რა არის ჩემთვის ძირითადი, მთავარი?
რა არის ჩემთვის ძირითადი, მთავარი?
ჩვენ ამ წარმავალ სამყაროში ვეძებთ მარადიულის ხატს, ანარეკლს
წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსი წერს: "უეჭველი და საყოველთაო გამოცდილება გვარწმუნებს, რომ ადამიანს არ ძალუძს იცხოვროს სიამოვნების გარეშე. ეს თითქმის აქსიომაა, რადგან გრძნობები სულის სიცოცხლეა, სულს კი არ შეუძლია არ იცოცხლოს, მაშასადამე, არ შეუძლია არ მიისწრაფოდეს სიამოვნებისაკენ, ბედნიერებისაკენ... მაგრამ გააჩნია, ვინ რაში ხედავს სიამოვნებისა და ბედნიერების წყაროს. ადამიანმა ყველა თავისი ძალა იქითკენ უნდა მიმართოს, რათა ქრისტიანული სათნოებები მისთვის მოთხოვნილებად იქცეს, რათა მისი სული სიამოვნებას ნახულობდეს ამ სათნოებათა განხორციელებისას. ამქვეყნიური სიამოვნებისკენ მისწრაფების გულიდან ამოღებას მხოლოდ მაშინ შევძლებთ, როცა მას რელიგიურ სიამოვნებას დავუპირისპირებთ. სიკეთით ტკბობა არის ქრისტიანული ზნეობის არსება. სიკეთის ან ბიწიერების ჩვევით აიხსნება სწორედ იმქვეყნიური ცხოვრების საიდუმლოება. წარმოვიდგინოთ, რომ კვდება ორი ადამიანი - ცოდვილი და უცოდველი. პირველის სული გადადის იმქვეყნიურ სამყაროში დამახინჯებული ყველა ამქვეყნიური ვნებითა და მისწრაფებით, სიმდიდრის სიყვარულით, ამქვეყნიური პატივისაკენ მისწრაფებით, ამქვეყნიური სიამოვნებისაკენ ლტოლვით. როგორ მოექცევა ის იმქვეყნად ამ გრძნობებს? რაში უნდა ჰპოვოს მან იქ სიამოვნება? ამ ჩვევათა დაკმაყოფილება იქ შეუძლებელია, რადგან იქ არ არის ფული, რომელიც უყვარდა სულს, იქ ვერ დაიკმაყოფილებს თვალში მოსვლის, მორთულობით თავმოწონების, სხვაზე ბატონობის სურვილს. განა ასეთი ადამიანის სული იმქვეყნიურ სამყაროში საკუთარ თავში ჯოჯოხეთის მატარებელი არ იქნება? სურვილთა დაკმაყოფილების შეუძლებლობას დაუმატეთ სინდისის ქენჯნა, რომელიც სულს ბრალს დასდებს იმაში, რომ მან ფუჭად გაატარა ამქვეყნიური ცხოვრება, უმნიშვნელო საგნებს გამოეკიდა, ცხოვრების მთავარი მიზანი უყურადღებოდ დატოვა. ხოლო როცა იმ ქვეყანაში გადასახლდება ადამიანი, რომლისთვისაც ბედნიერებაა კეთილმოქმედება, ე.ი. ღმერთისა და მოყვასის სიყვარული, იქ კიდევ უფრო მეტად და შეუფერხებლად შეძლებს თავისი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას. იქ მის სიამოვნებას არაფერი შეუშლის ხელს - არც დარდი, არც დაავადება, არც სხვა რამ ამქვეყნიური უკუღმართობა. იქ იგი მართლაც მიიღებს იმას, რისკენაც აქ მხოლოდ გულის სურვილით მიისწრაფოდა.

აი, ახსნა იმისა, თუ რატომაა ქრისტიანისთვის ამქვეყნიური ცხოვრება იმქვეყნიურისთვის მზადება, რატომაა მიჩნეული ის დროდ თესვისა, ხოლო მკის დროა მომავალი ცხოვრება. აი, ფსიქოლოგიის კავშირი ღვთისმეტყველებასთან, რომელიც ამ მეცნიერებას ღვთისმეტყველისათვის ესოდენ აუცილებლად ხდის".

