"შენ ხარ ვენახი"
"შენ ხარ ვენახი"
ქართული ჰიმნოგრაფიის შედევრია დემეტრე-დამიანეს (1150 წ.) ცნობილი იამბიკო: "შენ ხარ ვენახი, ახლად აღყვავებული, მორჩი კეთილი, ედემში დანერგული, ალვა სულნელი, სამოთხით გამოსრული, ღმერთმან შეგამკო, ვერავინ გჯობს ქებული, და თავით თვისით მზე ხარ გაბრწყინვებული".

ესაა ღვთისმშობლის სადიდებელი. როგორც ცნობილია, ამგვარი ციკლი ფართოდაა გავრცელებული მთელს ქრისტიანულ მწერლობაში. არსებობს ვედრების ციკლიც, რომელიც არანაკლებ გავრცელებულია.

შეწევნისათვის ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს ანგელოზებზე ხშირადაც კი მიმართავდნენ ხოლმე, რადგან ისაა შუამავალი ადამიანსა და მაცხოვარს შორის (როგორც ეს "ვედრების" ანუ "დეისისის" ფრესკულ კომპოზიციებზეა, სადაც იოანე ნათლისმცემელიც გამოისახება).

დემეტრე-დამიანეს იამბიკოს თითქმის ყველა სახე საღვთო სახელებადაც გვხვდება, მაგალითად, "ვენახი"; ამიტომ იამბიკოს პირველივე ფრაზა "შენ ხარ ვენახი" სახარების სიტყვებს ეხმიანება ("მე ვარ ვენახი და მამაი ჩემი მოქმედ არს"), "მორჩი კეთილი" - ფსალმუნს, "მზე გაბრწყინვებული" - სახარებას.

შეიძლებოდა გვეფიქრა, რომ "თავით თვისით მზე გაბრწყინვებული" ნიშნავს მზიური ბრწყინვალების თავისთავადობას, არა სხვისაგან მოფენას, არამედ თავის თავში ნათლის ქონებას, "თვითბრწყინვალებას", მაშინ ეს ღვთის ნიშანი იქნებოდა. მაგრამ მართებულია თუ არა, რომ ასეთი ნიშნები მხოლოდ და მხოლოდ ღვთაებას მიეწეროს და არა ღვთისმშობელს? როგორც ჩანს, არა!

საამისო მაგალითები როგორც ქართულ, ასევე ბიზანტიურ მწერლობაში მრავლადაა.

არსებობს წმინდა იოანე დამასკელის "სიტყუა შობისათვის ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღვთისმშობელისა" (ღვთისმშობლის დღის, 8 სექტემბრის საკითხავი). აქ ნათქვამია:

"ვენახი რქაშუენიერი ანაისგან აღმოსცენდა და ტევანი სიტკბოებისა აღყუავილნა" (ძველი მეტაფრასული კრებულები, სექტემბრის თვის საკითხავები, ნარგიზა გოგუაძის რედ. 1986, გვ. 121). აქ "ვენახი რქაშუენიერი" გამოხატავს ღვთისმშობელს, რომელიც ანასგან (და იოაკიმისაგან) აღმოცენდა. იგულისხმება, რომ იგია "მორჩი" (ანუ ყლორტი), რადგან მან "ტევანი სიტკბოებისა აღაყვავილა". დემეტრე-დამიანესთან "ვენახია აღყვავებული", ვენახი კი (ანუ ვაზი) თავისი მტევნის ყვავილობით ყვავილობს. "ტევანი სიტკბოებისა" ღვთისმშობლისაგან შობილი ძე ღვთისაა. ანდრია კრიტელის საკითხავშიც "შობისთვის ღვთისმშობლისა" "ვენახია" სახე ღვთისმშობელისა და "ტევანი" - მისგან შობილი ძე ღვთაებისა: "კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის, საიდუმლოო და ღმრთივდასხმულო ვენახო, რომელი მდიდრად მიმოდაეფინე საზღუართა ეკლესიასათა და ტევანი იგი მწიფე უხრწნელებისა საშოით შენით აღმოგვიცენე" (იქვე, გვ.147).

