მორწმუნეთათვის ცხადად მისაწვდომი იყო, უმეცართათვის კი უხილავი და დაფარული
მორწმუნეთათვის ცხადად მისაწვდომი იყო, უმეცართათვის კი უხილავი და დაფარული
მაცხოვრის სიმბოლური გამოსახულებანი ადრექრისტიანულ ხელოვნებაში
ადრექრისტიანული ხელოვნების ნიმუშები სიმბოლური გამოსახულებებია, რომლებშიც პირველი ქრისტიანები ღრმა დოგმატურ შინაარსს აქსოვდნენ. ისინი სიმბოლოს იყენებდნენ გარეგან გამოხატულებად დაფარული აზრის მხოლოდ ნაწილისა, რაც მორწმუნეთათვის ცხადად მისაწვდომი იყო, უმეცართათვის კი უხილავი და დაფარული.

პირველქრისტიანულ სიმბოლოთა შორის გვხვდება თევზი, ვაზი, ღუზა, ნოეს კიდობანი, მტრედი, კრავი და სხვა.

ძველ აღთქმაში მოსეს მიერ გაგზავნილთა ხელით ქანაანიდან მოტანილი ყურძენი სიმბოლოა აღთქმული ქვეყნისა. ახალ აღთქმაში იგი სამოთხეა - ის "აღთქმული ქვეყანა", რომელიც წმინდა ცხოვრებითა და ქრისტეს სისხლისა და ხორცის ზიარებით მიიღწევა. ამიტომაც ვაზის ყლორტი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მოტივია ქრისტიანულ ორნამენტულ ხელოვნებაში - ვაზის რტო ევქარისტიული სახეა, ღვთისგან გამორჩეულობის სიმბოლოა, ხოლო ვაზის მტევნების მკენკავი ჩიტი მინიშნებაა მართლმადიდებელი ეკლესიის მთავარ საიდუმლოზე - ზიარებაზე.

ვაზი ესადაგება მაცხოვრის სიტყვებსაც: "მე ვარ ვენახი ჭეშმარიტი, და მამაი ჩემი მოქმედი არს" (იოანე 15,1); ასევე: "მე ვარ ვენახი, და თქუენ რტონი" (იოანე 15,5). ვაზი და მისი ტოტები ქრისტეს და მის ეკლესიას განასახიერებენ.

ამ მხრივ საინტერესოა V ს-ის ელიბაუტის ტაძრის გუმბათში გამოსახული ვაზი, რომელსაც გუმბათის სფეროში ფართოდ აქვს გაშლილი ყლორტები. ის მოგვიანებით გუმბათშივე გამოსახული მოციქულებით გარშემორტყმული მაცხოვრის სიმბოლოა.

ზიარების საიდუმლოს გამოხატულებაა ბროწეულის ტოტებზე ჩამომსხდარი ხოხბებიც. ასეთი გამოსახულება გვხვდება საქართველოშიც, VI საუკუნით დათარიღებულ ბიჭვინთის ეკლესიაში. ფრინველები მორწმუნეთა სულებს აღნიშნავს, ბროწეულის ნაყოფი კი ქრისტიანულ რელიგიაში ზიარების პურის გამოხატულებაა.

ბროწეული, ერთ კანში მოქცეული მრავალი მარცვალი, სიმბოლოა ეკლესიისა - ქრისტეში შეკრებილი, შეერთებული მორწმუნე მრევლისა.

მაცხოვრის ერთ-ერთი ყველაზე ადრეული და გავრცელებული სიმბოლოს თევზის ბერძნული სახელწოდება "იხტიოს" აერთიანებს პირველ ასოებს ხუთი სიტყვისა - "იესო ქრისტე, ძე ღვთისა, მაცხოვარი". ამ წოდებაში ვხედავთ იესოს ღვთაებრიობასაც და მის მესიანისტურ დანიშნულებასაც. ამგვარად, თევზი რწმენის სიმბოლოა, რომლის სახელშიც დაშიფრულია მაცხოვრის ბუნება და არსი.

