წინაპართა კულტურული ცხოვრების ყოველ ნაშთს პატრონი გამოუჩნდა
წინაპართა კულტურული ცხოვრების ყოველ ნაშთს პატრონი გამოუჩნდა
დღეს, გლობალიზაციის ეპოქაში, როცა აქცენტები ზოგადსაკაცობრიო იდეალებზე კეთდება, "კერძო" ეროვნული ღირებულებები ყურადღების მიღმაა დარჩენილი. ამ სტრიქონების ავტორს ევროკავშირის დედაქალაქის ბრიუსელის ისტორიულ ცენტრში, სადაც უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით ულტრათანამედროვე შენობები იგება, საკუთარი თვალით აქვს ნანახი "მეორეხარისხოვანი" გასაცოდავებული, ჩაშავებული ფლამანდრიული აღორძინების ერთ დროს ალბათ მშვენიერი, ახლა კი ყველასგან მიტოვებული ნიმუშები, რომელთა საბოლოო ხვედრიც იოლი გამოსაცნობია (თუმცა ზოგიერთი, რომელთაც, როგორც ჩანს, "პირველხარისხოვანთა" სტატუსი აქვთ მინიჭებული, მშვენივრადაა მოვლილი). ეს პროცესი კიდევ უფრო მწვავედ მიმდინარეობს გზაგასაყართან მდგომ, ჯერ კიდევ ეკონომიკური განვითარების სტადიაში მყოფ ქვეყნებში, რომელთა რიცხვში, ალბათ, საქართველოც შედის. ამიტომ ორმაგად სასიხარულოა, როცა შეიტყობ, რომ არიან ადამიანები, რომლებიც წინაპართა საუკუნოვან, უმნიშვნელო მემკვიდრეობასაც კი უდიდესი რუდუნებით იკვლევენ და ცდილობენ, ქვეყნის სულიერი თუ ეკონომიკური განვითარების სამსახურში ჩააყენონ. ერთი ასეთი მცირერიცხოვანი ჯგუფის საქმიანობის, კერძოდ, მათ მიერ მოწყობილი ექსპედიციის შესახებ გვესაუბრება მისი მონაწილე, ახალგაზრდა მხატვარი და მოქანდაკე იოსებ ანდრიაძე.

- იოსებ, სად და როდის შედგა ექსპედიცია?


- 2003 წლის შემოდგომაზე მცირე ჯგუფს ორკვირიანი გასვლა გვქონდა თრიალეთში, ზურტაკეთის ისტორიულ რეგიონში (დღევანდელი წალკის რაიონი).

- როგორ შეიკრიბა თქვენი ჯგუფი და ვინ იყვნენ მისი წევრები?

- ჯგუფის შექმნის ინიციატორი და ხელმძღვანელი გახლდათ ბატონი ნიკა ვაჩეიშვილი (ამჟამად - კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის მოადგილე), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასთან არსებული "გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის" მეცნიერ-თანამშრომელი, ექსპედიციის წევრები კი ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი დევი ბერძენიშვილი და მე გახლდით. თუ გაინტერესებთ, შემიძლია გითხრათ, რომ ჩემს ძირითად მოვალეობას წარმოადგენდა ადგილზე ამა თუ იმ რელიეფიდან ან სხვა სახის გამოსახულებიდან გრაფიკული სქემების გადმოღება, რომელთა გარჩევა ან ფოტოგრაფირება მათი სიძველის გამო პრაქტიკულად შეუძლებელია ხოლმე.

- რა იყო ექსპედიციის მიზანი?

- ექსპედიციის მთავარი მიზანი რეგიონის მეცნიერული ისტორიულ-გეოგრაფიული და სახელოვნებათმცოდნეო შესწავლა, გზამკვლევის გამოსაცემად ინფორმაციის შეგროვება გახლდათ. ერთი მხრივ, ახალი, ჯერ გამოუკვლეველი ძეგლების შესწავლა გვინდოდა (ამ სიძველეების შესახებ დღემდე მხოლოდ ე. თაყაიშვილის გამოკვლევებია ცნობილი), ხოლო მეორე მხრივ - წლების წინ დაზვერვითი ექსპედიციების მიერ მოპოვებული საკმაო მოცულობის მასალის გადამოწმება, რათა ის საბოლოო მეცნიერულ ცოდნად გაფორმებულიყო, დადასტურებულიყო ან უარყოფილიყო ის ვარაუდები, რომლებიც ადრე გამოითქვა. ეს გზამკვლევი პირველი არ იქნება. ბატონი ნიკა ვაჩეიშვილის ხელმძღვანელობით უკვე გამოიცა პირველი გზამკვლევი "ჯავახეთი", რომლის შექმნისთვისაც ასეთივე ექსპედიცია ჩატარდა და მოპოვებულ იქნა მნიშვნელოვანი მასალა, რომლის მოძიება-დამუშავებაში სხვადასხვა დროს სხვადასხვა დარგის სპეციალისტები მონაწილეობდნენ.

