მარხვა "შინ დაბრუნების" ჟამია
მარხვა "შინ დაბრუნების" ჟამია
მიტროპოლიტ ანტონ სუროჟელის თქმით, მარხვა შინ დაბრუნების ჟამია. ამ დროს შესაძლებლობა გვეძლევა, ოდნავ მაინც მივუახლოვდეთ იმ დაუსრულებელ სიხარულს, სასუფეველი რომ ჰქვია. თუმცა ეს სიხარული იოლად არ მოიპოვება. მარხვა ღვაწლია, რომელიც სურვილთა დათმენითა და ვნებებზე გამარჯვებით აღესრულება. პირველი ნაბიჯი კი სხეულის მოუძლურებაა - ხორცზე გამარჯვება და სულიერი ზეიმი. მაგრამ ზომიერებამ არ უნდა გვიღალატოს, რადგანაც ჩვენი ხორციელი სხეული სულზე არანაკლებ მოსაფრთხილებელია, ვინაიდან, საღვთო ჩანაფიქრით, იგი სულიწმინდის ტაძარს უნდა წარმოადგენდეს. ოქროს შუალედს კვლავ დედაეკლესია გვთავაზობს - თუ ეკლესიისა და მოძღვრის ლოცვა-კურთხევას დავემორჩილებით, შესაძლოა, მარხვის ჟამს ჩვენც ვიგრძნოთ "შინ ყოფნა".

გვესაუბრება ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მოძღვარი, იღუმენი ლაზარე (გაგნიძე).

- რატომ დაუწესა უფალმა მარხვა ადამსა და ევას სასუფეველშივე?

- ადამიანის სულიერი მდგომარეობა ძალიან მერყევია. ის ხშირად არის დამოკიდებული ჩვენს ხორციელ ცხოვრებაზე, ხორცი კი ყოველთვის ვნებისკენ მიილტვის. ადამსა და ევასაც, ფაქტობრივად, ხორციელმა სძლია. უფალმა უწყის ადამიანის სისუსტეები, ამიტომაც იმთავითვე განგვიწესა მისი მორჩილება, თუმცა ჩვენთვის თავისუფალი ნება არ წაურთმევია.

- მაშ, ამ აკრძალვის მიზანი ადამიანისთვის მორჩილების სწავლება იყო?

- ადამიანი უფალს მრავალი რამით უკავშირდება, მაგრამ ერთ-ერთი უდიდესი სათნოება სწორედ მორჩლებაა. ამ სათნოების გამოვლენაა ეკლესიის მიერ დადგენილი მარხვების დაცვაც. მარხვის დროს, თუ იგი სრული სისავსით აღესრულება, ჩვენ უფალში ვსუფევთ.

- მამები მიიჩნევენ, რომ როდესაც ადამი და ევა განვითარების გარკვეულ საფეხურებს მიაღწევდნენ, ისინი უფლისაგან აკრძალული ხის ნაყოფის ჭამის უფლებასაც მიიღებდნენ.

- შეგვიძლია, ეს აზრი უფრო განვავრცოთ: როცა ადამიანი მზად იქნება ამა თუ იმ იდეისთვის, ეს იდეაც მაშინ განხორციელდება. რაღა შორს წავიდეთ - განა ცოტა კანონს იღებს პარლამენტი, რომლებსაც თითქმის არავინ იცავს? - ეს იმიტომ, რომ საზოგადოება ამისათვის ჯერ არ არის მზად.

ნინევიელთა ამბავს გაგახსენებთ - როცა მათი ქვეყანა საშინელმა უზნეობამ მოიცვა, უფალმა მათთან თავისი მორჩილი იონა მიავლინა. ნინევიელებმა ღვთის განზრახვა რომ შეიტყვეს, ისეთ სინანულში ჩაცვივდნენ, თავზე ნაცარს იყრიდნენ. ამან შედეგი გამოიღო - უფალმა ნინევია შეიწყალა. ამას ხშირად ვახსენებ მრევლს: ჩვენს მდგომარეობაში მყოფნი, იმის ნაცვლად, რომ ვმარხულობდეთ, თავზე ნაცარს ვიყრიდეთ და ცხარე ცრემლით ვტიროდეთ, ვლაღობთ და ვნეტარებთ. ეკლესიამ, ნინევიელთა მსგავსად, რომ მოუწოდოს ერს - მოდით, ერთი კვირა მარხვასა და ლოცვაში გავატაროთო, ვეჭვობ, ჩვენი ერის შვილებმა ეს მოწოდება მიიღონ... ესეც ჩვენს სულიერ მზაობაზე მეტყველებს, ანუ იმაზე, რომ დამოუკიდებლობისათვის მზად არ ვართ.

