"იფხიზლე... არ წაგეძინოს!"
"იფხიზლე... არ წაგეძინოს!"
ჟურნალი "კარიბჭე" ულოცავს შესანიშნავ პოეტს ზოია ვაშაკიძეს დაბადების 70 წლის იუბილეს და უსურვებს დღეგრძელობასა და შემოქმედებით წარმატებებს.

ზოია ვაშაკიძე რწმენის სამყაროში ცხოვრობს, რომელსაც ცხოველმყოფელობას სიყვარული ანიჭებს, რადგან მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ "უსიყვარულოდ რწმენა მკვდარია". უფლის სიახლოვეს იგი თავს კარგად გრძნობს და მკითხველსაც აგრძნობინებს, რომ მიწიერი ემოციებისა თუ ინტერესებისგან გადაღლილს, სიმშვიდის მოპოვება და სიყვარულის შენარჩუნება მხოლოდ ამ სამყაროში დამკვიდრებით შეუძლია, რომელიც მიუხედავად იმისა, ცხოვრების ზღვა ბობოქრობს თუ არა, ყოველთვის ღმრთეებრივი ნათლითა და სითბოთია სავსე.
გვანცა კოპლატაძე

ბეთლემი
ცა აირია, შუქმა იალა,
გაკვირდნენ მწყემსნი, ფრთხილობდა ქარი,
მზემ ხმელ ბალახზე იმშობიარა,
სიხარულს ვეღარ მალავდა მთვარე.
ფრთა ანგელოზის მოეხვია სვეტს,
ნათელ ქოხთან,
შიშმა შეიპყრო მეფე ჰეროდე,
კრთოდა ვარსკვლავი, წინმსრბოლი მოგვთა,
სხივნი სიხარულს მოიმღეროდნენ...
და იშვა მხსნელი, ნათელი ცათა,
ხან ვარდს ფურცლავდა ბაგე, ხან იებს,
მოვიდა მესია, ვინაც ცოდვილთა
შეგონებად თქვა: - მოინანიეთ!

***
და მტრედისფერი ზეცა მახურავს
დანგრეულ ტაძრის კედელთან ვიდექ,
ჩაშლილი ფრესკის შეცნობა მსურდა,
ღვთიური სიტყვა ვისმინე ვიდრე,
ვიდრე სინათლე აყვავდა გულთან,
შეუცნობელი ქარები მწვავდნენ,
ჯიუტი ფიქრი ფონს დაეძებდა
და როგორც იქნა, გამოვაღწიე,
ანგელოზები დასხდნენ ჩემს გზებთან.
მაღალო ღმერთო, მადლობას გწირავ,
გამითბო გული ამ გაზაფხულმა,
ვხარობ, ამ ტაძრის გუმბათი ბრწყინავს
და მტრედისფერი ზეცა მახურავს.

***
სულო, ემზადე ქორწილისთვის,
ემსგავსე ქალწულს, მოარულს ზეცით.
როს გაბრწყინდება ნეფით ცის სახლი
შეაღე კარი ლამპრით და ზეთით.
აჰა, გეძლევა დრო საწმიდაო,
სავალ ბილიკზე სხივი გეფინოს,
რწმენა ძლიერი კლდეა პიტალო,
აჰყევ... იფხიზლე... არ წაგეძინოს!

***
გაიღო კარი, იწყება ჟამნობა,
შენს ხატთან ლოცულობს სანთელიც,
უფალო, ძლიერო, მოიღე წყალობა,
შენი გზით გვატარე ქართველნი.
შენდობის სურვილი მოგვმადლე, მაღალო,
ინებე, რომ ვიყოთ სრულები,
ჩვენ, ჩვენებური წესებით გვაცხოვრე,
სიწმინდით აგვივსე სულები.
მართლმადიდებლობას დიადს გვაერთგულე,
რწმენით აგვამაღლე ცადაო,
თვალნი აღგვიხილე, გზები გაგვისწორე,
ერთად დაგვაყენე, უფალო საბაოთ!

***
ვდგავარ ტაძრის შუაგულში
და სახიერს გიცქერ, ერთადერთო,
თრთოლვით ვამბობ ხმატკბილ ლოცვას,
შენი ფრთების საბურველში
შემიფარე, ღმერთო!
სანთლის შუქში ელავს ფრესკა,
ცრემლის წვეთი ანგელოზებს
ფრთებით ცისკენ მიაქვთ.
მუხლს მოვიდრეკ,
ხელაპყრობით სიყვარულის გადარჩენას
შევავედრებ დიადს.
წვება ბინდი, ლოცვის დროა,
შენი სახე ფიქრში ერთადერთობს,
ვიწერ პირჯვარს და მხურვალედ ვევედრები -
საქართველო აღმიდგინე, ღმერთო!..

***
სული ნიავივით მქროლავია
თოვს თეთრი ვარდები, ბაღი მკრთომარეა,
აქ მზე მოკრძალებით თავს ხრის...
ისევ შენ გაწუხებ, დედაო მარიამ,
დამითბე სიყვარულის სახლი.
შენი მოწყალების კალთა გადამხურე,
ტაძარს, პოეზიას მამსახურე.
სული ნიავივთ მქროლავია,
ო, მარიამ,
ღრუბლის ბილიკებზე ფეხი დამიცდება,
უშენოდ ოცნება ჩემი დამიწდება.
წამით არ მომშორდე სუსტი, უძლურია
ჩემი სიფრიფანა ტანი,
უშენოდ გული ვერ გამოისხამს
უკვდავ სიყვარულის ყვავილს.
შენით ვმსახურობ, ხე ვარ დარწეული,
სანთლად დანთებული ფიქრი,
გულზე ტაძარი - მამული დამადგი,
ჩემი სანუკვარი ტვირთი.


ბეჭდვა
1კ1