თავად ღვთისმშობელმა ისურვა ლუკა მახარებლის მიერ დაწერილი ხატის პერანგის მოჭედვა
თავად ღვთისმშობელმა ისურვა ლუკა მახარებლის მიერ დაწერილი ხატის პერანგის მოჭედვა
ბატონმა თამაზ გოზალიშვილმა მთელი ცხოვრება შემოქმედებით საქმიანობას მიუძღვნა. უფალმა დიდი ნიჭი დააბერტყა და მანაც ის უფლისავე კეთილ და სათნო საქმეში განავრცო. ამ ხნის განმავლობაში ბევრი დაბრკოლება გადაულახავს. საქართველოდან უცხოეთში წასულს წარმატების მისაღწევად დიდი შრომა დასჭირდა. კვიპროსზე წლების განმავლობაში დიდ ჯაფაში იყო და ამან ნაყოფიც საუკეთესო გამოიღო. იქაურ ეკლესია-მონასტრებში მის მიერ მოჭედილი მრავალი წმინდა ხატი და ჯვარია დაბრძანებული. უცხოეთში ბატონი თამაზის შემოქმედებას უკეთ იცნობენ... "კარიბჭის" მკითხველს ბატონი თამაზ გოზალიშვილი თავად გაეცნობა:

- დავიბადე თბილისში, მთაწმინდაზე. მაშინდელი თბილისი ჩემი ხნის ადამიანებისთვის სანუკვარი გასახსენებელია. სულიერი სითბო იყო ხალხში. პროფესიონალებს გზა ხნილი ჰქონდათ და თაობებს ზრდიდნენ. ჩემს დროს სამმა მხატვარმა ააღორძინა მივიწყებული ჭედურობა: ირაკლი ოჩიაურმა, გურამ გაბაშვილმა და კობა გურულმა. დღეს თანდათან მიივიწყეს ეს ხალხი. დრომ მხატვრებზეც იმოქმედა.

- ბატონო თამაზ, ჭედურ ხელოვნებას ბავშვობიდან მისდევთ?

- მშობლებს უნდოდათ, ტექნიკური განათლება მიმეღო. მე ყველაფერს ხატვა მერჩია. როცა მეათე კლასში შრომის გაკვეთილზე ვნახე ლითონში ამოკვეთილი ეკლესია, ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა. შრომის მასწავლებელმა, ომარ ჯაფარიძემ შემომთავაზა, მეც მასთან ერთად მემუშავა. პირველი ჩემი ნამუშევარი ოტელოს გამოსახულება იყო, რომელიც სპილენძის ფურცლისგან გამოვჭედე. მერე უკვე თვითონ ხელობა გიბიძგებს, როგორ გააგრძელო შემოქმედებითი მუშაობა. 45 წელიწადი გავიდა, რაც ამ ხელობას მივდევ. დღეს ძალიან გაუჭირდათ მხატვრებს, მაგრამ ღმერთი გვაძლევს საშუალებას, ოჯახი დაპურებული გვყავდეს.

- როგორ გაიხსენებთ კვიპროსში მოღვაწეობას?

- კვიპროსში ხუთი წელიწადი ვმუშობდი. რომელი მონასტრის ხატსაც ვაკეთებდი დაკვეთით, იქ მოღვაწე მამების ლოცვას, გალობის ჩანაწერებს ვუსმენდი. დღეში 12 საათი ვმუშაობდი. 4 დიდი ჯვარი გამოვჭედე. ერთი მოხერას მონასტერშია, მეორე - კიკოს მონასტრის მუზეუმში.

კვიპროსში მრავალი მონასტერია. რამდენიმე - განსაკუთრებით გამორჩეულია. ერთ-ერთია მოხერას მონასტერი. მოხერა ქართულად მახვილს (დანას) ნიშნავს. ამ მონასტერშია დაცული ლუკა მახარებლის მიერ შესრულებული ღვთისმშობლის ხატი. ბედნიერება მხვდა წილად, ამ ხატისთვის ვერცხლის მოოქრული პერანგი გამეკეთებინა. მასში ჩასმულია სამი დიდი ბრილიანტი, 108 მარგალიტი და სხვა ძვირფასი თვლები.

გულში ვთვლი, რომ თავად ღვთისმშობელმა ისურვა, ამ უდიდეს მადლს ვზიარებოდი. უამრავ ოსტატთა შორის ამომარჩია და შემაქმნევინა პერანგი. ღვთისმშობლის პერანგზე ექვსი თვე ვიმუშავე. მასზე გამოსახულია ღვთისმშობლის ხატი, გარშემო ორნამენტებში ჩასმულია თორმეტივე მოციქული და ათი წმინდა მამა.

მოხერას მონასტერი მთაშია. ხატის კურთხევა დილის ოთხ საათზე მოხდა. უამრავი ხალხი ესწრებოდა ამ რიტუალს. მრევლთან ერთად ბევრი სამღვდელოების წარმომადგენელიც იყო.

ლუკა მოციქულის მიერ დაწერილი მეორე ხატი კიკოს მონასტერშია. მისი პერანგის მოჭედვაზეც იყო საუბარი, მაგრამ სულიერად და ფიზიკურად უკვე ვეღარ შევძელი.

