სამთავროს მონასტერში მირიან მეფისა და ნანა დედოფლის საფლავის ქვები გაკეთდა
სამთავროს მონასტერში მირიან მეფისა და ნანა დედოფლის საფლავის ქვები გაკეთდა
გიორგი ლალიაშვილის - ამ ახალგაზრდა ხელოვანის - გაცნობა მაშინ გადავწყვიტე, როცა ჯვართაღმართების დღესასწაულზე სვეტიცხოველისა და ჯვარს შორის, არაგვის პირას აღმართული, ჯვრით დაგვირგვინებული, ქართლის მოქცევის ეპიზოდებით შემკული, სვეტი ვნახე.  უწმინდესის ლოცვა–კურთხევით გიორგი საპატრიარქოს ეზოში მოწყობილ სახელოსნოში მუშაობს და  ქვაზე კვეთით გადმოგვცემს სახარებისეულ თუ წმინდანთა ცხოვრების სხვადასხვა ეპიზოდებს.

–  ქვის თლაზე 10–12 წელია რაც ვმუშაობ. ბოლო წლებია რაც რელიეფების და ხატების გაკეთება დავიწყე. სტუდნტობის დროს სწავლას ვუთავსებდი ტაძრებზე მუშაობას –აბო თბილელისა და ორმეოც მოწამეთას სახელობის ტაძრების ქვაზე კვეთაზე მივიღე მონაწილეობა,–მიამბობს გიორგი. - თავიდან  ეკლესიაში დავიწყე ამ ხელოვნების დაუფლება.  პარალელურად ჩავაბარე სამხატვრო აკაემიაში. უფრო მეტ ყურადღებას საეკლესიო ხელოვნებას ვუთმობდი. აკადემიაში ხშირი გაცდენები მქონდა იმის გამო, რომ გული ეკლსიისკენ მიმიწევდა რათა სამუშაოები თავის დროზე შემესრულებინა.

ჩემი სულიერი მოძღვარია კრწანისის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მამა ბესარიონ მენაბდე. ყვლაფრისთვის მადლობა მინდა ვუთხრა მას ამ მიმართულებით რომ გამიკვალა გზა. ვმუშაობდით ტაძრების მოპირკეთებაზე, კანკელებზე, ტრაპეზზე, სამკვეთლოებზე. უწმინდესის ლოცვა–კურთხევით, ცოტა ხნის შემდეგ დავიწყეთ  ქვა–ჯვრების გაკეთება. სამასი არაგველების ბაღში გაკეთდა ქვა–ჯვარი.  სამი ქვა–ჯვარია იქ დადგმული. ერთ–ერთი ჩემი გაკეთებულია. დანარჩენები -  ჩვენი მრევლის წევრისა და მიქაელ სოზიაშვილის.

უწმინდესის ლოცვა–კურთხევით გადაწყდა, რომ სვეტიცხოვლისა და ჯვრის მონასტერს შორის სვეტი აღმართულიყო. ოთხი წელი ვმუშაობდი თითქმის ცხრა მეტრი სიმაღლის სვეტის გაკეთებაზე.  ბოლნისის ტუფის ქვის  მთლიანი სვეტია. სვეტის წინა მხარეს გამოსახულია ეპიზპდები მაცხოვრის ცხოვრებიდან. ქვედა მხარე იწყება სვეტის აღმართვით, სვეტიცხოვლით,  მირიან მეფისა და წმინდა ნინოს გამოსახულებით. ზემოთ უკვე ხარები სცენაა – ხარება დღეს უკავშირდება ჯვრების აღმართვა. ხარება დღით იწყება და გრძელდება საუფლო დღესასწაულების გამოსახულებები. სვეტის  გვერდებზე ორივე მხარეს –წმინდა ნინოს შემოსვლა და ქართველთა მოქცევაა. 

