ჩვენი გვარი სამასი წელია მღერის
ჩვენი გვარი სამასი წელია მღერის
თუ გინდა, სიმღერა შეინახო და გადაარჩინო, იგი ბავშვებს უნდა ასწავლო!
"კარიბჭის" სტუმარი გახლავთ ქართული ხალხური სიმღერის დიდი მოჭირნახულე, ლოტბარი და ფოლკლორისტი ბატონი ანზორ ერქომაიშვილი.

- ბატონო ანზორ, ტრადიციულ მუსიკალურ ოჯახში ხართ აღზრდილი. თქვენი ბაბუა, არტემ ერქომაიშვილი დღემდე ითვლება გურული სიმღერებისა და საგალობლების ერთ-ერთ საუკეთესო მცოდნედ და უბადლო შემსრულებლად. მის შესახებ წიგნიც გაქვთ დაწერილი ("ჩემი ბაბუა"). გთხოვთ გაიხსენოთ ბავშვობა, როცა სიმღერა დაიწყეთ, პირველად გამოხვედით სცენაზე. გვიამბეთ თქვენს წინაპრებზეც...

- ჩვენი გვარი 300 წელია მღერის. მე მახსოვს ჩემი დიდი წინაპარი გიგო ერქომაიშვილი - ბაბუის მამა. 107 წლის იყო, როცა გარდაიცვალა. ახლაც თვალწინ მიდგას საოცრად კეთილი თეთრწვერა მოხუცი. სიყვარულით დამისვამდა მუხლზე და სიმღერას მასწავლიდა.

ბათუმში დავიბადე. მაშინ ბაბუა ბათუმში მუშაობდა ეთნოგრაფიული გუნდის ხელმძღვანელად. შემდეგ ოზურგეთში გადმოვედით საცხოვრებლად. სრულიად პატარა ვიყავი, ბაბუამ რომ გამომიყვანა სცენაზე. ტაში რომ დაუკრეს, გამიკვირდა. ამ სიმღერებს ხომ ყოველთვის ვმღერი შინ-მეთქი. 7 წლის ვიყავი, როდესაც თბილისში ბავშვთა ოლიმპიადაზე გამომიყვანეს. სკამზე დამაყენეს და კრიმანჭული ვიმღერე. დღემდე მომყვება ის შთაბეჭდილება - დარბაზი გაკაშკაშებული იყო. თვალებში მანათებდა შუქი. სიმღერა რომ დავამთავრე, ტაშით დაიქცა იქაურობა. დიდი მაჯის საათითაც დამაჯილდოეს. იმხელა იყო, რომ ვერ ვიკეთებდი. ეს პირველი ომისშემდგომი საბჭოთა საათები იყო. ჩვენს ოჯახში მოდიოდნენ სასიძოები და ჩემს საათს თხოულობდნენ (მაშინ საათი იშვიათობა იყო).

ბაბუა მზრდიდა. მასწავლიდა წერა-კითხვას. ჩვენი ოჯახი ერთი დიდი გუნდი იყო, სადაც არაჩვეულებრივად მღეროდნენ ბაბუას შვილები, შვილიშვილები, ძმები, ძმიშვილები... გამოდიოდნენ კონცერტებზე.

შვიდწლედი ოზურგეთის რაიონის სოფელ მაკვანეთში დავამთავრე. საშუალო სკოლა - ოზურგეთში. ბაბუას დაჟინებული თხოვნით, ჯერ მუსიკალურ ტექნიკუმში, შემდეგ კი კონსერვატორიაში განვაგრძე სწავლა. სტუდენტობაში ბაბუასგან დავიწყე სიმღერების ჩაწერა. ახლახან გამოვიდა მაშინ ჩაწერილი ბაბუას 100 სიმღერისა და საგალობლის კრებული. ბაბუამ გაიარა მგალობელთა სკოლა (ე.წ. შემოქმედის სკოლა) და 2000-ზე მეტი საგალობელი შეისწავლა უდიდესი მომღერლების - ანტონ და დავით დუმბაძეების, მელქისედეკ ნაკაშიძის, ნესტორ კონტრიძის და სხვათაგან. ბაბუა წლების განმავლობაში მუშაობდა მარტვილში, სადაც გალობდა ცნობილი მგალობელი, მაშინ უკვე ღრმად მოხუცი დიტო ჭალაკანიძე. შემდეგ ცოტა ხანს ოზურგეთში იმუშავა, იქიდან გადაიყვანეს ბათუმში, სადაც 25 წელი დაყო და უდიდესი კვალი დააჩნია ბათუმის მუსიკალურ შემოქმედებას.

