ამიტომაც არის ხატი კურნებათა და სასწაულთა წყარო
ამიტომაც არის ხატი კურნებათა და სასწაულთა წყარო
ხატმწერ ლაშა კინწურაშვილს ხატვა ბავშვობიდან უყვარდა. თბილისის სპეციალიზებული სამხატვრო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტზე განაგრძო. ეს ის დრო იყო, საქართველოში საეკლესიო ცხოვრების გამოღვიძება რომ დაიწყო: დაარსდა სასულიერო აკადემია, აღორძინდა საეკლესიო ხელოვნება: ხატწერა, ქარგვა, მინანქარი...

ლაშა ხატწერას დაეუფლა და სარესტავრაციო ექსპედიციაში სვანეთის მაღალმთიან რეგიონში გაემგზავრა. როგორც თავად ამბობს, სვანური ფრესკების კოლორიტმა ღრმა გავლენა მოახდინა მისი მხატვრული გემოვნების ჩამოყალიბებაზე. შემდეგ მარტყოფის ღვთაების მონასტრის მაშინდელმა წინამძღვარმა მეუფე იობმა რამდენიმე ახალგაზრდა მხატვართან ერთად იგი წმინდა გიორგის ეკლესიის მოსახატად მიიწვია. ამას მოჰყვა თბილისში - ყოველთა წმიდათას სახელობის, ხოლო მოსკოვში - წმინდა გიორგის სახელობის ქართული ეკლესიის მოხატვა. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ლაშამ კიდევ რამდენიმე ტაძრის შემკობაში მიიღო მონაწილეობა.

წმინდა სამების ახალაგებული კომპლექსი, მოგეხსენებათ, ჯერ კიდევ მოუხატავია. ჩვენი პატრიარქის ლოცვა-კურთხევით უკვე დაიწყო მთავარანგელოზების სახელობისა და იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიების მოხატვა. მთავარი ტაძრის მოსახატად უწმინდესმა უხუცესი მხატვარი - ამირან გოგლიძე მიიწვია, ლაშა კი ამჟამად წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიას ამკობს. ეს ინტერვიუც სწორედ იქ ჩავიწერე.

KARIBCHE KARIBCHE

- ლაშა, ხატწერის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი ლოცვითი განწყობილების შექმნაა. რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ხატმწერის შინაგან მდგომარეობას იმისთვის, რომ ხატმა მორწმუნის სული ზეცისკენ მიაქციოს?

- ხატწერა იგივე ღვთისმსახურებაა. მამა რაფაელს (კარელინს) უთქვამს: თუ ხატმწერი ჯანსაღი ეკლესიური ცხოვრებით არ ცხოვრობს, მაშინ ის უკეთეს შემთხვევაში ასლების მექანიკური გადმომღებია, ხოლო უარეს შემთხვევაში - ფანტაზიორიო. წმინდანის სულიერი არსი მის ხატში განსაკუთრებული ძალით ვლინდება. ამიტომაც არის ხატი კურნებათა და სასწაულთა წყარო. ამავე დროს ხატში სიმბოლიზებულია ადამიანის მომავალი ფერისცვალების, განსულიერების იდეა.

ეკლესიური ცხოვრების აფიშირება არ არის საჭირო. ყველა უნდა ეცადოს, ფარულად ემსახუროს უფალს, უხმაუროდ აკეთოს მთავარი საქმე.

- ხატი და ეკლესიის მოხატულობა მხოლოდ ამბებს კი არ მოგვითხრობს, არამედ გარკვეულ აზრობრივ მახვილებსაც სვამს...

- წმინდა იოანე დამასკელი ბრძანებს: "ხშირად, როდესაც არ ვფიქრობთ უფლის ვნებულებაზე, ვნახავთ თუ არა ქრისტეს ჯვარცმის ხატს, მაცხოვნებელი ვნებულება გაგვახსენდება, დავეცემით და თაყვანს ვცემთ მას. ასევეა დედა ღვთისასთან დაკავშირებით - მისდამი თაყვანისცემა მისგან ხორცშესხმულისკენ ადის. მსგავსადვე, წმინდანთა სიქველენიც გვამზადებენ მხნეობისათვის, მათი მოშურნეობისა და ბაძვისთვის ღვთის სადიდებლად". სხვაგან კი წერს, რომ ხატწერა იგივე წმინდა წერილია, ოღონდ - საღებავებითა და ფერებით დაწერილი.

ბუნებრივია, ხატის ფუნქცია მხოლოდ ამბების თხრობა არ არის. ხატი სარკმელია ზეცასა და მიწას შორის. ჩვენ მას მიწიდან ვხედავთ, იმ მზერით, რომელიც მხოლოდ ამქვეყნიური რეალობის ჭვრეტას არის შეჩვეული, წმინდანი კი თითქოს ხატიდან გადმოჰყურებს ქვეყანას... ხატის მეშვეობით ჩვენ ვჭვრეტთ ზეცას, ანგელოსთა და წმინდანთა დასს.

