ხატწერის სახელოსნო სასულიერო აკადემიის თანატოლია
ხატწერის სახელოსნო სასულიერო აკადემიის თანატოლია
ძველ თბილისში, სასულიერო აკადემიის გვერდით, მახვილი თვალი უდავოდ შეამჩნევს ხატებით შემკობილ არც ისე დიდ ოთახს. აქ ხატწერის სახელოსნოა, სადაც მადლიანი ხალხის ხელით იქმნება წმინდანთა ხატები.

ეს სახელოსნო სასულიერო აკადემიის თანატოლია. მის დაფუძნებაში დიდი წვლილი მიუძღვით ხატწერის პირველ პედაგოგებს - სიდონია გაჩეჩილაძეს, დავით ხიდაშელს. მათი შრომით დანერგილი სწავლების მეთოდები სახელოსნოს დღესაც საუკეთესო ნაყოფს აძლევს. მათ შემდეგ ხატწერას ასწავლიდნენ ლია ტყეშელაშვილი და დავით აბრამია. დღეს კი ამ კეთილშობილურ მისიას მართლაც კარგი ხატმწერი, მეტად უშუალო და უაღრესად თავმდაბალი ქალბატონი მაკა ჩხაიძე უძღვება. ამ რამდენიმე წლის წინ, დაახლოებით 2000 წელს, ქრისტიანული ხელოვნების ფაკულტეტის ბაზაზე ქრისტიანული ხელოვნების კათედრის გამგის, ხელოვნებათმცოდნე ზაზა სხირტლაძის ინიციატივით ცალკე სპეციალობად გამოიყო ხატწერის ფაკულტეტი. გამოცხადდა კონკურსი ხატმწერებს შორის და რამდენიმე ხატმწერის მიერ წარმოდგენილი ხატწერის სწავლების პროგრამის პროექტიდან შემორჩა მაკა ჩხაიძის პროექტი. მას შემდეგ მაკა სასულიერო აკადემიასთან არსებულ ხატწერის სახელოსნოს უძღვება.

- მაკა, ყველა ხატმწერს თავისი მუშაობის სტილი აქვს. თუ მისდევთ თქვენი სახელოსნოს პირველი პედაგოგების დანერგილ გამოცდილებას და რა მეთოდით ხელმძღვანელობთ დღეს?

- მართლაც, ყველა პედაგოგს თავისი ინდივიდუალური მიდგომა აქვს და პირადი გამოცდილება. სახელოსნოს მიმართულება პირველმა პედაგოგებმა მისცეს. დასაწყისში, როგორც ვიცი, მათ ძალიან უჭირდათ მასალის შოვნა. თავად მოჰქონდათ მინერალები, პიგმენტები, ქვები და საკუთარი ხელით ამუშავებდნენ. დიდი შრომის ფასად მოიპოვებდნენ საღებავებს. დღეს ეს საქმე შედარებით გაადვილებულია. ძირითადად პეტერბურგიდან ჩამოტანილი მასალებით ვმუშაობთ, ასევე, ვიწერთ საბერძნეთიდან, გერმანიიდან.

პრაქტიკულ სამუშაოებთან ერთად ხატწერის ფაკულტეტზე სტუდენტები ეუფლებიან თეორიულ საგნებსაც - იკონოგრაფიას, არქიტექტურის საფუძვლებს, ქართულ, ბიზანტიურ კედლის მხატვრობას, რელიეფს, ზოგად სახელოვნებათმცოდნეო კურსს... სპეციალობის საფუძვლიანად შესწავლის შემდეგ დიპლომის დაცვაც ხდება ხატწერის დარგში. საკმაოდ ნიჭიერი სტუდენტები არიან, მაგრამ ჯერ მაინც ყველა ძიების პროცესში ვართ. ხუთი წელიც ძალიან ცოტაა ხატმწერად ჩამოსაყალიბებლად. აქ უფრო ხატწერის ანბანის სწავლაა და საკუთარი თავის ძიების პროცესი. მთელი ცხოვრება უნდა შრომობდე, რათა საკუთარი თავი იპოვო და მნიშვნელოვანი რამ შექმნა ხატწერაში.

პრაქტიკულად სწავლობენ ყველაფერს, დაწყებული დაფიდან, საღებავის მომზადებით დამთავრებული. მიუხედავად იმისა, რომ გამზადებულ პიგმენტებს ვყიდულობთ, სტუდენტებმა მაინც იციან საღებავების მომზადება, დაფქვა. ეს აუცილებელია. მაქსიმალურად ვცდილობთ, ძველ, ტრადიციულ ტექნიკას დავეყრდნოთ და ძველი ოსტატების გამოცდილების მიხედვით ვიმუშაოთ.

ხატების დაწერა ინდივიდუალურად ხდება, სტუდენტების ნიჭის გათვალისწინებით. განსხვავებული დონის ახალგაზრდები მოდიან - ზოგს სამხატვრო აკადემია აქვს დამთავრებული, ზოგიც სკოლის მერხიდან მოდის, რომელთაც თანდაყოლილი ხატვის ნიჭი აქვთ - ხატვის პრაქტიკა კი ნაკლებად. ყოველთვის ვცდილობ ხატწერაში ინდივიდუალურობა შევუნარჩუნო თითოეულ მათგანს, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია მათი შემდგომი განვითარებისთვის.

