"ჩემმა ქვეყანამ საქმე რომ მომთხოვოს, მაშინ რა უნდა ვქნა?"
"ჩემმა ქვეყანამ საქმე რომ მომთხოვოს, მაშინ რა უნდა ვქნა?"
ილია ჭავჭავაძემ როგორც სიტყვით, ისე საქმით დიდი წვლილი შეიტანა ქართველი ერის კულტურულ და სულიერ განვითარებაში. გარდა ლიტერატურული საქმიანობისა, იგი სათავეში ედგა XIX საუკუნის II ნახევარში დაწყებულ ყველა დიდ ეროვნულ საქმეს. ამიტომ განსაკუთრებით საინტერესოა მისი თვალსაზრისი სიტყვისა და საქმის ურთიერთმიმართებაზე. გვესაუბრება ილია ჭავჭავაძის შემოქმედების მკვლევარი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ქალბატონი მარიამ ნინიძე.

- ილია ჭავჭავაძის დამოკიდებულება სიტყვისა და საქმის ურთიერთმიმართებისადმი წმინდა წერილისეული სწავლებით არის ნასაზრდოები. ძმების იგავით, რომლებსაც მამამ ვენახში სამუშაოდ წასვლა დაავალა, მაცხოვარმა ნათლად გამოხატა, სიტყვასა და საქმეს შორის რომელია უფრო მნიშვნელოვანი. პირველმა ძმამ მამის დავალების შესრულებაზე თავდაპირველად უარი თქვა, შემდეგ შეინანა და შეასრულა, მეორე კი, პირიქით, დათანხმდა, მაგრამ არ გააკეთა. უფლის სწავლებით, მამის ნება ამ ორთაგან იმან აღასრულა, ვინც საქმით გამოხატა მორჩილება. საქმით უპირატესობის თემას ილია ჭავჭავაძე არაერთხელ ეხება. გავიხსენოთ თუნდაც "მგზავრის წერილები". როგორც კი ქართველი მგზავრი იმ რუსული "პოვოსკიდან" გადმოვა, რომელიც, ავტორის თქმით, საუკეთესო ფიქრებს უფანტავდა, მაშინვე იხსენებს სამშობლოს გასაჭირს და ეძებს გზებს დავრდომილი ქვეყნის სანუგეშოდ. ჯერ დაფიქრდება, შეძლებს თუ ვერა სამშობლოსთან საერთო ენის გამონახვას, მისი გულისტკივილის გაგებას და საკუთარი სათქმელის მისთვის გაგებინებას, შემდეგ აანალიზებს ამ აზრთა დინებას და ამბობს, "ამას სულ სიტყვაზე ვალპარაკობ, საქმე კი საქმეშია, ჩემმა ქვეყანამ საქმე რომ მომთხოვოს, მაშინ რა უნდა ვქნაო".

მართალია, სადგურის გუშაგი სწორედ ამ უმნიშვნელოვანეს მომენტში აწყვეტინებს მგზავრს ფიქრს, რუსი ოფიცერი კი დაუპატიჟებელი სტუმრობით კარგა ხანს არ აძლევს ამ კითხვაზე ფიქრის გაგრძელების საშუალებას, მაგრამ მათთან განშორების და სტეფანწმინდაში ასვლის შემდეგ მაინც ახერხებს ნაფიქრალის გაანალიზებას და სწორ დასკვნამდე მისვლას. გადაწყვეტილება ასეთია: მან უნდა მოძებნოს "ძილშიაც მღვიძარე" ადამიანები, თანამემამულეთა გულებში ანთებული თითო-თითო ნაპერწკალი შეაგროვოს თავისი ქვეყნის გაცივებული გულის გასათბობად.

- თქვენ თქვით, რომ სიტყვისა და საქმისადმი დამოკიდებულება წმინდა ილია მართლის სხვა თხზულებებშიც ჩანს. კონკრეტულად რომელ ნაწარმოებებს გულისხმობდით?

- "კაცია-ადამიანში?!" ვხედავთ საქმის კეთების პროფანაციას, მისი არსის დამახინჯებას. ილია სატირულად გვიხატავს ქალბატონებს, რომლებსაც "დავითნის" კითხვა მოსწყენიათ. ფანჯარაში მინის ნაცვლად ჩასმულ გაქონილ ქაღალდზე ქინძისთავით უაზრო სიტყვებს კაწრავენ და თავს იმშვიდებენ: "ცუდად ჯდომას ცუდად შრომა სჯობიაო".

