"თაფლსა ჭამენ და გემოს კი ვერ იგებენ"
"თაფლსა ჭამენ და გემოს კი ვერ იგებენ"
ქართული ჰიმნოგრაფია
ღვთისმსახურებაში პოეტური ელემენტი თავიდანვე იდო. როდესაც არ არსებობდა წმინდანთა შესხმანი, ამ ფუნქციას ფსალმუნები ასრულებდა. შემდეგ თანდათანობით შეიქმნა და დამუშავდა ღვთისმსახურებისთვის აუცილებელი წიგნები და ფსალმუნების ნაცვლად უკვე პოეტური სტრიქონები გაჩნდა. საქართველოში ეს პროცესი VI საუკუნეში დაიწყო. ლიტურგიკულმა პრაქტიკამ, რომელშიც პოეტური საგალობლები იყო ჩართული, განსაზღვრა ჰიმნოგრაფიის განვითარების გზა. პირველ ხანებში წმინდანებისადმი მიძღვნილი პოეტური საგალობლები ბერძნულიდან ითარგმნებოდა, შემდეგ ორიგინალური ქართული საგალობლებიც გაჩნდა.

ქართული ჰიმნოგრაფიის განვითარების გზებსა და ქართველ ჰიმნოგრაფებზე გვესაუბრება ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომელი, ბატონი მიხეილ ქავთარია.

- ბატონო მიხეილ, რომელ საუკუნეში გაჩნდა ჩვენში პირველი ორიგინალური საგალობლები, რომელ წმინდანებს მიეძღვნათ ისინი და, საერთოდ, რას წარმოადგენს პოეტური კანონი?

- ჩვენში ორიგინალური საგალობლები გაჩნდა VIII საუკუნეში. ერთ-ერთი პირველი საგალობელი VIII საუკუნის წმინდანს - აბო თბილელს მიეძღვნა. მისი რამდენიმე რედაქციაა მოღწეული, რომელთაგან პირველი - იოანე საბანისძეს, ხოლო მეორე იოანე მინჩხს ეკუთვნის. დიდმა საეკლესიო მამამ, იოანე დამასკელმა ჰიმნოგრაფიის ისტორიაში ჩაატარა რეფორმა - მუსიკალურ ხმათა რაოდენობა ოთხიდან რვამდე გაზარდა. შემდეგ კანონში შემავალ ყველა მუხლს სახელი დაარქვეს. კორნელი კეკელიძე წერს, რომ ქართველებმა ბიბლიური წიგნებიდან აირჩიეს სახელწოდებები და ამის მიხედვით განსაზღვრეს თითოეული კანონის მუხლების სახელები. მაგალითად, გვაქვს: "უგალობდითსა", რომელსაც ბერძნულში პირველი ოდა ჰქვია. ადრეულ პერიოდში, როდესაც კანონის ფორმა ჩამოყალიბდა, საგალობელი შედგებოდა ცხრა ოდისაგან. მოგვიანებით საგალობლის მეორე ოდა ამოიღეს. მას ქართულად "მოიხილება" ეწოდებოდა. ამგვარად, ცხრის ნაცვლად დარჩა რვა (ზოგან მაინც შემორჩა 9). ეს იმის მაუწყებელია, რომ ქართულ სინამდვილეში პოეტური ელემენტი ღვთისმსახურებაში ძალიან ადრეულ ეტაპზე გაჩნდა და ორიგინალური საგალობლებიც შეიქმნა.

- რისი ცოდნა მართებდა ჰიმნოგრაფს იმისათვის, რომ შეექმნა ამა თუ იმ წმინდანისადმი მიძღვნილი საგალობელი, პოეტური კანონი?

- უპირველესად, უნდა სცოდნოდა წმინდანის ბიოგრაფია, მოღვაწეობის ძირითადი ფაქტები, მაგრამ აქცენტირება მაინც ხდებოდა პოეტურ ფორმაზე (რადგან კანონის სამოსელი უფრო პოეტური ფორმაა).

KARIBCHE


- როდის შეიქმნა ჩვენში "თვენი", წიგნი, რომელშიც თავმოყრილია მანამდე არსებული წმინდანების საგალობლები მათი ხსენების თარიღის მიხედვით?