წარმავალი და მარადიული გრძნობების, ღირებულებების შესახებ გვესაუბრება ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი მაია კალანდარიშვილი:

- ღირებულებები პიროვნების სტრუქტურის ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტია. თანამედროვე ფსიქოლოგია აღიარებს, რომ ადამიანი შედგება ბიოლოგიური საწყისისგან, სამშვინველისა და სულისაგან. ღირებულებები უფრო სულის შესატყვის კატეგორიად არის მიჩნეული, ანუ ამ ღირებულებით პრობლემებს ადამიანის წინაშე სვამს სწორედ სულიერი, ღვთიური საწყისი. ღირებულებები გვაძლევს ცხოვრების მიზანს, გარკვეულ ორიენტაციას: როგორ ვიცხოვრო, რა ვაკეთო, რისკენ ვისწრაფო; რა არის ჩემთვის ძირითადი, მთავარი? ადამიანი ამ პრობლემებს სვამს. ხანდახან არ სვამს, მაგრამ მაინც გაუცნობიერებლად მიჰყვება ამა თუ იმ ღირებულებას.

ადამიანის ბევრი თვისება თანდაყოლილია. მაგალითად, აზროვნება, ინტელექტი, ემოციური სისტემა, ტემპერამენტი. ღირებულებითი ორიენტაციები კი, როგორც ჩანს, ძირითადად აღზრდის შედეგია.

- ბრძანეთ, ადამიანი შეიძლება ემსახურებოდეს რაიმე ღირებულებებს გაცნობიერებულად ან გაუცნობიერებლადო. ალბათ, აღზრდის ფაქტორს გულისხმობთ.

- მაგალითად, ბავშვი იზრდება ოჯახში, შემდეგ ხვდება გარკვეულ სოციალურ წრეში, ის უნებლიეთ, გაუცნობიერებლად მოერგება მის ირგვლივ არსებულ ღირებულებათა სისტემას, ქცევის ტიპებს. მაგრამ შეიძლება იყოს სრულიად გაცნობიერებული არჩევანი. შესაძლებელია მოხდეს ღირებულებათა შეცვლაც. მაგალითად, ადამიანმა გააკეთა სიკეთე, მაგრამ ჩათვალა, რომ არ დაუფასდა და დიამეტრულად საპირისპირო ღირებულება აირჩია. სამწუხაროდ, ასეც ხდება. ვფიქრობ, ძირითადად აღზრდა, სოციალური გარემო უყალიბებს ამა თუ იმ ღირებულებას პიროვნებას. უფრო სწორად, აღზრდა ბიძგს აძლევს ამა თუ იმ ღირებულების (როგორც დადებითის, ასევე უარყოფითის) განვითარებას, რომლის ჩანასახი ყველა ჩვენგანში არსებობს. უარყოფითი ღირებულებების არჩევა ამა თუ იმ ადამიანის მიერ და მათი მსახურება, გარკვეულწილად, მაინც არაჯანსაღი ფსიქიკური განვითარების შედეგია.

- ადამიანში არსებობს ორი საწყისი - წარმავალი (სხეულებრივი) და მარადიული (სულიერი), რომელთა შორის მუდმივი ბრძოლა მიმდინარეობს. მატერიალური სამყარო მსწრაფლწარმავალია და ამაოება ხშირად მარადიული სიამოვნების (შვების) ძებნისკენ გვიბიძგებს...

- ჩვენი სული დროებით არის სხეულში. გარკვეული დროის შემდეგ პიროვნების ბიოლოგიური საწყისი აღარ იქნება და მხოლოდ მისი უკვდავი სული დარჩება. ადამიანს აქვს სხეულებრივი მოთხოვნილებები, რომლებიც დაკავშირებულია მატერიალურ სამყაროსთან. ეს მოთხოვნილებები აყალიბებს გარკვეულ ღირებულებათა სისტემას, როგორიცაა: სწრაფვა კომფორტისაკენ, გამდიდრებისკენ, კეთილდღეობისაკენ... სხეულს, რა თქმა უნდა, შენარჩუნება და მოვლა სჭირდება, რადგან ის არის ჭურჭელი, რომელშიც უკვდავი სულია ჩასახლებული. ამიტომ მატერიალური სიკეთის ძიებაცაა საჭირო, მაგრამ ეს არის წარმავალი.