მთლიანად წმინდა ნინოს ეძღვნება ორივე სვეტზე გაკეთებული რელიეფები.  მირიანის მზის დაბნელება არის და  ელია წინასწარმეტყველის ამაღლება.  მირიან მეფეს 2 აგვისტოს დაუბნელდა თვალთ და აეხილა ელიას ხსენების დღეს.  ყველა სცენა ერთმანეთს უკავშირდება. უკანა მხარეს სვეტიცხოვლის ტაძარი და აკაკის ხეა ამოკვეთილი. ამის ქვემოთ  მოდის სუჯის შემოსვლა მცხეთაში, წმინდა ნინოს ცხოვრება არის აღწერილი. მეორე მხარს ქართველთა ნათლობა, უკანა მხარეს არის უკვე დღევანდელი დღე, სადაც უწმინდესი ევედრება წმინდა ნიკოლოზს, ასევე უწმინდეს პატრიარქს მელქისედეკს, პირველ პატრიარქს  პეტრეს, რომლის დროსაც მოიხარშა მირონი. ამ სამ მღვდელმთავარს ევედრება უწმინდესი საქართველოს გადარჩენას.  უწმინდესის ვედრების ქვემოთ საქტიტორო  წარწერაა და პატრიარქის  შესავედრებელი.  საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების საბჭოს წევრებთან მამა ბესარიონთან, ქეთევან აბაშიძესთან და კოკი დადიანთან  შეთანხმებით ვაკეთებდი რა თემებზე გვემუშავა, როგორ გაკეთებულიყო.  კოკი დადიანის პროექტით აღიმართა ეს სვეტი.

საბოლოოდ  უწმინდესის ლოცვა–კურთხევით ვახორციელებდით  ყველაფერს. ოთხი წლის განმავლობაში ვმუშაობდი სვეტზე. ეს სვეტი იკურთხა სვეტიცხოვლობას 2010 წელს. პარალელურად დავიწყე სამთავროს დედათა მონასტერში მირიან მეფისა და ნანა დედოფლის საფლავის ქვების გაკეთება.

– როგორი იყო მუშაობის პროცესი როცა მირიან მეფისა და ნანა დედოფლის საფლავის ქვებს აკეთებდით?
–    უწმინდესის ლოცვა–კურთხევით და არქიტექტორ არჩილ მენაბდის პროექტით გაკეთდა მეფე-დედოფლის საფლავის ქვები. ძალიან გამიხარდა როცა  დამავალეს ამის გაკეთება. დიდი პასუხისმგებლობაც ვიგრძენი.  პირველ რიგში უწმინდესს უნდა მოსწონებოდა და ყველანაირად დახვეწილი უნდა ყოფილიყო. უწმინდესის ლოცვა–კურთხევით, საფლავის ქვები  საპატრიარქოში გაკეთდა. უწმინდესი თავად ადევნებდა თავალყურს მუშაობის პროცესს.   სარკოფაგის ტიპის ფორმისაა. თავად სამთავროს დედათა მონასტრის  წევრები ძალიან დიდი ხანი ელოდებოდნენ  მეფე მირიანისა და ნანა დედოფლის საფლავის ქვების გაკეთებას.

