"გულო, სანამ გული გქვია, გულო, უნდა მტკიოდე, გულო, უნდა მიერთგულო, მიმყვე საიქიომდე!"
"გულო, სანამ გული გქვია, გულო, უნდა მტკიოდე, გულო, უნდა მიერთგულო, მიმყვე საიქიომდე!"
"უგულო, ძალად მწერალი იმით იცნობა, რომ, - წერს ვაჟა, - უეჭველად უგულო საგანს აირჩევს სალაპარაკოდ, ცდილობს, რომ გულიანად აჩვენოს თავი მკითხველს, ამის გამო სულსაც აწვალებს და გულსაც". ჭეშმარიტი მწერლობა, და საერთოდ, ხელოვნება "გულის სისხლს მოითხოვს საფასად". და ეს "გულიდან სისხლად გამონადენი" სტრიქონები სხვათა გულებისკენ მიიკვლევს გზას, რათა უწამლონ, მტლად დაედონ სხვის გულისთქმასა და გულისტკივილს. სიტყვის, პოეზიის დანიშნულება ანა კალანდაძის ამ სტრიქონებშიც კარგადაა გამოხატული:

"ჰყავ მტილი ჩემი ვარდით სავსე
და მზეთა დგომად,
დამძიმებულთა გულთა
შვებად და მოსაფონად".

სიტყვა თესლია, ხალხის გული კი - ნიადაგი და მიწა-ხნული. გულიდან გატყორცნილი ალალი და მართალი სიტყვა უნაყოფოდ არ რჩება... "რომ არ გგონია, იმ დროს და იმისთანა ალაგას ამოდის, არ იკარგება" (აკაკი).

ლიტერატურაში "გონიერი გულის" შესახებ გვესაუბრება პოეტი ვაჟა ოთარაშვილი.

- "ჩვენ ერთმანეთის მეხსიერებაში, ერთმანეთის გულებში სიტყვებად ვრჩებით. ამიტომაც, თუკი ქართული სიტყვის გულიდან ამოვალთ, სიტყვა "გული", ისევე როგორც სიტყვა "დედა"("დედაბოძი", "დედასამყარო", "დედამიწა", "დედაბურჯი", "დედასამშობლო" და ა.შ.), დიდი სიღრმისეული და სულიერი დატვირთვის მაუწყებელია.

ვამბობთ: "გულს გარეთ ნათქვამი", "გულს გარეთ დაწერილი" - ეს არის სწორედ ის, რაც ფუჭმეტყველებას მიეკუთვნება. ვაჟა წერდა: "შემოქმედი სდუღს, იხარშება ამ წუთისოფლის გაჩაღებულ ქურაში და ამავე დროს ეს წუთისოფელიც სდუღს და ნახევრად მოხარშულიცაა იმის გულშიო".

შემოქმედი იმით განსხვავდება ჩვეულებრივი მოკვდავისაგან, რომ, ქურუმივით, უფლის ნაკარნახევსა და გულის ქურაში გამოტარებულ იმ დიდ კოსმოსურ ენერგიას ღვთისგან ბოძებული ნიჭის წყალობით შემდეგ ფურცელზე სიტყვებად აბნევს. გული არის ის ფარი, რომელსაც ყველა ისარი ესობა. ზოგიერთ მათგანს სიხარული აწერია, ზოგს - მწუხარება, ზოგსაც - აღფრთოვანება, ნატვრა, ოცნება... შემოქმედის გული ბევრად უფრო მტკივნეულად განიცდის სიხარულსაც, დარდსაც, ბედნიერებასაც და მწუხარებასაც და როდესაც ამას გადმოსცემს, მკითხველი ხვდება, თუ როგორ ახლოა მის გულთან შემოქმედის გულისტკივილი.

- "გულს ვერ უბრძანებო", - ნათქვამია. "გული თავისას არ იშლის, ერჩის გონების განსჯასაო", - წერდა ვაჟა. რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ადამიანმა, შემოქმედმა თავისი გულის მოძრაობა გონების განსჯას დაუმორჩილოს?

