ქრისტეს აღდგომა, დასავლეთ კედელზე - ძველი აღთქმის სამება.

- ვიდრე ტაძრის მოხატვას დაიწყებდეთ, ვისთან ათანხმებთ თითოეული ფრესკის ესკიზს?

- ესკიზი ჯერ გრაფიკულად სრულდება ქაღალდზე, შემდეგ მას წარვადგენთ საპატრიარქოსთან არსებული ხუროთმოძღვრებისა და რესტავრაციის საბჭოზე, შემდეგ ყველაფერი კედელზე გადაგვაქვს. ტაძრის მხატვრობის კონცეფცია ხელოვნებათმცოდნე ზაზა სხირტლაძეს ეკუთვნის.

- როგორ ხდება ფერების შერჩევა, რა დატვირთვა აქვს მათ?

- ფერებს სიმბოლური დატვირთვა აქვს, თითოეული მათგანი კონკრტული შინაარსითაა დატვირთული, ხოლო ფერთა ტონალობა მხატვრის გემოვნებაზეა დამოკიდებული.

- ძირითადად რომელ საღებავებს იყენებთ ტაძრის მოხატვისას?

- ბუნებრივი, მინერალური საღებავებით ვხატავთ. ნახევრად ძვირფას ქვებს: ლაჟვარდს, მალაქიტს, ფირუზს და სხვებს - ვფქვავთ და სათანადოდ ვამუშავებთ, მერე კი პრაქტიკაში ვიყენებთ.

- როგორც ვხედავ, ოქროთი ამშვენებთ გამოსახულებებს...

- ოქროს უმთავრესად ანგელოზების, მაცხოვრისა და ღვთისმშობლის გამოსახულებებისთვის ვხმარობთ. მასაც სიმბოლური მნიშვნელობა აქვს - მარადიულ ნათებას აღნიშნავს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ ლითონს ჟანგი ვერაფერს აკლებს, არ ხუნდება და არც დროთა განმავლობაში ფუჭდება. იგივე შეიძლება ითქვას საღებავებზეც - ნებისმიერი საღებავი შთანთქავს მზის სხივებს და კარგავს ელვარებას, იმ საღებავებს კი, რომელთაც ახლა ვიყენებთ, მზე ვერ ახუნებს, პირიქით, ისინი სხივებს ირეკლავს, ანათებს და ციმციმებს კიდეც.

- ბატონო ამირან, ფრესკულ მხატვრობაში რომელ მიმართულებას იყენებთ - კლასიკურს თუ ხალხურს?

- პირადად მე შუა საუკუნეების კლასიკურ ნიმუშებს ვეყრდნობი. არიან მხატვრები, რომლებიც ხალხურ სკოლას ამჯობინებენ. ჩემს ხასიათში უფრო კლასიკურისკენ სწრაფვაა.

- რამდენკაციანი ჯგუფი მუშაობს სამების ტაძრის მოხატვაზე?

- პატრიარქის კურთხევით, რამდენიმე პროფესიონალი მხატვარი შეირჩა.

შეიქმნება ჯგუფი ახალგაზრდა მხატვრების შემადგენლობით, რომლებიც მომავალში ეკლესიის წიაღში დარჩებიან, განავითარებენ და უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანენ ქართულ მონუმენტურ მხატვრობას.
ბეჭდვა
1კ1