კონსერვატორიაში სწავლისას ვმღეროდი სტუდენტურ ანსამბლ "გორდელაში", რომელიც ჩვენ შევქმენით. კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ (1968 წელს) ჩამოვაყალიბე ანსამბლი "რუსთავი", რომელსაც დღემდე ვხელმძღვანელობ. 70-იანი წლების ბოლოს კი - "მართვე", რომელიც იყო ერთგვარი "დაპირისპირება" საესტრადო მუსიკის მიმართ. "მართვემ" ქართველი ბავშვები და ახალგაზრდობა ხალხური სიმღერისკენ შემოაბრუნა. დღეს თუ ბევრი ახალგაზრდა სათავეში უდგას გუნდებს, ხალხურ შემოქმედებას, ეს "მართვეს" უდიდესი დამსახურებაა, რადგანაც ამ ახალგაზრდების უმეტესობა სწორედ "მართვეს" აღზრდილია.

- საბჭოთა პერიოდში ათეისტური იდეოლოგიის გამო ნაკლებად პოპულარული იყო საგალობლები, მაგრამ თქვენს მიერ ჩამოყალიბებული ანსამბლები მაინც ასრულებდნენ ძველ ქართულ საგალობლებს. როგორ ახერხებდით ამას?

- მახსოვს ბევრი საყვედურიც მივიღეთ ამის გამო, მაგრამ ჩვენ გვერდში გვედგა არაჩვეულებრივი პიროვნება და კომპოზიტორი ბატონი ოთარ თაქთაქიშვილი, მაშინდელი კულტურის მინისტრი. იგი იცავდა ძველ ტრადიციებს და ბევრი რამ გააკეთა ქართული ხალხური სიმღერისა და საგალობლების აღდგენა-პოპულარობისთვის.

საბჭოთა პერიოდში ძირითადად საბჭოური იდეოლოგიისთვის მისაღები სიმღერები უნდა გვემღერა. მაშინდელი გამოცდილი ლოტბარები ამას ოსტატურად იყენებდნენ. კონცერტის დასაწყისში სრულდებოდა სიმღერები ლენინზე, პარტიაზე, მთავრობაზე... შემდეგ კი, რაც გინდოდა, ის გემღერა. ასე რომ, "მოვიხდიდით ვალს" და შემდეგ ვასრულებდით ძველ ქართულ ხალხურ სიმღერებსა და საგალობლებს.

- ქართული ხალხური სიმღერა უნიკალური ფენომენია მსოფლიოს მუსიკალურ ფოლკლორში. უცხოელებს აოცებთ მისი იშვიათი პოლიფონია. ცდილობენ გაიგონ, რა არის ამ უნიკალური ფენომენის არსი და ძალა...

- ექვსი წელი ვმუშაობდი იუნესკოში, სადაც კომისიის წევრი გახლდით. აქ მოჰქონდათ ათასობით პროექტი. მსოფლიოს მრავალი ქვეყნის მუსიკალურ შემოქმედებას განვიხილავდით და ვაძლევდით შეფასებას. ქართული ხალხური სიმღერა 2001 წლის 18 მაისს იუნესკოს მიერ აღიარებულ იქნა მსოფლიოს სულიერი საგანძურის შედევრად. ეს იყო მართლაც უდიდესი მოვლენა ქართული სიმღერის ისტორიაში. მე ბედნიერი ვარ, რომ ამ აღიარების მომსწრე გავხდი.

