ქართული საეკლესიო საგალობლები
ქართული საეკლესიო საგალობლები
ჩვენი ერის საუნჯეა
ქართული მუსიკალური აზროვნების უძველესი ტრადიცია აისახა საეკლესიო საგალობლებში, სასიმღერო ფოლკლორში. პროტოპრესვიტერი გიორგი გამრეკელი წერს: "ერი რწმენის ძალით და შემოქმედებითი ნიჭით მონაწილეობს ღვთისმსახურებაში. "აღმოსთქუან ბაგეთა ჩემთა გალობა შენი, რაჟამს ვისწავლნე მე სიმართლენი შენნი" (ფს. 118). ჩვენი ერის შინაგანი ღვთივბოძებული ნიჭი და მადლმოსილება ყველაზე კარგად სწორედ ქრისტიანული საეკლესიო ხელოვნების ყველა დარგში გამოიხატა...

საქართველოს საპატრიარქოს საეკლესიო გალობის ცენტრი იღვწის, საუკუნეებგამოვლილი ძლიერი ეროვნული სულით განმსჭვალული ტრადიციული საეკლესიო საგალობლები ქვეყნის ყველა ეკლესიაში აჟღერდეს. გვესაუბრება საპატრიარქოს საეკლესიო გალობის ცენტრის წევრი, თბილისის კონსერვატორიის ხალხური სამუსიკო შემოქმედების კათედრის მეცნიერ-თანამშრომელი, მუსიკათმცოდნე მაგდა სუხიაშვილი.

- ქალბატონო მაგდა, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ ქართულ ტრადიციულ საეკლესიო საგალობლებს თანდათანობით ჩაენაცვლა არაქართული - სლავურ-რუსული თუ ევროპეიზებული ნიმუშები. თუმცა ეს უფრო რელიგიურ ტექსტებზე შექმნილი საერო მუსიკალური ქმნილებები იყო. რით არის აღმატებული ტრადიციული ქართული გალობა და რამდენად მნიშვნელოვანია მისი აღორძინება?

- ქართული ტრადიციული საეკლესიო საგალობლები კანონიკურია - მაღალი სულიერების მქონე და ღვთისმსახურების ლოცვითი განწყობის შესაბამისი, ქართული ქრისტიანული ჰიმნები ეკლესიის წიაღში იქმნებოდა დიდად ნიჭიერი, მაღალი პროფესიონალიზმისა და, რაც მთავარია, ასკეტური ცხოვრების გამოცდილების მქონე ადამიანთა მიერ. ეს კი აუცილებელი პირობაა ნამდვილი საეკლესიო, კანონიკური საგალობლების შესაქმნელად. საეკლესიო გალობის აღორძინება ერის სულიერი აღმავლობის ერთ-ერთი წინაპირობაა. "ნეტარ არს ერი იგი, რომელმან იცის გალობაი შენი, უფალო!" - ამბობს დავით წინასწარმეტყველი.

- ვიცით, რომ კანონიზებული საგალობლები ეკლესიის წიაღში მკვიდრდებოდა. როგორ ხდებოდა საგალობლების კანონიზაცია?

- საგალობლების კანონიზაცია ხდებოდა საეკლესიო კრებებზე მაღალი იერარქიის მიერ, რის შემდეგაც ისინი შეჰქონდათ ლიტურგიკულ და ჰიმნოგრაფიულ კრებულებში. ჰიმნების კანონიზაციისას მრავალ კანონზომიერებას ითვალისწინებდნენ: მხატვრულ ღირებულებას, შესაბამისობას ღვთისმსახურებასთან, საეკლესიო მოძღვრების დოგმატურ მხარესთან, ფორმებს, მხატვრულ ხერხებს და ა.შ.

- დღეს მიმდინარეობს ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი - ტრადიციული ქართული საგალობლების დამკვიდრება საქართველოს ეკლესიებში. ამისათვის იღვწის საპატრიარქოს საეკლესიო გალობის ცენტრი, რომლის წევრი თქვენც ბრძანდებით....

- 2003 წლის 13 აგვისტოს წმინდა სინოდის კრების განჩინებით, საეკლესიო გალობის ცენტრს დაევალა საქართველოს ეკლესია-მონასტრებში ქართული საეკლესიო გალობის აღდგენის პროცესის ზედამხედველობა. ცენტრის მუშაობა ამ პროცესის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. გამოსცემს საგალობლების აუდიოჩანაწერებს, სანოტო კრებულებს, აწყობს მგალობელთა გუნდების მოსმენებს, უწევს მათ საჭირო კონსულტაციებს....

