მართლმადიდებლური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი
უკვე მეორე წელია, ბათუმში მართლმადიდებლური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი იმართება და ხალხის სიყვარული და აღიარებაც მოიპოვა.
მართლმადიდებლურ თემაზე შექმნილ დოკუმენტურ, სატელევიზიო და მხატვრულ ფილმებს წელს ანიმაციური ფილმებიც შეემატა. ბოლო წლებში საგრძნობლად იმატა ამგვარი თემატიკით დაინტერესებულ კინოსამყაროს წარმომადგენელთა რიცხვმა, ამიტომ საერთაშორისო ფესტივალის დაარსება მოულოდნელი არ ყოფილა.ფესტივალი 22-26 სექტემბერს გაიმართა, კვლავ ბათუმში და კვლავ უამრავი ხალხის თანდასწრებით. ფესტივალის ორგანიზატორი გახლდათ სტუდია "მეოხი". ბატონი გიორგი გელაშვილისა და ქალბატონი მარიანა კალანდარიშვილის ინიციატივით დაარსებული ფესტივალი წელსაც ბათუმისა და ქობულეთის მიტროპოლიტის, მეუფე დიმიტრის (შიოლაშვილი) მხარდაჭერით გაიმართა. ფესტივალის დირექტორი კი მათე ტაკიძე გახლდათ.
საერთაშორისო ფესტივაზე წარმოდგენილი იყო მართლმადიდებლურ თემაზე შექმნილი როგორც ქართველების, ასევე სერბების, უკრაინელებისა და ბელორუსების მიერ გადაღებული 34 ფილმი.
გრანპრი ორმა სერბულმა ფილმმა დაიმსახურა, ჟიურის სპეციალური პრიზი კი წილად ხვდა წმინდა ანდრია მოციქულისადმი მიძღვნილ ფილმს. ფილმის რეჟისორი გახლავთ გიორგი შალუტაშვილი, ოპერატორები - დავით ჩიხლაძე და დავით გოგილაშვილი. ფილმის დირექტორი ბატონი კონსტანტინე როგავა ბრძანდება. სცენარის ავტორი და კონსულტანტი ზურაბ ცხოვრებაძეა. ბატონ ზურაბს საუბარი ვთხოვეთ:
- ეს ფილმი მოამზადა წმინდა ილია თეზბიტელისა და წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის სახელობის ტელესტუდია "აკადემიამ". გადაღებები აჭარაში, სამცხეში, სამეგრელოსა და სვანეთში მიმდინარეობდა. შევეცადეთ გავყოლოდით იმ გზას, რომელიც წმინდა ანდრია პირველწოდებულმა გაიარა. ამავე დროს, გვინდოდა გვეჩვენებინა არა მარტო ჩვენი ისტორია, არამედ ისიც, რომ წმინდა მოციქულის მისია დღემდე გრძელდება და ასე იქნება დაუსრულებლად. გვინდოდა ყველასთვის შეგვეხსენებინა, რამხელა ღვაწლი გასწია წმინდა ანდრიამ საქართველოსთვის. თავდაპირველად ფილმს სხვა სათაური შევურჩიეთ - "წმინდა ანდრია მოციქული - ქადაგების ოცი საუკუნე". ბოლოს კი "დიდი ანდრიას ნაკვალევზე" დავარქვით. "დიდი ანდრია" შემთხვევით არ შეგვირჩევია. მოციქულს ასე "ქართლის ცხოვრება" მოიხსენიეს. როგორც ჩანს, მემატიანეს კარგად აქვს გააზრებული მისი ღვაწლი და მნიშვნელობა საქართველოსთვის.
- ფილმზე მუშაობის პროცესი მართლაც საინტერესო იქნებოდა...
- გადაღებები საინტერესოც იყო და რთულიც. ძალიან საინტერესო ადამიანებთან გვქონდა ურთიერთობა. სამცხეში, სოფელ ანდრიაწმინდაში, რომელსაც ეს სახელი ანდრია მოციქულის პატივსაცემად დაერქვა, დღემდე შემოინახეს ანდრია მოციქულის სასწაულები, რომლებიც წერილობით წყაროებში არ არის ნახსენები. ამ მხარეში მხოლოდ ანდრიაწმინდამ შეინარჩუნა მართლმადიდებლობა. მართლაც, უდიდესი მადლი დააბერტყა ამ სოფელს მოციქულმა.
მინდა დიდი მადლობა მოვახსენო დახმარებისთვის სხალთის ეპისკოპოსს სპირიდონს (აბულაძე), რომლის თანადგომის გარეშე ფილმი არ შეიქმნებოდა, ასევე ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტს გერასიმეს (შარაშენიძე), ჭყონდიდის მთავარეპისკოპოსს პეტრეს (ცაავა) და მესტიისა და ზემო სვანეთის ეპისკოპოსს ილარიონს (ქიტიაშვილი).
განსაკუთრებით გამოვყოფდი სვანეთში მოგზაურობას. ამ კუთხის მკვიდრთ საოცარი რუდუნებით შემოინახეს სიწმინდეები. ფილმში მოთხრობილია ამბავი იმისა, თუ როგორ დაიბარეს საბჭოთა ჩინოვნიკებმა ნასყანები და დაემუქრნენ: თუ თამარ მეფის დროინდელი იფხის წმინდა გიორგის ხატის ბრწყინვალე კარედს არ ჩააბარებთ, ყველას დაგიჭერთო. მთელი ოჯახი შევეწირებით და ამ ხატს არ დავთმობთო, - უთქვამს ოჯახის უფროსს. აი, ამის ჩვენება გვინდოდა - წმინდა ანდრია პირველწოდებული კვლავ ქადაგებს და კვლავაც ჩვენთან არის.
კარგი იქნება, უფრო მეტს თუ გავაკეთებთ წმინდა ანდრიას სახელის საქადაგებლად. ხშირად უნდა ვილოცოთ და შევთხოვოთ მას მეოხება. მის სახელზე ეკლესია-მონასტრები ავაშენოთ, დავწეროთ ხატები, გამოვცეთ წიგნები მისი ცხოვრების შესახებ... ვფიქრობ, ამ მხრივ რამდენიმე ნაბიჯი უკვე გადაიდგა...
მჯერა, რომ მართლმადიდებლური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი კიდევ ბევრი ღირებული ფილმის წარმოჩენას შეუწყობს ხელს, ჭეშმარიტების მაძიებელ ადამიანს კი სულიერ საზრდოს მისცემს.