"აკათისტოს" ("დაუჯდომელის") V გალობაში იკითხება: "ხმობდა ღვთისმშობლისა მიმართ: გიხაროდენ, ვაზო მორჩისა და უჭკნობელისაო".

იოანე მინჩხი ასე უგალობდა ღვთისმშობელს:

"ღვთისმშობელსა ვადიდებდესთ - მშობელსა და ქალწულსა, დედასა მეუფისასა, ვენახსა გონიერსა, ტაძარსა პირმეტყუელსა, ტაკუკსა მას სულიერსა, სადგურსა მანანაისასა, ღრუბელსა სავსესა ნათლითა, მაგრილობელსა სულთა ჩუენთასა, საღმრთოსა მას ზღუდესა, მტკიცესა, მცველსა ყოვლისა სოფლისასა".

თითქმის ყველა აქ წარმოდგენილი სახელი ღვთისმშობლისა და მათ შორის "ვენახიც" არის თეოდორე სტუდიელისა და ანდრია კრიტელის საკითხავებში. ისინი ემყარება "შესაქმის" წიგნის წინასწარმეტყველურ ხილვას: "ძილსა შინა ვხედავდ და იყო ვენახი ჩემსა და ვენახსა მას სამნი ძირნი და იგი აღმოცენდა და აღმოორძინდა მორჩი და მწიფე იყვნეს ტევანნი იგი ყურძნისანი" (შესაქმისა, 40:10).

ასე რომ, "ვენახი" (ანუ ვაზი) ღვთისმშობლის ფრიად გავრცელებული "სახელია". მტევნებიანი ვაზი ღვთისმშობელსა და მაცხოვარს გამოხატავს. "აღყვავებული ვენახი" მოასწავებს ვაზის მტევნის გამოსვლას, ე.ი. მაცხოვრის ჩასახვასა და შობას, ამიტომაც ამ მტევნიდან გამოსული ღვინო ევქარისტიაში მაცხოვრის დათხეულ სისხლთან ზიარებას გამოხატავს.

ასეთია სახისმეტყველებითი შინაარსი დემეტრე-დამიანეს იამბიკოს პირველი სტრიქონისა. ამასვე გამოხატავს ქართულ ტაძრებზე მტევნებიან ნაქანდაკართა სიმბოლური შინაარსი (მაგალითად, ანანურის ტაძრის დასავლეთ კედლისა). ასეთივე შინაარსი აქვს უმთავრეს ქართულ სიწმინდეს - ჯვარს ვაზისას.

ღვთისმშობლის სახისმეტყველებითი სახელია "მორჩიც" და აქედან - "მორჩი კეთილი". ანდრია კრიტელი ღვთისმშობელს ასე მიმართავდა: "გიხაროდენ, კუერთხო აჰრონისაო, ძირო იესესო, მორჩო დავითისაო". ღვთისმშობელი გენეალოგიით დავით წინასწარმეტყველის მორჩი, ყლორტი ანუ შტოა. დავით გურამიშვილი დავით წინასწარმეტყველის შესხმაში ამბობს: "ვაქებ მიტომა, დავითის შრტომა ზედ გამოიბა კარგი ყურძენიო" ("დავითის შესხმა პირველი". "დავითიანი").

ანდრია კრიტელის ღვთისმშობლისადმი მიძღვნილ სხვა საკითხავში ნათქვამია: "მცენარე უწოდს მორჩსა და მორჩად ვისმცა სხუასა გულისხმაჰყოფდ, საყუარელო, ანუ თუ ცხად არს, ვითარმედ საკუთრად შედრგინებით მხოლოსა მას წმიდასა და წმიდათა ყოველთა უწმინდესსა ყოვლად ყოვლითურთ წმიდად გამოჩინებულსა მას შორის და დამკვიდრებულსა მისდა უბიწოდ სულით და ხორცით, მარიამს ვიტყვი, დიდსა მას და ნამდვილვე სამსახურებელსა სახელსა სიტყვითცა და საქმითცა წინასწარმეტყუელებრივსა ძირსა, კუერთხსა იესესსა, მარადის ყვავილოვანსა მორჩსა იუდაისსა". აქ ღვთისმშობლის გენეალოგია იუდამდე, იაკობის ძემდეა მიყვანილი:

ღვთისმშობელი წინასწარმეტყველებრივი ძირისაა.