მუშაობის პროცესში ძირითადად ვეყრდნობით ხატწერის ძველ საუკეთესო ნიმუშებს, რომლებიც შედარებით ახლოსაა ქართულ ტრადიციებთან. სამწუხაროდ, ძალიან ცოტა ქართული ხატი შემოგვრჩა. ძირითადად მაინც ფრესკებიდან ხდება ხატწერისთვის დამახასიათებელი ენით მათი გადმოტანა. ხატი უფრო ფაქიზია და ახლო აღქმისთვისაა ნაგულისხმევი. ფრესკები გაცილებით მონუმენტურია და შორიდან აღსაქმელადაა გათვალისწინებული. ამიტომ მათი პირდაპირი გადმოტანა დაფაზე არ შეიძლება და ცოტა რთულიცაა.

მუშაობის დროს ვიყენებთ ასევე სინური სკოლის ნიმუშებს, რომლებიც შედარებით ახლოსაა ქართულთან, ბიზანტიურ ხატებს. კვიპროსული ხატწერის სკოლაც უახლოვდება ქართულს. ძირითადად ამით ვავსებთ ქართული ხატების დანაკლისს და მათი ასლების გადმოტანით მიმდინარეობს სწავლების პროცესი. III-IV კურსიდან სტუდენტები უკვე იწყებენ ინდივიდუალურ მუშაობას და ქმნიან ახალ ხატებს მოცემული იკონოგრაფიის სქემის გათვალისწინებით.

წელს პირველი კურსდამთავრებულები გვყავს, რომლებსაც ევალებათ წმინდანთა ცხოვრებებით დიდი ზომის ხატების შესრულება. ერთი წერს წმინდა ექვთიმე ღვთისკაცის ხატს, მეორე - ივერიის ღვთისმშობლის ხატს თავისი სასწაულებით.

- როგორც ვიცი, გამოფენებსაც ხშირად აწყობთ და უწმინდესიც ნახულობს თქვენს ნამუშევრებს...

- უწმინდესი ყოველთვის ესწრება ჩვენს გამოფენებს. თავად მუშაობის მეთოდების საქმის კურსშიცაა. გამოფენებს ვაწყობთ ყოველ წელიწადს. პატრიარქის აღსაყდრების დღესთან დაკავშირებითაც მოვაწყვეთ ხატების გამოფენა. ვმონაწილეობთ თითქმის ყველა ხატწერის ჩვენებაში.

- სტუდენტების დაწერილი ხატები თუ გიჩუქებიათ უწმინდესისთვის?

- ბოლოს ვაჩუქეთ დავით მეფსალმუნის ხატი. ადრე მაცხოვრის ხატი მივართვით. ასევე მოციქულების - პეტრესი და პავლეს ხატები. ჩვენთვის დიდი სიხარულია პატრიარქისთვის საჩუქრის მირთმევა.

- ხატმწერი რომ გამხდარიყავი, დიდი დრო დაგჭირდა?

- დავამთავრე უნივერსიტეტთან არსებული სამხატვრო ფაკულტეტი გრაფიკის სპეციალობით. მაშინ ხატწერასთან შეხება არ მქონია. პარალელურად ისტორიულზე ვსწავლობდი. ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატიც ვარ, მაგრამ ახლა მთლიანად ხატწერაში ვმუშაობ.

1988 წლიდან ჩემი შემუშავებული ტექნოლოგიით დავიწყე თითბერზე მინიატურების გაკეთება. თითბერი ვიზუალურად ძალიან ჰგავს მინანქარს, მაგრამ შედარებით უფრო მარტივია ეს ტექნიკა. მაშინ მასწავლებლებიც არ იყვნენ, მინანქარი რომ მესწავლა და თვითონ დავიწყე შესწავლა. ფაქტობრივად, ასე მივეახლე ხატწერას. მერე სასულიერო აკადემიაში დავიწყე სწავლა. ჩემი პედაგოგი იყო დავით ხიდაშელი, რომელმაც მასწავლა დაფაზე ლევკარით, კვერცხის ემულსიით და პიგმენტებით ხატვა. ტიხრულ მინანქარზე მუშაობის პარალელურად წიგნის ილუსტრაციებსაც ვაკეთებ. საბავშვო საღვთისმეტყველო წიგნის გაფორმებაშიც მიმიძღვის მცირედი წვლილი. "ჩვენი სარწმუნოება" - ასეთი წიგნი გამოსცა გამომცემლობა "დილამ" ნანა ჩარკვიანის ავტორობით; შემდეგ გამოვიდა "წმინდანთა ცხოვრება ყმაწვილთათვის"; დოდო ღლონტმა შეადგინა საკვირაო ამბები წმინდანთა ცხოვრებიდან; გამოვიდა ბერძენი ავტორის მირსინი ვინგოპულოს ზღაპარი "მექალაქიდან შენქალაქამდე"... კიდევ ბევრი რამ გვაქვს ჩაფიქრებული და თუ ღვთის ნება იქნება, ღვთისსათნო საქმეს კეთილად შევასრულებთ.
ბეჭდვა
1კ1