უნივთო ცეცხლით ანთებულნი
უნივთო ცეცხლით ანთებულნი
I საუკუნის წმინდა მამასა და ღვთისმეტყველს, პავლე მოციქულის მოწაფეს, დიონისე არეოპაგელს ეკუთვნის უმნიშვნელოვანესი თხზულებები ანგელოზურ დასთა აღწერილობის შესახებ. პავლე მოციქული სულიწმინდის ძალით დაემოწაფა იესო ქრისტეს, ხოლო მისი მოწაფეობით წმინდა დიონისე არეოპაგელზე გადმოვიდა ღვთისმეტყველების დიდი მადლი - მან იხილა ზეციური იერარქია და აღწერა. არსებობს ზეციურ არსებათა ცხრა დასი, რომლებიც 3 მწყობრად განიყოფა. წმინდა დიონისე არეოპაგელის მიხედვით, "პირველი არს ის, რომელიც მარადის ღვთის გარშემოა და, გადმოცემისამებრ, უახლოესად და უშუალოდ შეერთებულია მასთან. ესაა ექვსფრთიანი სერაფიმების, მრავალთვალა ქერუბიმებისა და უწმინდეს საყდართა მწყობრი; მეორეა უფლებათა, ძალთა და ხელმწიფებათა მწყობრი, ხოლო მესამე და დამაბოლოებელი - მთავრობათა, მთავარანგელოზთა და ანგელოზთა მწყობრი". ამ დასთაგან ყველას აქვს თავისი მკაფიო თვისებრიობა და დანიშნულება.

ანგელოზთა გამოსახულებანი ძალიან მნიშვნელოვანია ქრისტიანული იკონოგრაფიისათვის. ანგელოზური ძალა მუდმივად თან ახლავს უფალს და ანგელოზივე იყო ის ძალა, ვინც პირველმა უარყო უფალი და დაეცა.

ტრადიციულ იკონოგრაფიაში გამოისახება ანგელოზთა ხუთი დასი: სერაფიმები, ქერუბიმები, საყდარნი, მთავარანგელოზები და ანგელოზები, ხოლო დანარჩენი ოთხი დასი არ გამოისახება. თუ რა თავისებურებები ახასიათებს ანგელოზთა გამოსახვას - გვესაუბრება ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატი, ქალბატონი ასმათ ოქროპირიძე.

- როგორც წმინდა იოანე დამასკელი ამბობს, ანგელოზები ერთმანეთისგან განსხვავდებიან განმანათლებლობითა და მდგომარეობით... ზეაღმატებულები ქვემდგომთათვის განმანათლებლობისა და ცოდნის წილმბოძებელნი არიან". ანგელოზთა შორის ეს თვისებრივი განსხვავება როგორ აისახება ქრისტიანულ იკონოგრაფიაში?


- სერაფიმი ცეცხლოვანს ნიშნავს. იგი გამოისახება ექვსი ფრთით. ორი ფრთა ფარავს მის სხეულს, ორი - მის სახეს, ხოლო დანარჩენი ორით დაფრინავს. სერაფიმს ორი ფრთა დაბლა აქვს დაშვებული, ორი - ზეაღმართული, ორიც ჰორიზონტალურადაა გაშლილი. შემდეგ მოდის ქერუბიმთა დასი, რომელიც საღმრთო ენერგიას მიმართავს შესაქმისაკენ. ქერუბიმები ოთხფრთიანნი არიან ნიშნად იმისა, რომ აქვთ მადლი ზეციური სიწმინდისა და ძალის მიწაზე ანუ ოთხკუთხა სამყაროზე გადმოფენისა. ხშირად ქერუბიმები მრავალი თვალით არიან გამოსახულნი, რაც ნიშნავს იმას, რომ ისინი სამყაროს ჭვრეტენ ყოველი წერტილიდან, ყოველი მიმართულებით.

ანგელოზთა დასი საყდარნი ვიზუალურად არის ორი ფრთოსანი ცეცხლოვანი რგოლი (წითელი ფერის). საყდარნი სხვადასხვანაირად გამოისახება, მაგრამ უმთავრესი იკონოგრაფიული ნიშანი არის ცეცხლოვანი რგოლები და ცეცხლოვანი ფრთები. მას ზოგჯერ ეტლის სახე აქვს და ცოტა ვინმემ თუ იცის, რომ არის ანგელოზთა დასის გამოსახულება. ძალიან ხშირად საყდარნი გამოისახება უფლის დიდების ქვეშ.