- რა არის მარხვის ქრისტიანული არსი, მისი მიზანი, რას უნდა მივაღწიოთ მარხვის საშუალებით?

- მარხვა არ არის მხოლოდ ზოგიერთი საკვებისგან თავშეკავება. მარხვის შესახებ ეკლესიას საგანგებო სწავლება აქვს, რომელიც შეძლებისდაგვარად უნდა შევასრულოთ და ცხოვრებაში დავნერგოთ.

საზრდელისაგან თავის შეკავება მხოლოდ ქრისტიანული მოვლენა არ გახლავთ; ასე მარხულობენ ზოგიერთი სხვა რელიგიის მიმდევრებიც. შიმშილობას პოლიტიკური მიზნითაც მიმართავენ. ასე რომ, როცა ქრისტიანულ მარხვაზე ვსაუბრობთ, აუცილებელია, სწორედ მისი ქრისტიანული არსი გავიაზროთ. ამისთვის წმინდა წერილიდან ორ მაგალითს მოვიხმობ: პირველი, რომელიც უკვე ვახსენეთ კიდეც, ადამის საქციელია - მან დაარღვია უფლისგან დადგენილი კანონი და აკრძალული ხილი იხმია, რასაც ცოდვის მემკვიდრეობითი გავრცელება მოჰყვა, მეორე კი ახალი ადამია - უფალი ჩვენი იესო ქრისტე, რომელიც ასევე გამოიცადა ეშმაკისაგან, მაგრამ, ადამისაგან განსხვავებით, ცდუნებას გაუძლო. ადამმა სიკვდილი მოიწია და გამოძევებულ იქმნა სამოთხიდან, ქრისტემ კი სიკვდილი დათრგუნა და ადამიანს სამოთხის კარი გაუღო.

- ზოგჯერ მორწმუნეებს უმძიმთ მარხვის შენახვა და მოძღვარს მის გამარტივებას სთხოვენ.

- ზოგიერთი საერთოდ წყვეტს მარხვას. ორივე შემთხვევა მცირედმორწმუნეობის შედეგია. ყოველმა ქრისტიანმა უნდა იცოდეს, რომ არ არსებობს მარხვა მარხულობის ანუ საკვების შეზღუდვის გარეშე. სამწუხაროდ, ბევრი ან ჯეროვნად ვერ აფასებს, ან ნებსით თუ უნებლიეთ არასერიოზულად უდგება მარხვის დანიშნულებას, მის სულიერ მიზანდასახულობას. მარხვა ერთადერთი საშუალებაა, რომელსაც ძალუძს აღადგინოს ადამიანის ჭეშმარიტი სულიერი ბუნება. სიცრუის მოქმედმა ეშმაკმა მოახერხა დავერწმუნებინეთ, რომ ჩვენ მხოლოდ პური, ხორციელი საზრდელი გვჭირდება. ამ ტყუილზე დააფუძნა მან ყოველგვარი ადამიანური ცოდნა, ყველა მეცნიერება და თავად ადამიანის არსებობაც. მარხვა ამხელს ამ ტყუილს, ნიღაბს ხდის მას. ორმოცდღიანი მარხვის დასრულებისა და ეშმაკთან შეხვედრის შემდეგ მაცხოვარმა გაგვაფრთხილა: "ესე ნათესავი ვერ შესაძლებელ არს განსლვად, გარნა ლოცვითა და მარხვითა" (მარკ. 9:29). მარხვა ნამდვილი ომია ეშმაკის წინააღმდეგ.

- მაგრამ საზრდელი ხომ ნამდვილად გვჭირდება...