ლუარსაბი და დარეჯანი ქმნიან საქმის კეთების ილუზიას. ემახსოვრება მკითხველს, როგორ უაზროდ ჩამოუვლიდა და დააწიოკებდა ხოლმე დარეჯანი ყმა-მოსამსახურეებს და ვალმოხდილის იერით შებრუნდებოდა ოთახში ან როგორი ბრიყვული თავდაჯერებით ერეოდა გლეხების საქმეებში ლუარსაბი. ამ პერსონაჟებს ჰგონიათ, რომ ღირსეულად საქმიანობენ, ნამდვილი საქმე კი თავადების საკადრისად არ მიაჩნიათ.

ლუარსაბის ერთ-ერთი საყვარელი საქმიანობა ჭერზე მიმსხდარი ბუზების თვლაა, მაგრამ, "მგზავრის წერილებისეული" რუსი ოფიცრის რჩევას თუ გავითვალისწინებთ, ბუზებს შეგვიძლია უფრო მნიშვნელოვანი ფუნქციაც დავაკისროთ და მათ ყიდვა-გაყიდვაზე ბიზნესი ავაგოთ.

- ილიამ თავის შემოქმედებაში წარმოგვიდგინა რეალურად საქმიანი ადამიანებიც. რას იტყვით "ოთარაანთ ქვრივის" პერსონაჟების შესახებ?

- ოთარაშვილები სიტყვისა და საქმის სრული ჰარმონიის სახეს ქმნიან. მაცხოვარმა გვიმოძღვრა, თუ რწმენა გექნებათ და არ შეორგულდებით, მთას რომ უთხრათ, ადგილს მოსწყდი და ზღვაში დაინთქეო, აღსრულდებაო. მართალია, ასეთ რამეს ეს პერსონაჟები არ აკეთებენ, მაგრამ განა სასწაული არ არის ის, რომ ქვრივი ქალი ოჯახსაც ინახავს, შვილსაც ზრდის და ღარიბ-ღატაკთა გასაკითხადაც უხვად ირჯება? განა სასწაული არ არის ის, რომ გიორგის თავმდაბლობამ და უანგარობამ გაგულისებულ თავადიშვილებს საკუთარი ამპარტავნება დაანახა?

განსხვავება არჩილსა და გიორგის შორის თავდაპირველად სწორედ ის იყო, რომ არჩილს მხოლოდ ლაპარაკი შეეძლო და არა საქმე. გავიხსენოთ მისი სიტყვები: "სჩანს ჩვენთვის წიგნი სხვა ყოფილა და საქმე სხვა... სად არის აქ "თაყვანისცემა ღირსებისა", რომელიც ჩვენ ასე მოგვწონდა? წიგნშია და არა საქმეში, ენაზეა და არა გულში..." ამის მიზეზად არჩილი უმადლობას აღიარებს: "გული, ესე იგი ის მადლი, რაც ენას და ხელს უნდა ასაქმებდეს, მართლა რომ აღარ არის... იმათი ცოცხალი ნახევარი, ავად თუ კარგად, მაინც ჰსაქმობს, და ჩვენი კი უქმია. საქმეა სიცოცხლე. ეს არის იმათი კარგი და ამითი გვჯობნიან..."

მიუხედავად იმისა, რომ არჩილი ნაკითხიც არის და მოწადინებულიც, მადლის უქონლობა საქმეს ვერ აკეთებინებს. სახარებისეული იგავის მსგავსად, ეს ფაქტი ილიამაც ვენახის გაშენებასთან დააკავშირა. არჩილმა დიდი მონდომებით იმუშავა ვენახში, მაგრამ ისე ვერ ჩაყარა ვაზი, რომ წყალი მისდგომოდა. გიორგიმ კი ამ წყლის მიყენების სწავლებით მას საკუთარი "თავმოწონებული არცოდნა" და "უვიცობის ცუდმედიდობა დაანახა" და უფლის მევენახეობა ასწავლა.

ოთარაშვილების ოჯახის სამივე წევრთან მიმართებით ავტორი მკაფიოდ წარმოაჩენს საქმისადმი დამოკიდებულებას. ქვრივი საქმეს "ტოლ-ამხანაგს" ეძახის, რომელიც მარტო არასოდეს დატოვებს. თევდორეს შესახებ ვკითხულობთ: "ის ცხონებული ისე შეეჭიდებოდა საქმეს, თითქო ღრეობასა და ლხინშიაო". "ოთარაანთ ქვრივს ტყუილ-უბრალოდ ბაქიობა და მუქარა არ უყვარდა. იმისი თქმა და ქმნა ერთი იყოო". გიორგის შესახებ კი ნათქვამია: "რაკი საქმეს დაადგება, ზედ შეელევა, მინამ თითონ საქმეს არ შეჰლევსო. საქმის გულით ამოჰყოლია და ბოლომდე გამტანიო". ამ ადამიანებისთვის საქმე იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მისდამი დამოკიდებულებით აფასებენ სხვათა ღირსებასაც. ომარაანთ მოჯამაგირეზე გიორგი ამბობს, "თუ ეს მართლა ვაჟკაცია, საქმეს არ უღალატებდაო". პირადად მას გული არ უთმენს, სანახევროდ გამხდარ საქმეს რომ ხედავს და მაშინვე ცდილობს მის გამოსწორებას.