- ძირითადად რა მდგომარეობაში გხვდებოდათ ის უძველესი ისტორიული ძეგლები, რომლებიც იქ, ალბათ, უამრავია?

- მართლაც უთვალავი ძეგლი ვნახეთ. ბედის უკუღმართობის გამო თავდაპირველი ტოპონიმები, სამწუხაროდ, დაკარგულია და თურქულ-ბერძნულითაა შეცვლილი. აქაა ათეულობით ნაშთი: მთლიანად ან სანახევროდ დანგრეული ეკლესია-მონასტრები, სვეტები, ქვაჯვრები, სტელები, ემბაზები, ტრაპეზის ქვები... ეს სიძველეები მართლაცდა სავალალო მდგომარეობაშია. ნაგებობათა აბსოლუტურ უმრავლესობას კამარა (გადახურვა) შერჩენილი აღარ აქვს, რის გამოც ისინი ატმოსფერული ზემოქმედების შედეგად თანდათან უფრო და უფრო ზიანდება. საკმაოდ მძიმეა ერთბაშად ამდენი დანგრეული ქართული ტაძრის ნახვა... შეგვხვდა ადგილობრივი, ძირითადად - ბერძნული წარმომავლობის მოსახლეობის მიერ ასე თუ ისე მოვლილი ტაძრებიც, მაგრამ ისინი "თავისებურად" აქცევენ ყურადღებას ძეგლებს, რომელთა საფუძველშიც ქართული კვალი შეინიშნება - ეს ტაძრები საფუძვლიანადაა შეცვლილი და, ერთი შეხედვით, ტრადიციულ ქართულ ეკლესიებთან საერთო აღარაფერი აქვს. ამ გადაკეთებულ-გარემონტებული ეკლესიების კედლებში ხშირად ჩაშენებულია ძველი ქართული ფრაგმენტები. თუმცა ეს ფრაგმენტებიც საკმაოდ მდიდარ მასალას და ინფორმაციას გვაწვდიან.

- თქვენს მიერ მონახულებული ძეგლებიდან რომელს გამოყოფდით, ვთქვათ, ორიგინალურობით, მხატვრული თუ რაიმე სხვა ნიშნით?

- აქ შემორჩენილი ძეგლები ძალზე მნიშვნელოვანია. ისინი უნიკალური გახლავთ და დამატებით ინფორმაციას იძლევა ამა თუ იმ ეპოქისთვის დამახასიათებელი ქრისტიანული საეკლესიო ხელოვნების შესახებ. მაგალითად, აქ აღმოჩნდა წინაქრისტიანული ძველი ხელოვნების ნიმუში - "ურჩხულის" გამოსახულება, რომელიც ყველაზე ახლოს დგას აფრიკისა და სამხრეთ ამერიკის ძეგლებთან, უძველესი ქვის საცეცხლური, იონას სასწაულისა და ქტიტორთა ორიგინალური გამოსახულებები (მათ შესახებ ვრცლადაა მოთხრობილი "ქართული ხელოვნების ნარკვევების" 2004 წლის მე-3 გამოცემასა და ჟურნალ "საქართველოს სიძველენის" მე-4-5 ნომრებში გამოქვეყნებულ ნ. ვაჩეიშვილის სტატიებში). ერთ-ერთი საინტერესო აღმოჩენა დაფიქსირდა სოფელ ახალიკში, სადაც ამჟამად ბერძენი მოსახლეობა ცხოვრობს. აქვე, მცირე დარბაზული ტიპის ეკლესიის ეზოში, წავაწყდით მიწაში სანახევროდ ჩაფლულ მოზრდილ ქვას ჯვრის გამოსახულებით, რომელიც თავიდან საფლავის ქვად მივიჩნიეთ. მაგრამ შემდგომში, მიწის საფარის მოცილების შემდეგ, აღმოჩნდა, რომ ეს იყო ე.წ. ხელიანი ქვა, რომელიც ძალიან ცოტაა აღმოჩენილი საქართველოში (ძველად ისინი მნიშვნელოვანი - სამეფო ან სამთავრო - საზღვრების მოსანიშნად გამოიყენებოდა). დროის, უფრო მეტად კი ძალების სიმცირის გამო ქვის უკანა ზედაპირის დათვალიერება-შესწავლა ვერ მოხერხდა, არადა, იქ შესაძლოა იყოს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა საზღვარს მონიშნავდა ეს ქვა. ეს შემდგომი კვლევის საგანი შეიძლება გახდეს.