–    რის მიხედვით შეარჩიეთ საფლავის ქვებზე ორნამენტების გამოსახულება?
–    სამთავროს მონასტრის იატაკის სამუშაოების დროს  აღმოჩნდა ძველი კანკელის დეტალები. ძალიან ლამაზი, დახვეწილი და სამუზეუმო ნუმუშებია. გადავწყვიტეთ  საფლავის ქვებზე დატანილი ყოფილიყო მე–11 საუკუნის  ორნამენტები... წელიწად ნახევარი დამჭრდა ორივე საფლავის ქვა რომ გაკეთებინა. თითქმის დღედაღამე ვმუშაობდი–დილიდან ძალიან ღამემდე. უწმინდესს სურდა მალე დამთავრებულიყო შედეგიც მალე ენახა. უდიდესი წვლილი მიუძღვის უწმინდესს საფლავების შექმნაში. იმდენი რამ გაკეთდა უწმინდესის რჩევით. უწმინდესს სურდა, რომ ძალაინ დატვირთული და  თხრობადიც ყოფილიყო  საფლავის ქვების ორნამენტები. მისი რჩევით დავამატეთ თორმეტი მოციქული როგორც სვეტიცხოვლის სიმბოლო.  სვეტიცხოველი ხომ 12 მოციქულის სახელობისაა. დაემატა კიდევ ერთი სცენა–მირიან მეფე რომ ბრუნდება თხოთის მთიდან და მაყვლოვანში  მიდის, წმინდა ნინოს რომ ეძებს და მაყვლოვანთან  იჩოქებს და ასე ადიდებს უფალს. უკანა მხარეს საქტიტორო წარწერაა, უწმინდესის სადიდებელი და რა დროს შეიქმნა საფლავის ქვები. აღწერილია ასევე სამთავროს დედების ლოცვითი მოსახსენიებელი და ყველა ის ადამაინი, ვინც ამ საფლავებს  ლოცვით  თუ ფინანსურად შეეწეოდა. დიდი წვლილი მიუძღით ხელოვნებათცოდნეებს ქეთევან აბაშიძეს, ნანა ბურჭლაძეს. თავად მამა ბესარიონიც  ჩართული იყო  საფლავების გაკეთებაში.


***
უწმინდესის კურთხევით სახელოსნოს გვიშენებენ საპატრიარქოში. აქ გაკეთდება თეიმურაზ მეორის და ვახტანგ მეექვსის სარკოფაგების გაკეთება. იცით რომ  ასტრახანში არიან  დაკრძალულები და უწმინდესის სურვილია მათი გადმოსვენება.  წინასწარ უნდა გამზადდეს სარკოფაგები და მეფეები სამებაში დაასვენონ.  სარკოფაგები სახელოსნოში გაკეთდა. ეს არის სამომავლო გეგმები. უწმინდესი მონდომებულია, რომ არ დაიკარგოს ქვაზე კვეთის ტარდიცია და მომავალ თაობებს გადაეცეს. შეძლებისდაგვარად ვასწავლი ამ ხელოვნებით დაინტერესებულ პირებს ქვაზე კვეთას. ახალი ტაძრები შენდება, შედეგიც გამოიღო ტაძრების მშენებლობამ და ამით დაიხვეწა ჩუქურთმის კეთებაც, ბიჭებიც დაოსტატდნენ და რაც უფრო დიდი ჯგუფი გაკეთდება და დიდი სკოლა იქნება ქვაზე კვეთისა, მით უკეთესი იქნება.

KARIBCHE

ამჟამად  ვაკეთებთ უწმინდესისითვის ორმოცი მოწამის რელიეფს, ასევე  -  ნიშს - ელია წინასწარმეტყველის ამაღლებას ცეცხლოვანი ეტლით, რომელიც  საპატრიარქოში დაიდგმება. ორივე რელიეფი უწმინდესს უკავშირდება. ორმოც მოწამეთაში ერთ–ერთი მოწამე არის ირაკლი (უწმინდესსაც ხომ ერისკაცობაში ირაკლი ერქვა), ელია წინასწარმეტყველი კიდევ უწმინდესის მფარველია. ეს ორივე გვინდა მივუძღვნათ უწმინდესს და ამით გავახაროთ.
ეს ჩემთვის სამსახურიც არის და პირველ რიგში დიდი სიამოვნებაც. როცა უწმინდესი გაფასებს და მოსწონს შენი ნამუშევარი ძალიან დიდი სტიმულია, რათა უფრო მეტად დაიხარჯო და უფრო მეტი გააკეთო. მეც ვცდილობ უწმინდესიც გავახარო და ის ადამაინებიც, ვისაც ეს ხელოვნება უყვარს და აფასებს.


ბეჭდვა
1კ1