ჩემთვის კი დღე - სასწაული დადგა.
გათენდა უშენოდ.
მე შენთან მინდა. მინდა და მოვდივარ, შვილო.
სადღაც ძველი გუდა მოვიძიე. შიგ ჩავყარე ჩემი დარდი, სევდა, წუხილი და გაუსაძლისი ტკივილით წელში ორად მოხრილმა, შენთან მოსასვლელ გზას დავუწყე ძებნა.
უცებ ციდან ანგელოზი დაეშვა. გზა გადამიღობა და მზერა ჩემს მხრებს მიაპყრო.
- გიჭირს? მძიმეა?!
- ჰო, - ვუპასუხე თავჩაქინდრულმა.
მერე გუდაში ჩაიხედა და გაოცებულმა მკითხა:
- ნუთუ მარტო სევდით იყო აღვსილი შენი წარსული? უფლის წყალობა რად დაივიწყე? სად არის სიხარულში განვლილი წლები?
წამში გაიარა ჩემს თვალწინ შენით მონიჭებულმა ბედნიერმა დღეებმა და ტვირთი შემიმსუბუქდა. წელში გავიმართე და თვალები ანგელოზს მივაპყარი.
- შენ რჩეული ხარ. მხოლოდ რჩეულთა ხვედრია, ის განიცადოს, რაც განიცადა ღვთისმშობელმა. ისე ეტკინოს, როგორც ეტკინა ყოვლადწმინდას. მშვიდად აღიღო ჯვარი თვისი კურთხეულმა და მოთმინებით განვლო სავალი გზა. გზა, რომელიც შენ გაგიკვლია. მიჰყევი მის ნატერფალს. ეგ გუდა, ზურგზე რომ გკიდია, ჯერ კიდევ ასავსებია, - მანუგეშა და გაუჩინარდა.
წინ, ჰორიზონტზე, გზა გაიჭიმა. სადღაც შორს, ცის კართან, ჭეშმარიტი ნათელი კრთოდა. იქ შენ იდექი და მელოდი, შვილო.
გზაზე კი უხვად ეყარა პატარ-პატარა მოციმციმე წერტილები, რომლებიც ნაბიჯის გადადგმის საშუალებას არ მაძლევდნენ. დავიხარე და დავიწყე მათი აკრეფა. ვკრეფდი და გუდაში ვყრიდი. ზოგი სიხარულის იყო, ზოგი - დარდის, ზოგი - ბედნიერების, ზოგიც - ტკივილის.
დღესაც მივყვები ამ გზას და ვავსებ გუდას.
გათენდა...
უშენოდ...
მე შენთან მინდა. მინდა და მოვდივარ, მაგრამ წერტილს წერტილი ემატება და კიდევ წერტილი...
მადონა ნატრიაშვილი