- საზრდელის მეშვეობით ჩვენ სიცოცხლეს ვინარჩუნებთ, მართლმადიდებლური სწავლებით კი ღვთისგან მონიჭებული სიცოცხლის დათრგუნვა ცოდვაა, ისევე, როგორც სჯულის დარღვევა.

ჩვენს დროში ცნებებმა "სიცოცხლემ" და "ცხონებამ" ბიოლოგიური მნიშვნელობა შეიძინა. ამ თვალთახედვით, სიცოცხლე მატერიალურ საზრდოზეა დამოკიდებული, წმინდა წერილისა და ქრისტიანული ტრადიციის მიხედვით კი სიცოცხლე "პურითა ხოლო" სხვა არაფერია, თუ არა სიკვდილი, რადგანაც იგი სიკვდილად მიდრეკილი სიცოცხლეა. მაგრამ ღმერთს სიკვდილი არ შეუქმნია, იგი სიცოცხლის მიმნიჭებელია. მაშ, როგორღა იქნება სიცოცხლე მოკვდავი?

სიცოცხლე მოკვდავი მას შემდეგ გახდა, რაც ადამიანმა უარი თქვა ღვთისგან მონიჭებულ სიცოცხლეზე. ამიტომაც დაისაჯა იგი. ამ ფაქტმა ძირეულად შეცვალა ურთიერთდამოკიდებულება საკუთრივ ადამიანსა და სამყაროს შორის.

- სამოთხეშიც ხომ ჰქონდა საზრდელს საზრდელის დანიშნულება?

- დიახ, ადამიანს შესაქმე მიეცა, როგორც საზრდელი, როგორც სიცოცხლის საშუალება, მაგრამ ეს სიცოცხლე უფალთან კავშირში უნდა ყოფილიყო. ადამიანის სიცოცხლეს ჰქონდა არა მარტო მიზანი, არამედ ასევე მთელი სავსება მისი - "მის თანა ცხორებაი იყო და ცხორებაი იგი იყო ნათელ კაცთა" (იოანე 1:4). სხვაგვარად რომ ვთქვათ, ქვეყანა და საზრდელი შეიქმნა როგორც ღმერთთან კავშირის საშუალება. მაგრამ თავისთავად საზრდელი არ მოიცავს სიცოცხლეს; მხოლოდ "ღმერთისა თანა არს ცხორება და თავად ღმერთია ცხორება". ხორციელ საზრდელშიც თავად ღმერთია სიცოცხლის საფუძველი და არა კალორიები. ამგვარად, ჭამა, სიცოცხლე, ღმერთთან კავშირი ერთი მთლიანობაა. ადამის ტრაგედია ის იყო, რომ მან მარტომ ჭამა, მეტიც - ჭამა ღვთისგან განმარტოებულმა, რათა მისგან დამოუკიდებელი გამხდარიყო. იგი ფიქრობდა, რომ საზრდელი თავის თავში მოიცავდა სიცოცხლეს, რომ უკეთუ შეჭამდა, შეიქმნებოდა, ვითარცა ღმერთი, ე.ი. ცხორებაი იქნებოდა მასთან. მარტივად რომ ვთქვათ, მან ყველა იმედი საზრდელზე დაამყარა. ქვეყანა და საზრდელი გახდა მისი ღმერთი, წყარო და საფუძველი მისი სიცოცხლისა. ამით ადამი გახდა საზრდელის მონა.

"ადამი" ებრაულად ადამიანს ნიშნავს. ჩვენ ყველანი ადამიანები ვართ და რაკი ადამი საზრდელის მონა შეიქმნა, ეს მდგომარეობა თითოეულ ჩვენგანს გადმოეცა, ყველა ადამიანი საზრდელის მონად იქცა. შეიძლება, ადამიანს მიაჩნდეს, რომ სწამს ღმერთი, მაგრამ ღმერთი არ იყოს მისი ცხოვრება. შეიძლება მიიჩნევდეს, რომ უფალი ანიჭებს სიცოცხლეს, მაგრამ არ ცხოვრობდეს ღმერთში და ღმერთისათვის, მისი ცოდნა, მისი გამოცდილება, მისი მთელი თვითშეგნება ემყარებოდეს იმას, რომ მხოლოდ "პურითა ცხონდების კაცი". ჩვენ ვჭამთ, რათა ვიცოცხლოთ, მაგრამ ჩვენ არ ვცხოვრობთ ღმერთში, ეს კი ცოდვათა ცოდვაა. ეს არის ჩვენი სიცოცხლისთვის გამოტანილი სიკვდილის განაჩენი.

