"უძღებებამან რა მიყო..."
"უძღებებამან რა მიყო..."
დიდმარხვის ყველა კვირას თავისი სახელწოდება აქვს. დიდმარხვის დაწყებამდე პირველ კვირას მეზვერისა და ფარისევლის კვირა ეწოდება, მეორეს - უძღები შვილისა. ამ კვირა დღეს ტაძარში იკითხება სახარების ის თავი, რომელიც მოგვითხრობს იგავს უძღები შვილის შესახებ. ამ საკითხავმა ჩვენში სინანული უნდა გამოიწვიოს, განცდა თვისთა ცოდვათა, ჩაღრმავება საკუთარ თავში, გადარჩენის, ცხონების სურვილი. ერთ-ერთი მამის განმარტებით, "იგავში უფალი გვიჩვენებს, რომ ყველაზე უკანასკნელი ცოდვილიც კი შეიძლება წამოდგეს, ღმერთი კი მონანულ ცოდვილებს სიხარულითა და მამობრივი სიყვარულით იღებს... ჩვენ ზეციური მამის სახლში ანგელოსთა უმცროსი ძმები ვართ... და მისგან გარკვეული მემკვიდრეობა მივიღეთ - სხვადასხვაგვარი ბუნებითი და მადლიანი ნიჭები... მაგრამ ჩვენ მამისგან შორეულ ქვეყანაში ანუ ცოდვის მხარეში მივეშურებით... და განვაბნევთ იქ ქონებას - ვკარგავთ მადლს".

"ძე შეცდომილის იგავს" ყველა დროისა და ხალხის უდიდეს მონათხრობს უწოდებენ.

როგორი ასახვა პოვა "ძე შეცდომილის იგავმა" ქართულ ლიტერატურაში, ამის შესახებ გვესაუბრება ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ლალი დათაშვილი.

- "ძე შეცდომილის" იგავი დაკარგულის, შეცდომილის, წარწყმედილის მოძიების მოტივს აგვირგვინებს. ლუკას სახარებაში დაკარგული ცხვრისა და დაკარგული დრაქმის ამბავი დაკარგული ძის თემად გადაიზრდება. ოღონდ, თუ ცხვარს თავისი გულუბრყვილობითა და უმეცრებით აებნევა გზა და შორდება ფარას, დრაქმას კი დედაკაცი კარგავს, სხვისი დაუდევრობის გამოა მოსაძიებელი, ძე სრულიად გააზრებულად ტოვებს მამის სახლს, თვითონვე განსაზღვრავს საკუთარ ბედსა თუ უბედობას. ცხვარი და დრაქმა მსხვერპლნი არიან, ძე ცოდვილია. ამიტომ მან მამის სახლს დამოუკიდებლად უნდა მიაგნოს, მონანულმა უნდა გაიკვლიოს გზა შინისკენ, სადაც სიყვარულით სავსე მამა ელოდება.

იგავის მამის სითბო და სიყვარული იმდენად ყოვლისმომცველია, რომ შოტლანდიელი პროფესორი უილიამ ბარკლი (1978 წ.) აღნიშნავს: "ეს არის "მოსიყვარულე მამის იგავი" და არა "ძე შეცდომილისა", რადგან მამის სიყვარულზე უფრო მეტია ნათქვამი, ვიდრე შვილის ცოდვებზე..."

პროვიდენციალისტი დავით გურამიშვილი მიიჩნევს, რომ ყველაფერი, რაც თავს დაატყდა, "უძღებობის" ანუ ცოდვების მომრავლების ბრალია. ამიტომ მოთქვამს:

"შევსცდი და მწყემსსა წაუველ, გაუდექ მრუდად ძოვნასა,
აწ დავჰკარგულვარ თავთათვის, აღარ მოველი პოვნასა,
უძღებებამან რა მიყო, ხედავთ ამ ჩემსა შოვნასა!
სიმსუქნისათვის დავიკვლი, ძაღლნი შესჭამენ ქონასა..."

დავითი საკუთარ თავს დაკარგულ ცხვრად და უძღებ შვილად მიიჩნევს. მისი ნათქვამი, "აწ დავკარგულვარ თავთათვის" ლუკა მახარებლის სიტყვების გამოძახილია - "მოეგო თავსა თვისსა". დავითიც "თავსა თვისსა მოგებული" ძე შეცდომილია, ვისი ტკივილიც სახარებისეული უძღები შვილის მწუხარებაზე მძაფრია, რადგან იგი დაბრუნდა მამის სახლში, პოეტს კი ამისი იმედი არ აქვს. მან, როგორც ადამიანმა, ცოდვათა გამო სასუფევლის გზა გაიძნელა, როგორც ქართველმა კი - სამშობლოში დაბრუნების შესაძლებლობა.