დემეტრე-დამიანეს სიტყვებით, ღვთისმშობელია "მორჩი კეთილი", სხვაგვარად, ძირითვე სიკეთეა მასში და, ამასთანავე, მარადიულ ბედნიერებასაა ნაზიარები - "ედემსაა დანერგული". ამ სტრიქონს შემდეგი გააზრებაც ახლავს: ღვთისმშობელი ქრისტიანულ მწერლობაში უპირისპირდება ევას, რომლის ბრალითაც პირველი ადამიანი სამოთხეს მოაკლდა, ხოლო ღვთისმშობელი სამოთხის მკვიდრი გახდა.

ამავე აზრს უკავშირდება იამბიკოს III სტრიქონიც ("ალვა სულნელი, სამოთხით გამოსრული").

საზოგადოდაც და ქართულ ჰიმნოგრაფიაშიც ძალზე ხშირად გვხვდება შემდეგი გააზრება: ღმერთმა ყველა დედათა შორის გამოარჩია მარიამი, რათა ის გამხდარიყო ღვთისმშობელი. განკაცება თვით ღვთაების ნება იყო და ეს სასწაული ღვთისმშობელს ყველას წინაშე ამაღლებს. ამიტომაც წერდა დემეტრე-დამიანე: "ღმერთმან შეგამკო, ვერვინ გჯობს ქებულიო". ეს სტრქონი კარგად ცხადყოფს, რომ მთელი იამბიკო საღვთისმშობლოა. "ღმერთმა შეგამკოო" - სწორედ ღვთისმშობელზე ითქმის, რადგან ღმერთმა აქცია იგი ღვთის მშობლად და თავისი შვილობით გააღვთისმშობლა იგი. შვილი გახდა ის, ვინც დაბადებამდეც არსებობდა და ვინც თავის მშობლამდეც არსებობდა. ყოველთა ქებულთაგან ღვთისმშობელს ამიტომაც ვერვინ სჯობს, რომ ღმერთმა "შეამკო", ღვთაებრივმა წყალობამ დაამშვენა იგი.

"უფალო, მესმისას" ღვთისმშობლისანის ძლისპირში ვკითხულობთ: "ვერ მისწუდების გონებაი ჩუენი ჯერისამებრ ქებად შენდა, უზეშთაესო დიდებისაო, ასულო დავითისო, ღვთისმშობელო ქალწულო".

ყველა ეს გააზრება სახარების სიტყვებიდან მომდინარეობს.

"თქუა მარიამ: ადიდებს სული ჩემი უფალსა და განიხარა სულმან ჩემმან ღმრთისა მიმართ, მაცხოვრისა ჩემისა, რამეთუ მოხედნა სიმდაბლესა ზედა მხევლისა თვისისა. რამეთუ აჰა, ესერა, ამიერიდან მნატრიდნენ მე ყოველნი ნათესავნი" (ლუკა 1:46-]48). ცნობილია, რომ ამ მოტივის მიხედვით აიგებოდა ხოლმე საგალობელთა სისტემის ანუ კანონის მეცხრე გალობა, ე.წ. "ადიდებდითსა".

მთელი ეს შინაარსი საყურადღებოა იმითაც, რომ ამ ბოლოსწინა სტრიქონის სტრუქტურულ ფუნქციას განსაზღვრავს, აქაა ღვთისმშობლის ერთადერთობის მოტივი. ასე მზადდება კანონის მეცხრე გალობა, ე.წ. "ადიდებდითსა".

მაშასადამე, დემეტრე-დამიანეს იამბიკოს მეოთხე სტრიქონი ამზადებს მეხუთეს, ვითარცა დასასრულს.