- ამ თვალსაზრისით რას ცვლის მარხვა ქრისტიანისათვის ან რას ნიშნავს იგი თითოეული ჩვენგანისთვის?

- პირველ რიგში იმას შეგახსენებთ, რომ ქრისტე, ახალი ადამი, მოვიდა, რათა ადამის შეცოდება გამოესყიდა და ადამიანებისთვის ჭეშმარიტი სიცოცხლე მოენიჭებინა. "და იმარხა ორმეოცი დღე და ორმეოცი ღამე და მერმე შეემშია" (მათე 4:2), - მოგვითხრობს სახარება. შიმშილი მდგომარეობაა, რომელიც ნათლად გვაგრძნობინებს, რომ საზრდელზე ვართ დამოკიდებულნი. შიმშილი ის ზღვარია, რომლის მიღმა ადამიანი ან უძლურებისაგან კვდება ან საკვებს მიიღებს და გრძნობს, რომ ცოცხალია. მაშასადამე, ამ წუთებში ისმება ადამიანისთვის გადამწყვეტი კითხვა: "რაზეა ჩემი სიცოცხლე დამოკიდებული?" ამ დროს გამოიცდება ადამიანი. ეშმაკი ადამსაც გამოეცხადა და ქრისტესაც, მაგრამ ქრისტემ, ადამისგან განსხვავებით, არ უსმინა მას და ასე მიუგო: "არა პურითა ხოლო ცხონდების კაცი, არამედ ღმრთისაგან". ამით მაცხოვარმა ისევ აღადგინა კავშირი საზრდელს, ცხონებასა და ღმერთს შორის, კავშირი, რომელიც ადამმა გაწყვიტა და რომელსაც დღესაც წყვეტს თითოეული ჩვენგანი.

რას ნიშნავს მარხვა ქრისტიანისთვის? ამ კითხვის პასუხი მარტივია, თუმცა ძალისხმევას მოითხოვს მისი განხორციელება. მარხვა - ეს არის ზიარება ქრისტეს გამოცდილებასთან, რომლითაც იგი გვათავისუფლებს საზრდელის, მატერიისა და ამა ქვეყნის მორჩილებისგან. მაგრამ ეს თავისუფლება არ არის სრულყოფილი. ჩვენ დაცემულ ქვეყანაში, ძველი ადამის ქვეყანაში ვცხოვრობთ და, ამდენად, მაინც საზრდელზე ვართ დამოკიდებული, ზუსტად ისევე, როგორც ჩვენი სიკვდილი, რომელიც აუცილებლად უნდა განვვლოთ და რომელიც ქრისტეს სიკვდილის ძალით ჩვენი ცხონების გზად ქცეულა. ანუ საზრდელის მეშვეობით შეძენილი სიცოცხლე შეიძლება იქცეს ცხონებად ღმერთში და ღმერთისათვის. ამის შესაბამისად, ჩვენი ნაწილი საზრდელისა იქცევა უკვდავების საზრდელად - ქრისტეს ხორცად და სისხლად, ხოლო ჩვენი პური არსობისა ანუ ჩვენი ყოველდღიური საკვები, რომელიც ღმრთისგან მოგვეცა ამქვეყნიურ ცხოვრებაში, იქნება ის, რაც ჩვენ ძალას გვანიჭებს და განამტკიცებს ჩვენს კავშირს ღმერთთან და არა ჩვენი უფლისგან განმაშორებელი, როგორც ეს ქრისტეს განხორციელებამდე იყო.

- ხელმოკლე ადამიანებისგან გამიგონია - ისედაც არაფერი გვაქვს, რაზეც ხელი მიგვიწვდება, იმას ვჭამთ, სად შეგვიძლია, სამარხვო კერძები საგანგებოდ ვამზადოთო...