გრძნობს დავითი, რომ სულის სამოსელი შემოაცვდა. მხოლოდ უფალთან დაბრუნებით მოიპოვებს სითბოსა და სინათლეს:

"ზურგთ მძიმე ტვირთი მკიდია ცოდვისა, არ სუბუქია,
გზაშეცდომილი ვრონინებ, მაზრობს ქარი და ბუქია;
მასხია ცივი ნაბადი, არა მაქვს თბილი ქურქია,
სჯობს ვეტრფიალო მზეთა მზეს, მომფინოს გზისა შუქია".

მზე უფალს, ნათელ დღეს შეჰღაღადებს, მოიძიოს, გზა-სავალი გაუიოლოს, თავისთან დაამკვიდროს და სიცივით დასაზრობად არ გაწიროს.

- ნიკოლოზ ბარათაშვილიც ერთ-ერთ ლექსში თავის თავს "ძე შეცდომილს" უწოდებს...

- ნიკოლოზ ბარათაშვილის "ჩემი ლოცვის" პირველი სტროფი "ძე შეცდომილის იგავს" ეფუძნება:

"ღმერთო, მამაო, მომიხილე ძე შეცთომილი
და განმასვენე ვნებათაგან ბოროტღელვილი!
ნუთუ მამასა არღა ჰქონდეს გულისტკივილი,
ოდეს იხილოს განსაცდელში შემცოდე შვილი?"


დიახ, ავტორი საკუთარ თავს "ძე შეცდომილს" უწოდებს, ხოლო უძღები შვილის მამას უფლად მოიაზრებს, ვინც ჯეროვანი სინანულის შემთხვევაში ცოდვებს მიუტევებს და შეიწყალებს ყოველ მონანულს, ანგელოზთა დასთან ერთად გაიხარებს კიდევ ერთი დაკარგული "ცხოვარის" კეთილ სამწყსოში დაბრუნების გამო. "ესრეთ იყოს სიხარული ანგელოზთა ღმრთისათა ერთსა ზედა ცოდვილსა, რომელმან შეინანოს" (ლუკა 15,10). ნიკოლოზ ბარათაშვილიც ერთი მონანული ცოდვილია, უფლისაგან მიტევებისა და შეწყალების იმედით აღსავსე.

ძე შეცდომილი "ცხონდებოდა არაწმიდებით" და ასე განაბნია ყველაფერი, რაც მამის სახლიდან წამოიღო. პოეტიც თავს "ვნებათაგან ბოროტღელვილად" მოიხსენებს და როგორც "თავს მოგებულ" უძღებ შვილს მოესურვა მამის სახლში "განსვენება", ასევე სურს პოეტსაც ღვთის წიაღს შეეფაროს ცოდვათაგან განწმენდის, ვნებათაგან განსვენების იმედით.

ნ. ბარათაშვილის რწმენა, რომ უფალი გულისტკივილით აღივსება განსაცდელში ჩავარდნილი შვილის ხილვისას, უკავშირდება იგავში ნათქვამს, რომ მამამ თვალის მოკვრისთანავე შეიბრალა თავისი ცოდვილი შვილი. "ვიდრე შორსღა იყო, იხილა იგი მამამან და შეეწყალა" (ლუკა 15,29).

პოეტის სურვილია, ისევე აღიდგინოს ძეობის პატივი, როგორც უძღებმა შვილმა, მასაც ისევე შეხვდეს მაცხოვარი, როგორი სიხარულითაც მიეგება მამა დაკარგულ ძეს და დაუკლა "ზვარაკი ჭამებული".

- თანამედროვე ქართულ მწერლობაში "ძე შეცდომილის" იგავი საუკეთესოდ აისახა გურამ დონაჩაშვილის რომანში "სამოსელი პირველი"...

