"თუ ხატმწერი სულიერად მშვიდად არ იქნა, არაფერი გამოვა"
"თუ ხატმწერი სულიერად მშვიდად არ იქნა, არაფერი გამოვა"
ეკლესიაში შესვლისას უპირველესად თვალში მოგხვდებათ ხატები. მათ მართლმადიდებლურ ტაძრებში უდიდესი ფუნქცია აკისრიათ - ლოცვისთვის უნდა განგვაწყონ. საქართველო ოდითგანვე ხატებისადმი დიდი პატივისცემით გამოირჩეოდა. ჩვენი ქვეყანა ერთადერთია მსოფლიოში, სადაც ფეხი არ მოუკიდია ხატმებრძოლობას...
ეკლესიაში, უფალთან მისვლის შემდეგ, ყოველი ადამიანი შინაგან ტრანსფორმაციას განიცდის. ხანდახან ეს სახეცვლილება არა მარტო მორწმუნის განწყობასა და აზროვნებაზე, არამედ მის პროფესიაზეც აისახება ხოლმე.

ჩვენი სტუმარია ხატმწერი, წმინდა კვირიკესა და ივლიტას სახელობის ტაძრის წინამძღვარი მღვდელი გიორგი (ყიფშიძე).

- მამაო, სანამ ხატმწერი გახდებოდით, თუ გქონდათ რაიმე შეხება მხატვრობასთან?


- მე ბავშვობიდან ვხატავ. მქონდა პერსონალური და ჯგუფური გამოფენები ქუთაისში, თბილისში, მოსკოვში. ჩვეულებრივი მხატვარი ვიყავი, თუმცა მაშინ ხატმწერობაზე არც კი ვფიქრობდი. სტუდენტობისას ეკლესიაში მივედი. ყველაფერი ჩვეულებრივად მიდიოდა. შემდეგ, უფლის განგებით, დავოჯახდი. მეუღლე პროფესიით ხატმწერია. სწორედ ამან განაპირობა ჩემი ამ გზით წასვლა. მე სხვადასხვა, ასე ვთქვათ, "შავი სამუშაოს" შესრულებაში ვეხმარებოდი. ალბათ ბუნებრივი და ლოგიკური იქნებოდა, მეც ხატწერა დამეწყო. ასეც მოხდა. ნელ-ნელა, "შეპარვით" დავიწყე ხატების წერა.

- თქვენთვის მხატვრობასა და ხატწერას შორის რა განსხვავებაა?

- ხატწერა და მხატვრობა სრულიად განსხვავებული სფეროებია. მხატვრობაში თავისუფალი ვიყავი, შემეძლო, რაც მომინდებოდა, ის დამეხატა, გადმომეცა ნებისმიერი ჩემი ემოცია - სიხარულიც და მწუხარებაც, მეხატა ნებისმიერ დროს, გუნება-განწყობილებას მნიშვნელობა არ ჰქონდა. ნახატში შეგიძლია გადმოსცე როგორც დადებითი, ისე უარყოფითი ემოცია. ხატწერა კი სულ სხვაა. ხატს ნებისმიერ დროს ვერ შექმნი. უპირველესად, ხატმწერობისთვის სულიერად მომზადებაა საჭირო, ხატი ხომ ვისიმე პორტრეტი არ არის. მას ეკლესიაში უდიდესი, უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია. მასზე ლოცულობს მრავალი. მართლმადიდებელთა უმეტესობას ლოცვითი განწყობის შექმნაში, ლოცვისთვის მომზადებაში სწორედ ხატი ეხმარება. ხატზე თვით უფალი ან რომელიმე წმინდანი გამოისახება, ხატწერისადმი არასწორი დამოკიდებულებით კი ვბღალავთ მათ სახეს, შეურაცხვყოფთ უფალს, წმინდანებს, შეიძლება მრავალს ლოცვითი განწყობაც კი ჩავუხშოთ, რაც, საბოლოოდ, ისევ ჩვენზე იმოქმედებს დამღუპველად. ამიტომაა საჭირო ხატწერისთვის საგანგებო შემზადება, ლოცვა. გარდა ამისა, ამ სფეროში უფრო შეზღუდული ხარ. არსებობს კანონები, რომლებსაც ხატის შექმნისას უნდა დაემორჩილო. წმინდანის სახეზე მისი სილამაზე კი არა, ამ ადამიანის ღვთისადმი დამოკიდებულება უნდა გამოაჩინო. მლოცველმა ხატზე ისეთი რამ უნდა დაინახოს, რომ, გარკვეულწილად, ამ წმინდანის მიბაძვის სურვილი აღეძრას. ყოველივე ამის გათვალისწინებით, ხატწერა უფრო რთულია, ვიდრე უბრალოდ მხატვრობა. ბოლო დროს ყოფილა შემთხვევები, რომ მხატვარს დაუწერია ხატი და ეკლესიისთვის შეუწირავს. ეს, უმეტესად, არ ამართლებს ხოლმე. ხატმწერი რომ გახდე, აუცილებლად სპეციალური სკოლა უნდა გაიარო. ამის შემდეგაც კი სათუოა, შეძლებ თუ არა ამას. წმინდა მამებს უწერიათ, ადამიანმა ეკლესიაში მისვლის შემდეგ ხასიათი უნდა შეიცვალოს, გამოისწოროსო და მით უმეტეს ეს საჭიროა ხატმწერისთვის. თუ სულში სიმშვიდე არ გექნა, არაფერი გამოვა.

- თქვენი მღვდლად კურთხევა შემდეგ მოხდა?

- დიახ. სიმართლე გითხრათ, მღვდლობაზე არც მიფიქრია. ყველაფერი თავისთავად მოხდა.

- ამ ტაძარს თურმე თვითონ ხატავთ...

- მართალი ბრძანდებით. ეკლესიას მე და ჩემი მეუღლე ვხატავთ. ამის შესაძლებლობა ზაფხულში უფრო გვაქვს. ჩვენთან პერიოდულად მოდის საპატრიარქოს წარმომადგენელი, ქალბატონი ნანა ბურჭულაძე, მასთან ვათანხმებთ, თუ რომელ კედელზე რომელი ხატი უნდა დაიწეროს და ა.შ.

- რომელიმე წმინდანის ხატის დაწერის განსაკუთრებული სურვილი ხომ არა გაქვთ?

- სურვილი ბევრი მაქვს, თუმცა განსაკუთრებით ათი ათას მოწამეთა ხატის დაწერა მსურს.

- პირველი ვისი ხატი დაწერეთ?

- როგორც მოგახსენეთ, ხატწერა ნელ-ნელა დავიწყე. ხან რაში ვეხმარებოდი ჩემს მეუღლეს, ხან რაში. ასე რომ, არც მახსოვს, კონკრეტულად რომელი წმინდანის ხატი დავწერე პირველი.

- ხატწერა თუ გისწავლებიათ ვინმესთვის?

- ვერ ვახერხებ. ეკლესიის მოხატვას, პირად შეკვეთებს ვუნდები.

ერთს დავამატებდი: ხატმწერმა უსათუოდ უნდა ჰკითხოს რჩევა მასზე გამოცდილს და შენიშვნები გაითვალისწინოს. მოგეხსენებათ, ხატი ოჯახში შედის, შეაქვს დიდი მადლი, ახდენს სასწაულებს და ამიტომ მის სწორად დაწერას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. გარდა ამისა, გამოცდილ ხელზე მთავარი ღვთისადმი მარადიული ლოცვა-ვედრებაა.

მოამზადა
გვანცა გოგოლაძემ
ბეჭდვა
1კ1