ღირებულებათა ჩამოყალიბება მჭიდროდ არის დაკავშირებული განცდებთან ანუ იმასთან, ამა თუ იმ ღირებულების მსახურების დროს რა განცდები წარმოიშობა ადამიანის არსებაში. ადამიანს სურს იყოს ბედნიერი, რადგან ბედნიერება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულებაა ცხოვრებაში. ბანალური ჭეშმარიტებაა, რომ მატერიალურ ყოფაში ოდენ მატერიალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება ბედნიერება არ არის, მაგრამ ადამიანი ამ ჭეშმარიტებასთან საკუთარი განცდებით მიდის. იგი გრძნობს, რომ ამქვეყნიური ღირებულებების მსახურება სრულ კმაყოფილებას ვერ ანიჭებს. თუნდაც ამქვეყნიური განცდები ავიღოთ: ქალ-ვაჟის სიყვარული, რომელიც დაკავშირებულია ბედნიერების, სიხარულის გრძნობასთან. არცთუ იშვიათად, გადის დრო და ეს განცდა ქრება. როგორი წმინდაც არ უნდა იყოს რაღაც ამქვეყნიურის ფლობის საფუძველზე წარმოქმნილი სიხარული, ის ხანგრძლივად არ ამშვიდებს სულს, ვერ კლავს წყურვილს. ამიტომ ძლიერი სიხარულის შემდეგ ადამიანს ხშირად სევდა ეუფლება. რა თქმა უნდა, სიყვარული უდიდესი ღირებულებაა, მაგრამ მარადიული და უკვდავია მისი არსი, ობიექტი კი შეიძლება წარმავალიც იყოს. მარადიული გრძნობა ეს არის ღვთივბოძებული მადლი და ბედნიერება, რომელიც ღრმა და კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს ადამიანის არსებაზე. ჩვენ ამ წარმავალ სამყაროში ვეძებთ მარადიულის ხატს, ანარეკლს. კარლ გუსტავ იუნგის მიხედვით, სამოთხიდან გამოძევების ხსოვნა თითოეული ადამიანის გენეტიკურ მეხსიერებაში ძევს და როცა ის მუდმივს, მყარს ეძებს, ეძებს სწორედ იმას, რაც იყო სამოთხეში ადამის გამოძევებამდე. აქ, მატერიალურ სამყაროში, ღმერთმა შეიძლება გამოუგზავნოს ადამიანს ისეთი გრძნობები და განცდები, რაც მას მარადისობის არსებობას შეახსენებს.

ამქვეყნად სრულყოფილია მხოლოდ რელიგიური გრძნობები და ღირებულებები: აღსარება, ზიარება, ღვთისმსახურება... ეს ყველაფერი მორწმუნეს აქვს განცდაში, რადგან ადამიანთა უმეტესობა ეკლესიაში მიდის არა გონებით და ინტელექტით, არამედ გულით. ცხოვრებას მუდამ თან ახლავს შფოთი, ამიტომ ვისწრაფვით სიმშვიდისაკენ, რომელიც ეუფლება ადამიანს საეკლესიო საიდუმლოებებში მონაწილეობის დროს, რადგან ეკლესია არის სასუფეველი, ზეციურის ანარეკლი დედამიწაზე. აქ ადამიანი ნელ-ნელა უბრუნდება იმ საწყისს, რომელიც მის გენეტიკურ მეხსიერებაში დევს და ეუფლება სიმშვიდის განცდა, განცდა იმისა, რომ ის შინაა და არის ბედნიერი.

მატერიალური ბედნიერება მიუღწეველია, რადგან არ არის ნამდვილი. ის ხშირად კრახით მთავრდება, რაც შეახსენებს ადამიანს, რომ არ უნდა ეძიოს მარადიულობა ცვალებად, ნივთიერ სამყაროში, იქ, სადაც ის არ არის. სულია მხოლოდ მარდიული, აქედან გამომდინარე, სულიერი ღირებულებების მსახურება გვანიჭებს წარუვალ ბედნიერებას. წარმავალ სიამოვნებაზე მიჯაჭვულობა კი წარმოშობს ვნებას, რაც ხშირად ათასგვარი ნევროზის მიზეზი ხდება. ნევროზი არა მარტო ნერვული სისტემის, არამედ უპირველესად სულიერი წარმოშობის დაავადებაა და მისგან საუკეთესო მკურნალი ისევ ეკლესია გახლავთ.

