"მოვქარგე ესე დიდება..."
"მოვქარგე ესე დიდება..."
ქართულ ნაქარგობათა გამოფენა
შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში 22 ივნისს გაიხსნა მუზეუმში დაცული ქართული ნაქარგობის უცნობი კოლექციების გამოფენა. სხვათა შორის, მუზეუმის ისტორიაში ეს არის პირველი გამოფენა, რომელიც მთლიანად დაეთმო ნაქარგობას. მასში ჩვენმა წინაპრებმა, ქართველმა ოსტატებმა ჩააქსოვეს ფანტაზია, გემოვნება, კულტურა... განსაკუთრებული აღმავლობა მხატვრულმა ქარგვამ ქრისტიანობის ეპოქაში განიცადა, რისი დამადასტურებელიც გახლავთ გამოფენაზე წარმოდგენილი ნაქარგობის ნიმუშები.

გამოფენა, რომლის სახელწოდებაა "მოვქარგე ესე დიდება..." ეძღვნება ქართულ საეკლესიო ნაქარგობას. ხელოვნების მუზეუმის საგამოფენო დარბაზში მოსულთ შეუძლიათ თვალი გაადევნონ ქართული საეკლესიო ნაქარგობის განვითარების ხაზს. წარმოდგენილი ნიმუშები მოიცავს XII-XIX საუკუნეებს. აქ ნახავთ საეკლესიო დანიშნულების ნივთებს: გარდამოხსნებს, დაფარნებს, ენქერებს, საბუხარებს, ფილონებს, ოლარებს, ომოფორებს, კრეტსაბმელებს, მიტრებს, ოდიკებს, საფლავების გადასაფარებლებს... უხვადაა სანაწილეები, ხატის ბუდეები, ომოფორის მოსართავები...

დაგეგმილია საერო დანიშნულების ნივთების გამოფენა. საგამოფენო ფართის სიმცირის გამო შეუძლებელია მუზეუმში დაცული ყველა ნიმუშის გამოტანა. მუზეუმის თანამშრომლებს სურთ, რომ მომავალში ნაქარგობის კოლექციას მუდმივი ექსპოზიცია დაეთმოს, დროდადრო მოხდეს ექსპონატების შეცვლა.

გამოფენამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მნახველებზე. ბევრს გაუჩნდა სურვილი ახალი ნიმუშის მოქარგვისა. ესკიზები წაიღეს და იმედია, მალე ვიხილავთ ახალ ნაქარგობებს. გამოფენის მოწყობაში დიდი წვლილი მიუძღვით ხელოვნების მუზეუმის ნაქარგობისა და ქსოვილების განყოფილების მეცნიერ-თანამშრომლებს: იზოლდა მელიქიშვილს, გულნაზ ბარათაშვილს, მზისთვალა კეცხოველს, ეკატერინე ბერელაშვილს, ეთერ სულხანიშვილს, ნინო ბაქანიძეს, მანანა პაპიძეს, მიხეილ წერეთელს. მნახველი ყოველდღე (ორშაბათის გარდა) მოისმენს ლექციებს ამ შედევრების შექმნის და ჩვენამდე მოღწევის შესახებ. ეროვნული მუზეუმის ნაქარგობათა ფონდის ექსპონატების დაცვისა და კონსერვაციის პროექტს მხარს უჭერს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის აშშ-ის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდი, აშშ-ის საელჩო საქართველოში. გრანტის მეშვეობით მუზეუმში დაცული კოლექციებისთვის დამზადდა სპეციალური კარადები, რითაც გაუმჯობესდა მასალის შენახვა.

ვესაუბრეთ მუზეუმის ნაქარგობისა და ქსოვილების განყოფილების კურატორს, უფროს მეცნიერ-მუშაკს, სასულიერო აკადემიის პედაგოგს, ხელოვნებათმცოდნე გულნაზ ბარათაშვილს.

- გამოფენით დაინტერესების ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ ხალხი დედაეკლესიას დაუბრუნდა, რელიგიურად გათვითცნობიერდა. ბევრი მათგანი თვითონ ქარგავს. სასურველია, რეგიონებიდანაც ჩამოვიდნენ და ნახონ ეს გამოფენა. იმედია, მათაც გაუჩნდებათ სურვილი ამ ნაქარგობების მიხედვით ახალი ნიმუშების შექმნისა. ეს მეტად საშური საქმეა, რადგან, მოგეხსენებათ, საქართველოში ბევრი ეკლესია-მონასტერი საჭიროებს შემოსვას. სხვათა შორის, თბილისის ყოველთა წმიდათას სახელობის ტაძარში უკვე დაწყებულია გამოფენის ერთ-ერთი ექსპონატის, სალომესეული დაფარნის მოქარგვა. ესკიზი დატანილია ქსოვილზე და ქარგვას შეუდგება მქარგველი ეკატერინე შარაშენიძე.

მადლიერებით მინდა აღვნიშნო, რომ ფერიცვალების მონასტრის დედებმა ქსოვილებისა და ნაქარგობის განყოფილებას უდიდესი საჩუქარი უძღვნეს - მარგალიტები, რომლებიც საჭიროა ძველი ნიმუშების აღსადგენად. კარგი იქნება, თუ შეძლებული ადამიანები მიბაძავენ მათ. ეს დიდი მადლია, რაც მათ შთამომავლობას სასიკეთოდ წაადგება. ოდითგან ქართველი დიდებულები არ იშურებდნენ საფასურს ნაქარგობებისთვის და მათ სწირავდნენ თავიანთი "ცოდვილი სულის საოხად", "ორსავე შიგან ცხოვრებასა წარმართებისთვის", "ძეთა და ასულთა აღსაზრდელად"...

ღმერთმა ინებოს, რომ ეს ტრადიცია გაგრძელდეს.

P.S. მკითხველს შევახსენებთ, რომ გამოფენა აგვისტომდე გაგრძელდება.
ბეჭდვა
1კ1