- წმინდა ილია მართალმა სიტყვითაც და საქმითაც ბევრი იღვაწა ქვეყნისთვის. მისი სიტყვაც თავისთავად საქმე იყო, რადგან ჰქონდა და დღესაც აქვს რეალური ნაყოფი. ეს არის მკითხველის გულისა და გონების განწმენდა და ზნეობრივი ამაღლება. სიტყვისა და საქმის ურთიერთმიმართების საკითხს ეძღვნება ილიას პუბლიცისტური წერილებიც...

- მოვიყვან ორიოდე ამონარიდს ილიას პუბლიცისტური წერილებიდან, სადაც იგი საქმის შესახებ საუბრობს: "ჩემი მშვიდობიანი, დინჯი, არამყვირალა და არაჩხავანა მოღვაწეობა, საცა უნდა იყოს, თუ გულმხურვალობით არის გამთბარი, გულმოდგინებით წარმართული, ერთგულებით ძირმაგარი და პატიოსნებით ნათელცხებული, - უტყუარი ნიშანია მოღვაწის დიდბუნებოვნებისა. იქნება ზოგიერთებს ეხამუშოს, ზოგიერთს ეუცხოვოს ეს ჩვენი აზრი, და სიტყვა შემოგვიბრუნოს: "დიდი საქმეა მარტო უტყუარი ნიშანი თვითონ მოსაქმის დიდბუნებოვნებისაო". ეს მართალია, თუ საქმე ქმნილია. თუ არ არის ქმნილი და მარტო ამაო თავმოწონებით და ცუდმედიდობით ხელწატანებულია, მაშინ საქმე, დიდია თუ პატარა, სულ ერთია. იგი ხელის წამტანებლის ქარაფშუტობას უფრო გვისაბუთებს და გვიმტკიცებს, ვიდრე დიდბუნებოვნობასა. მაშასადამე, ამ შემთხვევაში ძალა ქმნასა ჰქონია და არა მარტო ხელის წატანებასა და პოტინსა. არაქმნა ყოველ დიდს საქმეს ამცირებს და ქმნა კი პატარასაც დიდსა ჰხდის... ქვეყანაზედ ბევრი იმისთანა საქმეა, რომელიც თავისთავად ჰხმაურობს, ქარბუქს აყენებს და ყველას თვალწინ უდგას მთელის თავის სიდიადითა. ხოლო იმისთანა საქმენიც არიან, რომელთაც ჟღარუნები არა აქვთ და არა ჰხმაურობენ, მაგრამ მით არა ნაკლები მნიშვნელობა აქვთ წუთისოფლის სიმწარის დასატკბობად და სიმწვავის გასანელებლად..."

"ისტორია იგი დიდებული ტაძარია, საცა უწირავს ერთიანს სულსა ერისასა და საცა აღუმართავს ერს თავის დიდებულ და დიდბუნებოვან კაცთა უწმინდესნი ხატნი და ზედ წარუწერია დიდთა საქმეთა მოთხრობა, ვითა საშვილიშვილო ანდერძი. ერი, რომელსაც ახსოვს ეგ თავისი ერთიანის სულის წირვა, ეგ თავის დიდბუნებოვანი კაცნი და დიდთა საქმეთა ამბავი, კეთდება, მხნევდება, ჰგულოვნდება და თავმოწონებულია ყველგან, ჭირსა თუ ლხინში. ამ ღირსებათა პატრონი ერი არ დაუვარდება, არ დაუძაბუნდება არავითარს ზედმოსულს უბედურებასა და განსაცდელსა. იგი გულგაუტეხლად იბრძვის, იღვწის, გამხნევებული თავის მამა-პაპის მაგალითითა და ანდერძითა და მარტო გულგაუტეხელი მებრძოლი დაინარჩუნებს ხოლმე ბურთსა და მოედანს ამ წუთისოფელში".
ბეჭდვა
1კ1