"მე არც წარსულის, არც მომავლის არ მეშინია!.."
"მე არც წარსულის, არც მომავლის არ მეშინია!.."
თავისი ეპოქის თანამდევი პრობლემები გალაკტიონ ტაბიძემ ახალი სიტყვით გამოთქვა. ნიკოლოზ ბარათაშვილის "სულიერი ობლობა", "ბედის სამძღვართან" თავგანწირული ბრძოლა, მომავლის რწმენა განახლებული ძალით ამეტყველდა გალაკტიონის პოეზიაში.

როგორ უყურებდა პოეტი მომავალს, სად ეძიებდა შვებას და პოულობდა უიმედო განცდების დაძლევის საფუძველს? - ამის შესახებ გვესაუბრება ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ქალბატონი მანანა ჭირაქაძე.

- როდესაც საქმე ლიტერატურას, მით უმეტეს, გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედებას ეხება, უწინარესად უნდა გვახსოვდეს მისი ანდერძი - "ნუ მიატოვებთ ლექსს უთვისტომოდ, დროის, ეპოქის და სივრცის გარეთ!" მეც შევეცდები, საუბარი იმ დროის, ეპოქისა და სივრცის ჩარჩოში წარვმართო, რომელშიც მას წილად ხვდა ცხოვრება და მოღვაწეობა. გალაკტიონ ტაბიძე, როგორც პოეტი, არსებობას იწყებს 1908 წლიდან (ასე თარიღდება მისი უადრესი გამოქვეყნებული ლექსები). როგორი იყო იმდროინდელი საქართველოს საზოგადოებრივი ცხოვრება? - ილია ჭავჭავაძის ვერაგულმა მკვლელობამ საბურველი ახადა იატაკქვეშეთში მოცოცხლებულ რევოლუციურ მოძრაობას და გამოაჩინა მისი ჭეშმარიტი სახე. ამიტომ, ერთი მხრივ, იმძლავრა სინამდვილის, საქართველოს აწმყოსა და მომავლის მიმართ უნდობლობამ, მეორე მხრივ, კვლავ გაღვივდა ეროვნული იდეალების ილიასეული ნაპერწკალი და ახალი ენერგიით აღმოცენდა XX საუკუნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ყოველივე ეს ბუნებრივად აისახა გალაკტიონ ტაბიძის ადრეულ ლექსებში, სადაც მკაფიოდ ისმის ქართული ლიტერატურისთვის ტრადიციული და კარგად ცნობილი მოტივი - საბრძოლო სულისკვეთების განახლების, მომავლის რწმენისა:

"ტყეში ხმალი გადუნახავთ, მაგრამ ნეტა ვიცოდე,
საჭირო დროს ხმალი იგი რად არ გამომიწოდე?!"


ეს "ტყეში გადანახული ხმალი" სახისმეტყველებითი ასოციაციით ეხმიანება ქართული ლიტერატურისთვის ტრადიციულ "კლდეზე მიჯაჭვული ამირანის", იმავე "დაჭრილი ოცნების" - დატყვევებულ-დაპატიმრებული იმედის სიმბოლოებს და მასვე ერთვის მოტივი მუდმივი ბრძოლისა, მუდმივი ქმედებისა.

ამავე წლებში გალაკტიონის პოეზიაში იბადება ნათელი მომავლის, განახლებისა და რწმენის ახალი სიმბოლო - მზე.

მზის, ნათელი მომავლის რწმენის მოტივები ჟღერს ლექსში: "ზევით ასწიეთ მზე, ზევით!" ქრისტიანული მოძღვრების თანახმად, ყოველი ადამიანი ერთადერთია, განუმეორებელია და, შესაბამისად, განუმეორებელია მისია, რაც მას ამაქვეყნად მოვლენისას დაეკისრა (შდრ: "მის აღდგომასთან მნათობის სხივებად გადავიქცევით"). ამ ლექსის სახისმეტყველებითი სიმბოლიკა გვკარნახობს, რომ თითოეული ჩვენგანი მზის სხივად არის შექმნილი ღვთის მიერ, რათა ქაოსის წყვდიადით მოცული სამყაროს თუნდ ერთ წერტილს მოჰფინოს ნათელი, განანათლოს და შემატოს კოსმოსურ წესრიგს. ამიტომ პოეტი ყურადღებით აკვირდება საკუთარ თავს, ცდილობს, შეიცნოს თავისი ამქვეყნიური მისია:

"ჯერ არ იცი, რისთვის ცოცხლობ, რად არსებობ, ვისზე ფიქრობ,
ჯერ სიჩუმის მტანჯავ ძალას ვერ გაფანტავ, ვერ ჩააქრობ,
როცა ნისლი დაგაწვება, არ დაღონდე, ჩემო კარგო,
მსურს მომავლის სიხარული შენს სერებზე ამოვქარგო".
ამავდროულად, იგი უკვე შემდგარია სარწმუნოებასთან, უფალთან მიახლების გზაზე:
"მწარე ბრძოლის ცეცხლ-ალმურში ელვარებდა ჩემი ხმალი,
მე არ მწამდა ამ ბრძოლაში განკითხვა და ცოდვა-ბრალი.
და სადაც კი ხელჩართული მწვავდებოდა კაცთა ომი,
როგორც ლომი, მე ვიბრძოდი, ცეცხლისა და სისხლის მდომი...
მაგრამ ამ დროს, ქრისტევ, ქრისტევ, წინ დამიდგა შენი ჩრდილი,
მზის სხივივით ანთებული და ჩრდილივით მოწყენილი,
და ეგ სახე, შენი სახე, სახე მშვიდი, სახე მტკბარი,
სათნოება-მწუხარებით მიცქეროდა განამწარი,
საყვედურით მიცქეროდნენ მე თვალები შენი მწველი
და მკითხავდნენ, თუ რათა ვკლავ, ან მკვლელად რად შევიქენი?..
შეიბოჭა ჩემი ლტოლვა, განადგურდა ფიქრი ლაღი,
ძირს დავუშვი სწრაფად ხელი და დავყარე იარაღი.
მივატოვე ბრძოლის ველი, გადვიარე ტყე და მთები...
და მას შემდეგ მოღალატეს მეძახიან მეგობრები".


1914 წლით დათარიღებულ ამ ლექსში, ვფიქრობ, განსაკუთრებით მკაფიოდ არის გამოთქმული როგორც ქრისტიანული მრწამსის პოეტური განცდა, ასევე გარესამყაროსთან ამ განცდის მეშვეობით დამყარებული მიმართება (შდრ: "რა იციან მეგობრებმა, თუ რა ნაღველს იტევს გული..."). ამავე თვალსაზრისით ძალიან საინტერესოა ლექსი: "AVE MARIA":

"ელვარებს, კრთება წმინდა ნათელი,
მკრთოლვარ-მთოვარე შუქთა მფრქვეველი,
დედაო ღვთისა, შენსკენ მოილტვის
ლოცვა-ვედრება და საკმეველი...
მასში ყველაა, რასაც დაღლილი
ადამიანი ქვეყნად ეძიებს,
მშვენება, სული და სილამაზე
ჩვენსავ ლოცვებში მუდამ რომ ჰგიებს".


ამ ლექსს პოეტი შემდგომ ეხმიანება ლექსით ,,სილაჟვარდე, ანუ ვარდი სილაში" (ნ. ბარათაშვილის პოეზიაში "ხმა იდუმალისა" და "სულო ბოროტოს" შეხმიანება!), სადაც იკვეთება სულიერი მარცხით გამოწვეული ტკივილი: "განსასვენებელ ზიარებაზე ჩემთან არ მოვა შენი ხსენება..." ამ მარცხის მიზეზად შეიძლება ვივარაუდოთ პოეტის მიერ რევოლუციის ნამდვილი სახის ხილვა, რამაც დაუმსხვრია სიყრმისეული მირაჟები:

"დაეშვა თოვლი, ფრინველი ლიბრი, ბოლოდაწყობილ ფრთების ჭაღარით,
და ჩონჩხიანი ხეების ჯიბრი დაფარა ნაბდით ნაყაჩაღარით".

("რამდენიმე დღე პეტროგრადში")

ეს ტკივილი და იდეალების მსხვრევა განსაკუთრებით მძაფრდება 1921 წლის ინტერვენციის შემდეგ: საშინელი წინათგრძნობა იპყრობს პოეტს:

"ვეფხვი კასპიის პირას, ჟანგი წითელი ფერის,
ელანდებოდა ხშირად სოფელს სიმკაცრე მტერის.
აჰყვა მდინარე მაღლა, სად შამბია და შქერი,
ვეფხვმა არ იცის დაღლა, განვლო ღელე და ჩქერი.
გზაზე მსხვერპლისა რიცხვი მრისხანებაა კბილის,
და იდუმალი რისხვით უახლოვდება თბილისს".