- მწერალი სათაურითვე მიგვანიშნებს, რომ რომანი ლუკა მახარებლის იგავს ეფუძნება, შემდეგ კი რომანში თითქმის მთელ იგავს იმოწმებს: შინიდან წასვლისას დომენიკო თავისი პარადიგმის - უმცროსი ძის სიტყვებით მიმართავს მამას, შინ დაბრუნებაზეც იგავის სიტყვებით ფიქრობს; რომანის პერსონაჟი, იგავის მამის მსგავსად, დაუღალავად გასცქერის შვილის გზას, იმედოვნებს, რომ დაუბრუნდება დაკარგული ძე, შორიდანვე მოჰკრავს თვალს მუხლებზე დამდგარ შვილს და სამოსელი პირველით მის შემოსვას ბრძანებს.

გვეგვეც თავისი პარადიგმის - უფროსი ძმის - მსგავსად, შურიანია. ისიც იგავის პერსონაჟის სიტყვებით ადანაშაულებს უმცროს ძმას ფულის მეძავებში გაფლანგვის გამო.

იგავისა და რომანის უმთავრესი თემა, ცხადია, ძე შეცდომილის წუთისოფლის ტყვეობაში აღმოჩენა და კვლავ მამის სახლში დაბრუნებაა.

იგავისა და რომანის ურთიერთმიმართების თემა ფართო და მრავალფეროვანია. ამიტომ მხოლოდ სამოსელის მხატვრულ სახეზე შევაჩერებდი ყურადღებას. ამ თემას ასე დავასათაურებდი: "სიტყვა - სულის სამოსელი".

გურამ დოჩანაშვილი განსაკუთრებულ ორიგინალობას სამოსელი პირველის მხატვრულ სახესთან მიმართებით იჩენს. იგავში მხოლოდ ერთხელაა ნახსენები სამოსელი პირველი, როგორც შეცდომილის ძეობის პატივის აღმდგენელი და მამის მზრუნველობის დასტური. მწერალი კი, ამ ფუნქციების გარდა, მრავალმხრივ "ტვირთავს" სამოსელს. შეიძლება ითქვას, რომ სამოსელი პირველი რომანის მთავარი გმირია.

ბიბლიის მიხედვით შესაძლოა გამოიყოს სამი ტიპის სამოსელი: პირველი, ტყავისა და სულიერი.

სამოსელი პირველი ანუ ნათლის სამოსელი უბიწოების დასტურია. მისით შემოსილია კაცი პირველქმნილ ცოდვამდე. ცოდვით დაცემის შემდეგ ამ სამოსელს კარგავს, მის ნაცვლად კი "შეიმოსავს" შიშსა და სირცხვილს. "სამოსლის დაკარგვით ადამი და ევა ღმერთთან მამაშვილური სიახლოვის განცდას კარგავენ, შიშვლდებიან, რადგან აღარ აისახება მათი ხატება ღმერთთან". დომენიკოც კარგავს ამ სამოსელს, საკუთარი ნებით ყიდის მას და ადამზე დიდ ცოდვას სჩადის. ადამმა არც იცოდა, თუ აკრძალული ხილის შეჭმის გამო გაშიშვლდებოდა, დომენიკომ კი გააზრებით თქვა უარი სამოსელზე.

ტყავის სამოსელი ანუ, პირობითად, სამოსელი მეორე უფალმა მისცა ადამსა და ევას - განშიშვლებულებსა და დაცემულებს (დაბ. 3,7-21). ტყავის სამოსელი გულისხმობს დაცემული ადამიანის ღირსებებს და დაკარგული ხატება-მსგავსების კვლავ დაბრუნების შესაძლებლობას.

სულიერი სამოსელი, ანუ მესამე სამოსელი, სამოსელი პირველის კვლავ დაბრუნებას, კაცის მიერ მის ხელახლა მოპოვებას ნიშნავს ღვთისთვის სათნო ცხოვრებით, ძველი ანუ ცოდვით დაცემული კაცის მოკვდინებითა და ახალი, "ღმრთისა მიერ დაბადებული" კაცის შემოსვით (გამოცხ. 4,24). სასუფეველს დამკვიდრებულნი მათი სპეტაკი სამოსლით იცნობიან (გამოცხ. 3,4-5).

მაგრამ დოჩანაშვილი რომანში სიუჟეტის განვითარების უმთავრეს ხაზს დომენიკოსა და სამოსელი პირველის ურთიერთმიმართებას აყრდნობს.