- გიორგი მთაწმინდელმა XI საუკუნეში ბერძნულიდან თარგმნა "თვენი". ამ დროისთვის ქართულად იყო ნათარგმნი პოეტური კანონები, რომელნიც 978-988 წლებში ერთ კრებულში გააერთიანა მიქაელ მოდრეკილმა და დღეს ჰქვია "მიქაელ მოდრეკილის იადგარი". გიორგი მთაწმინდელმა "თვენის" თარგმნის დროს მანამდე არსებული პოეტური კრებულები გამოიყენა. მან პირველმა შეიტანა "თვენში" ქართველი წმინდანების საგალობლები. მისი აზრით, "თვენში", რომელშიც მსოფლიო წმინდანები იყვნენ გაერთიანებულნი, უნდა შესულიყვნენ მხოლოდ ისეთი წმინდანები, რომელთაც უდიდესი დამსახურება ჰქონდათ საეკლესიო ცხოვრების გარკვეულ უბანში. ამ წიგნში შეყვანილი წმინდანი თავისი საქმიანობით უნდა ყოფილიყო ბერძნული ეკლესიის მიერ პატივდებული წინდანების ტოლი.

- რას წარმოადგენს "სვინაქსარი", როდის შეიქმნა იგი და რა როლს ასრულებდა ეკლესიაში?

- "სვინაქსარი" გიორგი მთაწმინდელის მიერ ნათარგმნი მეორე წიგნია "თვენის" შემდეგ (1042-1044წ.წ.). ეს არის შემოკლებული მოთხრობა, თავგადასავალი იმ წმინდანებისა, რომელთა ხსენებაც აღესრულება ეკლესიაში და რომელთა სახელზეც წირვა-ლოცვა ტარდება. ეს ვეებერთელა წიგნია. გიორგი მთაწმინდელი, იმ ეკლესიაზე, რომელსაც ეს წიგნები არ აქვს, წერს: "თაფლსა ჭამენ და გემოს კი ვერ იგებენო". სვინაქსარი სამრევლო ეკლესიებში წასაკითხი წიგნი იყო. სამწუხაროდ, დღეს იგი თითქმის აღარ იკითხება, არადა აუცილებელია.

- ქვეყნის გამთლიანება და ერთიანი ქართული სახელმწიფოს შექმნა ჩვენში საფუძვლად დაედო საეკლესიო ცხოვრებას. ამის შემდეგ დაიწყო ქართველი წმინდანების შესახებ ცნობების შეგროვება და ლიტურგიკული მასალის შექმნაც...

- XIII საუკუნის I ნახევარში ტბელ აბუსერიძემ შექმნა წმინდა ანტონ მარტყოფელის შესახებ ლიტურგიკული განგება, ხსენება, რომელიც მანამდე არ იყო. პოეტური მასალა მან დააწერინა საქართველოს კათოლიკოსს არსენ ბულმაისიმისძეს და საბა სვინგელოზს. ამა თუ იმ წმინდანის შესახებ ლიტურგიკული განგება უმეტესად მოგვიანებით იქმნებოდა. მაგალითად, რაჟდენ პირველმოწამის შესახებ ჰაგიოგრაფიული თხზულებაც და საგალობელიც XVIII საუკუნეში დაიწერა. რაც შეეხება ჰიმნოგრაფიის განვითარებას, იგი ადვილად არ მიმდინარეობდა. მოგეხსენებათ, 300 წელიწადი იყვნენ ჩვენში მონღოლები და თუკი რაიმე ფასეული და ძვირფასი გვქონდა, ყველაფერი გაანადგურეს. მე-17 საუკუნის II ნახევრისთვის საქართველო მოძლიერდა. 1632 წელს ქართლში მეფედ დანიშნეს როსტომ-ხანი. იგი 1658 წლამდე მეფობდა და არაფრით გამოუჩენია თავი გარდა იმისა, რომ ირანის შაჰის მორჩილი ყმა იყო და ამიტომ ქვეყანაში სიმშვიდემ დაისადგურა, რამაც შექმნა საფუძველი ლიტურგიკული ცხოვრების გამოცოცხლებისა. ამ პერიოდშივე იწყება ქართული საეკლესიო პროზის გამოცოცხლებაც. გაჩნდა პირველი თხზულება წმინდა ქეთევანის შესახებ - "წმინდა ქეთევანის წამება" და საგალობელიც. მათი ავტორი გახლდათ გრიგოლ დოდორქელი (ვახვახიშვილი). 1690 წელს დავითგარეჯის უდაბნოს წინამძღვრად დანიშნეს ონოფრე მაჭუტაძე, რომელმაც ხელი მიჰყო სამონასტრო კომპლექსის აყვავება-აღორძინებას და, რაც მთავარია, ლიტერატურულ საქმიანობას. მისი რედაქციითა და თაოსნობით 1699 წელს შედგა პირველი ქართული ჰაგიოგრაფიული კრებული. ამ კრებულში გაერთიანებული იყო ასურელ მამათა ცხოვრებანი. წმინდა დავით გარეჯელზე საგალობელი დაწერა სულხან-საბა ორბელიანმა, რომელიც ერთი წლის აღკვეცილი იყო დავითგარეჯის უდაბნოში. თანდათანობით დაიწყო ამ კრებულის შევსება. ბესარიონ ორბელიშვილმა შემოიკრიბა კალმოსნები, მწიგნობრები და საგალობლები დააწერინა. ქვეყანაში წინა პლანზე წამოვიდა ეროვნულ-პატრიოტული განწყობა. ქართული საეკლესიო კალენდარი შეივსო წმინდანებით: ქეთევან წამებულით, 1659 წლის გმირებით, წმინდა ლუარსაბ II-ით და ა.შ.