თევზი ევქარისტიული მნიშვნელობითაც გამოისახებოდა, მით უფრო, რომ პირველი ქრისტიანები მას ზიარების დროსაც იღებდნენ. მაგრამ რადგან თევზი მალფუჭებადია, ეს მნიშვნელობა დაკარგა, თუმცა დღემდე გამოისახება სერობის ხატებზე და პურისა და ღვინის მნიშვნელობის გახსნაში გვეხმარება. აღსანიშნავია ისიც, რომ კატაკომბების უძველესი ნაწილის შესწავლისას მკვლევარებმა აღმოაჩინეს თევზის გამოსახულება, რომელსაც ზურგზე პურითა და ღვინით სავსე კალათა ჰქონდა მოკიდებული.

საინტერესოა ორი საფლავის ქვის წარწერაც, რომელთაგან ერთი მცირე აზიაში - ფრიგიაში იპოვეს, მეორე კი საფრანგეთში - გალიაში. ორივე II საუკუნისაა. პირველი ეკუთვნის იეროპოლის ეპისკოპოს ამბერკის. იგი წერს: "რწმენას ყველგან მივყავდი და ყველგან საკვებად მთავაზობდა თევზს სიცოცხლის წყაროდან, იმ დიდ და წმინდა თევზს, რომელიც უბიწო ქალწულის წიაღში სუფევდა და რომელსაც ქალწული ყველა დროში თავის მეგობრებს აძლევდა წყალნარევ ღვინოსა და პურთან ერთად". თევზი უბიწო ქალწულის წიაღში ქრისტეს სიმბოლოა, პური და ღვინო კი დღევანდელობაში მიღებული საზიარებელი.

მეორე წარწერა შეიცავს ჰექტორ ოტენელის ლექსს "იხტიოსელფის" ანუ "იესო ქრისტე, ძე ღვთისა, მაცხოვარი, იმედი". მასში ნათქვამია, რომ ციური თევზის ღვთაებრივი მოდგმა უკვდავებას იღებს "სიბრძნის მუდმივ მდინარებაში", "ღვთაებრივ წყლებში". ავტორი მოგვიწოდებს, მივიღოთ მაცხოვრის თაფლივით ტკბილი საკვები და ვიხმიოთ თევზი (ვეზიაროთ).

ორივე წარწერა შესრულებულია იმდროინდელი საქრისტიანოს ორ, ერთმანეთისგან ძალზე დაშორებულ რეგიონში, რაც იმაზე მეტყველებს, რომ თევზი საერთო სიმბოლო იყო მთელ ქრისტიანულ სამყაროში.

ძველი აღთქმისეული სიმბოლოა მტრედიც. ის, როგორც მაცნე წარღვნის დასასრულისა, მშვიდობის სიმბოლოდ იქცა. ახალ აღთქმაშიც არაერთხელ მოიხსენიება მტრედი.

მაცხოვარი მიმართავს მოწაფეებს: "იყუენით უკუე მეცნიერ, ვითარცა გუელნი, და უმანკო, ვითარცა ტრედნი" (მათე 10,16). მტრედი ხომ მაშინაც კი არ ტოვებს პატრონს, როცა შვილებს კარგავს და თვით პატრონიც დევნის. იორდანეში ნათლისღებისას "განეხუნეს ცანი და იხილა სული ღმრთისაი, გარდამომავალი, ვითარცა ტრედი, მოვიდა და დადგრა მას ზედა" (მათ. 3,16). მტრედი მშვიდი და უწყინარია, ყველაზე წმინდა ფრინველია და სადაც უწმინდურებაა, იქ არ ჩერდება.

საინტერესოა ბიჭვინთის VI საუკუნის მოზაიკა "სიცოცხლის შადრევანი", რომელზეც გამოსახულია ბარძიმი წყლით სავსე ემბაზით. მისგან უხვად მოედინება წყალი, რომელსაც ეწაფებიან ბარძიმის კიდეზე შემომსხდარი მტრედები - უფლის მაცოცხლებელ სიტყვას დაწაფებული ადამიანთა მწყურვალი სულები.

შადრევნის ფეხის ორივე მხარეს დგანან უკვდავების სიმბოლოდ მიჩნეული ფარშევანგები. უძველესი გადმოცემის მიხედვით, ფარშევანგის სხეული სიკვდილის შემდეგ არ იხრწნება. პირველმა ქრისტიანებმა ეს ამბავი მაცხოვრის უხრწნელ გვამს დაუკავშირეს - ასე გადაიქცა ფარშევანგი სიმბოლოდ უფლისა.