სერაფიმთა, ქერუბიმთა და საყდართა გამოსახულებებისგან განსხვავებით ანგელოზთა და მთავარანგელოზთა გამოსახულებები ანთროპომორფულია. წმინდა დიონისე არეოპაგელი ზეციური სამყაროს აღწერისას ამბობს, რომ ანგელოზთა ყველა დასი უნივთო და უხორცოა. არავინ იფიქროს, თითქოს მათ აქვთ (ფიზიკურად) ხელები, ფეხები, ფრთები... ეს პირობითად არის მოწვდილი იმისათვის, რომ ადამიანის დაცემულმა გონებამ ნაცნობი საგნების მიხედვით გრძნობადი სამყაროდან ააგოს საღვთო რეალობას მიმსგავსებული გამოსახულება. რადგან ანგელოზები ფრთებით გამოისახებიან, არ ნიშნავს, რომ მართლაც ბუმბულიანი ფრთებით დაფრინავენ, ეს ადასტურებს მათ უნივერსალურ უნარს ზეაღმატებულობის, გრავიტაციის (მატერიალურობის) დაძლევისა. ცეცხლოვანი ფრთები მიანიშნებს - ისინი საღვთო, უნივთო ცეცხლით ანთებული არსებები არიან. გარდა ამისა, ფრთები გვიჩვენებს, რომ ანგელოზს შეუძლია ყველგან გადაადგილება.

მათ არა აქვთ სქესის ნიშნები. ისინი გამოიხატებიან არც დედაკაცური და არც მამაკაცური, არამედ მარადიული ადამიანის სახით, უწვერულვაშოდ, გრძელი თმით. ამასთანავე ანგელოზებს აქვთ თავზე გადაჭერილი და ბოლოგაშვებული (ზოგჯერ წითელი, ზოგჯერ თეთრი) სასმენელნი - თორაკიონი. ამით იკონოგრაფია მიუთითებს, რომ ანგელოზი, სადაც არ უნდა იყოს, ყოველთვის ისმენს უფლის სიტყვას და მყის ემორჩილება მას. ანგელოზნი ადამიანებივით შემოსილნი არიან კაბითა და მოსასხამით. ხშირად ფეხშიშველნი არიან. ვიცით, როდესაც პირველქმნილმა ადამმა შესცოდა, ის მადლისგან განშიშვლდა. ქრისტიანულ იკონოგრაფიაში შესამოსელი ქსოვილი არ არის ჩვეულებრივი, მატერიალური, ნივთიერი ქსოვილი, რომელსაც "მღილი შესჭამს" ან "მპარავი წაიღებს". ის არც აბრეშუმია, არც ხავერდი, არამედ ზოგადად მადლის შესამოსელია - უნივთო, ზეციური ნათლით ავსებული. ანგელოზთა შესამოსელიც ნიშნავს იმას, რომ ისინი მადლმოსილი არსებები არიან.

- როგორ გამოისახება დაცემული ანგელოზი?

- დაცემულ ანგელოზს ანგელოზური ნიშანი ფრთების სახით აქვს შემორჩენილი, მაგრამ დასტურად იმისა, რომ უფლის უარყოფით განიძარცვა პირველქმნილი მადლი, შეუმოსავია (შიშველია). გარდა ამისა, იგი ადამიანზე მომცრო გამოისახება, რადგან ღვთის ნების უარყოფით დაიკნინა თავი, მიიქცა არარაობისკენ, არაარსისკენ. დაცემული ანგელოზი გამოისახება შეძლებისდაგვარად სრულიად შავი, რადგან უმაღლესი სიკეთისა და ღვთის დიდებისთვის შექმნილმა თავისი ნებით თავი გასწირა სრული სიბნელისთვის. ქრისტიანულ სახისმეტყველებაში შავი ნიშნავს არარას, არაარსს, უფლის არყოფნას. თუმცა ხატწერის პრაქტიკა გვიჩვენებს ერთ საინტერესო თვისებას: აბსოლუტური შავი ფერი ხატწერაში არ გამოიყენება. მასში სიმბოლურად აუცილებლად გარეულია წითელი, ლურჯი და ოქროსფერი ნიშნად იმისა, რომ სამყაროში არაფერია ღვთის დაშვების გარეშე. მაგალითად, ჩვენ ვუყურებთ ჯოჯოხეთის აბსოლუტურ სიშავეს ფრესკაზე. ჩვენი თვალისთვის ის შავია, თუმცა ხატვისას მასში შავთან ერთად სიმბოლურად მონაწილეობდა მცირედშერეული ფერებიც, რაც გვეუბნება - თვით ჯოჯოხეთიც კი არ არის ღვთის დაშვების გარეშე.

- როგორ განვასხვაოთ ერთმანეთისგან ანგელოზთა და მთავარანგელოზთა გამოსახულებანი (ხშირად ისინი ვიზუალურად თითქმის არ განსხვავდებიან ერთმანეთისგან)?