- სწორედ ამ დროს გაჩნდა წიგნი "სადღესასწაულო". რას წარმოადგენს იგი, ვინ შეადგინა და როგორ გამოიყენება საეკლესიო პრაქტიკაში?

- ადრე "სადღესასწაულოში" თავმოყრილი იყო ეკლესიაში არსებული ყველა საკითხავი, მაგრამ დიდმა საეკლესიო მოღვაწემ, ანტონ კათოლიკოსმა გააფართოვა მისი მნიშვნელობა. 1757 წლიდან გადაწყვიტა "სადღესასწაულოს" "თვენთან" დაკავშირება. მოიძია და ამ წიგნში შეიტანა ადრე ქართულ ენაზე არსებული წმინდანების საგალობლები, მათ დაუმატა თავისი ორიგინალური საგალობლებიც. ანტონ კათოლიკოსმა ეს წიგნი რუსულ ყაიდაზე გააწყო, რადგან კარგად იცოდა რუსეთის ეკლესიაში არსებული წიგნების რაოდენობაცა და ხასიათიც. "სადღესასწაულო" არის პოეტური კრებულიც და ამავე დროს საქართველოს ეკლესიისთვის ძალიან საჭირო პრაქტიკული წიგნიც. ანტონამდე საქართველოში არ არსებობდა ლიტურგიკული მასალა წმინდა დავით აღმაშენებელზე, წმინდა გრიგოლ ხანძთელზე,
წმინდა ნეოფიტე ურბნელზე. ეს საგალობლები ანტონმა დაწერა და ამ წიგნში შეიტანა. დღესაც საქართველოს ეკლესიაში ღვთისმსახურებაზე ანტონ კათოლიკოსის მიერ შედგენილი "სადღესასწაულო" გამოიყენება.

- ანტონ კათოლიკოსის "სადღესასწაულოს" შემდეგ აღარ დაწერილა ქართველ წმინდანთა შესახებ ლიტურგიკული მასალა. რა იყო ამის მიზეზი?

- ორასი წელი ბატონობდა ჩვენში რუსეთის ეკლესია. 1810 წელს ანტონ II რუსეთში გადაასახლეს, შემდეგ რამდენიმე წელიწადი ვარლამ ერისთავი იყო ჩვენი ეკლესიის გამრიგე, ამის მერე კი საქართველოს ეკლესია მხოლოდ და მხოლოდ რუსი ეგზარქოსების საუფლო გახლდათ. 1918 წლამდე ისინი განაგებდნენ ჩვენი ეკლესიის ბედს, ყველანაირად ცდილობდნენ მის დამდაბლებას, შეურაცხყოფას, ავტორიტეტის გათელვას. ცხადია, ქართველი წმინდანების განდიდებას ისინი ყველანაირად ხელს შეუშლიდნენ.