კიდევ ერთი საინტერესო შემთხვევა. ჩვენი იქ ყოფნისას წალკის წყალსაცავი სანახევროდ დაცლილი იყო წყლისგან, რითაც ვისარგებლეთ და მისი ფსკერი დავათვალიერეთ. ექვთიმე თაყაიშვილის ცნობით, არცთუ შორეულ წარსულში ამ ტერიტორიაზე სოფელი იყო, სადაც ტაძარიც იდგა. ამჟამად ის დანგრეულია, მისი მცირე ფრაგმენტები ახალი ეკლესიის მშენებლობისას გამოუყენებიათ, ძირითადი ნაწილი კი კვლავ წყალსაცავის ტერიტორიაზეა დარჩენილი. აქ აღმოჩნდა საკმაოდ დიდი სტელის ან ქვაჯვრის ბაზისი, საფეხურებრივი გადასვლით, რომელზეც ბოლნური ჯვარია გამოსახული. ჩვენ მისი ფოტოგრაფირება და ჩახატვა შევძელით. დასანანია, რომ მისი ამოტანა ვერ მოხერხდა. ჩვენი წამოსვლის შემდეგ ის ისევ წყლით დაიფარებოდა.

- როგორც ცნობილია, წალკის რაიონი მოსახლეობის თვალსაზრისით საკმაოდ მრავალფეროვანია. თუ გქონდათ რაიმე კონტაქტი ადგილობრივ მცხოვრებლებთან და რა დამოკიდებულება შეინიშნება მათში თქვენსა და თქვენი საქმიანობის მიმართ?

- ჩვენ პრაქტიკულად ყველასთან გვქონდა კონტაქტი: ბერძნებთან, თათრებთან, სომხებთან, რა თქმა უნდა, ქართველებთან - ბოლო დროს ჩამოსახლებულ აჭარლებსა და სვანებთან. რაც შეეხება არაქართულ მოსახლეობას, მათგან იგრძნობოდა, თუ შეიძლება ითქვას, ნეიტრალური დამოკიდებულება, ყოველგვარი გაღიზიანების გარეშე, რაც, ვფიქრობ, გასულ წლებთან შედარებით ერთგვარ პროგრესადაც შეიძლება ჩაითვალოს. გზის ჩვენება იყო, ტაძრის გაღება თუ სხვა რამ, სიამოვნებით აკეთებდნენ ამას და, ასე ვთქვათ, თანამშრომლობდნენ ჩვენთან. რაც შეეხება ქართულ მოსახლეობას, ისინი უდიდესი სიხარულითა და ხალისით გვმასპინძლობდნენ. როცა გომარეთის ტერიტორიაზე ვიმყოფებოდით, ნათელა ოქრაძე-მუჯირიშვილის მშვენიერმა ოჯახმა მთელი კვირის განმავლობაში გულთბილად გვიმასპინძლა (მათ იმ დღეებში ვაჟიშვილი შეეძინათ). დიდად დაგვეხმარა სიძველეების მოძიებაში სოფელ ახაში მცხოვრები ელდერ ხორბალაძის ოჯახი, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით მათ.

- იოსებ, როგორ გესახებათ თქვენი ექსპედიციის კონკრეტული შედეგები?