- ყველა ხატმწერი საკუთარ გამომსახველობით ენას ეძებს, თუმცა არსებობს საეკლესიო მხატვრობის კანონიკაც. როგორ ერწყმის ისინი ერთმანეთს?

KARIBCHE KARIBCHE

- ვინც საეკლესიო ხელოვნებას არ იცნობს, ჰგონია, ხატწერა ადამიანს მკაცრი ჩარჩოებით ზღუდავს. სინამდვილეში ამქვეყნად ერთნაირად მოხატულ ორ ეკლესიასაც კი ვერ ნახავთ. ყველა ხატმწერს თავისი ხელწერა აქვს.

რწმენა გარკვეულ გეზს გულისხმობს, რომლის ფარგლებშიც ადამიანი შინაგანად სავსებით თავისუფალია.

- როგორ დგება ამა თუ იმ ტაძრის მოხატულობის გეგმა და აისახება თუ არა ეპოქა საეკლესიო ხელოვნებაში?

- ტაძრის მოხატულობის პროგრამა დგება უწმინდესის ლოცვა-კურთხევით და ხელოვნებათმცოდნეებთან, არქიტექტორებთან, სხვა სპეციალისტებთან შეთანხმებით. ამ საკითხებს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრი აკონტროლებს.

სხვადასხვა ისტორიულ ეპოქაში სხვადასხვა თემა იყო აქტუალური. მაგალითისთვის, საქართველოში ოქროს ხანაში აგებული ტაძრების: ყინწვისის, ბეთანიის, ტიმოთესუბნის, - მოხატულობა იმ პერიოდის სულიერ ზეიმს გადმოგვცემს. არის ტაძრები, სადაც იგრძნობა სპარსული მხატვრობის გავლენა, ოღონდ - ქართულად ათვისებული და ეკლესიურად გააზრებული. ხატწერა ცოცხალი ორგანიზმია, ამა თუ იმ ეპოქის ტენდენციები მხატვრულ-ესთეტიკური თვალსაზრისით, ბუნებრივია, მასზეც აირეკლება.

- ჩვენს დროში ხატმწერები უმთავრესად კოპირებას მიმართავენ...

- კოპირება ძალიან კარგია ოსტატობის დასახვეწად. შუა საუკუნეებშიც იყვნენ მხატვრები, რომლებიც პირველნიმუშის ასლებს ქმნიდნენ, მაგრამ ეს ასლები ზუსტი არ იყო. მაგალითად, სხვადასხვა ეპოქაში დაწერილი ივერიის ღვთისმშობლის ხატის რამდენიმე ასლი ერთმანეთისგან საგრძნობლად განსხვავდება.

ერთ-ერთ ეპისტოლეში უწმინდესი ბრძანებს, დავით აღმაშენებლისა და თამარის ეპოქას საფუძველი გრიგოლ ხანძთელის მოღვაწეობამ მოუმზადაო...
XVIII საუკუნიდან ქართული ხატწერა, ფაქტობრივად, ჩაკვდა და მხოლოდ XX საუკუნის 80-იანი წლებიდან დაიწყო გამოცოცხლება, საუკუნეობით გაწყვეტილი ტრადიციის აღდგენა კი საკმაოდ ძნელია. ხატწერის განვითარებას, მის მაღალ დონეზე აყვანას თაობებმა უნდა მოუმზადონ საძირკველი სწორი ქრისტიანული ცხოვრებით, ღვაწლით. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება, კვლავ შეიქმნას ისეთი შედევრები, როგორიც არის ყინწვისის ანგელოზი, ვარძიის "პირი ღვთისა" და სხვები.

- ქართული ფრესკები ოდითგანვე ფერების ნატიფი შეზავებით, სიღრმით, უბრალოებითა და სულიერებით გამოირჩეოდა. თქვენ როგორ არჩევთ ძირითადად ფერებს და რა საღებავებს იყენებთ?

- ქართულ საეკლესიო მხატვრობას, ისევე როგორც ქართულ პოლიფონიას (გალობას), შინაგანი მრავალფეროვნება ახასიათებს. ქართული ხატწერა სისადავითაც გამოირჩევა. ბიზანტიური და რუსული ხატები ამ თვალსაზრისით გაცილებით მჟღერია. თუმცა კაშკაშა ფერები სვანურ ხატწერაშიც გვხვდება.

KARIBCHE KARIBCHE

ფერთა ჰარმონიას თავისი კანონზომიერება აქვს, რომლის წვდომის უნარი მხოლოდ ღვთივმომადლებული ნიჭის პატრონებს შესწევთ.

შემთხვევითი არ არის, რომ ქართველებს უფრო მკაცრი ფერები გვიზიდავდა - ერთ-ერთი ესთეტიკური თეორიის თანახმად, თუ გარემომცველი ბუნება ფერადოვანია, ხელოვანი ფერებს ისე ალაგებს, რომ ქაოსური სიჭრელისგან განწმინდოს. რუსულ ხატწერაში კი აშკარად შეიმჩნევა თბილი ფერების მოთხოვნილება - იქ ხომ სუსხიანი ზამთარი იცის. ამიტომ ხშირია ოქროსფერი ფონები, გუმბათები. ისეთი შეგრძნება იქმნება, თითქოს ეს ოქროსფერგუმბათიანი ტაძრები ათბობს ყინვით დამზრალ გარემოს.