- დღეს როგორ წყდება ამა თუ იმ წმინდანის განსადიდებლად დაწერილი ლიტურგიკული წეს-განგების საეკლესიო ღვთისმსახურებაში ჩართვის საკითხი?

- ამისათვის საჭიროა წმინდა სინოდის ნება. ჩვენი სინოდი უდიდეს საქმეს აკეთებს, გამოჩენილი ადამიანები რომ შეჰყავს წმინდანთა გუნდში. საჭიროა ახლად შერაცხული წმინდანების შესახებ შეიქმნას საკითხავები, სპეციფიკური ჰიმნოგრაფიული მასალა, რაც, უწინარეს, ჩვენი კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით უნდა მოხდეს. არიან ადამიანები, რომლებმაც ბევრი კარგი საგალობელი შეთხზეს.
KARIBCHE

KARIBCHE



- არის ერთი საკითხიც: ჩვენ XXI საუკუნეში ვცხოვრობთ და თანამედროვე ქართულ ენაზე ვსაუბრობთ. როგორ მიგაჩნიათ, თანამედროვე ენით უნდა დაიწეროს საგალობლები თუ ძველი ქართული ენით?

- ზოგიერთს მიაჩნია, რომ ძველი ქართული ძალიან მუსიკალურია და ამიტომ მას ანიჭებს უპირატესობას, მაგრამ ზოგი ფიქრობს, რომ თუ ძველი ქართულით ვწერეთ ყველაფერი, მაშინ აღარც ენა განვითარდება და აღარც ჰიმნოგრაფია. ამ საკითხს ძალიან დიდი დაფიქრება სჭირდება. ჩვენთან დადგა საკითხი ძველ ქართულ ენაზე დაწერილი ტექსტების ახალ ქართულად გადმოკეთებისა. თუკი ეს საჭიროა, მაშინ ახალ ქართულ ენაზე მოღვაწე პოეტებმაც რომ დაწერონ საგალობლები თანამედროვე ქართულით, განა სწორი არ იქნება? თანამედროვე მკითხველი ისედაც ძალიან ცოტავდება და მით უმეტეს, სულ უფრო მცირდება ძველ ქართულ ენაზე დაწერილი წიგნების მკითხველთა რიცხვი.

- საეკლესიო მწერლობის ამ დარგის განვითარება რამდენად შეუწყობს ხელს ჩვენი ეკლესიისა და ქვეყნის წინსვლას?

- დღესდღეობით ახალგაზრდობის დიდი ნაწილი აქტიურად მონაწილეობს ჩვენი ეკლესიის სულიერ ცხოვრებაში, შენდება ეკლესიები, იზრდება მრევლი, რადგან ეკლესია თავისთავად არის სიყვარული, სიყვარულზე აშენებული საქმე კი ყოველთვის კარგია და ნათელი, ამიტომ ჩვენი ეკლესიის მომავალი ამ სიყვარულს უნდა დაეფუძნოს. ეკლესია ქადაგებს სიმშვიდეს, გონიერებას, უფროსისადმი პატივისცემას, ებრძვის უზნეობას. ეს კი ქმნის იმის აუცილებელ პირობას, რომ ჩვენი ახალგაზრდობა იყოს მაღალი ზნეობით გამორჩეული, წიგნის მოყვარული.

საგალობლები, რომლებიც დღეს იწერება, სწორედ იმ განწყობისა და ზნეობის ადეკვატურია, რომელიც საუკუნეების მანძილზე არსებობდა ჩვენში. არ შეიძლება, კაცმა ამას იმედის თვალით არ შეხედოს და მხარი არ დაუჭიროს თანამედროვე ჰიმნოგრაფთა შემოქმედებას. წმინდანთა განდიდება, მათთან ლოცვითი კავშირი და მათი შემწეობა წაადგება ჩვენს ეკლესიას, თითოეულის სულს, ეკლესიის წარმატება კი ჩვენი ქვეყნის წარმატებაცაა.
ბეჭდვა
1კ1