დასასრულში კი, როგორც აპოთეოზში, სწორედ ღვთისმშობლის ერთადერთობის მოტივია მთელი სიძლიერით გამოხატული: "და თავით თვისით მზე ხარ გაბრწყინვებული". ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ერთადერთობა გამოხატულია "მზით".

ანდრია კრიტელი ერთ-ერთ ზემომოხმობილ საკითხავში ჩამოთვლის ღვთისმშობლის "სახელებს" ("სახელ-დებას"). მათ შორისაა "მზე". ამასთანავე "მზე" საღვთო სახელიცაა, რაც მთელ ქრისტიანულ მწერლობასთან ერთად ხშირად ძველ ქართულ მწერლობაშიც გვხვდება (ვ. ნოზაძე, ვეფხისტყაოსნის მზისმეტყველება). ღვთისმშობელი "მზეა გაბრწყინვებული", რადგან იგი ღვთაებრივი ნათლით ბრწყინავს. მაგრამ განმარტოებას ითხოვს "თავით თვისით". ამ სიტყვებით "თვითბრწყინვალება" ხომ არაა გამოხატული, მსგავსი ღვთაების თავისთავში განსაზღვრულობისა? (შევადაროთ, მაგალითად "თვითერთი"). როგორც ირკვევა, ასეთი ვარაუდი არ მართლდება. ილია აბულაძე განმარტავს: "თავი თვისი - სული თვისი, გული თვისი", გული, გონება, "სული" (ძველი ქართული ენის ლექსიკონი, 1973). ამ განმარტებიდან ჩანს, რომ "თავით თვისით" გულისხმობს არა მაინცდამანც იმანენტურ ბუნებას, არამედ სულს, გულს, ან გონებას, თუმცა ცნობილია ისეთი შემთხვევებიც, როცა "თავით თვისით" ნიშნავს - "თავისთავად, თავისი ნებით" (ე. ჭელიძე). მარკოზის სახარების (5:30) სხვადასხვა რედაქციაში ერთმანეთს ენაცვლება ორგვარი სიტყვახმარება: "იესუ გულისხმა-ყო თავით თვისით" და "ცნა იესუ გულსა თვისსა". სწორედ ამნაირად უნდა გავიგოთ "თავით თვისით" დემეტრე-დამიანეს იამბიკოს დასასრულს. ამიტომ მთელი სტრიქონი შემდეგ შინაარსს იძენს: თავისი გულით (ან სულით) მზე ხარ გაბრწყინვებულიო. იამბიკოს დასაწყისი და დასასრული ერთმანეთს აშინაარსიანებს. ღვთისმშობელია "ვენახი" და ღვთისმშობელივეა "მზეც". სიმბოლურად "ვენახი" და "მზე" ერთმანეთს გულისხმობს. სახისმეტყველებით "ვენახი" "სისავსის სიჭარბეს" მოასწავებს. "ვენახს" ამ სისავსეს "მზე" ანიჭებს. "ვენახი" მზითაა აღვსილი, როგორც ღვთისმშობელი - ღვთაებრიობით. ამიტომ ყოვლადწმინდა მარიამი თავისი ღვთისმშობლობით თავისავე თავს სჭარბობს. ვენახი ყვავის მზის ბრწყინვალებით, ღვთისმშობელი - ღვთაებრივი ნათლით.

ასეთი ფუნქციის მატარებელია პირველი და ბოლო სტრიქონის სტრუქტურული სიმეტრია: შენ ხარ ვენახი და შენ ხარ მზე. ეს ფუნქცია მხატვრულია, მაგრამ არა ოდენ მხატვრული, არამედ ზე მხატვრულიც. ღვთისმშობლის წარმოდგენა ისეთი სახეებით, რომლებიც საღვთო სახელებადაც გვხვდება, ყოვლისმომცველ უნივერსალიებთან ზიარებას გულისხმობს.

რევაზ სირაძე
ბეჭდვა
1კ1