ნუ ვიფიქრებთ, რადგან ვმარხულობთ, სხვებზე აღმატებულნი ვართ
ნუ ვიფიქრებთ, რადგან ვმარხულობთ, სხვებზე აღმატებულნი ვართ
"სამოთხე მარხვის დარღვევამ დაგვაკარგვინა. ვიმარხულოთ, რათა კვლავ შევიდეთ სასუფეველში", - გვასწავლიან წმინდა მამები. სწორედ მარხვაა, ლოცვასთან ერთად, ის ერთადერთი საშუალება, რითაც შეგვიძლია ბოროტი განვაგდოთ, უფალს მივეახლოთ და ცათა სასუფეველი დავიმკვიდროთ.

მარხვა ქრისტიანის სულიერი ცხოვრების ურთულესი პერიოდია. ბოროტი ყოველი მხრიდან ცდილობს ჩვენს შეცდენას. მარხვა აშკარა ომია, ბრძოლა უკეთურ ძალასთან, ასე რომ, მისი ღვთივსათნოდ დაცვა (რაც მხოლოდ საკვების აკრძალვას არ გულისხმობს) ძალიან ძნელია. მაგრამ, როგორც წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსი ამბობს, არც ყოფილა და არც იქნება, რომ ვინმე ქრისტიანთაგანი მარხვის გარეშე წმინდანთა შორის შერაცხულიყოს. ჩვენც შევუდგეთ წმინდანთა გზას, რომლის სანაცვლოდ უფალი უდიდეს სიკეთეს გვპირდება.

გვესაუბრება ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის მსახური დეკანოზი ზაზა (კირვალიძე).

- რა არის მარხვა და როგორია მისი არსი? როგორ უნდა შევინახოთ მარხვა?

- მარხვა უფლის გულისთვის სათნოებათა აღსრულებაა - ცოდვების მოკლება, კეთილ საქმეთა ქმნა. მარხვას უთუოდ უნდა ახლდეს თან მოწყალებაც. მარხვა არის უფალთან მიახლების, ადამიანის განღმრთობის საწინდარი, აუცილებელი პირობა, რომელიც კაცმა უნდა აღასრულოს იმის მისაღწევად, რისთვისაც მოსულია თითოეული ჩვენგანი ამქვეყნად. მარხვა ღვთისაკენ მიმავალი გზაა. ის უნდა იყოს უფალში ცოცხალი მყოფობა. უფალთან ერთად უნდა გავიზარდოთ, უფალთან ერთად უნდა ჩამოვყალიბდეთ, განვიბრძნოთ, ვისწავლოთ, მასთან ერთად ვევნოთ, ვეწამოთ, ვეცვათ ჯვარს, რათა მასთან ერთად აღვდგეთ და ავმაღლდეთ.

ქრისტიანის მთელი ცხოვრება უფალთან სიახლოვე უნდა იყოს. წმინდა იოანე ღვთისმეტყველი გვასწავლის: უფალი მოდის და ყველას გულის კარზე აკაკუნებს. ვინც გაუღებს კარს, მის გულში დარჩებაო. ადამიანის გული კი სწორედ მარხვით განიწმინდება და უფალი განწმენდილ გულებში ივანებს. როგორც სტუმრის მოლოდინში ვფუსფუსებთ, სახლს ვალაგებთ, ასევე გულიც, რომელიც ღვთის სახლად იქცევა, სუფთა უნდა იყოს. მარხვის დროს ჩვენში უფალი შემოდის, ამიტომაც მას წმინდა გული უნდა დავახვედროთ. თუ უფალმა ჩვენს გულებში თავისი ადგილი ვერ იპოვა, წავა, განგვეშორება.

- მარხვის მაგალითი თავად მაცხოვარმა მოგვცა. რაში დასჭირდა სამყაროს შემოქმედს მარხვა? რა უნდა გვასწავლოს მისმა ქმედებამ?

- უფალს მარხვა არაფერში სჭირდებოდა. მან ამით ჩვენ მოგვცა ღვთივსათნო ცხოვრების მაგალითი, დაგვანახვა მარხვის აუცილებლობა. მოგეხსენებათ, როცა უფალი რაიმე სასწაულს აღასრულებდა ან იქადაგებდა, მოციქულებთან ერთად უდაბნოდ გადიოდა ხოლმე. ასე იმიტომ იქცეოდა, რომ იცოდა - ადამიანის გული ამაოებისკენ, ცრუ სწავლებისკენ იყო მიდრეკილი, თვითონაც ერიდებოდა და მოციქულებსაც არიდებდა ამქვეყნიურ დიდებას. ასევე ჩვენც, თუნდაც მარხვის დროს, მცირე ხნით მაინც უნდა დავივიწყოთ ეს ბრჭყვიალა ფერები და შინაგან უდაბნოში, ჩვენს სულში განვმარტოვდეთ. ქრისტემ გვიჩვენა, რაოდენ აუცილებელია, ადამიანი განეშოროს ამქვეყნიურ საზრუნავს და განიწმინდოს გული და გონება ღვთის მისაღებად, რათა განმარტოვდეს უფალში და მას სათნო ეყოს.

