წმინდანთა გამოსახულებებზე ვერსად ნახავთ მატერიისთვის დამახასიათებელ შუქჩრდილს
წმინდანთა გამოსახულებებზე ვერსად ნახავთ მატერიისთვის დამახასიათებელ შუქჩრდილს
რა არის დამახასიათებელი ქრისტიანული მხატვრობისათვის, რა თავისებურებებით გამოირჩევიან წმინდანთა გამოსახულებები და რას ესმება ხაზი მათი გადმოცემისას? აი, ამ საკითხებზე გვესაუბრება ხელოვნებათმცოდნე, საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრის ხელოვნების დეპარტამენტის თავმჯდომარე, თბილისის სასულიერო აკადემიის პედაგოგი ნანა ბურჭულაძე.

- არსებითად რა განასხვავებს ქრისტიანულ ხელოვნებას რეალისტური ხელოვნებისგან ამ ცნების საერო გაგებით? როგორ რეალობას გვაწვდის ქრისტიანული მხატვრობა?


- ქრისტიანული ხელოვნება წმინდა, საღვთო ხელოვნებაა. მასში ყველაფერი უჩვეულოა, არაჩვეულებრივი, ღვთაებრივი. რეალობა ამ შემთხვევაში განსხვავებულია. ხელოვნებაც, რომელიც მხატვრული ფორმებით ასახავს იმ შინაარსს, რაც წმინდა წერილსა და, საზოგადოდ, ღვთისმეტყველებაშია ჩადებული, შესაბამისად, გამოსახულებები, რომლებსაც ხატებზე ვხედავთ, ერთი შეხედვით თითქოს მიუღებელია ადამიანის თვალისთვის. გაურკვეველია, რატომ არის ეს ფიგურები ბრტყელი, არაპროპორციული. ზოგ შემთხვევაში კომპოზიციის რომელიმე დეტალი თითქოს არასწორი კუთხით არის დანახული.

პირობითობა, გადატანითი მეტყველება, იგავური, მინიშნებითი, სიმბოლური თხრობა ქრისტიანული ხელოვნებისთვის არის დამახასიათებელი. ქრისტიანული მხატვრობა წმინდანებს გამოსახავს, ისინი კი არ შეიძლება ისეთივე ხორციელი სახით იყვნენ სასუფეველში, როგორითაც ჩვენ ვართ ამ ქვეყანაზე. ამიტომაც ადამიანის სხეულის ფორმა რეალურს უნდა იყოს მიმსგავსებული, მაგრამ არ უნდა იგრძნობოდეს სხეულის მოცულობა, ხორციელება. ეს გამოსახულებები ხშირ შემთხვევაში ბრტყელია, თუმცა, რა თქმა უნდა, მინიშნებით იმ რეალურისა, რომელსაც ადამიანის გამოსახულება შეიცავს. წმინდანები იყვნენ ადამიანები და განიღმრთნენ, საპირისპიროდ უფლისა, რომელიც ღმერთი იყო და განკაცდა. ამ გამოსახულებებში ადამიანურისა და ღვთაებრივის ეს კავშირია შერწყმული. სწორედ ეს განაპირობებს იმ განსაკუთრებულ სამეტყველო ენას, რაც არის დამახასიათებელი ქრისტიანული ხელოვნებისთვის, მათ შორის - წმინდანთა გამოსახულებებისთვისაც.

- გარდა სიბრტყობრიობისა, კიდევ რა არის დამახასიათებელი წმინდანთა გამოსახულებებისთვის?

- წმინდანთა გამოსახულებებისთვის დამახასიათებელია სტატიკურობაც. სახარების ენას განსაკუთრებული, არაამქვეყნიური სიმშვიდე ახასიათებს. ასეთი უნდა იყოს ქრისტიანული ხელოვნებაც და, შესაბამისად, წმინდანთა გამოსახულებაც. ამიტომ ის სტატიკურობა, რომელიც კლასიკური ხანის ძეგლებში გვხვდება, მართებულია.

რაც უფრო ახალგაზრდავდება ხელოვნება, მით უფრო მეტად ხდება წილნაყარი დასავლეთევროპულ ხელოვნებასთან. მასში შედის მოძრაობა, დინამიზმი. XIV საუკუნეში აჟიტირებული სტილიც კი არსებობდა საერო მხატვრობაში. ქრისტიანული გამოსახულებები არასოდეს ყოფილა ასეთი. ხორცის, მატერიის ნიველირება იქიდანაც ჩანს, რომ წმინდანთა გამოსახულებებზე ვერსად ნახავთ მატერიისთვის დამახასიათებელ შუქჩრდილს. მათგან ჩრდილი არ ჩნდება, რადგან სასუფეველში მიაუჩრდილებელი ნათელია. მათ მხოლოდ სხეულის პირობითი ნიშნით გვაჩვენებენ. სხეულს მიცემული აქვს დაახლოებით ისეთი ფორმა, როგორიც უნდა ჰქონდეს ხორცს. შესამოსელის ნაკეცების წყობაც პირობითად არის დაცული.