ქართულ სიმღერას არაჩვეულებრივი თვისებები აქვს: ჯერ ერთი, მრავალხმიანობა, რომელიც მსოფლიოს სხვა ქვეყნების ფოლკლორში ასე გამოხატული არ არის. უცხოელებს განაცვიფრებს ის, რომ ქართული სიმღერა მეტად მრავალფეროვანია. კუთხეების მუსიკალური შემოქმედება განსხვავდება ერთმანეთისაგან, მაგრამ მათ აერთიანებს ერთი საერთო ნიშანი - მრავალხმიანობა და საოცარი სიმდიდრე და სირთულე.

- ქართული ხალხური სიმღერები საუკუნეების მანძილზე თაობიდან თაობას გადაეცემოდა ზეპირი სახით. როგორ ხდებოდა დაფიქსირება ამ სიმღერებისა?

- ქართულ ხალხურ სიმღერას პირველად ოჯახებში სწავლობდნენ მომღერლები და გადასცემდნენ თაობიდან თაობას. ჩვენთან სიმღერების (ხმის) დაფიქსირება დაიწყო 1901 წელს, როცა ლონდონის სააქციონერო საზოგადოება "გრამოფონი" შემოვიდა საქართველოში და დაიწყო სიმღერების ჩაწერა. ისინი გრამოფონებს ყიდდნენ, პოპულარული მომღერლებისაგან იწერდნენ სიმღერებს, რომლებსაც ფირფიტების სახით გამოსცემდნენ და ფირფიტებთან ერთად ყიდდნენ გრამოფონს. ეს ჩამწერი სტუდია მდებარეობდა სასტუმრო "ორიენტში". აქვე იყო ფირფიტებისა და გრამოფონების მაღაზია. ამ სტუდიაში რამდენიმე ასეული სიმღერა ჩაიწერა, რომლებიც წლების შემდეგ მოვიკვლიე და მოვიძიე ოჯახებში. ეს ფირფიტები მოსკოვში აღვადგინეთ. ახლა ვამუშავებ კატალოგს, სადაც დაფიქსირებულია უცხოეთის არქივებში შემონახული ჩვენი სიმღერები. ვაპირებ 1901-1914 წლების უნიკალური სიმღერების კრებულის გამოშვებას. თითქმის 35 წელია ამაზე ვმუშაობ. ამ ხნის განმავლობაში მრავალი სიმღერა და ჩანაწერი მოვიძიეთ და აღადგინა "რუსთავმა". მათ დღეს უკვე ბევრი ანსამბლი მღერის. სიმღერის უკვდავება სწორედ ის არის, რომ ის, რაც ზეპირი სახით თაობიდან თაობას გადაეცემოდა, ახლაც გრძელდება.

ფირფიტებზე აღმოჩნდა ხუთასზე მეტი ტრადიციული სიმღერის ჩანაწერი, რაც პრაქტიკულად უკვე აღდგენილია და უცხო ვარიანტებს მღერიან. საოცარია მაშინდელი მომღერლების შესრულების მაღალი ხარისხი. იშვიათი ხმები აქვთ. ეტყობა, ძვალსა და რბილში ჰქონდათ გამჯდარი სიმღერა. დიდი ოსტატობით მღერიან: დედას ლევანა ქართლ-კახეთიდან (ლევან ასაბაშვილი) და მისი ანსამბლი, სანდრო კავსაძე, მიხეილ კავსაძე, ილია კარგარეთელის გუნდი, აპოლონ ცამციშვილი, სამუელ ჩავლეიშვილის, გიგო ერქომაიშვილის გუნდები. 1907 წელს მის გუნდს ჩაუწერია 50-მდე გურული სიმღერა. ასევე ჩაწერილია ვანო სარაჯიშვილის, იოსებ ტომაშევიჩის ნამღერი ქალაქური სიმღერები. ჩაწერილია ფილიმონ ქორიძის ხმა, რომელიც საფრანგეთში აღმოვაჩინეთ; ნატო გაბუნიას ხმა და ა.შ. ბევრი ჩანაწერი გამოიცა და ბევრიც გამოიცემა დისკების სახით.

