ნიკოლოზი
ნიკოლოზი
უცნაურია დროის მსვლელობა. რაც ერთ დროს კანონად და დოგმად ითვლება, რამდენიმე ხანში მთლიანად კარგავს თავის ძალას და სასაცილოც კია, თუმცა ყოველი მონაკვეთი ისტორიისა თავის დროზე ამტკიცებს თავის სიმართლეს და ერთადერთობას, თანაც ცდილობს თვითდამკვიდრებას.

ყაზბეგში, ერთ-ერთი ფილმის გადაღებისას, გადამღები ჯგუფის შემოქმედებით კოლექტივს ერთიმეორეში ჩხუბი მოუვიდა.

რეჟისორი ამტკიცებდა, რომ გადასაღები სცენის დროს ხევისბერს უნდა გამოებრძანებინა თამარ მეფის ან რომელიმე ქართველი ერისკაცის სურათი.

მხატვარი სხვა აზრისა იყო. მას საჭიროდ მიაჩნდა, რომ ამ შემთხვევაში ქრისტეს, წმინდა გიორგის ან რომელიმე მთის სალოცავის ხატი უნდა გამოებრძანებინა ხევისბერს.

სცენარის ავტორი საბრძოლო დროშას მოითხოვდა (თუმცა მთლად ავტორი არ იყო, ავტორად ითვლებოდა).

რომ ვერ შეთანხმდნენ, გაიკითხეს ხალხში და იმათ უკვე აღარაფერი იცოდნენ ძველი დროის შესახებ. ბოლოს ხალხმა ერთი ბებერი მოხევე გაიხსენა, სახელად ახალა.

ახალა ას წელს გადაცილებული იყო. კარგა ხანი იყო, რაც ლოგინად ჩავარდნილს მზის სინათლე აღარ ენახა. თვალადაც აკლდა ახალას, სმენაც ღალატობდა.

- ახალავ! - ჩასძახა მეზობელმა მოხევემ.

- რაი? - ამოიჩიფჩიფა ახალამ.

- ძველი დრო გახსოვს?

- აბაიმე, რად არ მეხსომება?! - გაიკვირვა ახალამ.

- აემეების ერთი რაიმ აინტერესებს ძრიალ, - კინოს ხალხზე მიუთითა მოხევემ ახალას.

- რაი? - იკითხა ახალამ.

- თაოდ გეტყვიან...

ახალაი მოემზადა, ხელი მიიდო ყურთან.

- სკითღეღა, - თქვა მოხევემ.

- მოკვეთის დროს ხევისბერი რო დაარისხებდა, ის თუ გახსოვს? - ჩაჰყვირა რეჟისორმა ახალას.

- ჰაი, ჰაი, რო მახსოვს, - დაიჩიფჩიფა ახალამ.

- დარისხების დროს ეკლესიიდან ხომ ხატს გამოაბრძანებდა ხოლმე ხევისბერი? - ჩაჰკითხა რეჟისორმა.

- ჰაი, ჰაი, რო ხატსა! - თქვა ახალამ და პირჯვარი გადაიწერა.

- მერე და ვინ იყო იმ ხატზე გამოსახული?

- როგორ თუ ვინა? - გაიკვირვა ახალამ.

- თამარ მეფე თუ დავით აღმაშენებელი?

- ეეე, შენ რას კარნახობ, თვითონ თქვას, - გაბრაზდა მხატვარი.

- იტყვის, როგორ არ იტყვის, - თქვა იქ მყოფმა ახალგაზრდა მოხევემ და ახალას ჩასძახა:

- თქვი, ძიავ, თქვი.

- რაი ვთქო? - დაავიწყდა ახალას.

- ხატზე ვინ ეხატა?

- როგორ თუ ვინა? - ისევ გაიკვირვა ახალამ.

- ძიავ, ვინ ეხატაო, ვინაო?

- ნიკოლოზი, - თქვა ახალამ.

- ვინაა! - ახლა რეჟისორმა ჰკითხა.

- ნიკოლოზი! - ისევ გაიმეორა ახალამ.

მერე დუმილი ჩამოვარდა.

ახალაი გაკვირვებით ათვალიერებდა "ახალ ხალხს", რომელთაც ძლივს ხედავდა.

ისე კი, დიდი სურვილი ჰქონდა დაენახა, რა ხალხი იყო, რომელთაც არ იცოდნენ, რომ ხატზე ნიკოლოზი ეხატა.

რომ ვერ გაარჩია მის გარშემო მყოფნი, ეტყობა, თავი სიზმარში ეგონა და ხელი ჩაიქნია.

მერე კედლისაკენ გადაბრუნდა.

ვერ გაიგებდი, ვის ან რას შეაქცია ზურგი.

გოდერძი ჩოხელი
ბეჭდვა
1კ1