ბედნიერია კაცი, ვინც უფლისგან ბოძებულ ნიჭს უფლისავე სათნო საქმეში გამოიყენებს და ასე ადიდებს გამჩენ ღმერთს.
15 წლის გიორგი თავაძეს აქედანვე ეტყობა, რომ უფალმა გამოარჩია და ხატწერის ნიჭი არგუნა.
გიორგის და დედამისს, ქალბატონ ლუდას შინ შევხვდი. მისაღებ ოთახში, სამლოცველო კუთხის გვერდით, გიორგის დაწერილი წმინდა მამების და დედების ხატებია გამოფენილი. წერს მაშინ, როცა უფალი შთააგონებს. უწმინდესისა და სულიერი მოძღვრის, მამა ელიზბარის ლოცვა-კურთხევით, ხატწერის გაგრძელებას აპირებს. როცა გიორგის ვკითხე, ეკლესიურმა ცხოვრებამ რა შეგძინა-მეთქი, მოკლედ მიპასუხა, - მადლიო. მისმა პასუხმა ჩამაფიქრა...
ჟურნალისტთან საუბრის სურვილი გიორგის ნაკლებად აქვს, ფიქრობს, რომ მისი საქმე ჩრდილში ყოფნას მოითხოვს. თავმდაბლობასა და მოძღვრის ლოცვა-კურთხევით ცხოვრებას კარგა ხანია მიეჩვია. გიორგის შესახებ უფრო ვრცლად დედამისმა მიამბო: "გიორგი ასაკოვანს შემეძინა. ექიმებს იმედიც არ ჰქონდათ, თუ შვილი მეყოლებოდა. ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში დავდიოდი... წმინდა გიორგის მუხლმოდრეკილი ვევედრებოდი შვილიერებას. მოხდა სასწაული - ფეხმძიმედ დავრჩი. უფალს შევპირდი, თუ ვაჟი შემეძინებოდა, გიორგის დავარქმევდი. გიორგი ქაშვეთში მოინათლა. მამა ელიზბართან რომ მივიყვანე, ექვსი წლის იყო. ორი წლისამ ლოცვები ისწავლა. მერე ხატვის ნიჭიც აღმოაჩნდა. თერთმეტი წლისამ შობის მარხვაში წმინდა ნიკოლოზის ხატი ერთი ხელის მოსმით ფანქრით დაწერა. რამდენიმე დღის შემდეგ აღდგომის წმინდა ხატის დაწერა შეძლო. მამა ელიზბარმა ლოცვა-კურთხევა მისცა, გაეგრძელებინა საქმიანობა. ზოგჯერ გიორგი ღამე დგებოდა და ხატვას იწყებდა. შვილი სიონის სამრევლო სკოლაში მივიყვანე. მალე მოულოდნელად მამა გარდაეცვალა. ამან მის სულიერ მდგომარეობაზე იმოქმედა და სწავლა ვეღარ გააგრძელა. თანაც გაგვიჭირდა... მადლობა ღმერთს, რომ მამა ელიზბარმა უწმინდესთან გაგვიშვა სამების საკათედრო ტაძარში. სამწუხაროდ, პატრიარქს ვერ შევხვდით, მაგრამ არქიდიაკვანმა დემეტრემ ნახა გიორგის ნამუშევრები და სტიქაროსნად აკურთხა. სიღარიბის ზღვარს იქით მყოფი ოჯახი ვართ და ძალიან მიჭირს გიორგისთვის საღებავების შეძენა, ხშირად სამგზავრო ფულიც არ გვაქვს. სასკოლო წიგნები მამა ელიზბარმა და მამა ბიძინამ შეუძინეს, რისთვისაც დიდ მადლობას ვწირავთ. მე და გიორგი 55-ლარიანი პენსიით ვარსებობთ.
ხატმწერმა ქეთევან ხაჟომიამ ნახა გიორგის ნამუშევრები, სხვა ხატმწერებმაც... ერთ-ერთი ხატმწერის მითითებით, გიორგიმ წმინდა ნიკოლოზ დვალის ხატის ესკიზი ფანქრით შეასრულა. მერე დავუკავშირდი ლაშა კინწურაშვილს. გიორგის ნამუშევრები ძალიან მოეწონა და ნება დართო, მასთან ევლო. ბატონი ლაშა ამჟამად სიონის ტაძარში ფრესკებს ხატავს. გიორგის დაწერილი ღვთისმშობელი რომ ნახა, უთხრა, - შენ ღვთისმშობლის ისეთი სახე შექმენი, ადამიანს ლოცვა მოუნდება და მუშაობა უნდა გააგრძელოო. რადგან საღებავები ძვირია, დახმარებისთვის მივმართე ჩვენი რაიონის გამგებელს თემურ გრიგალაშვილს. ბატონმა თემურმა გულთან ახლოს მიიტანა ჩვენი მდგომარეობა და გიორგის შეუძინა საღებავები და ფუნჯები. ღმერთმა დალოცოს..."
გიორგის ნამუშევრების პირველი გამოფენა სკოლაში მოეწყო. შემდეგ ამას მოჰყვა გამოფენები ახალგაზრდობის სახლში, სადაც დიპლომებიც მიიღო. სააღდგომო გამოფენა ჰქონდა ელენე ახვლედიანის ბავშვთა გალერეაში და უწმინდესის საჩუქარი - საბავშვო სახარება "სიცოცხლის წიგნი" მიიღო.
12 წლის გიორგიმ პირველად ფუნჯით დაწერა წმინდა დავით აღმაშენებლის ხატი. ეს უყურადღებოდ არ დარჩენია ადგილობრივ გამგეობას და დიპლომით დააჯილდოეს წმინდა ილია წინასწარმეტყველის დღეს. გამოფენა მოეწყო სამების ტაძართან არსებულ ახალგაზრდულ ცენტრშიც.
გიორგის ძალიან უნდა გააგრძელოს წმინდა ხატების წერა. თუ მისი ეკონომიკური მდგომარეობა ოდნავ მაინც გამოკეთდება, ეს ხელს შეუწყობს კიდევ უფრო დახვეწოს თავისი შესაძლებლობები. კარგი იქნება, თუ მომავალი თაობის აღზრდას მეტ ყურადღებას მიაქცევენ კეთილი ადამიანები.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი