"ჩემთვის მარტოდენ უდაბნოა ჩემი სამშობლო"
"ჩემთვის მარტოდენ უდაბნოა ჩემი სამშობლო"
უდაბნო სასულიერო და საერო მწერლობაში
სულხან-საბას ლექსიკონის მიხედვით, უდაბნო უშენებო, დაუსახლებელ ადგილს ნიშნავს. თუმცაღა უდაბნო არ არის მარტოოდენ გეოგრაფიული ცნება, რომელიც წალკოტს უპირისპირდება; ის მხატვრულ სახედ იქცა და თეოლოგიური მნიშვნელობაც აქვს.

თუ რა შინაარსს შეიცავს უდაბნო სასულიერო და საერო მწერლობაში, გვესაუბრება ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, კრიტიკოსი, შოთა რუსთაველის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტის გალაკტიონის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი, ბატონი თემურ დოიაშვილი:

- უდაბნო ხშირად გვხვდება როგორც ძველ, ასევე ახალ აღთქმაში. გავიხსენოთ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეპიზოდი სახარებიდან: მაცხოვრის გასვლა უდაბნოში ნათლისღების შემდგომ. იგი 40 დღე-ღამის განმავლობაში მარტო ცხოვრობდა, მარხულობდა... საღვთო მისიის აღსასრულებლად, სამყაროს გამოსახსნელად ემზადებოდა. ამისათვის მას, როგორც ადამიანს, ძალების მოკრება, თვითჩაღრმავება სჭირდებოდა. ერთი რამეც უნდა გავითვალისწინოთ: რელიგიური წარმოდგენით, უდაბნო ეშმაკის სამყოფელიცაა, ღვთის მადლს მოკლებული ადგილი, ამიტომაც ქრისტეს გასვლა უდაბნოში, ფაქტობრივად, იყო გარჯა ამ უმადლო ადგილზე ღვთის მადლის დასამკვიდრებლად. შემთხვევითი არც ის არის, რომ ამ 40 დღე-ღამის შემდეგ მაცხოვარი პირველად ეშმაკს შეხვდა და შინაგანად განძლიერებულმა მის მიერ შეთავაზებული ცდუნებები უკუაგდო. შეიძლება ითქვას, ეს არქეტიპული კონცეპტი საფუძვლად დაედო ქრისტიანულ ლიტერატურაში უდაბნოს გააზრებას.

უდაბნოში გასვლა ქრისტიანობაში ცხოვრებისგან გაქცევას არ ნიშნავს; ეს არის შეგნებული ქმედება, რომლითაც წუთისოფელი დაიძლევა. "სოფლის ძლევა" ორგვარად ხორციელდება: ინდივიდუალურად, როცა განმარტოებული მორწმუნე საკუთარი თავის შეცნობის გზით აღმოაჩენს უფალს და ღვთიურ მადლს ეზიარება; და უდაბნოში, ღვთიურ მადლს მოკლებულ ადგილას ეკლესიური სივრცის დამკვიდრების გზით. ამქვეყნიური, ჯოჯოხეთური ადგილი სამოთხის წინასახედ გარდაიქმნება.

- რა დატვირთვა აქვს უდაბნოს როგორც მხატვრულ სახეს, მხატვრული აზროვნების ელემენტს?

- საერო ლიტერატურა, სასულიეროსგან განსხვავებით, სხვა გზით მიდის. კერძოდ, თუ სასულიერო მწერლობა უდაბნოში გეოგრაფიულ ადგილს გულისხმობს, საერო მწერლობა უკვე თვით ცხოვრებას უწოდებს უდაბნოს, რაც ძალზე ნათლად არის გამოხატული სასულიერო მწერლობისა და ქართული კულტურის შესანიშნავად მცოდნის კონსტანტინე გამსახურდიას შემოქმედებაში. გახსოვთ, ალბათ, ფარსმან სპარსის შეგონება: "ცხოვრება უდაბნოა ურწყული, ეცადე, გარს შემოუარო". განა პარადოქსი არ არის? მაგრამ ამასაც უდაბნოს კონკრეტული სახე უდევს საფუძვლად. რატომ შეიძლება აღიქვა ცხოვრება უდაბნოდ? ამგვარად ხედვა მხოლოდ ისეთ პიროვნებას ძალუძს, რომელიც მარტოა ამ გათითოკაცებულ სამყაროში, როგორც ილია იტყოდა, "სად კვლა, წარწყმედა და ღალატია, სადაც ძმა ჰხადის სისხლსა ძმისასა..."

