მიტრა, ორი ბარძიმი და ჯვარი გამოფენის შემდეგ პირდაპირ წმინდა მთაზე გაიგზავნება
მიტრა, ორი ბარძიმი და ჯვარი გამოფენის შემდეგ პირდაპირ წმინდა მთაზე გაიგზავნება
სწორედ დიდი სულიერება იყო საფუძველი იმ კულტურისა, რომლითაც ამაყობს ქართველი

მინანქარს თვალსაჩინო ადგილი ეკავა შუა საუკუნეების ქართულ ხელოვნებაში, განსაკუთრებით კი ტიხრულ მინანქარს. იგი განვითარების ისეთსავე მაღალ საფეხურზე იდგა, როგორზეც ხუროთმოძღვრება, კედლის მხატვრობა თუ რელიეფური პლასტიკა. ამის დასტურად ხახულის ხატზე შემორჩენილი მინანქარიც კმარა. ქართული ტიხრული მინანქრის კოლორიტი განსხვავდება ბიზანტიური ტიხრული მინანქრისაგან. მის ფერებს შორის თავისებურია ე.წ. ხორცისფერი და გამჭვირვალე მწვანე.

ქართული ტიხრული მინანქრის ბევრი ნიმუში დაკარგულია. უძველესი VIII საუკუნით თარიღდება - ესაა კათოლიკოსის გულსაკიდი ჯვარი, რომელიც ხელოვნების მუზეუმშია დაცული. IX საუკუნისაა ვარძიის ხატის მინანქრები. ხახულის ხატის ცენტრში ჩასმული იყო X საუკუნის მინანქრის ღვთისმშობლის გამოსახულება - ყველაზე დიდი ქართული ტიხრული მინანქარი. დღესდღეობით შემორჩენილია მხოლოდ ღვთისმშობლის სახე, ხელები და შარავანდედის ნაწილი. ტიხრული მინანქრის ხელოვნება ჩვენში განსაკუთრებით X-XII საუკუნეებში აყვავდა, მისი წარმოება კი, როგორც ჩანს, XV საუკუნეში შეწყდა. ამ საუკუნისა უნდა იყოს წმინდა გიორგის ორი ხატი, რომლებიც ხელოვნების მუზეუმშია დაცული.

KARIBCHE

რამდენიმესაუკუნოვანი პაუზის შემდეგ საქართველოში ტიხრული მინანქრის წარმოების აღორძინება დაიწყო: 2001 წელს უწმინდესის ლოცვა-კურთხევითა და იღუმენია ელისაბედის ძალისხმევით ფოკის წმინდა ნინოს დედათა მონასტერთან ტიხრული მინანქრის სახელოსნო "ფოკანი" გაიხსნა. სახელოსნოს ფილიალი მალე დედაქალაქშიც დაარსდა. "ფოკანს" მართლაც დიდი წვლილი შეაქვს ქართული ტიხრული მინანქრის წარმოების აღორძინებაში.

27 აპრილს "ქორთიარდ მარიოტში" ფოკის დედათა მონასტერთან არსებულ სახელოსნოში შექმნილ ნაკეთობათა სამდღიანი გამოფენა გაიხსნა.

სახელოსნო "ფოკანის" ხელმძღვანელი, ბატონი დავით კაკაბაძე:

- ეს გახლავთ გამოფენა ფოკის წმინდა ნინოს დედათა მონასტერთან არსებული სახელოსნო ფოკანისა, სადაც საეკლესიო ტიხრულ მინანქართან ერთად ძველ, რთულ ტექნიკაზე დაფუძნებული ოქრომჭედლობაც იქმნება, ვენეციური მალტოებით იწყობა მოზაიკა, რომელიც გელათის ტაძრის ფრესკის ტექნიკას ემყარება, სრულდება ხელით მოხატული ფაიანსი - რთული ორნამენტები.

გამოფენაზე წარმოდგენილ ნაკეთობათაგან ზოგი უკვე ეკლესია-მონასტრების მფლობელობაშია, ზოგიც უწმინდესის პირადი კოლექციიდანაა. არის გასაყიდი ნივთებიც. საუკეთესო ნამუშევრები შევკრიბეთ.

- ახალი რა შესთავაზეთ მნახველს?

KARIBCHE

KARIBCHE

- მთავარი სიახლე მაცხოვრის მოზაიკური ხატია, რომელიც აია სოფიისა და გელათის ფრესკების ტექნიკის გათვალისწინებით შესრულდა. კარგი იქნება, თუ ქართულ ეკლესია-მონასტრებში მოზაიკური ფრესკების ტრადიცია აღდგება. დიდი სურვილი მაქვს, ჩვენმა სახელოსნომაც შეიტანოს წვლილი ამ კეთილ საქმეში.

- რამდენად რთული და შრომატევადია მინანქარზე მუშაობა?

- საკმაოდ რთულია... ყველა ნივთი და მონახაზი ჩემი ხელმძღვანელობით კეთდება: ნაწილს მე ვასრულებ, ნაწილს - სხვები, ნაწილს - ოქრომჭედელი. ასე რომ, თითოეულ ნივთში რამდენიმე ადამიანის შრომაა ჩადებული.