- მაგალითად, როდესაც მთავარანგელოზი გაბრიელი ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს ახარებს უფლის ჩასახვას, მაშინ მასა და ჩვეულებრივ ანგელოზს შორის ვიზუალურად განსხვავება თითქმის არ არის. მაგრამ გვაქვს ისეთი საკონქო-საზეიმო გამოსახულებები, სადაც ანგელოზები წარმდგარნი არიან ღვთის წინაშე. გავიხსენოთ გელათის ცნობილი მოზაიკა, სადაც ანგელოზები საიმპერატორო შესამოსლით არიან შემოსილნი. ეს მთავარანგელოზთა განმასხვავებელი ნიშანია, რომელიც გვიჩვენებს, რომ მთავარანგელოზები მთავრობენ ანგელოზთა დასზე. ისინი ღვთის წინაშე საზეიმო სამოსლით განადიდებენ ჭეშმარიტ მეფეს, იესო ქრისტეს.

- ანგელოზებზე საუბრისას უთუოდ უნდა გავიხსენოთ უდაბნოს ანგელოზი - წმინდა იოანე ნათლისმცემელი. ჩვენ ვიცით ხატები, რომლებზეც წმინდა იოანე ფრთებით არის გამოსახული, არადა ის ადამიანია...

- აქ უნდა ითქვას ერთი ფრიად სასიხარულო და ამავე დროს დამაფიქრებელი რამ: ადამიანი, როგორც "ღვთის ხატად და მსგავსად" შექმნილი არსება, თვით ანგელოზთა დასზეც აღმატებულია. ღვთისმეტყველება გვეუბნება, რომ ადამიანი "ხატად ღვთისა" რჩება თვით ჯოჯოხეთშიც კი. მაგრამ რაც შეეხება ღვთის მსგავსებას, ეს არის ღვაწლის შედეგი. მხოლოდ ის ადამიანი აღწევს "მსგავსებას ღვთისას", ვინც თავისი კეთილი ნებით, წმინდა გულითა და ცხოვრების წესით თავის თავში თრგუნავს განკერძოებას, ამპარტავნებას, ეგოიზმს, ცოდვას და აღივსება სულიწმინდის მადლით, განიღმრთობა. ამ თვალით თუ შევხედავთ, ღვთის წინაშე ურცხვენელმა ორმა ადამიანმა - დედათაგან ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა და მამათაგან წმინდა იოანე ნათლისმცემელმა - შეძლო სრულიად შეემოსა ღვთის მსგავსება. ჩვენ ვიცით, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მშობელთაგან გამორჩეული ნერგი იყო, რომელშიც თვით უფალი უნდა განკაცებულიყო. იგი ძილშიც კი ლოცულობდა და თავისი სიწმინდით ღირსი გახდა იმისა, რომ სერაფიმთაგან თვალშეუდგამი უფალი (საღვთო ცეცხლი) მის სხეულში განკაცდა, მიიღო ადამიანური ხორცი და ამ საღვთო ცეცხლმა ღვთისმშობელი არ დაწვა. საღვთო ცეცხლმა მის წიაღში გამოავლინა, რომ ღვთისმშობელი არის ყოვლადწმინდა.

წმინდა იოანე ნათლისმცემელს სახარებაში თვით უფალი უწოდებს "უმეტესს ნაშობთა შორის", რადგან ის, ისევე როგორც ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, შობით წმინდაა, გამორჩეულ მშობელთა შვილია. მას სამი წლიდან უდაბნოში ანგელოზები ზრდიდნენ (ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი 3 წლიდან ტაძარში იზრდება). წმინდა იოანე ნათლისმცემელი არის მეუდაბნოეთა თავი, ისევე როგორც დედა ღვთისმშობელი - თავი მონაზონთა. არ არსებობს კაცობრიული ღვაწლი ღვთის წინაშე, რომლითაც წმინდა იოანე ნათლისმცემელი არ იყოს შემკული. ის არის ასკეტი, უფლის ნათლისმცემელი, რომელიც ღირს იქმნა, წმინდა სამება განცხადებულად ეხილა; აღსარებისა და ნათლისღების საიდუმლოს სათავეებთან მყოფი. გარდა ამისა, ის არის ერთ-ერთი ბოლო წინასწარმეტყველი, არის ქრისტეს მოწაფე და, რაც მთავარია, წამებული ღვთის სიტყვისთვის. სწორედ ამიტომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი და წმინდა იოანე ნათლისმცემელი, როგორც შეძლებისდაგვარად სრულად მსგავსნი ღვთისა, თვით სერაფიმთა დასსაც კი აღემატნენ. ღვთისმშობელს ვუგალობთ: "უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაფიმთასა".