და გალაკტიონის პოეზიაში სულ უფრო ძალუმად ისმის თავისუფლებააყრილი სამშობლოს სატკივარი:

"შეხავსებია კლდეები კლდეებს,
იქ ვიღაც კვნესის დიდი ხანია,
- ამირანია? - მივმართავ ტყეებს
და ტყე გუგუნებს: - ამირანია!"


თუმცა, პოეტი საბოლოოდ როდი ნებდება - სულიერი ბრძოლის, უიმედობასთან ჭიდილის გამოხატულებაა ეს სტრიქონები:

"სადღეგრძელო იყოს მისი, ვინც ოცნებით იწვოდა,
ვინც პოეტის მარადისი აღტაცება იცოდა,
მოდიოდა ერთზე ასი, გზა გვშვენოდა დიდების,
ჩვენ დავცალოთ ყველამ თასი ბედთან არდარიდების".

დიდი სულიერი განსაცდელების დაძლევის შედეგად იწერება ლექსი:L

"ცხოვრებამ თუმც ბევრი ცრემლი დამადინა,
შოვიდან ისარმა სხეპა მოადინა.
ჩემთვის იმ ხვალიდან სხივმა მოადინა,
შოვიდან ისარმა სხეპა მოადინა.
ოდეს გულს სამშობლო მოეთინათინა,
შოვიდან ისარმა სხეპა მოადინა.
სხეპა მოადინა, სხეპა მოადინა,
მტერს და მოღალატეს სულ ბოლი ადინა".

ისარი-სხივი ის მშვენიერი სახისმეტყველებითი ხატია, რომელიც საგზლად გაჰყვა XX საუკუნის ქართულ პოეზიას და სადღეისოდაც ღვთიურ მანანად ერგება მადლიერ მკითხველს.

რა თქმა უნდა, პოეტი თვალს არ უხუჭავს მწარე რეალობას, მაგრამ თვით უკიდურესი ტკივილის დროსაც კი მისი ფიქრი კვლავ სამშობლოს დასტრიალებს:

"რა ძნელია, ტაბახმელავ, კრწანისო და დიღმის ველო,
დადიოდე და ფიქრობდე: ეს არ არის საქართველო!
საქართველო როცა იყო, ხალხიც ჰყავდა თაოსანი,
ამის მოწმე არის შოთას "ვეფხისტყაოსანი".
არის რკინიგზების ხლართი, არის ავტო-მოტო-ველო,
ოჯახებიც არის, მაგრამ, ეს არ არის საქართველო!"

მაშ, რა კვებავს გალაკტიონ ტაბიძის ოპტიმიზმს, უკეთესი მომავლის რწმენას, როდესაც იგი მიმართავს ნიკორწმიდის დიდებულ ტაძარს: "შენ, ფრთამოღუღუნეს ჟამთა სიავეზე, ჩვენი საუკუნე გიცავს უახლესი", - ეს მისთვის, რა თქმა უნდა, არ არის წითელი დროშის ფრიალით მოსული სინამდვილე, არამედ ქართული სულისკვეთებით ნაწრთობი სინამდვილე გახლავთ, რომელიც განახლებისთვის საჭირო ძალებს ეროვნული კულტურის წიაღიდან იკრებს:

"შიშის ზარს სცემდა პოეზია უფრორე მეტად,
ვიდრე ფერმკრთალი შეთქმულება აჯანყებისთვის..."


დიახ, ეროვნული კულტურა, კერძოდ - პოეზია ის ბრძმედია, სადაც იწრთობა ეროვნული ცნობიერება:

"და მეც მოვკვდე სიმღერებში ტბის სევდიან გედად,
ოღონდ ვთქვა, თუ ღამემ სულში როგორ ჩაიხედა..."


პოეზიის მთავარი მიზანიც ხომ სწორედ ეს "თქმაა", "თქმა", თუნდაც სიცოცხლის ფასად!

1921 წელს ივანე ჯავახიშვილმა უნივერსიტეტის ქართველ სტუდენტებს მოუწოდა, ხელში იარაღი აეღოთ და დაეცვათ სამშობლო. იმავე დღეებს გალაკტიონი უძღვნის ასეთ სტრიქონებს:

"დავდგეთ იქ, სადაც ქარიშხალია და სისხლიანი დგას ანგელოსი,
ახალ გრიგალებს ვწირავთ სიცოცხლეს ჩვენ, პოეტები საქართველოსი!"