- უპირატესად რომელი ვნებებისაგან გვიცავს მარხვა?

- ყოველგვარი ხორციელი ცოდვისგან. მუცლის დამორჩილებით ვამარცხებთ ნაყროვანებას, რომელიც ყველა სხვა ვნების დედაა. ნაყროვანებისას ხორციელი სიამოვნებანი ვნებას აღგვიძრავენ და ადამიანი სულ უფრო მეტად შორდება უფალს. ამიტომაც ოდნავ მაინც უნდა მოვერიოთ ხორცს, რათა სულმა იზეიმოს.

- ზოგიერთი მარხვას ისე ინახავს, რომ ტაძარში არ დადის და ეს აუცილებლობად არც მიაჩნია. აქვს თუ არა ასეთ მარხვას აზრი?

- მარხვა ადამიანმა თავმდაბლობით უნდა აღასრულოს და არა ამპარტავნებით, სხვების დასანახავად. უფალი გვასწავლის, როცა მარხულობთ, ნუვის ეჩვენებითო. "იმარხე ფარულად და მამაი შენი, რომელი ხედავს დაფარულთა, მოგაგებს შენ ცხადად". უნდა ვიმარხულოთ არა პატივისათვის, არა ამპარტავნებით, არამედ მორჩილებით, სიმდაბლით, სიყვარულით, სიხარულით, თავმდაბლობით. მარხვის დროს გული უნდა განვიწმინდოთ, განწმენდილი გული კი ტაძარში მივიტანოთ, მივაბრძანოთ, რათა უფალმა შეიწიროს. როგორც დავით წინასწარმეტყველი ამბობს, "მსხვერპლი ღვთისა არს სული შემუსვრილი, გული შემუსვრილი და დამდაბლებული". ტაძართან კავშირის გარეშე მარხვა იმას ნიშნავს, რომ მოვაკლდეთ მთავარ სიწმინდეს, გვირგვინს - უფალთან სიახლოვეს, მასთან ზიარებას, ურომლისოდაც საკვების აკრძალვას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს. თუ აღსარებაში, ზიარებაში, წმინდა საიდუმლოებაში არ მონაწილეობ, ასეთი მარხვა უშინაარსოა; მოკლებული ხარ იმ ერთობას, რომელშიც ეკლესიის ყოველი წევრი მყოფობს - ქრისტეში ერთობას. წმინდა მამების სწავლებით, თუ იმარხულებ მხოლოდ საკვების მოკლებით, ქრისტესთან ერთობის გარეშე, დაემსგავსები სატანას, რომელიც არაფერს ჭამს, მაგრამ მადლს ვერ იტევს. აქვს თუ არა აზრი საკვებისგან ასეთ თავშეკავებას, თავად განსაჯეთ.

- აუცილებელია თუ არა მარხვაში მოძღვრის რჩევებით ხელმძღვანელობა?

- "ყოველი კაცი ცრუ არს", - ბრძანებს წინასწარმეტყველი. წინამძღოლის გარეშე წარმოუდგენელია სულიერ ცხოვრებაში წარმატება. მოძღვრის კურთხევა და რჩევა-დარიგებები ქრისტიანს ბრძოლაში აძლიერებს. მოძღვარმა უნდა გვასწავლოს, როგორ ვიმარხულოთ, რათა არც გულგრილობას მივეცეთ და არც ხიბლში ჩავცვივდეთ, ამიტომაც ყველაფერი მისი მითითებების თანახმად უნდა ვაკეთოთ.

- რა ასაკიდან და როგორ უნდა დავაწყებინოთ ბავშვებს მარხვა?

- ძნელია ერთმნიშვნელოვანი პასუხის გაცემა. ერთია ჩვენი მოწადინება, ბავშვი პატარაობიდანვე ვამარხულოთ, და მეორე - ღვთის განგება. ცნობილია, რომ წმინდა ნიკოლოზი ჩვილობისას ოთხშაბათსა და პარასკევს ძუძუზე უარს ამბობდა. მე პირადად 5 შვილი მყავს. ერთ-ერთი მათგანი სამი წლიდან მარხულობს, დანარჩენები კი დაახლოებით შვიდი წლიდან... აქ გასათვალისწინებელია ბავშვის ბუნება, ჯანმრთელობა, მშობლების მდგომარეობა. აჯობებს, თავიდან ოთხშაბათს და პარასკევს ვამარხულოთ, შემდეგ, დიდი მარხვისას - პირველ და ბოლო კვირას, ანუ ხანგრძლივობა ნელ-ნელა გავუზარდოთ.

