კორნელი კეკელიძე- იოანე საბანისძე-ავტორი წმინდა აბოს მარტვილობისა.
კორნელი კეკელიძე- იოანე საბანისძე-ავტორი წმინდა აბოს მარტვილობისა.
მერვე საუკუნის გასულს თბილისში აწამეს ერთი გაქრისტიანებული არაბი, აბო. ხალიფა მანსურის წინაშე დააბეზღეს ქართლის ერისთავი ნერსე, ის დაიბარეს ბაღდადში და 772 წელს ციხეში ჩასვეს. როდესაც გამეფდა მანსურის ძე მაჰმადი, იმან ნერსე გაათავისუფლა და თბილისში გამოისტუმრა. ნერსეს თან წამოყვა არაბი აბო, რომელმაც სურნელებისა და საცხებელთა შემზადება იცოდა. აქ მან ზედმიწევნით გაიცნო ქრისტიანობა და ქრისტიანთა ზნე-ჩვეულება. ნერსე იძულებული შეიქნა ქართლი მიეტოვებია და თავისი ამალით, რომელიც 300 კაცისაგან შედგებოდა, გამგზავრებულიყო ხაზარეთს. მას თან გაჰყვა აბოც. აქ მან ნათლისღება მიიღო. აქედან ნერსე გადავიდა აფხაზეთს, ესე იგი დასავლეთ საქართველოში, სადაც მისი ოჯახობა იმყოფებოდა. მას აბოც თან წაყვა. იქიდან ნერსესთან ერთად დაბრუნდა თბილისს, სადაც არაბებმა ის ამირასთან დააბეზღეს, რომ "მამული სჯული" მიატოვა და ქრისტიანობა მიიღო. აბო დაიბარეს, ბევრს ეცადნენ გადმოებირებიათ, მაგრამ ვერას გახდნენ. ამიტომ, 785 წლის 27 დეკემბერს ის ჩასვეს საპყრობილეში, რომელშიაც მან დაყო ათი დღე. 786 წლის 6 იანვარს ის გამოიყვანეს ციხიდან და "კართა ზედა წმიდათა ორმეოცთა მარტჳრთა ეკლესიისათა" თავი მოჰკვეთეს, მერე მისი გვამი დაუდვეს ურემს, მიიტანეს  ადგილსა, რომელსაც ეწოდება "საგოდებელი", გადაასხეს ნავთი და დაწვეს, ხოლო ძვლები გაახვიეს ცხვრის ტყავში და მტკვარში ჩაყარეს. აბოს მოწამებრივ ღვაწლს ღრმა შთაბეჭდილება მოუხდენია თანამედროვეებზე და ამიტომ ძალიან ადრე, არაუგვიანეს მერვე საუკუნის გასულისა, მისი მარტვილობა აღუწერიათ კიდევაც. ეს თხზულება გამოსცა პირველად მ. საბინინმა[1], მეორედ - პ. კარბელაშვილმა[2], მესამედ - პროფ. კ. კეკელიძემ[3]. ავტორი ამ მარტვილობისა არის ვინმე იოანე საბანისძე[4], რომელიც თანამედროვე და თვითმხილველი, ამასთან დაახლოებული მეგობარი ყოფილა აბოსი. ეს, სხვათა შორის, ჩანს შემდეგი მისი სიტყვებიდან: "მეშინის მე დადუმებად, რომელ სანატრელითა მით ქრისტჱს მიერითა სიყუარულითა შემიყუარე მე, ვიდრე იყავღა სოფელსა ამას ჩუენსაო". ამ საქმისათვის მას ხელი მიუყვია შემდეგ პირობებში: თანამედროვე ქართლის კათოლიკოსს სამოელს (780 - 790 წწ.) აღძვრია სურვილი, "რაჲთა დაიწეროს სანატრელი ამისიცა მარტჳრობაჲ, ვითარცა პირველთა ქრისტჱს მოწამეთაჲ, და დაიდვას იგიცა წმიდასა კათოლიკე ეკლესიასა შინა მოსაჴსენებლად ყოველთა, ვინ იყვნენ შემდგომად ჩუენსა". ამ საქმეს, მისი რწმენით, შეასრულებდა მხოლოდ იოანე საბანისძე, რომლის "წადიერებაჲ ღმრთისმსახურებისათჳს, ღმრთივმიმადლებული მეცნიერებაჲ საღმრთოთა წიგნითაჲ და გულსმოდგინებაჲ კეთილთა საქმეთა მოღუაწებისათჳს უწყოდან ან იცოდა სამოელმა. ამიტომ მას გაუგზავნია ხსართან მღვდლის ხელით მისთვის ეპისტოლე, რომელშიაც, შენიშნავს რა: "შენ თჳთ უწყი ახლისა ამის მოწამისა სანატრელისა ჰაბოჲსი, რომელიც დღეთა მათ შინა ჩუენთა იმარტჳლა მეოხად ჩუენდა და ყოვლისა ამას სოფლისა ჩუენისა ქართლისათჳს", სთხოვს მას: "ჴელყავ სრულიად გამოთქუმად ჭეშმარიტად ვითარ იყო და ვითარ შენ თჳთ უწყი და აღწერე მარტჳრობაჲ წმიდისა მოწამისა ჰაბოჲსი და აღწერილი ჩუენ მოგჳძღვანენ. იოანეს, თანახმად ეპისტოლისა, დაუწერია შეკვეთილი თხზულება, რომელიც გაუგზავნია სამოელისათვის. მას თან დაურთავს საპასუხო წერილი, რომელშიაც ის მადლობას სწირავს სამოელს ასეთი საპატიო დავალებისათვის და შენიშნავს, რომ, თუმცა ეს საქმე ჩემს ძალ-ღონეს აღემატებოდა, მაგრამ ვერ გავბედე ურჩობა და, მსგავსად ჭინჭველისა, რომელიც თავისთავზე უდიდეს ტვირთს მოიდებს ხოლმე ზურგზე და მიათრევს, ხელი მოვჰკიდე ამ საქმეს "და აღვწერე უღირსისაგან გონებისა ჩემისა შემოკლებული მარტჳრობაჲ, ჭეშმარიტი და უტყუარი, წმიდისა მოწამისაჲ". ამნაირად, იოანე საბანისძეს ეს თხზულება დაუწერია სამოელ კათოლიკოსის შეკვეთითა და თხოვნით. ვინ იყო ეს იოანე, არ ვიცით. იმის თქმაც არ შეგვიძლია დანამდვილებით, სასულიერო პირი იყო ის თუ საერო.

