ღვთისმშობლისანი
ღვთისმშობლისანი
***
ღმრთისმშობელი და ყოვლად პატიოსანი,
დედა, ქალწული, შვენიერი შროშანი,
მას ახარებდა ანგელოსი ფრთოსანი:

შენგან იშვების მეფე გვირგვინოსანი
და მას ჰმონებდეს მეფე მრავალყმოსანი.


***
შენ ხარ ვენახი, ახლად აღყვავებული,
მორჩი კეთილი, ედემში დანერგული,
ალვა სულნელი, სამოთხით გამოსრული,
ღმერთმან შეგამკო, ვერავინ გჯობს ქებული,
და თავით თვისით მზე ხარ გაბრწყინვებული.
დემეტრე მეფე


ვედრება ღვთისმშობლისა დავითისაგან
მთავ ღვთისავ, მთაო პოხილო, დავითის საგალობელო,
ვით აგარაკო ზეგარდმო ცვარისა შემატკბობელო,
აღმოგვიცენე უთესლოდ ნაყოფი, შესამკობელო.
მომეც ნაყოფი კეთილი, იესოს ქრისტეს მშობელო!
სიტყვაძლიერთა მსმენელო, უცნაურისა მცნობელო,
სარწმუნოების ხარისხო, სჯულისა მტკიცედ მპყრობელო,
ქრისტიანეთა ზღუდეო, მფარველო, გარსა მღობელო,
შენ დამიფარე, დამიცევ, იესოს ქრისტეს მშობელო!
ცხოვრების წყაროს ენბაზო, მბანელთა არ სამზნობელო,
კანას წყლის ღვინად მსმეველო, მექორწილეთა მთრობელო;
კვლავ კლდეო წყლისა მომცემო, ისრაელთ ცრემლთა მშრობელო!
მასვი მე მადლით მწყურვალსა, იესოს ქრისტეს მშობელო!
ნაყოფიერო ვენახო, ვით ვაზო მორჩ-უჭკნობელო,
უკვდავებისა მტევანთა მოკვდავთა მოსართლობელო,
მაჩრდილობელო ნერგო და კეთილთა შრტოთა მყნობელო!
მიგრილე ცოდვით საწვავსა, იესოს ქრისტეს მშობელო!
ზეცით ღვთის სიტყვის საყვირო, ქვეყნად კაცთ მოსათხრობელო,
არსის საყდრისა სინათლევ, ლამპარს-გრძლად-გაუქრობელო;
მის მთიებისა დედობით ბნელ ქვეყნის მანათობელო,
შენ განმინათლე გონება, იესოს ქრისტეს მშობელო!
ვით მამათ-მამის შურდულო, მთავ, ლოდის გამამტყორცნელო,
დამამტვრეველო კერპთა და საწუთოს ღმერთთა მხოცელო,
პირველ წყევისა წერილთა ბრალისა აღმამხოცელო,
მიხსენ, დედაო ღვთისაო და ჩემო ხატ-სალოცველო!
შენ გევედრები, ცისკარო საიდუმლოსა დღისაო,
ნათელო შარავანდედო საცნაურისა მზისაო,
დედაო მუცლად მღებელო გამომხსნელისა ტყვისაო,
ტყვეობისაგან დამიხსენ, მშობელო ღვთის სიტყვისაო!
ნათელო და ბრწყინვალეო, თქმულო აღდგომისა ხატო,
სიტყვიერთა ცხოვართ ქნარო და უხილავთ მხეცთ დამსხარტო;
ტარიგის და მწყემსის დედავ, მე ნუ დამიტევებ მარტო,
ძილი მომეც, გარდმახტუნე, სადაც დამხვდეს ცოდვის ფლატო!
შენ საქებრად რიტორიცა არს, ვით თევზი, უხმო, უტყვი;
მე ვით ვიტყვი შენს ქებასა, ნაწვართი ვარ ვით პირუტყვი,
მიჭირდა და ჩემს მავნეთა შენგნით კვერთხი გარდაურტყი.
ვით ენბაზო, განმიწმინდე მე ცოდვისა ბრალთა ტუტყი!
დავით გურამიშვილი