- როდესაც ასეთი რამ მესმის, ბებიაჩემი მახსენდება. მისი წინაპრები, მაისურაძეები, სასულიერო პირები იყვნენ და რაჭის მაღალმთიან სოფელში ცხოვრობდნენ. ბებია 14 წლისა გათხოვდა. ამასობაში XX საუკუნე, რევოლუციისა და უღმერთობის ხანა დადგა. ბებიას არასდროს ჰქონია საეკლესიო კალენდარი, მაგრამ ის ცოდნა, რაც 14 წლამდე მიიღო, მთელი სიცოცხლის მანძილზე გაჰყვა. რომ გამახსენდება ხოლმე, როგორ მარხულობდა, აღფრთოვანება მეუფლება. შროშანის ნორჩ ყვავილს აგროვებდა, წნავდა, ინახავდა, დიდმარხვაში ხარშავდა და ტყემლითა და ნივრით შეზავებულს ჭამდა ან წითელ ღვინოში ჩაიყრიდა პურს და იმას გეახლებოდათ. ქვეცნობიერად სწორედ მან მაზიარა ჭეშმარიტ ქრისტიანულ ცხოვრებას. ასე რომ, შეიძლება კაცი მხოლოდ მწვანე ხახვის ფოთლებითა და პურითაც დანაყრდეს, სურვილი იყოს და რამეს ყოველთვის იპოვის, მით უმეტეს, თუ სოფლად ცხოვრობს და ბოსტანი აქვს.

როცა უფალთან კავშირზე ვსაუბრობთ, გადამწყვეტია სულიერი დამოკიდებულება მის მიმართ, ჩვენი ზნეობა. სწორედ ის გვამხელს გარემოში, სადაც ვტრიალებთ. ჩვენ ვმარხულობთ, რათა ვიყოთ ზნეობრივნი, ზნეობრივნი უფლის მოთხოვნათა შესატყვისად.

- რამდენად ეხმარება მარხვა ადამიანს ლოცვაში?

- ხომ გახსოვთ, როდესაც მოციქულებმა ვერ შეძლეს, ბავშვისგან ეშმაკი განედევნათ, მაცხოვარმა უთხრა: ეს მხოლოდ ლოცვითა და მარხვით არისო შესაძლებელი. მარხვა და თავშეკავება მრავალი უზნეობისგან - ლოთობისგან, ნარკომანიისგან, მრუშობისგან - გვიხსნის. მთავარია, იყოს სურვილი და ნება. უნებისყოფო ადამიანი ვერც იმარხულებს და ვერც ცოდვას მოერევა.

უძველესი ქრისტიანები მარხვისას საზრდელისაგან ტოტალურად იკავებდნენ თავს. ასეთი მარხვის დროს დამშეული და დასუსტებული ორგანიზმი უკიდურეს ზღვრამდე მიდის. ამ მდგომარეობაში შევიცნობთ, რომ მარხვა უაზრობაა თვინიერ ლოცვისა, ანუ თუ ჩვენ არ მივმართავთ ამ ფიზიკური მდგომარეობის შესატყვის ძალისხმევას, უკეთუ არ განვიმსჭვალებით ღვთიური ჭეშმარიტებით, არ შევიგრძნობთ, რომ სრულიად ღმერთზე ვართ დამოკიდებულნი, მხოლოდ საკვებით მარხულობა თვითმკვლელობის ტოლფასი იქნება. თუ მარხვისას თავად ქრისტე გამოიცადა ბოროტისაგან, ჩვენ მით უფრო გამოვიცდებით, სულიერი ძალისხმევის გარეშე კი გამარჯვების შანსი არ გვექნება. როგორი ენთუზიაზმითა და მონდომებითაც არ უნდა ვიმარხულოთ, თუ ამას არ ახლავს ლოცვა და მმარხველი უფალზე არ არის კონცენტრირებული, მარხულობა არამცთუ უაზრობაა, უაღრესად საშიშიც არის. სწორედ ამიტომ მიიჩნევს საჭიროდ ეკლესია მარხვის დაწყებამდე სულიერ მომზადებას: ღვთისაგან მუდმივად უნდა ვითხოვდეთ შეწევნას, რათა უფალთან ერთობაში ყოფნის მაძიებელთ ღმერთმა მარხვა დაუბრკოლებლად წარგვამართვინოს. ჩვენ უნდა ვმარხულობდეთ ღვთის სიყვარულით, ვცდილობდეთ, ჩვენი სხეული ვაქციოთ ტაძრად, სადაც სუფევს უფალი. ამის შემდეგ დადგება ჟამი წარმატებული, ღირსეული მარხვისა.