ჯერ კიდევ XIX საუკუნეში დიდი მუშაობა გაჩაღდა ქართული გალობის აღსადგენად, რომ როგორმე ხუთხაზიანი ნოტაციით ჩაეწერათ იგი. ამ პროცესში ჩართულნი იყვნენ სასულიერო პირები, გამოჩენილი მგალობლები, გალობის მცოდნენი, ინტელიგენცია, ერის საუკეთესო ნაწილი. მათ შორის - წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსი (ქიქოძე), წმინდა ალექსანდრე (ოქროპირიძე), წმინდა ექვთიმე (კერესელიძე), წმინდა ექვთიმე ღვთისკაცი (თაყაიშვილი), წმინდა ილია მართალი, აკაკი წერეთელი, დიმიტრი ყიფიანი, ფილიმონ ქორიძე და სხვანი. იმდროინდელი პრესიდან კარგად ჩანს, თუ როგორ შუქდებოდა თითოეული წინ გადადგმული ნაბიჯი თუ პრობლემა, როგორ აბარებდა მკითხველს ანგარიშს თბილისსა და ქუთაისში დაარსებული გალობის აღდგენის კომიტეტები, რომელთაც ქართული გალობის ნოტაციით ჩაწერის ორგანიზება დაეკისრათ. საზოგადოება ყოველთვის აქტიურად რეაგირებდა ამ პროცესებზე. სისტემატურად იბეჭდებოდა გულშემატკივართა გამოხმაურებები. გულისხმიერი ადამიანები შეწირულობებითაც ედგნენ მხარში ამ საშვილიშვილო საქმეს. საშიშროება კი დიდი იყო: იმხანად თითო-ოროლა გალობის მცოდნეღა იყო დარჩენილი. ერსა და ბერს ესოდენ დიდი შემართება რომ არ გამოეჩინა, შესაძლოა ყველაფერი დაკარგულიყო. საბედნიეროდ, ათასობით საგალობლის გადარჩენა მოხერხდა.

ქართული საეკლესიო საგალობლები ჩვენი ერის საუნჯეა, მაგრამ იგი, იმავდროულად, საყოველთაო მნიშვნელობისაა. დღეს ქართულ გალობას ისმენენ, ეცნობიან, სწავლობენ თითქმის მთელ მსოფლიოში და ამით დიდ სიწმინდეს ეზიარებიან. ეს მზარდი პროცესია. უცხოეთიდანაც ჩამოდიან ქართული გალობის შესასწავლად და იღვწიან მისი პოპულარიზაციისათვის. ჩვენ მეტი გვმართებს, ქართული გალობა და სიმღერა ხომ მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ქართველი კაცის იდენტურობას. ქართული ავტოკეფალიური ეკლესიის წიაღში შექმნილი თვითმყოფადი კულტურა არა მხოლოდ ქართველი ერის სულიერი სიმდიდრეა; ამ სიმდიდრეს ეზიარებიან სხვებიც და ამით სულიერად მაღლდებიან, იმეცნებენ ჭეშმარიტებას.

- ჩვენი საგალობლები იმაზეც მიუთითებს, თუ რამდენად ღრმად ჰქონდათ შეგნებული ჩვენს წინაპრებს მუსიკალური განათლების მნიშვნელობა ადამიანის სულის გაფაქიზების, ზნეობრივი აღზრდის საქმეში...

- ეკლესიის მამებიც ამას აღიარებდნენ. წმინდა იოანე ოქროპირი აღნიშნავდა, რომ საეკლესიო გალობა სულიერ სათნოებათა საფეხურებზე ზეაღსვლას უწყობს ხელსო. პავლე მოციქული კი ქრისტიანებს მოუწოდებს: ასწავლიდით თავსა თვისსა ფსალმუნითა და გალობით და შესხმითა სულიერითაო. აქ ჩანს გალობის აღმზრდელობითი ფუნქცია. მუსიკა მრავალნაირია. მუსიკაში ბრწყინვალედ აირეკლება ადამიანის გრძნობითი სამყარო. რაც უფრო სულიერი მუსიკით აღიზრდება ადამიანი, მით უფრო სასიკეთოა მისთვის. ჩვენს წინაპრებს ღრმად ჰქონდათ გაცნობიერებული გალობის აღმზრდელობითი ფუნქცია. მისი დიდი მნიშვნელობა ადამიანის სულიერი სრულყოფის გზაზე. ქრისტიანულ საქართველოში ყმაწვილობიდანვე სწავლობდნენ გალობას. იგი არა მხოლოდ ეკლესია-მონასტრებში აღევლინებოდა. დავით მაჩაბელი აღნიშნავს, რომ გალობას ტაძრების გარდა გაიგონებდით ველ-მინდვრებსა და ტყეებში. სასულიერო ჰანგებს მწყემსებისგანაც მოისმენდით. ამდენად, გალობის სწავლას საყოველთაო ხასიათი ჰქონდა. ჩვენც უნდა მივდიოთ წინაპართა რჩევებს, გავიზიაროთ მათი მდიდარი გამოცდილება.

