მარხვის ტრადიცია ხევში
მარხვის ტრადიცია ხევში
დიდი მარხვის ორშაბათს მორწმუნე ოჯახი ჩამოკიდებდა ნაცრიან ტომარას, რომელშიც შვიდი ბუმბული იყო გარჭობილი (ნიშნად მარხვის შვიდი კვირისა).

ამას ერქვა მარხვა. ყოველი კვირის ბოლოს ოჯახის უფროსი მას თითო ფრთას მოაცლიდა, რაც მარხვის ერთი კვირის გასვლას ნიშნავდა. ოჯახში მარხვის შენახვა ევალებოდა ყველას.


თუ ბავშვი სახსნილო საჭმელს მოითხოვდა, უფროსები ურტყამდნენ ტომარას, საიდანაც ნაცარი ცვიოდა და ბავშვებს ეუბნებოდნენ - "მარხვა გაბრაზდაო".


კვერცხი ყველა ოჯახში წითელ პარასკევს იღებებოდა და ეს დღე მძიმე უქმით აღინიშნებოდა.


კვერცხების შეღებვისას უფროსები მოზარდებს ასე ეუბნებოდნენ:
"დღეს წითელი პარასკევი, ხვალ შაბათი თენდება, ხვალეზე რომ კვირა მოვა, მარხვა გაჩანჩალდება".


ლაზარეს შაბათს ხარშავდნენ ლობიოს და ხორბალს მიცვალებულთათვის. სანამ ლობიო არ მოიხარშებოდა, მოხევეები არ ტრაპეზობდნენ, ბავშვებს კი ასე ასწავლიდნენ: "აღდგომისა შაბათსაო მკვდარნი წავლენ ტაბაკსაო, ვინცა იმას არ იმარხავს, გაუსკდება დედასაო". აღდგომას იკვლებოდა საკლავი და ცხვებოდა ქადა. აღდგომის ტრაპეზს ერთად აღნიშნავდა საგვარეულო.


ბეჭდვა