დომენიკოს შინიდან წასვლა და მთელი მისი ქონების გაფლანგვა სამოსლის გაყიდვას, მისთვის ძვირფასი თვლების ჩამოცლას ეფუძნება. მის დაბრუნებას მამის მიერ სამოსლის დაბრუნება მოსდევს, ხოლო სულიერი ახალშობა, განწმენდა, "გამოხურვება" სამოსლის ცეცხლში დაწვით გამოიხატება. ამის შემდეგ კი, უკვე მესამედ, დომენიკო მამისგან იღებს ახალ "სამოსელს" - სიტყვას.

სამოსელი დომენიკოს სულიერ მდგომარეობას, მის მამასთან მყოფობის უფლებას უკავშირდება. "სამოსელი პირველი" სპეტაკი და ციურია, მეორე, ქვებდაცლილი, გაძარცვული, გაყიდული, დომენიკოს გაუხეშებას, წუთისოფლით შესვრილ, ცოდვებით დამძიმებულ, უწმინდურ ყოფას გულისხმობს, ხოლო სამოსლის მესამედ ბოძება - მაცხოვართან დაკარგული ერთობის აღდგენას.

მეორე სამოსელი, ანუ "ტყავისა", "პატივაყრილი" (რადგანაც ქვების ჩამოცლით გაუბრალოვდა) დომენიკოს გატლანქებული სულის ანალოგია. მისი დაწვით პერსონაჟი სულიერ ფერისცვალებასა და განწმენდას ეპირება, "შემოსილი" შიშისა და სირცხვილის ჩამორეცხვას ცდილობს (გავიხსენოთ, წმინდა აბო თბილელმა შემოიძარცვა შიში - სულის სამოსელი, როგორც ამბობს იოვანე საბანისძე).

"ცეცხლით განწმენდილი" დომენიკო წვავს სამოსელს, წვავს თავის ცოდვებს, თავისი დაცემული ყოფის გრძელ ამბავს, სულიც ეწვის, რადგან დიდი განწმენდა სხვანაირად შეუძლებელია - თვინიერ ამისა დომენიკო "ვერ მოეგება თავსა თვისსა", იგი საბოლოოდ მხოლოდ კოცონთან გამოფხიზლდება კოცონის მეორე მხარეს მდგომარე, დაძაბული, შვილისგან მონანიების მომლოდინე მამის შემხედვარე.

"წამოიმართა სამოსელი პირველი... შუაგულ ცეცხლში იდგა, ეკიდა და ნელა იფერფლებოდა". ეს სურათი ნაწარმოების კულმინაციაა - მკითხველს ჯვარცმულ მაცხოვარს წარმოადგენინებს და ჩვენს თვალწინ იწვის სამოსელი ტკივილით, საშინელი ტკივილით, დომენიკოს ცოდვების ამღები ისევე, როგორც კაცობრიობის ცოდვების გამოსასყიდად მაცხოვრის ადამიანური სხეული კვდებოდა ჯვარზე...

იწვის სამოსელი. საკუთარი ტანჯვით ათავისუფლებს წარსული ცოდვებისგან დომენიკოს, უძღები კაცობრიობის კიდევ ერთ შვილს, სამყაროს მეუფედ შექმნილს (სიტყვიდან დომინუს, დომინიონ - მეუფება, როგორც ხსნის თვითონ მწერალი მთავარი გმირის სახელს) ანუ ხელისუფალს, საკუთარი ნებითვე ამ სამყაროს ტყვედ გარდაქმნილსა და მის ლაბირინთებში მობორიალეს.

დომენიკოს რჩება მომავალში გასავლელი გზა, საყრდენი სჭირდება მერმისისთვის. მამაც აძლევს ახალ სამოსელს: "კარგად იცოდე, სამოსელი პირველია სიტყვა..."

დომენიკო ირწმუნებს, რომ "დედამიწას სიყვარული ატრიალებს". ასე შეაერთებს მწერალი სახარებისეულ სწავლებებს: უფალია სიტყვა და უფალია სიყვარული. მისი პერსონაჟი მაღლდება, რადგან "იღებს" ღმერთს, როგორც სიყვარულსა და პირველითგანვე არსებულ სიტყვას - ჭეშმარიტ სამოსელ პირველს. დომენიკო "შეიმოსავს" სიყვარულს, რომელიც "არასადა დავარდების" (I კორ. 13,8) და მარადიულ, წარუვალ სიტყვას, რომელიც "იყო ღვთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი" (იოანე 1,1).
ბეჭდვა
1კ1