- ცნობილია, რომ მუსიკალური საკრავები გამოიყენებოდა ძველი აღთქმის ეკლესიაში. რატომ არ აღევლინება გალობა საკრავების თანხლებით მართლმადიდებლურ ეკლესიაში?

- წმინდა იოანე ოქროპირი აღნიშნავს, რომ ძველი აღთქმის ეკლესიაში საკრავები დაუშვეს მლოცველთა უძლურების გამო. საკრავების თანხლება ძველი აღთქმის ეკლესიის მრევლს ეხმარებოდა, მეტად ედიდებინათ უფალი და ხანგრძლივად შეენარჩუნებინათ ლოცვითი განწყობა. ახალი აღთქმის ეკლესიაში საკრავი საჭირო არ არის.

ცნობილია, რომ საეკლესიო გალობა ანგელოზთა გალობის - ღვთაებრივი არქეტიპის სახეა. ამდენად, გალობა საკრავების გარეშე, ყველა სხვა ნიშან-თვისებებთან ერთად, ასახავს ზეციური არქეტიპისადმი სწრაფვას.

- წარსულში მგალობლები საგანგებოდ იკურთხებოდნენ. მგალობლად კურთხევის პირობა კი სულიერებასთან (ეკლესიურობასთან) ერთად სათანადო პროფესიული განათლებაც იყო. დღეს რამდენად ექცევა ამას ყურადღება?

- პროფესიონალიზაციის ტენდენციაზე დღეს საპატრიარქოს გალობის ცენტრის დაარსებაც მიუთითებს. გალობის ცენტრი, როგორც აღვნიშნე, მგალობლებს პროფესიულ რჩევებს აძლევს, უწევს კონსულტაციებს და მათ დახელოვნებას შეძლებისდაგვარად უწყობს ხელს. სამომავლოდ, სასურველია, რომ ჩვენთან გაიხსნას სპეციალური სამგალობლო სასწავლებლები, სადაც შეისწავლიან არა მარტო გალობას, არამედ სამოციქულოსა და საწინასწარმეტყველოების კილოში კითხვას. ეს ტრადიცია კვლავ უნდა აღდგეს ჩვენში.

- რა თანამშრომლობა არსებობს კონსერვატორიასა და საპატრიარქოს შორის?

- თუნდაც ის ფაქტი, რომ საპატრიარქოს საეკლესიო გალობის ცენტრის შემადგენლობა ძირითადად კონსერვატორიის თანამშრომლებითაა წარმოდგენილი, ცხადყოფს მჭიდრო კავშირს კონსერვატორიასა და საპატრიარქოს სამგალობლო ცენტრს შორის.

- ქალბატონო მაგდა, თქვენ ჟურნალ "რწმენა და ცოდნის" სარედაქციო კოლეგიის წევრი ბრძანდებით. ამ ჟურნალის სულისკვეთება და მასში გამოქვეყნებული წერილები რელიგიისა და მეცნიერების დაახლოებასა და გაერთიანებას ისახავს მიზნად...

- ექვსი წელიწადია, რაც ჟურნალი "რწმენა და ცოდნა" გამოდის. მისი დაარსების იდეა ეკუთვნის პროტოპრესვიტერ გიორგი გამრეკელს. ამ ჟურნალის დაარსება მართლაც უკავშირდება რწმენისა და ცოდნის დაახლოების იდეას. ცოდნა ადამიანს რწმენის განმტკიცებაში ეხმარება, რწმენა კი ცოდნის გაღრმავებაში. ცოდნისა და რწმენის ერთობა ადამიანს ჭეშმარიტების შემეცნებისაკენ წარუძღვება. უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის სიტყვები, რომელიც ჟურნალის პირველი ნომრის თავისებური ეპიგრაფია, სისრულით გამოხატავს მის მიზანდასახულობას:

"რწმენა და ცოდნა ავსებს ერთმანეთს და პიროვნების სწორ განვითარებას განაპირობებს. ასეთი ადამიანი სთესავს სიკეთეს, მშვიდობას, სიყვარულს, არის მიმტევებელი და მიმნდობი. ურწმუნოთა ხელში კი ცოდნა და მასზე დაფუძნებული მეცნიერულ-ტექნიკური მიღწევები დიდ საშიშროებას უქმნის და დამანგრეველი ძალით ემუქრება მთელს მსოფლიოს. რწმენისა და ცოდნის ერთობა განსაკუთრებით აუცილებელია დღეს, როდესაც კაცობრიობა მრავალი ფრიად სერიოზული პრობლემის წინაშე დგას". ამდენად, ჩვენი მუშაობა სწორედ ამ აუცილებლობით არის განპირობებული. რწმენისა და ცოდნის ერთობის გარეშე ხომ ღვთის სადიდებელი საგალობლების აღვლენაც წარმოუდგენელია.
ბეჭდვა
1კ1