წმინდანთა გამოსახულებებისთვის დამახასიათებელია კიდევ ართი რამ: ისინი პორტრეტულია. მათზე გამოსახული თითოეული მოწამე კონკრეტული ადამიანია, თავისი ბიოგრაფიითა და გარეგნობით. ამდენად, ქრისტიანული ხელოვნება რეალისტური ხელოვნებაა, მხოლოდ ამ ცნების საეკლესიო გაგებით (სიტყვა "ხატიც" ბერძნულად სახეს, პორტრეტს ნიშნავს). თანამედროვე მხატვრები არცთუ იშვიათად ინდივიდუალიზმისკენ იხრებიან. ისინი ხატავენ წმინდანებს ისეთებს, როგორადაც თვითონ წარმოუდგენიათ. ქრისტიანული კანონიკის თანახმად კი წმინდანი უნდა დაიხატოს ისეთი, როგორიც იყო ანუ მისთვის დამახასიათებელი იკონოგრაფიული ნიშნებით. მაგალითად, იოანე ღვთისმეტყველი ახალგაზრდა, ენერგიულია იქ, სადაც მისი ისტორიაა გადმოცემული, და ჭაღარაა როგორც სახარებისა და აპოკალიფსის ავტორი.

- ადამიანის ფიგურის გამოსახვისას განსაკუთრებით რას ესმება ხაზი ქრისტიანულ მხატვრობაში და რატომ?

- ხაზი ესმება წმინდანის სახეს, უფრო ზუსტად, მეტყველ, გაფართოებულ თვალებს, რადგან თვალი არის "სანთელი გვამისა" და ეს ღრმა სულიერების მანიშნებელია. ხშირად წმინდანის ამქვეყნიური მოღვაწეობის გადმოსაცემად გადიდებულია ხელები. ყველას გვახსოვს ოპიზის ცნობილი რელიეფი, სადაც აშოტ კურაპალატს ხელთ უპყრია ოპიზის ტაძარი, რომელსაც აღსაყდრებული მაცხოვარი აკურთხებს. მაცხოვრის ხელი უზარმაზარია, არაპროპორციულად დიდი, რადგან ამ შემთხვევაში ყურადღება გამახვილებულია ტაძრის კურთხევის ფაქტზე.

ხანდახან წმინდანებს გადიდებული აქვთ ყურები, რაც უფლის სიტყვისადმი სმენის მიპყრობას ნიშნავს.

- წმინდანის გამოსახვისას იმასაც აქვს მნიშვნელობა, რა ადგილი უკავია მას წმინდანთა იერარქიაში ან როგორი იყო მისი ცხოვრებისეული ღვაწლი და აღსასრული. ერთმანეთისგან მათ გამოსარჩევად იყენებენ ცალკეულ დეტალებს, ატრიბუტებს, რითაც შეიძლება ისინი ამოვიცნოთ. როგორია ეს ატრიბუტები და შესამოსლის ფერთა სიმბოლიკა?

- მაგალითად, მოწამის ეჭვშეუტანელი გამოსაცნობი ატრიბუტებია წაგრძელებული მეწამული ჯვარი, რომელიც გოლგოთის ჯვარს მოგვაგონებს. მოციქულებისთვის დამახასიათებელი ატრიბუტია გრაგნილი ან წიგნი. მღვდელმთავართა, წმინდა მამათა ატრიბუტებზე საუბარი ცოტა რთულია, ისინი უმთავრესად შესამოსლის ნაწილებით (ფილონით, ომოფორით) გამოირჩევიან. ბერ-მონაზვნებს გამოარჩევთ შესამოსელი, რომელიც შუა საუკუნეებში უფრო ნათელი ფერისა იყო, შემდეგ კი უპირატესობა შავს მიენიჭა. მესვეტეები გამოირჩევიან იმით, რომ თეჯირით, სვეტის მოაჯირით არიან შემოსაზღვრულნი.

ქრისტიანულ ხელოვნებაში არსებობს საქტიტორო პორტრეტებიც, რომლებიც ისტორიული თვალსაზრისით ყველაზე ცვალებადია, რადგან სხვადასხვა ეპოქაში სხვადასხვა შესამოსელი ეცვათ.