ლოცვა
ცეცხლის წვიმა წამოსულა,
ღვთისმშობელო მარიამ,
და ეს წვიმაც იქნებ სულაც
ისევ ჩვენი ბრალია.
მეწყერს გული გაუპია
და კაციან-ქალიან
არავის არ გაუგია,
ღვთისმშობელო მარიამ.
ღვთისმშობელო, შენ ხარ ჩვენი
იმედიც და ნუგეშიც,
მოგვეც ღამის გასათევი
შენს მადლიან უბეში.
შენი წყნარი ხმა გვაღირსე
და, ზღაპრით თუ იგავით,
ისეთები გაგვაღვიძე,
დიდგორთან რომ ვიყავით...
თამაზ ჭილაძე


ვედრება

მცხეთის გუმბათი მოჭედილა ბაჯაღლოებით...
გზას მივუყვებით დიდი რწმენით და სასოებით.
გზას მივუყებით მასპინძლისკენ წელთა მრავალთა -
სვეტიცხოვლისკენ, უკვდავების მაღალ ტაძართან.
აქ ფეხშიშველი მოდიოდა მეფე თამარი,
ამ სამყოფელში ჩადგა ნინომ რწმენის სამანი,
ახლაც უთუოდ ბინადრობენ - არ მეჩვენება! -
მათი სულები: წმინდა ნინო, თამარ, ქეთევან.
შეფარებული დიდებული ღვთისმშობლის კალთას,
მუხლმოდრეკილნი ვდგავართ ახლა იესოს კვართთან,
სადაც ბინდბუნდში საოცარი თავგამეტებით
ფრენენ, იწვიან ოქროსფერი სანთლის პეპლები.
ო, ღვთისმშობელო, რამდენი გვაქვს შენთვის სათქმელი!
რამდენს გვავალებს ტვირთმრავალი დღე - დღევანდელი.
თქვენი ვართ მუდამ მლოცველები და მოვალენი,
თქვენი ხვედრია ეს მამული - ღვთიურ ქალების,
მოვსულვართ თხოვნით ერთადერთით და უმაღლესით:
მოხედეთ მამულს, მრავალტანჯულს, მტრობით დაგესლილს!
ხედავთ, არწივი ძველებურად ვეღარ არწივობს...
ვაითუ ყორნებმა ლუკმა-ლუკმა დაინაწილონ...
შენ გევედრებით, დედავ ღვთის, და ყველას, წმინდანებს:
გამოგვიდარეთ ჩვენს მამულში, გამოგვიდარეთ!
მარიკა ბარათაშვილი

მარიამი - დედოფალი ჩვენი
(ძველებრაულ ენაზე)

თვით სილამაზე და სიყვარული,
სათნოებათა წყაროს წკრიალი
ერთად შეყრილან შენში, ქალწულო,
ო! ვინ გიწოდა შენ მარიამი?!@
თვით სილამაზე და სიყვარული,
თვით სიყვარული და სილამაზე -
ორივე ერთად, ერთი მთლიანი
ვაზი ცხოვრების ხარ მადლიანი,
ტაძარი ღვთისა, გულის წიაღი,
მამშვიდებელი გრილი ნიავი,
შენ - ანგელოზთა აღმატებული
სულით და ხორცით ადამიანი.
ო, ვინ გიწოდა შენ მარიამი?
დედაო ღვთისა, ხარ დღე მზიანი!
შენ გევედრება ყველა ქართველი,
ხარ მოლოდინი იმედიანი.
ო, ვინ გიწოდა შენ მარიამი?!
ჯვარცმის წინაშე თვალცრემლიანი
დედა - ტანჯული შვილის დამთმენი,
გულდამწვარი და თან ბედნიერი...
ო! ვინ გიწოდა შენ მარიამი?!
დილით გალობენ ნაზი იანი...
შენ დედოფალი ხარ ზეციერი,
ლხინი უფლისა მრავალდღიანი,
თვით სილამაზე და სიყვარული,
თვით სიყვარული და სილამაზე -
ორივე ერთად, ერთი მთლიანი,
უბიწოება შენ ხარ დიადი...
ზეცამ გიწოდა შენ მარიამი.
მორჩილი გიორგი (ფილია)
შიომღვიმის მონასტერი

დედაო, დედა-წმიდაო,
სულ შენ გაქებდე, მინდაო,
ნათელი ღვთისა, მტრედივით,
წმიდა მხარს დაგაფრინდაო.
მთავარეპისკოპოსი თადეოზი
(მირიან იორამაშვილი)
ბეჭდვა
1კ1