სამოელის წერილში ერთი ადგილია: "მშჳდობაჲ იყავნ შენ ზედა და ყოველთა სახლისა შენისა კრებულთან, რომელიც კომენტარებს თხოულობს. "სახლისა შენისა კრებულთა" შეიძლება გავიგოთ ის, რომ სამოელს სახეში ჰყავს იოანეს ოჯახის წევრები, მისი ცოლ-შვილი. შეიძლება ისიც გავიგოთ, რომ "სახლად" ის უწოდებს "მონასტერს" და "კრებულად" მის ბერ-მონაზვნებს. მაშასადამე, პირველ შემთხვევაში იოანე იგულისხმება როგორც ოჯახის მამა, მეორეში - როგორც წინამძღვარი მონასტრისა. მაგრამ, თუ მხედველობაში მივიღებთ იმ გარემოებას, რომ სამოელი ისეთი მორიდებით, კრძალვითა და პატივისცემით მიმართავს იოანეს, რომელსაც ის უწოდებს "უფალს, სულიერად შვილად წმიდისა კათოლიკე ეკლესიისა და საყუარელსა თჳსსა", როგორითაც ის სასულიერო პირს, და მით უმეტეს ბერს, არ მიმართავდა, უფრო ახლოს ვიქნებით სიმართლესთან, თუ იოანე საბანისძეს ჩვენ მივიღებთ იმ დროს ყველასგან ცნობილ, განათლებულ საერო პირად, რომელიც "საღმრთოთა წიგნთა მეცნიერი" ყოფილა.

იოანე მართლაც რომ განათლებული და ნიჭიერი კაცი ყოფილა. ამას ნათელჰყოფს აღნიშნული მისი თხზულება, რომელიც წარმოადგენს არა შაბლონურ აგიოგრაფიულ ნაწარმოებს, რომელიც სავსეა საღმრთო წერილის ტექსტებით, განყენებული ასკეტიკურ-მორალური და რელიგიურ- დოგმატიკური მსჯელობით, არამედ გარკვეული გეგმით დაწერილ მხატვრულ ნაწარმოებს, რომელშიაც ავტორს იმდენად არ აქვს მიზნად აბოს პიროვნება დაგვისურათხატოს, მისი თავგადასავალი და გასამართლება-მარტვილობა გვიამბობს, რამდენად თვალწინ გადაგვიშალოს აზრი და მნიშვნელობა აბოს მარტვილობისა იმდროინდელ ქართველთათვის და მაშინდელი საქართველოს ცხოვრების ყოველი მხარე: პოლიტიკურ-სოციალური, სარწმუნოებრივ- ზნეობრვი და ეკონომიური. თავისი აზრის ცხოველსაყოფად ავტორი აქა-იქ პოეტურ სურათებსა და შედარებას მიმართავს ხოლმე, მაგრამ აქაც სასტიკ ზომიერებას იცავს და ყველაფერს მარტივად და გულწრფელად გვიშლის
თვალწინ.

