როგორ წარმოიშვა პირველი ქრისტიანული გამოსახულებები
როგორ წარმოიშვა პირველი ქრისტიანული გამოსახულებები
კატაკომბების მხატვრობა
ქრისტიანული ხელოვნება პირველსავე საუკუნეებში მიწისქვეშა სამარხებში, კატაკომბებში ჩაისახა. აქ საიდუმლოდ იყრიდნენ და აფარებდნენ თავს პირველი ქრისტიანები. აქვე, მიცვალებულთა საფლავის ფილებზე, გაჩნდა პირველი იკონოგრაფიული გამოსახულებანი.

ქრისტიანები პირველ რიგში ბიბლიურ სიმბოლოებს მიმართავდნენ, რადგან ის უფრო მარტივი და ადვილად აღსაქმელი იყო.

ეს სიმბოლოები, რასაკვირველია, სრულიად გაუგებარი გახლდათ წარმართთა და კერპთაყვანისმცემელთათვის, ამიტომ კატაკომბებში გაჩნდა ძველი წარმართული გამოსახულებები, რომლებიც ეკლესიამ განწმინდა ადრინდელი შინაარსისგან და მიანიჭა ახალი მნიშვნელობა, რასაც კერპთაყვანისმცემელი ცხონების გზაზე უნდა დაეყენებინა.

ამისთვის გამოიყენებოდა ზოგი ანტიკური თქმულება და გამოსახულება, ისეთი, როგორიცაა "მწყემსი კეთილი". ქრისტე ამ სიმბოლური სახით გამოსახულია, მაგალითად, დომიცილას კატაკომბების მხატვრობაში, სარკოფაგების ბარელიეფებზე. ეს სახე მჭიდროდ დაუკავშირდა ბიბლიის ტექსტებსაც. ეზეკიელი და დავით წინასწარმეტყველი ისრაელის მოდგმას წარმოადგენენ როგორც ცხვრის ფარას, რომლის მწყემსიც არის უფალი. მაცხოვარიც ხომ ამბობს თავის თავზე: "მე ვარ მწყემსი კეთილი" (იოანე 10,14).

ასე რომ, რთული არ იქნება ამ სიმბოლოების განწმენდა ძველი შინაარსისგან და ახალი, ჭეშმარიტი, ხსნის იდეასთან მიახლოებული აზრის მინიჭება. ამასთან, ამ იკონოგრაფიულ ტიპში ჩაიდო გარკვეული დოგმატური შინაარსი - კეთილი მწყემსი არის ხორცშესხმული ღმერთი, რომელიც ზურგით ატარებს გზააბნეულ კრავს - დაცემული ადამიანის ბუნებას, რათა აზიაროს იგი ღვთაებრივ დიდებას.

ანტიკური მითოლოგიიდან არის აღებული, მაცხოვრის სიმბოლო, ორფეოსის სახე, რომელიც ქნარზე დაკვრით აჯადოებს ველურ ცხოველებს. წმინდა მამის, კლიმენტი ალექსანდრიელის თქმით, როგორც ორფეოსი ათვინიერებდა თავისი დაკვრით მხეცებს და აჯადოებდა მთებსა და ხეებს, ასევე უფალი იესო ქრისტე იზიდავდა ადამიანებს ღვთაებრივი სიტყვით.

ქრისტიანობის "დასაწყისის" ხელოვნება იყო ძველის წილ ახლის დაბადება, რითაც საფუძველი ჩაეყარა ქრისტიანული გამოსახულების, ხატების შექმნას.

მოამზადა
ნათია ჭუმბურიძემ
ბეჭდვა
1კ1