ადრექრისტიანული ხელოვნების გამოძახილია ბოლნისის სიონის სვეტისთავებზე მოთავსებული ცხოველთა რელიეფური გამოსახულებანი: ფარშევანგები ჯვრის კიდეზე, ბალახის მძოველი ირმები, ჩიტი გვირგვინით ნისკარტში და სხვა.

კრავი - კიდევ ერთი სიმბოლო - ჯერ კიდევ ძველი აღთქმის პერიოდიდან იყო ცნობილი. იუდეველები ეგვიპტის მონობიდან თავდახსნის გასახსენებლად და უფლისადმი მადლიერების ნიშნად პასექის დღესასწაულს აღნიშნავდნენ. ამ დღისთვის ყოველი ოჯახი კლავდა ცხვარს, რომელიც მთლიანად უნდა შეჭმულიყო, შეუმუსრავი ანუ დაულეწავი ძვლები კი უნდა დაეწვათ. სწორედ ეს კრავი იყო სიმბოლო მაცხოვრისა, რომელიც შეიწირა კაცობრიობისთვის და რომელსაც "არა განუტეხნეს წვივნი მისნი" (იოანე 19,33); "რაითა წერილი აღესრულოს, ვითარმედ: ძუალი მისი არა შეიმუსროს" (იოანე 19;36). კრავი, როგორც განმწმენდელი სამსხვერპლო შესაწირი, გახდა სიმბოლო მესიისა, რომელსაც ელოდა ისრაელი. თანდათან კრავმა გამოსყიდვისა და მორჩილების მნიშვნელობაც შეიძინა.

ხისგან დამზადებული ნოეს კიდობანი, რომელიც წყალზე ტივტივებდა და უვნებლად დაცურავდა, სიმბოლოა ქრისტეს ეკლესიისა, რომელშიც ცხონდებიან მაცხოვრის მორწმუნენი. ნოე მოასწავებდა ქრისტეს, ხე - იმ გამომხსნელ ჯვარს, რომელზეც დაათხია სისხლი უფალმა კაცობრიობის გამოსახსნელად.

ღუზა, რომელსაც პირველი ქრისტიანების ბეჭდებზე გამოსახავდნენ, ნიშანია სასოებისა და ხსნისა. ის მაცხოვრის სიმბოლოდაც მოიაზრება.

შროშანი - სიმბოლო უმანკოებისა და სიწმინდისა - ხშირად გვხვდება ადრექრისტიანულ ხელოვნებაში. ძველ აღთქმაშივე გამოსახეს მისი ფესვები: მოსე წინასწარმეტყველის ბრძანებით, შვიდსანთლიანი ლამპარი შროშანებით შეამკეს, ამ ყვავილის ფორმა ჰქონდა საბანელსაც. შროშანებით იყო მორთული სოლომონის ტაძარიც. რაც შეეხება ახალ აღთქმას, შემოგვრჩა ორი გადმოცემა. პირველის მიხედვით, გაბრიელ მთავარანგელოზი ქალწულ მარიამს ხარება დღეს თეთრი შროშანით ხელში გამოეცხადა; მეორე მოგვითხრობს, როგორ შეისრუტა შროშანმა სისხლიანი ოფლი, რომელიც გეთსიმანიის ბაღში ქრისტეს სხეულიდან წვეთავდა, და თვითონაც წითლად შეიღება.

ბიბლიური სიმბოლოებია ასევე გუთანი, ხომალდი, ნავი, წყარო, გირჩი, მწვანე ნაძვი, პალმის რტო და სხვა.

ადრექრისტიანული ხელოვნება ნამდვილი ინტერნაციონალური სულიერი სახელმძღვანელოა, რომელიც ესმოდა ყველას, განურჩევლად ეროვნებისა. ამ ერთი შეხედვით მარტივ სიმბოლიზმში დამარხულია ის საწყისები, რომლებიც შემდგომი პერიოდის ქრისტიანულ ხელოვნებაში განვითარდა.

მოამზადა
ნათია ჭუმბურიძემ
ბეჭდვა
1კ1