- ავადმყოფებს თუ მოეთხოვებათ მარხვა?

- თუ მათთვის სახსნილო საკვების მიღება აუცილებელია, მაშინ მარხვას ვუმსუბუქებთ ხოლმე. უნდა ვიცოდეთ, რომ უფალს არ სურს ჩვენი გარდაცვალება. ის ჩვენგან სხვაგვარ მსხვერპლს ითხოვს - შემუსვრილ სულსა და გულს. მარხვის მიზანი ხორცის მოუძლურებაა, ავადმყოფები კი ხორციელად ისედაც დაუძლურებული არიან. ადამიანმა იმდენი არ უნდა ქნას, რომ ნორმალურად ცხოვრება, ეკლესიაში სიარული ვეღარ შეძლოს. ამიტომ ვცდილობთ, ავადმყოფებს მარხვის კანონი შევუმციროთ. კურთხევას, სნეულის მდგომარეობიდან გამომდინარე, ინდივიდუალურად ვიძლევით. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მარხვის შემსუბუქებამ ავადმყოფი გემოთმოყვარეობაში არ უნდა ჩააგდოს. მაგალითად, თუ რძის პროდუქტების მიღება სჭირდება, ჭამოს ყველი, რძე, ნადუღი, მაგრამ არა ხაჭაპური. უარი უნდა თქვას ტკბილეულზე, ნამცხვრებზე და მიიღოს მხოლოდ ის, რაც აუცილებელია. ლმობიერებას ვიჩენთ მეძუძურებისა და ორსულების მიმართაც.

- როდის შეიძლება და აუცილებელია თუ არა უზეთო მარხვა?

- მორწმუნეები ხშირად უდგენენ საკუთარ თავს კანონებს - უზეთო მარხვაზე უნდა ვიყო, მხოლოდ პური და წყალი უნდა ვჭამოო. მოძღვრის კურთხევის გარეშე ასე მოქცევა არ შეიძლება, სახიფათოა. სულიერებაში ყველაზე დამღუპველი თვითნებობაა. მღვდელი სულიერ შვილს ინდივიდუალურად მისცემს კურთხევას ამა თუ იმ აკრძალვაზე. უმეტესად მრევლს უზეთოდ დიდი მარხვის პირველ და უკანასკნელ კვირას ვამარხულებთ, სურვილისა და სულიერი მდგომარეობის მიხედვით ზოგჯერ ოთხშაბათსა და პარასკევსაც. მარხვა თავშეკავებაა. შეიძლება, მის დროს ისეთ საჭმელზეც კი ვთქვათ უარი, რომელიც ძალიან გვიყვარს, თუნდაც სამარხვო იყოს. ეს თავშეკავებას გვასწავლის. მაგრამ, კვლავ გავიმეორებ, მოძღვრის გარეშე თავს კანონები არ უნდა დავუწესოთ.

- ქელეხი, ორმოცი, წლისთავი ხშირად მარხვაში უწევს ხოლმე... შეიძლება თუ არა ასეთ დროს არასამარხვო სუფრის გაკეთება?

- ხშირად გაიგონებთ გარდაცვლილის ოჯახის წევრების ჩივილს, ხალხი რას იტყვის, სამარხვო სუფრა რომ გავაკეთოთო. ჩვენ, პირველ რიგში, უნდა ვეცადოთ, მიცვალებულს მივაგოთ პატივი, ყველაფერი ისე გავაკეთოთ, როგორც მისი სულისთვის იქნება უმჯობესი. რად გვინდა სუფრა, თუ გარდაცვლილს ვერ შევეწევით? ეს ხომ ქორწილი არ არის, ეს ჩვენი მიცვალებულის შესაწევნელად კეთდება. კეთილი ვინებოთ და მოვიკლოთ ხორციელი ჭამადი მიცვალებულის გულისთვის. ამ დროს ხომ გარდაცვლილს ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენი დახმარება.

- რატომ არ შეიძლება მარხვაში ჯვრისწერა?

- მარხვაში ცოლქმრულ ურთიერთობას ერიდებიან, მარხვა თავშეკავების დროა. ამიტომაც იკრძალება ამ პერიოდში ქორწინება. ამ დროს გონება უფალს უნდა მივაპყროთ, მასზე უნდა ვიფიქროთ. ზოგი არღვევს ეკლესიის ამ კანონს და ვერ ხვდება, რამხელა ცოდვაში ვარდება. უფალმა უნდა მოგვცეს მადლი სათნო, კეთილი ოჯახის შესაქმნელად, ისინი კი ღმერთს ივიწყებენ და სურთ, პირადი ბედნიერება მის გარეშე მოიწყონ. ეს მეტად მძიმე ცოდვაა და თუ ვინმეს ჩაუდენია, მხურვალედ უნდა მოინანიოს.