2001 წელს კვიპროსში გავმართე გამოფენა, დიდი გალავნის ერთ-ერთ დარბაზში. ამის შემდეგ კვიპროსის ეკლესიამ დამაჯილდოვა დიდი ოქროს მედლით, რომელიც თავად გავაკეთე. მედლის ერთ მხარეს გამოსახულია მოხერას ღვთისმშობელი, მეორეზე - მოხერას მონასტერი. მოხერას მონასტერს 2003 წელს 800 წელი შეუსრულდა. საიუბულეო თარიღთან დაკავშირებით 1200 ოქროს მედალი გამოუშვა და იმ ადამიანებს გადასცა, ვისაც დიდი დამსახურება მიუძღოდათ ეკლესიის წინაშე. ერთი ჩემს მეუღლესაც გადასცეს მოხერას ეკლესიის წარმომადგენლებმა.

კვიპროსში კიდევ ორი დიდი მონასტერია - სტავროვუნი (სტავრო ჯვარს ნიშნავს, ვუნი - მთა). ამ ადგილას წმინდა ელენემ დააბრძანა ნაპოვნი ქრისტეს ჯვარი. წმინდა ელენეს სიზმარში ანგელოზმა უთხრა, - წმინდა ჯვრიდან ნაწილი მოეჭრა და ამ ადგილისთვის შეეწირა. იქ აშენდა სწორედ სტავროვუნის მონასტერი. ამავე მონასტერში ინახებოდა პატარა ოქროს კოლოფი, რომელშიც ჩაბრძანებული იყო წმინდა ჯვრის ნაწილი. მონასტრის მამებმა შემიკვეთეს გამეკეთებინა ჯვარი მისთვის. ერთი წელიწადი ვმუშაობდი. ჩემთვის ეს ერთ-ერთი ურთულესი ნამუშევარი გახლდათ.

მადლობა უფალს, რომ ღირსი გამხადა შევხებოდი წმინდა ჯვრის ნაწილს და მისთვის დიდი ჯვრის ჩასაბრძანებელი გამეკეთებინა.

ორასი წლის წინანდელი ოქროს კოლოფის რესტავრაციის შემდეგ ბერძენ ოქრომჭედელთან ერთად ჩავაბრძანე სიწმინდე ვერცხლის დიდ ჯვარში, რომლის სიმაღლე 2.40 მეტრია. რამდენიმე დღის შემდეგ იგი აკურთხეს და დააბრძანეს მამათა მონასტერში - ამ მონასტერში მანდილოსნებს არ უშვებენ...

ჯვრის ხსენების დღე წელიწადში ორჯერ აღინიშნება. მრევლის ნაკადი ყოველ წელს მატულობს. თავად ამ მონასტრის წინამძღვარი წმინდა ადამიანადაა მიღებული. შვიდი წლიდან მონასტერში ცხოვრობს. ამჟამად 75 წლის არის და ამ ხნის განმავლობაში მონასტრიდან ორჯერ თუ იქნება გამოსული.

***
კიკოს მონასტერი დიდებული სავანეა. წელიწადში დაახლოებით ორი მილიონი დამთვალიერებელი ჰყავს. მის მუზეუმში წარმოდგენილია საეკლესიო სიწმინდეები. ერთ-ერთი სიწმინდეთაგანია ერეკლე II-ის მეუღლის მიერ შესრულებული ნაქარგობა. ის თითქმის 30 წელზე მეტხანს ჰქონდა ჩამოფარებული ლუკა მოციქულის მიერ დაწერილ ღვთისმშობლის მეორე ხატს. ნაქარგობას ასეთი წარწერა ამშვენებს: - "ქართველი მეფის მეუღლის ნაქარგი, საჩუქრად კიკოს მონასტერს". მეორე ნამუშევარი კი ბატონ თენგიზ გოზალიშვილის მიერ შექმნილი ძვირფასი ქვებით მოოჭვილი ვერცხლის დიდი ჯვარია. ჯვარს წარწერა აქვს: "მონასტრის წინამძღვრის მეუფე ნიკიფორეს შეკვეთით გაკეთებული". ჯვარი საგანგებოდ გამოყოფილ ოთახშია დაბრძანებული და ყველას აქვს საშუალება, მიეახლოს და ნახოს ქართველი ოსტატის ნამუშევარი.

ქართველმა ოსტატმა შექმნა ნიქოზიის ფანერომენის საკათედრო ტაძრის ვერცხლის უზარმაზარი ჯვარი და ღვთისმშობლის ხატი, რომელიც იქვეა დაბრძანებული.

ბატონი თამაზი უკვე სამი წელიწადია საქართველოშია. სამწუხაროდ, მისი შემოქმედებით ჯერჯერობით არავინ დაინტერესებულა. ისე, კარგი იქნება, თუ ჩვენს ეკლესია-მონასტრებში მისი ძვირფასად შესრულებული წმინდა ხატები იქნება დაბრძანებული.

როცა ბატონ თამაზს კვიპროსში მოღვაწე ქართველ მოძღვარზე, მამა ზაქარია ფერაძეზე ვკითხე, სიამოვნებით მიპასუხა: - მამა ზაქარია არის უდიდესი პიროვნება. საქართველოდან წასული ქართველობა გახდა მისი მრევლი. მოძღვარი ჯერ ნიქოზიაში ცხოვრობდა და ყოველკვირას ლიმასოლში დადიოდა წირვა-ლოცვისთვის. თავიდან ბრმების და ყრუ-მუნჯების ეკლესიაში წირავდა და ისე შეაყვარა იქაურებს თავი, არავის ეთმობოდა გამოსაშვებად. მამა ზაქარიასთან ოჯახებით ვართ ახლოს. მისი მეუღლე ქეთევანი ბრწყინვალე ადამიანია. მოძღვრის ღვაწლით, მრევლმა იმატა და ეზიარა ქრისტეს სისხლსა და ხორცს.
ბეჭდვა
1კ1