თხზულება ოთხი თავისაგან შედგება. პირველი თავია "ღმრთისმსახურთა და მარტჳლთმოყუარეთა კრებულისათჳს თხრობაჲ და მოძღურებაჲ და ახლისა ამის მოწამისა ჴსენებაჲ". ეს არის შესავლის მსგავსი ნაწილი, რომელშიაც ავტორი, აღნიშნავს რა, თუ როგორი ცვალებადობა და რყევა დაიწყო არაბთა ბატონობის გამო ქართლში, მოუწოდებს მსმენელთ - ყური დაუგდონ მის სიტყვებს და გაითვალისწინონ პიროვნება იმ ადამიანისა, რომელიც "უცხო უცხოჲთა სჯულითა მოვიდა და ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შეემეცნა", იმ ქრისტეს, რომლის სხვადასხვა სახელს, ესე იგი მოძღვრებასა და მესიანურ მნიშვნელობას ის განმარტავს და წარმოადგენს "წამებათა წიგნთაგან საწინაჲსწარმეტყუელოთა და მოციქულთა ქადაგებისაებრ და წმიდათა
სახარებათა წერილთა და ნეტართა მამათა მოძღუართა მიერ განსაზღვრულ სარწმუნოებას". მეორე თავი - "ქართლად შემოსვლაჲ და ნათლისღებაჲ წმიდისა ჰაბოჲსინ - მოგვითხრობს ქართლად აბოს შემოსვლას, მის გადასვლა- გადმოსვლას ნერსე ერისთავთან ერთად საქართველოს ერთი კუთხიდან მეორეში და მის მიერ ქრისტიანობის მიღებას. მესამე თავი - "წამებაჲ წმიდისა ჰაბოჲსი" - აგვიწერს აბოს გასამართლებასა და წამებას. მეოთხე თავი - "წამებაჲ წმიდისა მოწამისა ჰაბოჲსი" - წარმოადგენს აბოს შესხმას ან ხოტბას, რომელშიაც ავტორი აზოგადებს თავის აზრებს და ცდილობს გაარკვიოს  მნიშვნელობა და სიდიადე აბოს ღვაწლისა და მარტვილობისა. როდესაც ავტორს ხელი მიუყვია ამ თხზულების წერისათვის, იმას განუზრახავს ისეთი უბრალო და იმ დროს ჩვეულებრივი ფაქტი, როგორიც იყო აბოს მარტვილობა, გამოეყენებია დიდი და მნიშვნელოვანი მიზნების მისაღწევად. ქართლი არაბების უღელ ქვეშ აუტანელ მდგომარეობაში იყო: პოლიტიკურად დამონებული და უფლებააყრილი, ეკონომიურად დაჩაგრული და გაღატაკებული ქართველები სულიერ გადაგვარების გზაზე დადგნენ. ისინი ირყეოდნენ, "ვითარცა ლერწამნი ქართაგან ძლიერთა", შეითვისეს ზნე- ჩვეულება არაბთა ან, როგორც ავტორი ამბობს, "აღვერიენით ერსა უცხოსა, შჯულით განდგომილსა ქრისტჱსაგან, ნათესავსა საწუთროჲსა ამის მოყუარესა, თესლსა ურწმუნოსა ძისა ღმრთისასა, სარწმუნოებისა ჩუენისა მაგინებელსა, რომელთაგან ვისწავენით საქმენი მათნი და ვჰმონებდით გულისთქუმასა გულთა ჩუენთასა მიბაძვებითა მათითა". ერთი სიტყვით, რჯულის შერყევამ ქართველები ეროვნულად შეარყია. ეროვნების გადასარჩენად, ავტორის აზრითა და შეგნებით, საჭირო შეიქნა სარწმუნოებრივი გრძნობის გაღვივება და გაძლიერება, საჭირო შეიქნა სარწმუნოებრივი შუაზღუდის ამართვა ქართველთა და მაჰმადიანთა შორის. ამიტომ ის ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ აბო, რომელსაც ქართველებთან  არაფერი საერთო ეროვნულად არ ჰქონია, რომელსაც შეეძლო დიდი პატივი და სიმდიდრე დაემსახურებია ქრისტიანობის უარყოფისათვის, მტკიცედ დგას ქრისტიანობაზე და საკუთარი სისხლის დანთხევით იცავს ახალ რწმენას. ეს მაშინ, როდესაც ქართველები, რომელთა ქრისტიანობას ამ დროს ხუთასი წლის ისტორია ჰქონდა, ლერწამივით ირყეოდნენ და მაჰმადიანობისაკენ იხრებოდნენ. ასეთი კონტრასტით ავტორს სურდა გაეღვიძებია თავის თანამემამულეებში სარწმუნოებრივი გრძნობა და შეგნება ქრისტიანობის უპირატესობისა მაჰმადიანობის წინაშე, უნდოდა ნიადაგი განემტკიცებია ეკლესიისათვის, რომლის წიაღში, ის დარწმუნებული იყო, შესაძლებელი იქნებოდა ეროვნების გადარჩენა. ავტორს მიზნად ჰქონდა არა მარტო გადარჩენა ეროვნებისა, არამედ გაღვიძებაც და გაძლიერებაც ეროვნული გრძნობისა. ეკლესიურ-ეროვნული თვითშეგნება ქართველებისა ჯერ კიდევ საკმაოდ გაღვიძებული არ ყოფილა. კერძოდ, ქართველ წმინდანებს იმდენი ყურადღება და პატივი არ ჰქონიათ დამსახურებული, რამდენიც მსოფლიო
ეკლესიისას. ავტორს უნდა დაუმტკიცოს თანამემამულეებს, რომ აბო ნამდვილი მარტვილია, რომ მისი სახით ქართლს მოევლინა ისეთი მფარველი და შუამდგომელი ღვთის წინაშე, როგორიც ჰყავდა სხვა ეკლესიას. მაშასადამე, ქართული ეკლესია არაფრით ჩამოუვარდება სხვებს, თუგინდ ბერძნების ეკლესიასაც. ჩვენ ბერძნებზე ნაკლები არა ვართ, "რამეთუ არა ხოლო თუ ბერძენთა სარწმუნოებაჲ ესე ღმრთისა მიერ მოიპოვეს, არამედ ჩუენცა, შორიელთა ამათ მკჳდრთა... აჰა ესერა ქართლისაცა მკჳდრთა აქუს სარწმუნოებაჲ და წოდებულ არს დედად წმიდათა, რომელთამე თჳთ აქა მკჳდრთა და რომელთამე უცხოთა სხჳთ მოსრულთა, ჩუენ შორის ჟამად-ჟამად მოწამედ გამომჩინებულთა ქრისტე იესუჲს მიერ, უფლისა ჩუენისა". ამნაირად,
იოანე საბანისძე, შეიძლება ითქვას, პირველი ქართველი მწერალია, რომელიც მკვეთრი ეროვნული ლოზუნგებით გამოვიდა მწერლობაში და რომელმაც ქართული ერონულ-ეკლესიური თეორია წამოაყენა ჩვენში.