უფალი ბრძანებს: "პირველად ეძებდეთ სასუფეველსა ღვთისასა და მერე ყოველივე შეგეძინებათ თქვენ". ვინც სიმშვიდეს მოიპოვებს, მას ამქვეყნადაც მოემართება ხელი, "ნეტარ არიან მშვიდნი, რამეთუ მათ დაიმკვიდრონ ქვეყანა". უფლის სიყვარული არის უმაღლესი ღირებულება. ღმერთი უნდა გვიყვარდეს "ყოვლითა გულითა, სულითა და გონებითა" და მისი სიყვარულიდან გამომდინარე უნდა გვიყვარდეს საკუთარი თავი, მოყვასი, მშობელი, შვილი, თუნდაც ეს წარმავალი სამყარო... წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსი ამბობს: "ღმერთის სიყვარული ყველაზე წმინდა, უანგარო, დიადი გრძნობაა. როცა გვიყვარს ღმერთი, ჩვენ თითქოსდა გვიყვარს სრულყოფილება, გვიყვარს თავად მოწყალება, თავად სიბრძნე, თავად, ასე ვთქვათ, სიყვარული. მაგრამ რათა გვიყვარდეს ეს მაღალი თვისებები, რათა შეგვეძლოს გვქონდეს უნარი იმისა, რომ სიამოვნება მოგვანიჭოს მოწყალების, სიბრძნის, სიდიადის წარმოდგენებმა, აუცილებელია, უკვე მიღწეული გვქონდეს სულიერი სიწმინდის და სრულყოფილების გარკვეული დონე. ბიწიანი სული ვერასოდეს შეძლებს იგრძნოს ღმერთის ჭეშმარიტი სიყვარული".

- მარადიული სამყაროს არსებობის რწმენა რამდენად ეხმარება ადამიანს სიკვდილის შიშის დაძლევაში?

- ავადმყოფობა იქნება, სიმაღლის შიში თუ სიბნელისა, ერთიანდება სიკვდილის შიშში და ხშირად ნევროზების საფუძველი ხდება. სიკვდილის შიში განსაკუთრებით გამძაფრდა მეცნიერულ-ტექნიკურ ეპოქაში, რადგან ტექნიკური ცივილიზაცია უფრო მეტი საფრთხის შემცველ გარემოს ქმნის. თუმცა ადამიანს ადაპტაციის დიდი უნარი გააჩნია. როდესაც ადამიანი ამ პრობლემის წინაშე დგება, ვთქვათ, მას გარდაეცვლება ახლობელი, ოჯახის წევრი, ერთადერთი, რაც მას ეხმარება ამ დიდი მწუხარების გადალახვაში, ეს არის რწმენა იმისა, რომ ამქვეყნიური ცხოვრებით არ მთავრდება ყველაფერი. რწმენით ადამიანი იღებს ამ განსაცდელს, როგორც უფლის გარდაუვალ ნებას. ამის გარეშე გაუჭირდებოდა სიკვდილთან შეგუება, სიკვდილს მხოლოდ თავზარდამცემ ტრაგედიად აღიქვამდა. ჭირისუფალს გამოუთქმელ შვებასა და ნუგეშს ანიჭებს გარდაცვლილის სულზე ზრუნვა, მისთვის ლოცვა.

ჩვენი ამქვეყნიური ცხოვრების წლები მეტისმეტად ხანმოკლეა. თუ მარადისობის გადასახედიდან შევხედავთ ამქვეყნიურ პრობლემებს, მათ ისეთ მნიშვნელოვან ღირებულებას აღარ მივანიჭებთ. სული უნდა განვწმინდოთ და მოვამზადოთ, რათა ღირსეულად, "უჭირველად, ურცხვენელად და მშვიდობიანად" წარდგეს იმქვეყნიური სამსჯავროს წინაშე.
ბეჭდვა
1კ1