მიტირე მერე (მიხა ხელაშვილი - თავის დას, სალომე კაკაბლიშვილს)
მიტირე მერე (მიხა ხელაშვილი - თავის დას, სალომე კაკაბლიშვილს)
"მკვდარ ძმას დის ცრემლი უხდება"
ვაჟა-ფშაველა


ჩამომაყოლე ხერხემალზე ფერმკრთალი ხელი...
მტკივნეულია... ყვავ-ყორანმა სამ კვირას ფლითა...
ერთ დიდ ხურჯინში ჩაგეტევა ძვალ-ხორცი მთელი,
გზად ჩემი სული გიმეგზურებს უჩინრად ცითა.
საგულდაგულოდ ამომკრიფე სისხლის გუბიდან,
თმიდან თოვლ-მიწა ჩამომყარე სულის შებერვით.
სისხლგაყინულს და სუნთქვაშეკრულს ცრემლი ნუ გინდა.
ნაცადი მყავხარ, ვერ დაგაფრთხობს ღამე თებერვლის.
გადამახვიე დედის ნაქსოვ რუხ-წითელ ფლასში.
მთა-მთა იარე, არ აჩქამდე, ეგ დროც მოგივა.
გუშინ ქარივით ჩიტ-პეპელა, დღეს ქვა-კლდის მსგავსი
მშობელ მიწას რომ ამომიგებ თბილად ლოგინად.
მიტირე მერე, ჩამოიმხე თავზე ცარგვალი...
ისე მიტირე, ცა და ხმელი ცოდვით შეიძრას.
ჭირისუფალი მეყოლება ხვალე ჩარგალი, --
ხვალე პოეტად დაბრუნდება ფშავში შენი ძმა...

ლექსის ავტორი მარიამ ხუცურაული
..............................

სურათზე: მიხა ხელაშვილის და-სალომე და მიხას საფლავი ჩარგალში
ბეჭდვა
1კ1