როგორც გარკვეული მსოფლმხედველობრივი შინაარსის მქონე ხატი, უდაბნო რომანტიზმის პერიოდში ჩნდება. მოგეხსენებათ, რომანტიზმი იმედგაცრუების გარეშე არ არსებობს. ეს ცხოვრების მიმართ იმედგაცრუება გახლავთ. ქრისტიანი მოდის ამქვეყნად და ფიქრობს: რადგანაც ღმერთმა შექმნა სამყარო, მასში სიყვარული, სიკეთე, მშვენიერება, კეთილგანწყობა უნდა სუფევდესო. მაგრამ რეალური ცხოვრება სრულიად სხვაგვარია. ბარათაშვილთან ეს მოტივები "სულით ობლობად" ყალიბდება. ეული პოეტი ვერსად ხედავს სულთა კავშირს - საფუძველს ადამიანური ურთიერთობისას. და რაღა რჩება მას? მარტოსულობა შიშსა და უნდობლობას წარმოშობს. პოეტი ცხოვრებას უდაბნოდ აღიქვამს, საიდანაც მუდმივად ეძიებს გამოსავალს. ეს ძიება დაკარგული სიყვარულისა და სულიერებისა ცხოვრების უდაბნოში გენიალურად გამოხატა ლექსში "ვპოვე ტაძარი". მოხეტიალე მწირი, წუთისოფლის მოგზაური "უდაბნოდ მდგარ" ტაძარში შედის და უფალს ევედრება, თავის სავანეში დააბრუნოს, ღვთაებრივი სიყვარული და მადლი მოჰფინოს. მაგრამ სიყვარულის ტაძარი ქრება მწირის თვალწინ... რამ დაანგრია იგი? - წუთისოფელში სიავე ისე გაბატონებულა, რომ მას ძალუძს არათუ დაუპირისპირდეს, დაძლიოს კიდეც ღვთიური მადლი. იქმნება მსოფლმხედველობრივი კრიზისი. მიუხედავად ამისა, ბარათაშვილი ცდილობს, გაარღვიოს ეს უდაბნო. რომანტიკოსები იმედგაცრუებას, ჩვეულებრივ, "მერნისეული" თავდავიწყებით ძლევენ. პოეტი მზად არის, ყველაფერი დათმოს, ოღონდ უდაბნოს თავი დააღწიოს. ემშვიდობება უდაბნოში დასახლებულ ნათესავებს, მეგობრებს, სატრფოს... და ეს არ არის მხოლოდ სიტყვიერი პროტესტი, ეს შთამომავლობაზე ფიქრით გაჯერებული მოქმედება გახლავთ ყოვლისმომცველი სასოწარკვეთილების დასაძლევად, მოყვასის საკეთილდღეოდ.

- უდაბნოს სახე არცთუ იშვიათად გვხვდება გალაკტიონის პოეზიაშიც. რას არქმევს პოეტი "უდაბნოს" და რა გზას ხედავს მისგან თავდასაღწევად?

- გალაკტიონი, ბარათაშვილისგან განსხვავებით, თავის სამშობლოს პირდაპირ უწოდებს უდაბნოს:

"დღესაც მარტო ვარ, სიყვარულის არ მესმის ნანა,
ჩემთვის მარტოდენ უდაბნოა მთელი ქვეყანა.
მოვკვდე და გული ვის დავწყვიტო, ვინ დავაობლო?
ჩემთვის მარტოდენ უდაბნოა ჩემი სამშობლო".