იყო დრო, როდესაც ამ ლექსს რევოლუციის ჰიმნად აღიქვამდნენ. თითქოს გალაკტიონი საქართველოს გაწითლების პირველსავე დღეებში ჩადგა მებრძოლთა რიგებში და თავისი სამშობლოს ბედი ახალი კლასის - პროლეტარიატის მიზნებს დაუკავშირა. რაღა თქმა უნდა, ეს ასე არ გახლდათ. ბრძოლა, თავისუფლების ბრძოლით მოპოვება და შენარჩუნება ქართველი კაცის ცხოვრების წესია და ეს დამოკიდებულება პოეტის ბევრ ლექსში ჟღერს:

"ბევრჯერ მიზნისთვისაც შეგვიკურთხებია,
სახე მწუხარებით მოგვიმწუთხებია.
სიტყვა არ გაბედო, რომ შენ დაიღალე,
განზე გადექი და ტყვია დაიხალე,
გული გაიხელე, სისხლი გაიახლე,
ოღონდ, არ გაბედო, რომ შენ დაიღალე!"


და ამ ბრძოლაში პოეტის იმედი, სულიერი საყრდენი და თავშესაფერი არის ქრისტიანული წიაღი, რომელიც გალაქტიონისთვის კარგადაა ცნობილი. ნამდვილი ქრისტიანის ხედვა ვლინდება სტრიქონებში:

"სინამდვილეს არ ვემდური, არ ყოფილა თითქმის,
არყოფილზე საყვედური არასოდეს ითქმის.
და არც შიში გაორების არ მიგრძვნია მწარე,
მე ხომ მთელი გზა ცხოვრების ასე გავატარე".


გალაკტიონისთვის უნივთო, არხილული სინამდვილე უფრო მეტად რეალურია, ვიდრე ჩვენი მიწიერი ყოფა, სადაც მეფობს ტკივილი და სისასტიკე, მაგრამ ამ ტკივილებსა და მსხვერპლშეწირვას ბედნიერებად მაშინ ჩათვლის კაცი, თუკი მათ ღვთის სამსახურის სამსხვერპლოზე მიიტანს. პოეტმა თავის პირად ცხოვრებაში ბევრი ტკივილი და იმედგაცრუება იწვნია, მაგრამ მისთვის მთავარი ამ მიწიერ "რეალობაზე" ამაღლებული მარადიული სამყაროა, რომელიც ამქვეყნად ღირსეული ცხოვრებით - უფლის ერთგულებითა და მამულის სამსახურით მიიღწევა. ამიტომაც თავის უმთავრეს საზრუნავს, ცხოვრების აზრსა და დანიშნულებასაც ილიასეული საზომით საზღვრავს:

"რას მომცემს ისეთს ჩემი სამშობლო,
ანდა, რას მისცემს მას ჩემი ქნარი..."


მიუხედავად იმისა, რომ "ეპოქა გათავდა დიდი" და "სხვა ხალხის ისმის აქ ჟრიამული", მიუხედავად იმისა, რომ სამშობლოს უდგას "სისხლის დრო", "ხანი უნდობარი", პოეტს ღრმად სწამს, რომ მარადიულ ფასეულობებს გაქრობა არ უწერია და იგი კვლავ საქართველოს აღდგომაზე ოცნებობს:

"შენ შუბლს იხსნი და სიბნელეს ლეწავ,
საქართველოს მოღრუბლულო ზეცავ,
ნეტავ, მალე მიაღწევდე მიზანს,
საქართველოს დაღალულო მიწავ!"


ხოლო საქართველოს აწმყოსა და მომავალს გალაკტიონი ასე აფასებს:

"ამ ღრიალს, ამ ჭუჭყს სუსტი ვით აიტანს,
რაც ბაზრებს შეჰფერის შაითან-მაიდანს...
წავა ეს ყვირილიც, მოსულა საიდან,
გაჩნდება კულტურა, ბაზრებს ქვეშ დაიტანს!"


უპრიანია, ჩვენი საუბრის თემა გალაკტიონის უკვდავი ლექსით დავასრულოთ:

"თეთრი დღეების ისევ ისე მიჰყვება დასი,
არ მომწყინდება სადღეგრძელოდ ავწიო თასი
თქვენი, რომელთა გატაცება მხოლოდ ჟინია!..
მე არც წარსულის, არც მომავლის არ მეშინია!.."
ბეჭდვა
1კ1