ახალს რომ მიაგნებ, ენით გამოუთქმელ სიხარულს გრძნობ, თუმცა იმასაც ხვდები, რამდენია კიდევ შესამეცნებელი
ახალს რომ მიაგნებ, ენით გამოუთქმელ სიხარულს გრძნობ, თუმცა იმასაც ხვდები, რამდენია კიდევ შესამეცნებელი
არაერთი უძველესი ფრესკა შემოგვინახეს დავითგარეჯის მღვიმეებმა, ატენისა და სვანეთის ტაძრებმა. მრავალი ჟამთა მდინარებამ სამუდამოდ გაიყოლა.

ქართული ფრესკა შინაგანი მრავალფეროვნებითაა აღსავსე, რომელიც ასევე გამოირჩევა ნათელი და ცხოველმყოფელი ფერებით, ეროვნული კოლორიტით, ფიგურათა მოხდენილი მოძრაობით, კლასიკური დახვეწილობითა და ლაკონურობით.

ღვთის წყალობითა და ჩვენი პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, ბოლო წლებში ქართული ქრისტიანული ხელოვნების განვითარებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა. გამოცოცხლდა სარწმუნოებრივი ცხოვრება, უამრავი ქართული ტაძარი მოიხატა... ბევრიც მომხატავს ელის. არადა ტაძარში ფრესკებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს - ერთიანდება ხუროთმოძღვრება, მხატვრობა და მუსიკა.

მერაბ ჩაკვეტაძეს ოცდაორი ტაძრის მოხატვაში აქვს მონაწილეობა მიღებული. მათ შორისაა: მაცხოვრის შობის სახელობის ქვემო ბეთლემის, ჯვარისმამის, ნაძალადევის ივერიის ღვთისმშობლის, თემქის ღვთისმშობლის შობის, სანზონის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრები თბილისში, რუსთავის წმინდა ვახტანგ გორგასლის, გარდაბნის ღვთისმშობლის შობის, მესტიის წმინდა ნინოს, ქარელის ხარების, ქვიშხეთის აღდგომის, სურამის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრების საკურთხევლები... ამჟამად საბურთალოს ამაღლების სახელობის ტაძრის საკურთხეველს ხატავს.

- რატომ დაინტერესდით ხატწერითა და კედლის მხატვრობით?

- მოგეხსენებათ, მხატვარი ყოველთვის მაძიებელია. შემთხვევით ვნახე ლაშა კინწურაშვილის ახალდაწერილი ხატი და იმდენად ცხოვლად იმოქმედა ჩემზე, რომ ეკლესიას სულ სხვა თვალით შევხედე. ხატწერის შესწავლა განვიზრახე. სასულიერო აკადემიის ხატწერის შემსწავლელ კურსებზე დავით ხიდაშელი მასწავლიდა. მივხვდი, რომ ქრისტიანული ხელოვნება არის წმინდა, საღვთო ხელოვნება. იგი არსებითად განსხვავდება, საერო გაგებით, რეალისტური ხელოვნებისაგან. ამ ხელოვნებაში ყველაფერი არის უჩვეულო, ღვთაებრივი. ხატზე აისახება ღვთაებრივი რეალობა, სასუფევლის მკვიდრთა უხრწნელი სხეულები. ხატი არის ფერებით და ხაზებით გადმოცემული ლოცვა. ეს ვიგრძენი და ხატწერას ნელ-ნელა დავეუფლე, თუმცა ხანგრძლივი შრომის ფასად. პირველად კედელთან რომ მივედი, უნებურად ფუნჯიანი ხელები უღონოდ ჩამომიცვივდა - სივრცემ დამაბნია. შევეცადე, ყველაფერი თავიდან დამეწყო. წერტილების დასმა დავიწყე. მერე თანდათან მივეჩვიე... დღეს უკვე პირდაპირ კედელზე გადამაქვს ნახატი, ყოველგვარი შაბლონის გარეშე. მხატვრებისთვის პირველნიმუშის მიხედვით ასლების კეთება ოსტატობის დასახვეწი მეცადინეობაა. ბევრი რამ არის საჭირო ჭეშმარიტი ხატის შესაქმნელად. მხატვარი ამ საქმისთვის სულიერად მზად უნდა იყოს, უნდა ჰქონდეს ღრმა ცოდნა და, უპირველესად, ნიჭი, რომლის გარეშეც მისი ხელით შექმნილი ხატი შეიძლება ბრმა, მექანიკური მიბაძვა გამოდგეს. სამწუხაროდ, ტრადიციის ხანგრძლივი წყვეტის გამო დღეს ჩვენში ბევრი უნიჭო ხატი არსებობს...

- სხვადასხვა ტაძარში სხვადასხვანაირი სივრცეა, რაც ფრესკათა განთავსების განსხვავებულ შესაძლებლობებს ქმნის. მრავალი ეკლესიის მოხატვამ ალბათ გაგიმდიდრათ გამოცდილება.