თხზულებაში საუცხოოდაა დასურათხატებული, როგორც ზემოთ შევნიშნეთ, ქართლის პოლიტიკური, საზოგადოებრივი, ეკონომიური და სარწმუნოებრივი მდგომარეობა მერვე საუკუნეში, და არა მარტო ქართლისა, არამედ მისი მეზობელი ქვეყნებისაც, როგორც, მაგალითად, ხაზარეთის, ოსეთის და განსაკუთრებით აფხაზეთის - დასავლეთ საქართველოსი. ამით აიხსნება ის გარემოება, რომ ამ თხზულებას საზოგადოდ მეცნიერებაში იშვიათი ყურადღება აქვს დამსახურებული[5].

[1] "საქართვ. სამოთხე", გვ. 333 – 350.
[2] გამოცემა საეკლეს. მუზ. კომიტეტისა № 3, 1899 წ.
[3] ადრინდელი ფეოდალური ქართული ლიტერატურა, გვ. 7 – 96; უკანასკნელად ის დაბეჭდა ს.ყუბანეიშვილმა ("ქრესტომათია", I, 55 – 71). იხილ. აგრეთვე რუსული თარგმანი თხზულებისა, რომელიც კ. კეკელიძეს ეკუთვნის: Памятники древнегрузинской агиографической литературы, стр. 31 – 60, 1956 г.
[4] სინ. მთის ხელნაწერებში № 11 ეწოდება იოანე საბანეანი (ი. ჯავახიშვილის აღწერილობა, გვ.29).
[5] Акад. В. Василевский, Русско-Византийские отрывки, Житие Иоанна Готфского, "Журн. Мин.Нар. Просвещ.", 1877 г., стр. 121 – 125; K. შცჰულტზე, Dას Mარტყრიუმ დეს ჰეილიგენ Aბო ვონ თიფლის, თეხტე
Uნდ Uნტერსუცჰუნგენ, N. Fოლგე XIII. 4; აკად. ი. ჯავახიშვილი, ძველი ქართული საისტორიო მწერლობა, გამოც. 2, გვ. 39 – 52. დაწვრილებითი ანალიზი თხზულებისა იხ. პროფ. კ.
კეკელიძის გამოცემაში.

წიგნიდან "ქართული ლიტერატურის ისტორია". 1.ტ.
........................
სურათზე კორნელი კეკელიძე. წყარო


ბეჭდვა
1კ1