წმინდანთა შორის საკვირველო
წმინდანთა შორის საკვირველო
ღამეა...
მთვარე ამაყობს ვარსკვლავებთან
მზის სილამაზით.
საქართველოში ზეიმია,
ხარობს მეფე

დიდებულთა ფართო ამალით.
დღეს დაიბადა
წმინდანთა შორის საკვირველი
მეფე-ქალი დიდი თამარი.
ღამეა...
მტრის დასახვედრად ემზადება ქართველთ ლაშქარი.
კაცი ქუდზეო, -
გმირთა გულებს ვეღარ იტევს
რკინის აბჯარი.
და ფეხშიშველი, მარტოდმარტო ანთებული,
როგორც ლამპარი,
მუხლმოდრეკილი ლოცვად იწვის მეფე-ქალი
წმინდა თამარი.
ღამეა...
ბრწყინავს და ანათებს
ქრისტესათვის შეწირული
გმირთა ვარამი,
მანდილი ქალის,
შამქორისა-შაორისა და ბასიანის მძლისა
მეფეთ-მეფე
წმინდა თამარის.
ღამეა...
მთვარე ამაყობს ვარსკვლავებთან
მზის სილამაზით.
საქართველოში ზეიმია.
ხარობს მეფე
დიდებულთა ფართო ამალით.
დღეს დაიბადა
წმინდანთა შორის საკვირველი
მეფე-ქალი
დიდი თამარი.



ფარავნის ტბისა პირას
საკვირველი ესე დიდი და ბრწყინვალე
არასოდეს ქვეყნად არვის ენახა.
უფლის დედას მადლით სავსე ხურჯინები
ფარავნის ტბისა პირას დაეცალა.
საკვირველი ესე დიდი და ბრწყინვალე
არასოდეს ქვეყნად არვის ენახა:
ვაზის ჯვარი, ნორჩი ქალის თმით შეკრული,
ქართულ ზეცას სამუდამოდ აეფარა.
საკვირველი ესე დიდი და ბრწყინვალე
არასოდეს ქვეყნად არვის ენახა:
და ტბა ესე, მარგალიტი ფარავნის,
საქართველოს დამცველ ფარად დაეფარა.
საკვირველი ესე დიდი და ბრწყინვალე
არასოდეს ქვეყნად არვის ენახა:
თვით მაცხოვარს, ძესა ღვთისა ტკბილ იესოს
აქ, ტბის პირას, ლხინის სუფრა გაეშალა.
საკვირველი ესე დიდი და ბრწყინვალე
არასოდეს ქვეყნად არვის ენახა:
გაიხარეთ! ნინო მთებით მოდიოდა,
ამ ტბის პირას ქართველთა ხსნა ჩაისახა.
საკვირველი ესე დიდი და ბრწყინვალე
არასოდეს ქვეყნად არვის ენახა:
გიხაროდეთ, ქართველებო, გიხაროდეთ!
ამ ტბის პირას ნება ღვთისა გამოცხადდა.
საკვირველი ასე დიდი და ბრწყინვალე
არასოდეს ქვეყნად არვის ენახა:
უფლის დედას მადლით სავსე ხურჯინები
ფარავნის ტბისა პირას დაეცალა.


ფოკა, მამათა მონასტერი,
მორჩილი გიორგი ფილია
ბეჭდვა
1კ1