- მარხვის დროს თავზე ზეთი იცხეთო, ბრძანებს უფალი. ესე იგი, თქვენს განწყობას ყველასთვის შესამჩნევს ნუ გახდითო. იდეალურ შემთხვევაში ადამიანს შინაგანად არ უნდა ტოვებდეს მარხვის შეგრძნება. როგორი უნდა იყოს ეს გრძნობა და როგორ მოვახერხოთ, რომ ეს გარეგნულად არ გვეტყობოდეს?

- ის, რომ ადამიანს შინაგანად ჰქონდეს მარხვის შეგრძნება და გარეგნულად არ ავლენდეს მას, ცხოვრების ქრისტიანული წესიდან გამომდინარეობს. ჭეშმარიტმა ქრისტიანმა იცის, როდის, რას და როგორ უნდა აკეთებდეს. წესით, ასე უნდა ცხოვრობდეს ყველა. მარხვის აფიშირება არ არის აუცილებელი. ასეთი წესით ცხოვრობდნენ ჩვენი წინაპრები, მაგრამ არც ლოცვით, არც მარხულობით თავს არ იწონებდნენ.

- ხშირად მარხვის დასაწყისში ადამიანი მეტად მობილიზებულია, ბევრ ღვაწლსაც იღებს საკუთარ თავზე, მაგრამ ეს შემართება ბოლომდე ვერ მიჰყვება. ამის გამო ზოგი მეორე უკიდურესობაში ვარდება - წყვეტს მარხვას. როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთ შემთხვევაში?

- მარხვის პირველი კვირა მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა მარხულობდეს ადამიანი. ამ დროს ტაძარში იკითხება წმინდა ანდრია კრიტელის დიდი კანონი. მრევლი მთელი კვირის მანძილზე ერთად ასრულებს ამ ლოცვით კანონს. ეს საფუძვლის დადებაა ხანგრძლივი მარხვის წარმატებით ჩასატარებლად.

მათ შორის, ვინც მარხვას იწყებს, აღმოჩნდებიან ისეთებიც, რომლებიც ვერ უძლებენ მარხვის "სიმკაცრეს" და ბრძოლას წყვეტენ. ეს - იმ დროს, როცა მარხვის არსი სწორედ ბრძოლაა, ჭიდილი, სულიერი მოღვაწეობა. რწმენა, რომელსაც უიმედობა და ეჭვიანობა ახლავს, არ არის ჭეშმარიტი რწმენა. გამოცდილმა მორწმუნეებმა იციან, რომ ქრისტიანობაში არ არსებობს წინსვლა და განმტკიცება მწარე მარცხის გარეშე. ბევრი იწყებს მარხვას გადაჭარბებული გატაცებით, მაგრამ სისუსტისა და უძლურების შეგრძნებისთანავე წყვეტს მას. ასეთთა საყურადღებოდ მინდა ვთქვა, რომ ადამიანი ჭეშმარიტად სწორედ ასე გამოიცდება. თუ კაცი ცუდად გრძნობს თავს, მაგრამ ხელს არ იღებს მარხვაზე და საკუთარ ვნებებს გასაქანს არ აძლევს, ადრე თუ გვიან დადგება გამარჯვების ჟამი და იგი მარხვას არათუ თავს გაართმევს, არამედ, მერწმუნეთ, მარხვის დადგომას დღესასწაულად ჩათვლის. ამგვარი ჯიუტი მარხულობით ადამიანი დამატებით ისეთ ღვთიურ სათნოებასაც შეიძენს, როგორიცაა მოთმინება.

- ალბათ, მაინც უპრიანია მარხვის დასასრულამდე ფიზიკური ძალების შემონახვა, მით უმეტეს - მძიმე მარხვისას. აქვე გკითხავთ: საჭიროა თუ არა ერისკაცისთვის მძიმე მარხვის შენახვა?