- მაგალითად, ამაღლების სახელობის ეკლესიის საკურთხევლის სიმაღლე 13 მეტრია. აქ კომპოზიციები არქიტექტურის, სივრცის შესაბამისად უნდა განლაგდეს. ფრესკების ხატვისას მნიშვნელოვანია მასშტაბის შეგრძნება. ფერთა გამა ძალიან მშვიდი უნდა იყოს, ხოლო ხაზი და კონტური - ცოცხალი. სივრცე თავად გვკარნახობს, რამდენი სცენა და სიუჟეტი გამოისახოს კედელზე.

- იქნებ ორიოდე სიტყვით, ფრესკის დანიშნულებაზეც გვესაუბროთ...

- ფრესკის დანიშნულება ქადაგებაა. ადამიანისთვის გაცილებით მრავლისმთქმელი და ადვილად დასამახსოვრებელია ის, რასაც ხედავს, ვიდრე ის, რასაც ისმენს ან კითხულობს. ხატს, ფრესკას წმინდა წერილის ტექსტის ილუსტრირება კი არ აკისრია მხოლოდ, არამედ უპირველესად მოვლენის სიღრმისეული არსის გამოხატვა ევალება. ის, რასაც ფრესკა მოგვითხრობს და განგვიმარტავს, ამბავზე გაცილებით მეტია. ფრესკა ლოცვით განწყობილებას ქმნის, გვეხმარება ამა თუ იმ დღესასწაულის საღვთისმეტყველო არსის გააზრებაში. ტაძარი იმ შემთხვევაში შეიძლება მივიჩნიოთ დასრულებულად, როცა ის მოიხატება.

- სამწუხაროდ, დღეს ხშირად ვხვდებით კარგ ოსტატებს, მაგრამ ისინი უბრალოდ გადმოიღებენ ხოლმე რაღაც ნიმუშებს და არ იციან, რა რას ნიშნავს. ქრისტიანულ ხელოვნებაში, ტექნიკურ ოსტატობასთან ერთად, რამდენად მნიშვნელოვანია წმინდა წერილისა და ღვთისმეტყველების ღრმა ცოდნა?

- ქრისტიანულ ხელოვნებაში წარმოუდგენელია რაიმეს ხატავდე და არ იცოდე, რისი სიმბოლოა, რას განასახიერებს ის. ინდივიდუალიზმი, საკუთარი ხედვა და მიდგომა მხოლოდ პირად შემოქმედებაშია გამართლებული. თუ მხატვრის ნახელავმა ეკლესიის კედელი უნდა შეამკოს, მის წინაშე ვიღაცამ უნდა ილოცოს, ამ შემთხვევაში მხატვარი უნდა განიმსჭვალოს მოკრძალებით, კარგად უნდა იცოდეს, რას აკეთებს. წმინდა წერილში ჩადებული შინაარსის ვიზუალურად გამოხატვისას გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს იმ სცენებისა და ფაქტების საღვთისმეტყველო არსი, რომელიც დიდი ხნის წინ მოხდა. წმინდანების სხეულის ფორმა უნდა იყოს რეალურს მიმსგავსებული, მაგრამ არ უნდა იგრძნობოდეს სხეულის მოცულობა, ხორციელება. მაგალითად, ჩვეულებრივი მხატვარი წმინდა გიორგის დახატვის დროს აუცილებლად იხელმძღვანელებს ანატომიის ცოდნით. ზედმიწევნით გადმოსცემს რეალობას, თუ რომელი კუნთი ეჭიმება წმინდანს, როდესაც მახვილი უპყრია ხელთ. მაგრამ მართლმადიდებელი ხატმწერისთვის წინა პლანზე წამოწეულია ის, რომ წმინდა გიორგი გველეშაპს (ბოროტების სიმბოლოს) კლავს რწმენით. ამიტომაც ხატებზე წმინდანს ორი თითით უჭირავს შუბი (ოდნავ ეხება მას). აქ ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც რწმენის გარეშე ვერ გადმოსცემ. ხატის შექმნისას მასზე ასახული ამბები ცხოვლად რომ წარმოჩნდეს, საჭიროა ეს ამბები თავად განიცადო, აღდგომაც შენში უნდა მოხდეს და ამაღლებაც.

- ფრესკების მოხატვისას რა სიმბოლური დატვირთვა აქვს ფერებს, რამდენად მნიშვნელოვანია მათი ხარისხი?