- გულს მართლაც ვერ უბრძანებ. გონება აანალიზებს. იგი არსით უფრო პრაგმატულია. გული კი სპონტანურია. პირველი ემოციური ნაპერწკალი გულში წარმოიშობა. ილიას "განდეგილიდან" ვიცით, თუ როგორ ებრძოდა ბერი თავის გულს, რომ იმ ღვთიური გზიდან არ გადაეხვია. გულისა და გონების ჭიდილია მთელი ჩვენი ცხოვრება. ჩვენ კი ოქროს შუალედის პოვნა უნდა შევძლოთ. ეს არის სწორედ "გონიერი გული", რომელიც სოლომონმა ითხოვა ღვთისაგან. მისი მოპოვება დიდ ასკეტურ შრომასა და დაძაბულობას მოითხოვს ადამიანისგან. ჭეშმარიტი შემოქმედი თავის ნაწარმოებს სწორედ "გონიერი გულის" კარნახით ქმნის. მხოლოდ ემოციებზე აგებული შემოქმედება საპნის ბუშტივითაა. ჭეშმარიტება სწორედ "გონიერი გულის", იმ ოქროს შუალედის პოვნაშია, რომელიც აგრერიგად ძნელია მოკვდავთათვის და ყველას არ ხელეწიფება.

- ერთი ფილოსოფოსი ამბობდა, საკუთარ გულში ჩახედვა სინდისის ხმის მიყურადებას ნიშნავს. ამის მოხელთება კი მხოლოდ დიდი შინაგანი მარტოობის ჟამს არის შესაძლებელიო. ეს მდგომარეობა, ალბათ, ლოცვის ტოლფასია...

- გულში ჩახედვა გონების თვალით გულში ჩახედვაა, რომ შენი სული და გული გააშიშვლო. უფრო სწორად, გულის მიერ წარმოშობილი ემოციები გაუშიშვლო სულს და ცალსახად, ზიზილ-პიპილების გარეშე, შენს თავს ჰკითხო: ვინ ვარ მე? მარტოობაც აქედან მოდის. ყველა ადამიანი მარტოა, მიუხედავად იმისა, აცნობიერებს თუ ვერა ამას. ჩვენ გვგონია, გარშემო ბევრი ადამიანი გვახვევია, ბევრი საქმე გვაქვს გასაკეთებელი, მაგრამ სინამდვილეში ჩვენს გულებთან მარტო ვართ დარჩენილნი. ზოგს ეშინია ამისა. განსაკუთრებით კი მათ, ვინც ვერ გრძნობს, რომ ადამიანთან არის უფალი. გულთან კი არ უნდა დარჩე მარტო, არამედ უფალთან უნდა დარჩე შენი გულის პირისპირ, რადგან "სასუფეველი ღვთისა გულთა შინა თქვენთა არს", - გვეუბნება უფალი. შინაგან მარტოობაში ადამიანი თავის ემოციებს შიფრავს, სახელს არქმევს იმ ირაციონალურ, ეზოთერულ სინამდვილეს. ეს არის სწორედ პოეტის საქმიანობა, რომელიც ლოცვის ტოლფასია. "გულის სისხლით" დაწერილი სტრიქონები პოეტის ლოცვაა. ერთ ჩემს ლექსს ჰქვია "ლოცვა ლექსებით":

"ჩემი ლექსებით შენზე ვლოცულობ,
ჩემო ენავ და ჩემო მამულო,
რწმენავ, იესოს ჯვარით მოსულო
და ნინოს ცრემლით გადანამულო!
რომ მტრის შემოსვლა გამცნოთ კოშკიდან,
ხანჯლით რითმაში მივარდებიან,
მემუქრებიან სჯულის მოშლითა,
უნდა დამჩეხონ ბგერა-ბგერადა,
სეტყვის სიტყვებით სისხლი მადინონ,
მტერთან და თანაც ასეთ ვერაგთან
უნდა ვიმარჯვო და ვიქადილო!
არ მეშინია, ჩემი ლექსებით
შენზე ვლოცულობ, ივერთ მამულო,
რწმენავ, იესოს ჯვარით მოსულო
და ნინოს ცრემლით გადანამულო!"


ვფიქრობ, რომ ჭეშმარიტი პოეტის ყველა ლექსი ლოცვაა უფლის, სამშობლოსა და ერის წინაშე.
ბეჭდვა
1კ1