წმინდა იოანე ნათლისმცემლის ტაძარი უწმინდესის ხელმძღვანელობით იხატება. მას ამ ტაძრის აშენებაში უშუალო მონაწილეობა აქვს მიღებული, არა მხოლოდ როგორც მღვდელმთავარს, არამედ როგორც ხელოვანს (ყველასთვის ცნობილია, რომ იგი ხატმწერიც გახლავთ). ფერებიც უწმინდესის მითითებით შეირჩა. საღებავის მასალას ნახევრად ძვირფასი ბუნებრივი ქანების დაფქვით ვიღებთ.

- სპეციალობით არქიტექტორი ბრძანდებით. გამოგადგათ თუ არა ეს ცოდნა საეკლესიო მხატვრობაში?

- ტაძარში ყველაფერი ერთიანდება, ყველაფერი ერთმანეთს ითხოვს და ერწყმის. ამასთანავე, ყველა ტაძრის შიდა სივრცე ერთმანეთისგან განსხვავებულია, რაც ფრესკათა განთავსების განსხვავებულ შესაძლებლობებს ქმნის. განსხვავებულია კომპოზიციების განლაგებაც და შინაარსიც. სხვადასხვა წმინდანის სახელზე ნაკურთხი ტაძრისთვის სხვადასხვა პროგრამა დგება.

არქიტექტურის ფაკულტეტზე მასწავლიდნენ შესანიშნავი პედაგოგები, ცნობილი მხატვრები ირაკლი ოჩიაური, ოთარ სეხნიაშვილი, რობერტ ჩოჩელი და სხვები, რომლებთან ურთიერთობამაც დიდი გამოცდილება შემძინა. და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ძალიან გამომადგა.

- ფერწერულ ნამუშევრებს თუ ქმნით?

- ფერწერაში ლაღად ვატარებ ექსპერიმენტებს. ნაივური მხატვრობა მიტაცებს. უმეტესად ცხოვრების მშვენიერ წუთებს ვხატავ - ბავშვებს, დედა-შვილს... ვცდილობ ფოლკლორული ელემენტების გამოყენებასაც.

ხატწერაც და ფერწერაც უსაზღვროდ მიყვარს. ეს წყლის მოქცევასა და მიქცევასავით არის.

- ვინ არის თქვენი საყვარელი მხატვარი?

- ეს ფიროსმანი გახლავთ. მის სოფელში, მირზაანში, ყოფილა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია, სადაც იგი საათობით აკვირდებოდა უაღრესად დახვეწილ კედლის მხატვრობას. ჩემი დაკვირვებით, მისი ნახატების ფერთა გამა მირზაანის ტაძრის ფრესკების ფერადოვნებას იმეორებს. აი, რას წერს მწერალი ოთარ ჭილაძე: "ფიროსმანი უკანასკნელი წარმომადგენელია ჩვენი საეკლესიო მხატვრობისა. წესით, ტაძრები უნდა მოეხატა, მაგრამ ცხოვრების უკუღმართობის გამო დუქნებს ხატავდა. და მაინც, მთელი მისი არსება, მიუხედავად ირგვლივ გამეფებული სიბნელისა, ჯიუტად ინარჩუნებს თითქოს სამუდამოდ დამთავრებული უძველესი ქართული საეკლესიო მხატვრობის შორეულ გამონაშუქს... მართალია, მისმა "ეპოქამ", მისმა "მიწიერმა დრომ" ტაძრიდან დუქანში გადაინაცვლა, მაგრამ ის მაინც უფრო სულის მხატვარია, ვიდრე ყოფისა. ფიროსმანის ფუნჯის ყველა ნაშიერი უმანკო მზერით გამოირჩევა, თითქოს არც ერთი მათგანის სულში ჯერ არ დაბადებულა რაიმე ცუდი... ძნელად თუ მოიპოვება ჩვენს სინამდვილეში რაიმე მათზე უფრო ახლობელი, მათზე უფრო ბუნებრივი, მათზე უფრო ქართული..."

ძალიან მომწონს იაპონური მხატვრობა, გრავიურები (ჰოკურაი), აგრეთვე - იმპრესიონისტთა და პოსტიმპრესიონისტთა შემოქმედება. მათი მზერა სუფთაა და ადამიანის სიყვარულით არის გამთბარი. მათ შეეძლოთ აემაღლებინათ, სილამაზედ ექციათ ერთი შეხედვით პირქუში და უბადრუკი სინამდვილე.

- დაბოლოს, რას უსურვებთ "კარიბჭის" მკითხველებს?

- ჩემი სურვილია, ვიყოთ ჩვენი მრავალსაუკუნოვანი და მდიდარი ტრადიციების გამგრძელებელნი არა მარტო კულტურასა და ხელოვნებაში, არამედ ყოფა-ცხოვრებაშიც. ვისურვებდი, სულიერ სიმშვიდეს დაევანოს ყველა ქართველის გულში.
ბეჭდვა
1კ1