- მეწამული ფერი - მოწამებრიობას განასახიერებს, თეთრი - სიწმინდის ფერია, ლურჯი - საიდუმლო წვდომას გამოხატავს, ოქროსფერი - სასუფევლის ფერია, ვარდისფერი - სიყმაწვილის, მწვანე - მარადიულობის. არ მიყვარს მყვირალა ფერები. ძირითადად მშვიდ ფერებს ვარჩევ. ფერების ხარისხი ფინანსურ პრობლემებთან არის დაკავშირებული. ქიმიური ფერები დროთა განმავლობაში იცრიცება, ამიტომ მათი გამოყენება გამართლებული არ არის. ფრესკები ბუნებრივი საღებავებით უნდა მოიხატოს. მაგალითად, კეთილშობილი ქვის (ლაზურიტის) ფხვნილით ლურჯ ფერს იღებენ. ამ ქვას ბევრი დადებითი თვისება აქვს, კარგ განწყობას ქმნის. ამიტომაც გონივრულია ძვირფასი ქვების გამოყენება ხატების შესამკობად. ეს ტრადიცია უძველესი დროიდან მოდის. ჩვენს წინაპრებს კარგად ჰქონდათ შესწავლილი და გამოყენებული ძვირფასი თვლების დადებითი თვისებები. მათ არა მარტო ესთეტიკური, არამედ სულიერი, პრაქტიკული დატვირთვაც აქვთ.

- თქვენი აზრით, მაინც რა გამოარჩევდათ ძველ მხატვრებს თანამედროვეთაგან და დღესდღეობით რა პერსპექტივა აქვს ქრისტიანული მხატვრობის განვითარებას?

- ძველ მხატვრებს დიდი სულიერება, ღვთისმეტყველების ღრმა ცოდნა, იმ დროისთვის არსებული უძლიერესი სკოლა და ღვთით მომადლებული ნიჭი გამოარჩევდათ. მაშინ საერო მხატვრობა იმდენად არ იყო განვითარებული და მთელი შემოქმედებითი ძალები ეკლესიაში იყო თავმოყრილი. მაშინდელი მხატვრები კანონიკის ფარგლებში ასახავდნენ ერთსა და იმავე მოვლენას ან ფაქტს, მაგრამ სხვადასხვანაირი გააზრება და ხედვა ჰქონდათ. დღეს ძირითადად გადმოხატვა ხდება, რადგან ჯერ არ მიგვიღწევია იმ სიმაღლისთვის; იმედი მაქვს, დადგება დრო და მოვა ნიჭიერი თაობა, რომელიც მექანიკურად კი არ გადმოიღებს ძველ ნიმუშებს, არამედ შექმნის ახალს.

- ფრესკული ხელოვნების განვითარება ფინანსებთან არის დაკავშირებული...

- რა თქმა უნდა. დღეს ბევრი ტაძარია მოუხატავი იმის გამო, რომ არ გამოჩნდა მეცენატი. გარდა ამისა, შეიძლება მხატვარი ნიჭიერი და სახელოვანი იყოს, მაგრამ თუ ხატწერის ენა არ იცის, სახიფათოა მიანდო ეს საპასუხისმგებლო საქმე. ასეთ მხატვრებს სიახლის შემოტანის სურვილი უჩნდებათ და რადგან ნაკლული ცოდნა აქვთ, ხშირად საეკლესიო კანონიკის დარღვევის საფრთხის წინაშე დგანან. არადა ოდითგანვე ეკლესიის მხატვრები თავმდაბლად აკეთებდნენ საქმეს, თავიანთ თავს განიხილავდნენ ინსტრუმენტებად, რომელთა მეშვეობითაც უფალი მოქმედებს. მადლობა ღმერთს, რომ დღეს ამ პრობლემას არეგულირებს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრის სამეცნიერო საბჭო.

- იქნებ თქვენს ოჯახზეც გვესაუბროთ?

- ჩემი მეუღლე ნინო ანთელაძე, პროფესიით ბიოლოგი, დღეს დიასახლისია. შვილებს - მარიამს და ანდრიას მხატვრობის ნიჭი აქვთ. მე არ ვაიძულებ ხატვის სწავლას. ფრთხილად ვუდგები ამ საკითხს, რადგან მიმაჩნია, რომ პედაგოგობაც დიდი ნიჭია.

- რა განცდა გეუფლებათ, როდესაც ხარაჩოზე ადიხართ და რას გძენთ ეკლესიის მხატვრობაზე მუშაობა?

- რომ არ ვხატავდე, ძალიან გამიჭირდებოდა სიცოცხლე, პრობლემების მოგვარება. როდესაც ხარაჩოზე ავდივარ და წმინდანების ხატვას ვიწყებ, სულ მათზე ვფიქრობ; ამქვეყნიური რეალობა თითქოს სადღაც ქრება; წუთისოფლის საზრუნავი მავიწყდება, დრო ისე სწრაფად გადის, რომ ვერც კი ვიგებ. ამ გარემოში სიმშვიდესა და სიმარტოვეს ვიხელთებ, წირვა-ლოცვასაც ვისმენ... მადლობა ღმერთს, რომ იმ საქმეს ვაკეთებ, რაც მაინტერესებს. ღმერთი უსასრულოა, მას ბოლომდე ვერასოდეს ჩასწვდები. მხატვრობაშიც ასეა, ახალს რომ მიაგნებ, ენით გამოუთქმელ სიხარულს გრძნობ, თუმცა იმასაც ხვდები, რამდენია კიდევ შესამეცნებელი. ამ ქვეყნად ამაზე დიდი ბედნიერება წარმოუდგენელია.
ბეჭდვა
1კ1