KARIBCHE

თუკი ექვსფრთიანი სერაფიმები სახეს იფარავენ იმის გამო, რომ თვალს ვერ უსწორებენ უფალს და ღვთისაგან გამომავალ ენერგიას კრძალვით ეგებებიან, ყოვლადწმინდა ღმრთისმშობელი და წმინდა იოანე ნათლისმცემელი ასცდნენ სერაფიმთა დასსაც.

- ქალბატონო ასმათ, თქვენი სადისერტაციო თემა ბოჭორმის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მოხატულობას ეძღვნება. ამ ტაძრის ერთ-ერთ კონქში გამოსახულია უფლის მეორედ მოსვლა. ეს ფრესკა კარგად გამოხატავს ყველა ანგელოზურ დასს...

- უფლის გარშემო დგას მთავარანგელოზთა და ანგელოზთა ულევი მხედრიონი. უფლის დიდება დამყარებულია საყდართა დასზე. იქვეა სერაფიმთა და ქერუბიმთა გამოსახულებანი. ყველა დასი იგულისხმება აქ. ღვთისმშობელი და წმინდა იოანე ნათლისმცემელი, სერაფიმებზე, ქერუბიმებზე და საყდარნზე უფრო ზეაწეულნი, შესულნი არიან იესო ქრისტეს დიდების გარე რკალში, ანუ მათ გადალახეს ეს საზღვარი. ალბათ ბევრ მორწმუნეს გულზე მოეშვება, როდესაც ამას წარმოიდგენს, რადგანაც ჩვენ, ადამიანები, იმდენად სუსტები ვართ, რომ, მადლობა ღმერთს, იყო თუნდაც ორი ისეთი ადამიანი, რომელთაც სრულად შეიმოსეს უფლის მსგავსება.

- გავიხსენოთ წმინდა ანდრია ხატმწერის (რუბლიოვის) სახელგანთქმული ყოვლადწმინდა სამების ხატი. ეს ხატი სამსახოვანი ღმერთის, კაცობრიობის მხსნელის შესახებ ეკლესიის სწავლების იკონოგრაფიული ასახვის მცდელობაა. მას სხვაგვარად აბრაამის სტუმართმოყვარეობასაც უწოდებენ, რადგან ვიცით, რომ აბრაამს, ძველი აღთქმის მამამთავარს, წმინდა სამება ესტუმრა. მაგრამ ამ ხატზე გამოსახულია არა მამა, ძე და სულიწმინდა, არამედ სამი ფრთიანი უნაზესსახიანი ანგელოზი. რატომ არის წმინდა სამება ანგელოზების სახით გამოსახული?

- ქრისტეს მოსვლით და სულიწმინდის მოსვლით ახალი აღთქმა თვისებრივად განსხვავებულია ძველი აღთქმისაგან. რუბლიოვის ხატი არ შეიძლება ჩავთვალოთ წმინდა სამების კონკრეტულ ხატად, არამედ ამით ხატწერა მიგვანიშნებს, რომ წმინდა სამებისადმი ჩვენ აღვიწევით სწორედ ანგელოზური დასით. ახალ აღთქმაში უფალი იესო ქრისტე განკაცდა, ხორციელად მოვიდა. ამიტომ შესაძლებელი გახდა ღმერთის გამოსახვაც. წმინდა სამება ახალ აღთქმაში ასე გამოისახება: ქრისტე ძველთა დღეთა, ქრისტე ევმანუილი ("ჩვენთან არს ღმერთი") და სულიწმინდა მტრედის სახით გარდამოსული. საერთოდ, სულიწმინდას აქვს მრავალი სახე. როდესაც იკონოგრაფია სულიწმინდას გვიჩვენებს მტრედის სახით, ამით ახალი აღთქმა ჩვენს ცნობიერებას აბრუნებს წარღვნასთან და მიგვითითებს, რომ უფალმა ზავი დადო კაცობრიობასთან და აღუთქვა, რომ შეწყდება როგორც ფიზიკური, ისე სულიერი წარღვნა. ნათლისღების დროს გარდამოსული მტრედი მიგვანიშნებს, რომ უფალმა სულიერადაც შეიწყალა კაცობრიობა. სულთმოფენობის დროს კი სულიწმინდა ცეცხლის სახით გარდამოვიდა.

ძველი აღთქმის წმინდა სამების ხატზე ანგელოზთა გამოსახვა დამამტკიცებელია იმისა, რომ ჩვენი სულიერი მიპყრობა ღვთისადმი სწორედ ანგელოზთა დასით ხორციელდება. ჩვენ მხოლოდ ანგელოზური თვალით თუ შეგვეძლო დაგვენახა წმინდა სამება ძველ აღთქმაში.
ბეჭდვა
1კ1