სხვაგან კი ორ ერთმანეთთან დაპირისპირებულ და შეუთავსებელ რამეს ერთ სახეში აქცევს, როდესაც ამბობს: "ჩემს სამშობლოში მე მოვვლე მხოლოდ უდაბნო ლურჯად ნახავერდები". ბუნებრივი მონაცემებით ეს ქვეყანა მართლაც ხავერდოვანია, მაგრამ ამ ხავერდოვნებას მისი რეალური შინაარსი, არსება - უდაბნო შეუნიღბავს. ვინც ღრმად სწვდება სამყაროს არსს, მასში უდაბნოს ჭვრეტს.

ლექსი "უდაბნო", ჩემი აზრით, ყველაზე ტრაგიკული ლექსია ქართულ პოეზიაში. სამყარო უდაბნოდაა გამოცხადებული, სადაც არც მეგობარია და არც ნათესავი... არ არსებობს სიყვარული და მეგობრობა... არაფერი, რაც ადამიანს ადამიანად აქცევს.

გალაკტიონი რომანტიკოსების დიდებულ სწრაფვას, ციური სამყაროსაკენ გაჭრის სურვილსაც კი უარყოფს:
"რად მინდა, მივსწვდე მიუწვდომელს, ვრცელს და უსაზღვროს?
ჩემს უდაბნოს ვერ გავსცილდები მაინც ვერასდროს".

მისთვის გადარჩენის, ამქვეყნიურ უდაბნოში გაძლების, სიკვდილთან შერიგების ერთადერთი გზა პოეზიაა. ლექსი "შერიგება" ასე მთავრდება:

"ამაღლდი, სულო, თეთრ აკლდამაზე,
მშვენიერების ლექსით მქებელი,
დღეს ყველგან მზეა და სილამაზე
სიკვდილთან ჩემი შემრიგებელი".


გალაკტიონი პოეზიისა და მშვენიერების სახელით ურიგდება სიკვდილს, ამქვეყნიურ ტანჯვას პოეზიად გარდაქმნის. თუმცა "უდაბნოში" თვით პოეზიის ეს ფუნქციაც კი უარყოფილია, მაგრამ გალაკტიონი ბარათაშვილის მემკვიდრე ვერ იქნებოდა, მასაც რომ არ მოეძია გამოსავალი.

პოეზია გალაკტიონისთვის უბრალოდ ლექსთმთხზველობა კი არა, უპირველესად, მსახურება გახლდათ. იგი მიიჩნევდა, რომ პოეზიას ღვთაებრივი საწყისი აქვს, პოეტი კი იმისთვის მოავლინა ღმერთმა ამქვეყნად, რომ შუამავალი გახდეს მკითხველსა და ღმერთს შორის, გამოთქვას ღვთაებრივი შთაგონებით ბოძებული სიტყვა. სწორედ ამის განხორციელებაა პოეზიის უმაღლესი მიზანი.

ყოველთვის არსებობს ბოროტების მოტივიც, რომელიც ერთ-ერთი შინაარსია უდაბნოს ცნებისა. როგორ დავძლიოთ ეს ბოროტება? გალაკტიონთან ისახება იდეა სულიერებას მოკლებული, მკვდარი მატერიის თანდათანობით გასულიერებისა და გასხივოსნებისა, რის სიმბოლოდაც მას გენიალური მხატვრული სახე - "ნაწვიმარ სილაში ვარდი" მიაჩნდა. სილა უდაბნოს, უნაყოფობის სიმბოლოა, წვიმის ცვარი კი - ღვთით მოვლენილი მადლისა. ციური მადლით განაყოფიერებული უდაბნო - ამქვეყნიური ცხოვრება მატერიის გასხივოსნების დასაბამია. მისი ერთ-ერთი პირველი აღმონაცენი კი ვარდია, რომელიც მშვენიერების სიმბოლოს წარმოადგენს. და ეს პროცესი უნდა განვითარდეს ადამიანის ცხოვრებაშიც და კაცობრიობის ისტორიაშიც. ასე ესახებოდა გალაკტიონს მკვდარი მატერიის გასულიერებისა და უკვდავების მოპოვების შესაძლებლობა.
ბეჭდვა
1კ1