- საქმიანობის გაფართოებას ხომ არ აპირებთ?

- დიდი სურვილი გვაქვს გავაფართოვოთ სახელოსნო და მინანქარზე მუშაობის ცოდნა ახალგაზრდებსაც გადავცეთ.

KARIBCHEდედა ნინო:

- ეს გახლავთ ჩვენი სახელოსნოს მეორე პერსონალური გამოფენა, რომელსაც კომპლექსური ხასიათი აქვს - მასზე წარმოდგენილია კერამიკა, ფაიანსი და მოზაიკა. ორი წლის წინ მხოლოდ მინანქრის გამოფენა გვქონდა, ახლა კი მას ახალი დარგებიც დაემატა. გამოვფინეთ ხუთი წლის განმავლობაში შექმნილი ნამუშევრების ძირითადი ნაწილი: სამების ლავრის ოქროს ბარძიმი, სვეტიცხოვლის ჯვარი...

გარდა ამისა, წარმოდგენილია ათონის მთის მონასტრების მიერ შეკვეთილი ნივთები: მიტრა, ორი ბარძიმი და ჯვარი, რომლებიც გამოფენის შემდეგ პირდაპირ წმინდა მთაზე გაიგზავნება.

- დედაო, საიდან შეიტყვეს წმინდა მთაზე თქვენი ნამუშევრების შესახებ?

- ჩვენი ნამუშევრების ბუკლეტი მოხვდა ათონზე, შემდეგ დავით კაკაბაძე ჩავიდა და საჩუქრად ჩვენი ნაკეთობა მიართვა იქაურ ბერებს. შემდგომ თვითონაც ჩამოვიდნენ, გვესტუმრნენ სახელოსნოშიც...

- სახელოსნოს შეკვეთები მხოლოდ ეკლესია-მონასტრებიდან აქვს თუ საერო პირებიც უკვეთენ ნივთებს?

- გვაქვს გალერეა, სადაც ჩვენი ნამუშევრები იყიდება. საერო პირნი მათ იქ იძენენ ხოლმე. თუ რამე განსაკუთრებული სურთ, მაშინ გვიკვეთენ.

ბორჯომისა და ბაკურიანის მთავარეპისკოპოსი სერაფიმე:

KARIBCHE- გამოფენით მართლაც მოვიხიბლე. ამ ნამუშევრების შესახებ ადრეც მსმენოდა. დავით კაკაბაძე უდავოდ ნიჭიერი ახალგაზრდაა. მე და ბატონი დავითი ოცი წლის წინ ერთად ვსწავლობდით სამხატვრო აკადემიაში და ის მაშინაც გამოირჩეოდა თავისი ნიჭითა და ეკლესიის მიმართ დიდი სიყვარულით. მისი შემოქმედება არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა იმუშაოს ხელოვანმა, რომ გამოხატოს ერთგულება დედაეკლესიისადმი. ნიჭიერი მხატვარი ბევრია, მაგრამ ყველა როდი ახმარს თავის ნიჭს ეკლესიას. ოდითგანვე ყველა ქართველი ხელოვანი: ფერმწერი, ხუროთმოძღვარი თუ მხატვარი - ცდილობდა, ნაწილი მაინც, თუ არა მთელი თავისი შემოქმედება, ეკლესიისთვის მიეძღვნა.

ცხუმ-აფხაზეთისა და ჭიათურის მიტროპოლიტი დანიელი:

- დავით მეფსალმუნე ბრძანებს: "უფალი სუფევს, მშვენიერება შეიმოსა". მართლაც, სამყაროში არსებული მშვენიერება უფლის სუფევის გამოვლინებაა. სწორედ ამგვარი მოვლენის მოწმენი ვართ ამ გამოფენაზეც - ჩვენს თვალწინ ცოცხლდება უძველესი ქართული ტიხრული მინანქრის ტრადიცია. მხოლოდ მაშინ ქმნის ადამიანი მშვენიერებას, როცა მისი სულია მშვენიერი... ის, რომ ხელოვნების ეს დიდებული ნიმუშები შეიქმნა ჯავახეთში, ფარავნის ტბასთან, წმინდა მონასტრების გარემოცვაში, კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ სწორედ დიდი სულიერება იყო საფუძველი იმ კულტურისა, რომლითაც ამაყობს ქართველი ერი. ბედიერნი ვართ, რომ დადგა ჟამი საქართველოში ღვთის მადლის, ღვთის სუფევის აღორძინებისა და მშვენიერების აღორძინებაც მას სდევს თან.

ღმერთმა დალოცოს ფოკის დედათა მონასტრის დედანი და დანი იღუმენია ელისაბედის ხელმძღვანელობით, აგრეთვე ხელოვანთა ჯგუფი ამ საქმის თავკაცის, დავით კაკაბაძის თაოსნობით.
ბეჭდვა
1კ1