- როგორც ვთქვი, ექსპედიციის მთავარი მიზანი არის რეგიონის მეცნიერული - ისტორიულ-გეოგრაფიული და სახელოვნებათმცოდნეო - შესწავლა. ასევე - გზამკვლევის შედგენა და გამოცემა, როგორც ეს ჯავახეთის რეგიონში მოხდა, რაც შეჯერებული, კრებითი ცოდნის შედეგია. გზამკვლევი წარმოადგენს სახელმძღვანელოს, დამხმარე საშუალებას უცხოელი ტურისტისთვის (ის ქართულ და ინგლისურ ენებზეა შედგენილი) და არა მარტო მათთვის - ამ საკითხებით დაინტერესებული ჩვენი ქვეყნის ნებისმიერი მოქალაქისთვისაც, რომელსაც სურვილი გაუჩნდება, გზამკვლევში ასახული ფოტომასალა საკუთარი თვალით ინახულოს და გაეცნოს. ამისთვის გზამკვლევს დართული აქვს რეგიონის რუკა. აქვეა მოკლე, შეკუმშული სამეცნიერო ინფორმაცია აქ მოძიებული სიძველეების, ჩვენი წინაპრების მიერ დატოვებული კვალის შესახებ. ამიტომ ის არა მარტო კულტურული ტურიზმის განვითარებისთვის იქნება მნიშვნელოვანი, არამედ ძალზე დიდ სარგებლობას მოიტანს მომავალი თაობის აღზრდის საქმეში და მათში სიძველისადმი მართებული დამოკიდებულების ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს - სახელდობრ, იმას, რომ სიძველეს ისე კი არ შეხედონ, როგორც ნანგრევს, არამედ ისე, როგორც განძს, სიწმინდეს და მოვლა-პატრონობის საგანს.

- დასასრულ, ჩვენი საუბრის თემატიკიდან გამომდინარე, რას ისურვებდით ჩვენი საზოგადოებისგან?

- რა თქმა უნდა, საზოგადოებას აღნიშნული პრობლემების მოგვარებაში მნიშვნელოვანი დახმარების გაწევა შეუძლია. ადგილობრივი მოსახლეობა მონდომებულია, აღდგენითი სამუშაოები ჩაატაროს, მაგრამ არ იციან, როგორ. ამიტომ აუცილებელია თანამშრომლობა ერთი მხრივ - ამ საქმის სპეციალისტებსა და, მეორე მხრივ - მოსახლეობას შორის, რომელთაც მხარში ამოდგომისა და ხელშეწყობის დიდი სურვილი და ნება აქვთ. ამ გზით ნელ-ნელა შესაძლებელი გახდება იმ კულტურული მემკვიდრეობისა და უძველესი ისტორიული ძეგლების აღდგენა, რომლებიც ახლა დიდი საფრთხის წინაშე დგას და უსახსრობისა თუ ჩვენი უძლურების გამო დღითიდღე ნადგურდება. მოსახლეობას კი უნდა ვთხოვოთ: თვითნებურად, მხოლოდ ენთუზიაზმის ამარა, ნუ მოჰკიდებენ ხელს სიწმინდეების განახლებას, რადგან აქ უმცირეს დეტალსაც კი დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ისინი გვაძლევს ინფორმაციას იმდროინდელი შენების სტილისა და ტექნიკური საშუალებების შესახებ და როდესაც უხეში, არაპროფესიონალური ჩარევა ხდება, ეს ძველი ინფორმაცია, სამწუხაროდ, უკვალოდ ქრება, რაც დიდი დანაკლისია ჩვენი მეცნიერებისთვის. ყოველგვარი საქმიანობა აუცილებლად უნდა შეთანხმდეს კულტურის სამინისტროსა და საპატრიარქოსთან, ვისაც მათი მოვლა-პატრონობა ევალება.

- დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. გისურვებთ წარმატებებს.

P.S. თქვენი არ ვიცი და პირადად მე ამ საუბარმა ოპტიმისტურად განმაწყო. იმიტომ, რომ, როგორც აღმოჩნდა, მთელი საქართველოს ტერიტორიაზე მიმოფანტულ პატარ-პატარა (თუმცა, როგორც იოსები გვეუბნება, ამ სფეროში წვრილმანი არ არსებობს) ძეგლებს, ჩვენს წინაპართა კულტურული ცხოვრების ყოველ ნაშთს პატრონი გამოუჩნდა - ადამიანები, რომლებიც საღად აზროვნებენ და სიძველეებისა და თანამედროვეობის ურთიერთშერწყმის პროცესს სწორ კალაპოტში აქცევენ. ჩვენ კი იმედი ვიქონიოთ, რომ ისინი დიდხანს არ იქნებიან მარტონი, რომ მათ მიმდევრები და ხელის გამმართველები გამოუჩნდებიან, რაც უდავოდ სასიკეთოდ წაადგება როგორც მომავალი თაობების სწორად აღზრდის, ასევე თანამედროვე მსოფლიო ფორუმში საქართველოს თვითდამკვიდრების რთულ პროცესს.

ესაუბრა
ნიკოლოზ ლანჩავა
ბეჭდვა
1კ1