მოწამეთა სამოსელში მოწამებრივად დაღვრილი სისხლის ნიშნად მეწამული ფერი ჭარბობს, თუმცა წითელი სხვა შემთხვევაშიც გამოიყენება. მაგალითად, იოანე ღვთისმეტყველის მოსასხამი მოვარდისფრო-წითელია, რადგან იოანე გამოცხადების ავტორია (მეორედ მოსვლასთან არის დაკავშირებული). მოსე მამამთავრის მოსასხამში თეთრი წითელში გადადის. ფერთა ასეთი თამაში შინაარსიდან გამომდინარეობს, რადგან მოსემ იხილა მაყვლის შეუწველი ბუჩქი, რომელსაც ცეცხლი ეკიდა.

- რა ფერია შარავანდი და როგორი დატვირთვით გამოიყენება წმინდანთა გამოსახულებებში?

- უპირველეს ყოვლისა, შარავანდი ოქროსფერია, რადგან ოქრო არის უქრობი, ღვთაებრივი, მარადიული ნათლის ფერი. სწორედ ასეთი სინათლეა სასუფეველში. თუმცა შარავანდი თეთრიც შეიძლება იყოს, რადგან თეთრი ნათლის, სისპეტაკის ფერია. გვხვდება ვარდისფერ-მოწითალო შარავანდიც - მასზე თითქოს განკითხვის დღის, მეორედ მოსვლის ცეცხლის ანარეკლია გამოსახული; ცისფერიც - იგი ზეცის, საღვთო საიდუმლოს ფერია; მწვანეც - მარადიული სიცოცხლის, აღდგომის ფერი. მწვანე სასუფევლის ფერადაც მოიაზრება: "ადგილსა მწვანილოვანსა დამამკვიდრა მე" (ფს. 22).

KARIBCHE
- ვიცით, რომ ხატმებრძოლობის ეპოქა რომ დასრულდა, შეიქმნა ტაძრის მოხატულობის სისტემა, შემუშავდა კანონები, როგორი უნდა ყოფილიყო ეს სისტემა. რა თანმიმდევრობით ლაგდება მოხატულობანი ტაძრის კედლებზე?


- ბიზანტიური სისტემის მიხედვით, გუმბათზე გამოისახება მაკურთხებელი მაცხოვარი (პანტოკრატორი), რომელიც ზემოდან დაჰყურებს სამყაროს. თუმცა ქართულ ეკლესიებში მაცხოვრის გამოსახულებებს ცვლის ჯვრის ამაღლების გამოსახულება, რაც ქართლის მოქცევის ისტორიას უკავშირდება. საკურთხევლის კონქში გამოისახება ღვთისმშობელი ყრმით მთავარანგელოზთა შორის.

საქართველოში უპირატესობა ენიჭება ვედრების გამოსახულებას, რომელშიც აღსაყდრებული მაცხოვრის ცალ მხარეს ღვთისმშობელი დგას, მეორე მხარეს - იოანე ნათლისმცემელი და ისინი მეორედ მოსვლის ჟამს უფალს ავედრებენ კაცობრიობას. ქვემოთ იერარქიულად მოდის მოციქულთა რიგი, ცალკე მდგომი მოციქულები ან ზიარების სცენაში ჩართული მათი გამოსახულებები. უფრო ქვემოთ გამოსახავენ ეკლესიის მამებს, მღვდელმთავრებს. ეს გამოსახულებებიც და მათი განაწილებაც ტაძრის ლიტურგიკულ ფუნქციას მიესადაგება - საკურთხეველში ხდება ღვთისმსახურება, წმინდა ძღვნის კურთხევა და შეწირვა. ამიტომ ქვედა რეგისტრში გამოსახული ეკლესიის მამები ახლოს არიან საკურთხეველში მყოფ რეალურად მოქმედ მამებთან, მღვდელმსახურებთან. თითქოს ზეციური ეკლესია ერთვება მიწიერი ეკლესიის ქმედებაში.

ეკლესიის მამებს ხელთ უპყრიათ გრაგნილები, სადაც ლიტურგიკული ტექსტებია დაწერილი და ტრაპეზისკენ არიან მიმართულნი, რათა წირვაში მონაწილეობა მიიღონ.

რაც შეეხება ტაძრის დარბაზს, მისი მოცულობის მიხედვით განისაზღვრება რეგისტრები. ზედა ნაწილები ეთმობა ახალი აღთქმის სცენებს, ქვედა რეგისტრებში წარმოდგენილნი არიან ცალკე მდგომი წმინდანები (ზოგადქრისტიანული თუ ეროვნული მნიშვნელობისა). აქვე არიან მოწამეები, ღირსი მამები, ქვემოთ კი საქტიტორო პორტრეტებია.
ბეჭდვა
1კ1