- საქართველოში ეკლესიური ცხოვრების გამოცოცხლების კვალდაკვალ აღდგა და აღორძინდა ტრადიციული ქართული გალობაც, რისი ერთ-ერთი დასტურია წმინდა სამების ტაძართან სამგალობლო სასწავლებლის გახსნა, სადაც თქვენც მოღვაწეობთ...

- ეს სასწავლებელი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის კურთხევით გაიხსნა და მგალობლებსა და ლოტბარებს აღზრდის. დიდი მადლობა ბატონ ვანო ჩხარტიშვილს, რომელიც სათავეში ჩაუდგა ამ სასწავლებლის გახსნას და პატრიარქის ფონდთან ერთად უდიდესი დახმარება გაგვიწია. სხვათა შორის, მანვე გახსნა კრიმანჭულის სკოლა გურიაში. ქართველი ხალხის ეკლესიისკენ შემობრუნება უდიდეს მოვლენად და ჩვენი პატრიარქის დამსახურებად მიმაჩნია. ბედნიერია ერი, რომელსაც ასეთი სულიერი წინამძღოლი ჰყავს. ღმერთმა იგი ყველაზე დიდი განსაცდელის ჟამს მოგვივლინა.

სამგალობლო სასწავლებელში ოთხწლიანი სწავლებაა. კონკურსი საკმაოდ დიდია. ჯერჯერობით ვაჟებს ვიღებთ, რადგან ტრადიციულად ლოტბარები და მგალობლები ადრე ვაჟები იყვნენ (მომავალში, ალბათ, გოგონებსაც მივიღებთ). აქ მოდიან მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებული ახალგაზრდები. სწავლობენ გალობას, ხალხურ სიმღერებს. მათ ასწავლიან გამოჩენილი მგალობლები და აღიარებული სპეციალისტები: მალხაზ ერქვანიძე, დათო შუღლიაშვილი, მაგდა სუხიაშვილი... მათ შორის - მეც. ჩვენი რექტორი გახლავთ თვითონ უწმინდესი, ჩვენი განყოფილების უფროსი კი - მამადავითის ეკლესიის წინამძღვარი დეკანოზი ბასილ კიკვაძე.

ვფიქრობ, ეს უმაღლესი სასწავლებელი იქნება ნამდვილი სამჭედლო ოსტატებისა, რომლებიც დიდ წვლილს შეიტანენ ქართველი ხალხის სულიერი აღორძინების საქმეში.

- "მართვეზე" უკვე ისაუბრეთ. ამ ანსამბლიდან მოდის დევიზი: თუ გინდა, სიმღერა შეინახო და გადაარჩინო, იგი ბავშვებს უნდა ასწავლო! რამდენად დიდი წვლილი მიუძღვის ქართული ხალხური სიმღერისა და საგალობლების შესწავლას ბავშვის სულის ფორმირებაში?

- "მართვემ" დიდი გარდატეხა მოახდინა ქართველი ახალგაზრდობის ცნობიერებაში. "მართვესთან" ერთად საქართველოს სხვადასხვა რეგიონში შეიქმნა ანსამბლები, პატარა "მართვეები", რომელთა აღზრდილები დღემდე მოღვაწეობენ. ათასობით ბავშვი ეზიარა სიმღერის ხელოვნებას და ამან მათ ცხოვრებაზე დიდი ზეგავლენა მოახდინა. ბავშვი, რომელიც კარგად მღერის, ცუდი კაცი არასოდეს გახდება. ქართულ ხალხურ საგანძურთან ზიარება ჩვენს ახალგაზრდობას იცავს უცხოეთიდან შემოსული უამრავი ფსევდო და მდარე ხარისხის მუსიკისგან. დაუკვირდით, რამდენი ფესტივალი იმართება, რამდენი ანსამბლია საქართველოში დღეს. სულ ახალგაზრდები მღერიან. ისინი თავიანთი ზნეობითა და სულიერებით მისაბაძნი და სამაგალითონი უნდა იყვნენ ყველასთვის. თუ ყველა პროფესიონალი მუსიკოსი არ გამოვა, კარგი ოჯახიშვილები მაინც იქნებიან და შთამომავლობას ქართული სულისკვეთებით აღზრდიან. ეს უთუოდ უდიდეს წვლილს შეიტანს ქართული ოჯახების აღზრდა-განმტკიცების საქმეში.