- შორს ვართ იმ აზრისგან, რომ მრევლს ისეთი ასკეტური მარხვისაკენ მოვუწოდოთ, რომელსაც წმინდა მამები ბერმონაზვნური ცხოვრების გარიჟრაჟზე და შემდეგაც მიმართავდნენ. მძიმე მარხვას მრევლს მხოლოდ დიდმარხვის პირველ და ბოლო, დამაგვირგვინებელ, ვნების კვირაში ვურჩევთ. ის კი არა, მოძღვარს შეუძლია ეკლესიის ნებისმიერ წევრს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, გაუმარტივოს მარხვა, მაგრამ ეს უნდა ხდებოდეს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში.

- როდესაც უფალს უსაყვედურებენ, რატომ არ მარხულობენ შენი მოწაფეებიო, მიუგებს: ჯერ სიძე მათთან არის და მარხვა არ შეშვენითო. პატერიკებიდანაც ვიცით, რომ ძმის სიყვარულის გამო მამებს თავიანთი მარხვის კანონი დაურღვევიათ. შეიძლება თუ არა განსაკუთრებულ შემთხვევაში მარხვის დარღვევა?

- უფალი მოწყალეა, თუ ადამიანს სტუმარი ეწვევა და სხვა არაფერი აქვს, რომ გაუმასპინძლდეს, ეს არ წარწყმედს, მაგრამ მარხვის დარღვევა არ უნდა იქცეს ცხოვრების წესად, ეს უნდა იყოს უიშვიათესი გამონაკლისი და, რა თქმა უნდა, არა გამიზნული.

- ამჟამად დიდმარხვის შუა პერიოდია. რა განსაკუთრებული თავისებურებებით გამოირჩევა დიდმარხვა?

- პირადად მე დიდმარხვა მართლმადიდებლობის ზეიმად მიმაჩნია, ის სხვა მარხვებთან შედარებით სულიერად უფრო დატვირთულია. მის დასასრულს ვზეიმობთ კაცობრიობისთვის უმნიშვნელოვანეს მოვლენას - აღდგომას უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. ეს მარხვა შედარებით მძიმეა, მაგრამ ყველაფერი იმდენად კარგად არის განაწილებული, რომ კორექტივის შეტანას არ მოითხოვს.

- მამაო, როგორ გავატაროთ, როგორც თქვენ ბრძანეთ, დამაგვირგვინებელი - ვნების კვირა?

- ეს კვირა მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია. ამ დროს მორწმუნენი რეალურად განიცდიან იმ მოვლენებს, რაც უფლის ჯვარცმისას ხდებოდა. ვნების კვირა მორწმუნემ შეძლებისდაგვარად ეკლესიაში უნდა გაატაროს. უამისოდ მას ძალიან გაუჭირდება ვნების კვირის კონცენტრირებული გავლა, სულიერი სიმაღლეების მიღწევა.

- მარხვის შემდეგ ერთბაშად გვეცვლება განწყობა. თავისთავად ცხადია, ამაზე დღესასწაულიც მოქმედებს. რა განცდა უნდა დაგვიტოვოს მარხვამ? როგორ გავიხსნილოთ?

- გამოცდილება გვიჩვენებს, რომ მარხვის შემდეგ ადამიანი ისეთ უკიდურესობაში არ ვარდება, რომ ერთი ცხვარი შეჭამოს. ამ დროს მთავარია სადღესასწაულო განწყობა, მისი შინაგანი განცდა. ვისაც მარხვის გახსნილება განუცდია, იცის, რომ ეს გამარჯვების ზეიმია. ლიტურგიის შემდეგ ჭეშმარიტი მლოცველი ნეტარია, უმაღლეს საფეხურზეა ასული. ამ დროს ზეიმს ზეიმი მოსდევს და ეს ყველაფერი ბუნებრივად ხდება.

- დაგვლოცეთ, მამაო!

- ღმერთმა დაგლოცოთ. ვუსურვებ ჩვენი ეკლესიის მრევლს, კეთილად წარემართოს მარხვა და ამაღლებულიყოს ისე, როგორი სიმაღლე და სიძლიერეც სჭირდება ჩვენს მართლმადიდებელ საზოგადოებას.

ესაუბრა
მარი აშუღაშვილი
ბეჭდვა
1კ1