- ეკლესიაში არის ასეთი ტრადიცია: მარხვის დროს მრევლი მონასტრებში მიდის. როგორ მოვიქცეთ, თუ მონასტერში წასვლა ჩვენც მოგვინდა?

- ეს აუცილებლად მოძღვრის კურთხევით უნდა ხდებოდეს. მღვდელი განსაზღვრავს, რამდენად არის ადამიანი მზად მონასტრისთვის, ხომ არ დაარღვევს მონასტრის მყუდროებას, უარყოფითად ხომ არ იმოქმედებს ეს მის სულზე და ა.შ. მონასტერი კარგია, მაგრამ სათანადო სულიერება თუ არა გვაქვს, სჯობს მოვიცადოთ და სხვა დროს წავიდეთ. ნუ იფიქრებთ, რომ მონასტერი დასასვენებელი ადგილია. პირიქით, იქ მტერთან აშკარა ბრძოლა მიმდინარეობს. უგუნურება არ იქნება, შეიარაღებული მტრის წინააღმდეგ შიშველი ხელებით ვიბრძოლოთ?

- უნდა შევცვალოთ თუ არა მარხვაში ლოცვითი კანონი?

- მარხვაში ლოცვითი კანონი, ცხადია, უნდა გავაძლიეროთ. პირველ რიგში, აუცილებელია დავესწროთ საეკლესიო მსახურებებს. პირველ და ბოლო კვირას ტაძარში უნდა ვიყოთ. პირადი ლოცვები კი მოძღვრის კურთხევით უნდა გავზარდოთ. არ დაგვავიწყდეს, რომ ყველაფერში ზომიერებაა საჭირო.

- რა საცდური აქვს მარხვას? უმეტესად რა გზებით ეცდება ბოროტი შემოტევას?

- უნდა გვახსოვდეს, ჩვენი ეკლესია მებრძოლი ეკლესიაა. ჩვენც მუდმივად, მთელი სიცოცხლის მანძილზე ვებრძვით ჩვენს თავს, დაცემულ ბუნებას, ეშმაკს. მარხვაში ეს ბრძოლები უფრო მძაფრდება. მარხვის დროს ჩვენ, ქრისტეს მხედრები, ბრძოლის ველზე გავდივართ, ეშმაკიც ყველანაირი გზით ეცდება ჩვენს ცდუნებას.

სამარხვო სუფრა ხშირად სახსნილოზე მრავალფეროვანია. ზომიერება უნდა დავიცვათ კვებაში, თუნდაც სამარხვო კერძებში. ვეცადოთ, მარხვის დროს ჩვეულ ულუფაზე ოდნავ ნაკლები მივიღოთ.

ნუ ვიფიქრებთ, რადგან ვმარხულობთ, სხვებზე აღმატებულნი ვართ. ვიცოდეთ, რომ ყოველი სიკეთე, რომელსაც ვჩადით, ღვთისაგან არის და ჩვენ არაფერ შუაში ვართ.

- მარხვაში, ალბათ, ყოველი ჩვენგანი ერიდება ცოდვას, ყველა გულანთებულია, მაგრამ მისი დასრულებისთანავე განწყობა რადიკალურად გვეცვლება, აღარც განკითხვას გავურბივართ, აღარც ნაყროვანებასა თუ სხვა ვნებას, თითქოს ჩვენი მოშურნეობა სადღაც გაქრაო. აქვს თუ არა ასეთ მარხვას აზრი?

- წმინდა მამები გვასწავლიან, ისე იცხოვრეთ, თითქოს თქვენი სიცოცხლის ყოველი დღე უკანასკნელი იყოსო. მარხვაში უნდა ვისწავლოთ მოთმინება, ვნებებისაგან თავშეკავება. ნუ გვეგონება, რომ უფალი მოთმინებას ერთ წუთში მოგვანიჭებს. არა, მაცხოვარი განსაცდელთა დათმენით გვასწავლის მოთმინებას. მარხვა უფლის გრდემლია, რომელზეც ისე უნდა გამოვიწრთოთ, რომ მისი დასრულების შემდეგ მარხვისას მიღებული მადლით ხსნილშიც შევძლოთ ცოდვების ამოძირკვა. რატომღაც მიგვაჩნია, რაკი მარხვა დამთავრდა, თავისუფალნი ვართ. სინამდვილეში უფალი კვლავ გვიყურებს, ჩვენ კვლავ ვცხოვრობთ და კვლავ მოგვეთხოვება მცნებების აღსრულება. ესეც ეშმაკის ხრიკია. მოგვცეს უფალმა ძალა ამ ცდუნების დაძლევისა.

ესაუბრა
გვანცა გოგოლაძე
ბეჭდვა
1კ1