- კონცერტებსა თუ ფესტივალებში ხშირად მონაწილეობენ მუსიკალური ოჯახები, რასაც ალბათ უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქართული ხალხური სიმღერის გადარჩენისთვის?

- შარშან საქართველოში ჩატარდა ფესტივალი ბატონ ჯემალ ჭკუასელის თაოსნობით, რომელშიც ჩემთან ერთად მონაწილეობდნენ გამოჩენილი ფოლკლორისტები: ომარ სიხარულიძე, თემურ ქევხიშვილი... ეს ფესტივალი ჩაატარა "თიბისი" ბანკმა ბატონ მამუკა ხაზარაძის ხელმძღვანელობით და "ბორჯომის" გაერთიანებამ. ძალიან დიდი მოვლენაა ოჯახური ტრადიციების სცენაზე გამოტანა. რეგიონებიდან შეირჩა საუკეთესო მომღერალი ოჯახები. გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ. ეს ტრადიცია გაგრძელდება, რაც დიდ მოვლენად მიმაჩნია ერის სულიერი აღორძინების საქმეში.

- ქველმოქმედი ადამიანების თანადგომით არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება ჩატარდა ქართული ხალხური მუსიკის სფეროში, მრავალი კრებულიც გამოიცა. ამჟამად რისთვის ემზადებით?

- ბატონი გოდერძი ბუკიას მიერ ორგანიზებულ ფესტივალს, რომელსაც ჰქვია "სიმღერა სამეგრელოზე", წელს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ბევრმა ანსამბლმა და მომღერალმა მიიღო ამ ფესტივალში მონაწილეობა. გარდა ამისა, გამოიცა მეგრული სიმღერების ოთხი ტომი, რომელშიც შეტანილია მონოგრაფიები მეგრელი მომღერლებისა და ლოტბარების შესახებ. ასევე გამოვიდა მეგრული სიმღერების სანოტო კრებულის სამი ტომი; დისკები, რომლებზეც ჩაწერილია მეგრული სიმღერების ცალ-ცალკე ხმები. წელს აღინიშნება მსოფლიოში აღიარებული მომღერლის ზურაბ სოტკილავას 70 წლის იუბილე. ამ იუბილესადმი მიძღვნილი საღამო ჩატარდება ხობში. ამისთვისაც ვემზადებით.

გამოდის საოპერო მუსიკის სამი დიდი ფუძემდებლის: ვანო სარაჯიშვილის, ფილიმონ ქორიძისა და იოსებ ტომაშევიჩის დისკი. მე მოვუწოდებდი ყველას, ვისაც ხელეწიფება, მიიღოს მონაწილეობა სხვადასხვა კუთხის კულტურული მემკვიდრეობის აღდგენასა და დაცვაში.

- ასეთი საქმის კეთება დიდ სიყვარულსა და ძალისხმევას მოითხოვს...

- ვაკეთებ იმას, რაც ჩემი სულის მოთხოვნილებაა. ამაში ხელს მიწყობენ მეგობრები, ვგრძნობ უწმინდესის მხარდაჭერას, ასევე სახელმწიფოს მხრიდანაც. ყველაფერს, თუკი რამე ღირებულია ჩემს მუშაობაში, ღვთის ძალას მივაწერ. მისი ნებაა, რომ ეს საქმე კეთდება, რადგანაც ქართული სიმღერა და საგალობელი ღირსია გადარჩენისა, რათა აღორძინდეს და პოპულარული გახდეს მთელ მსოფლიოში.
ბეჭდვა
1კ1