განა ცოდვა არ არის, როცა გვამხელენ რომ ვღიზიანდებით?
განა ცოდვა არ არის, როცა გვამხელენ რომ ვღიზიანდებით?
დიდ მარხვას სულის დღესასწაულს უწოდებენ და ამ დროს ადამიანის მთელი ყურადღება მიპყრობილი უნდა იყოს სულისკენ,
მისი განკურნებისკენ. და თუ გვინდა ღირსეულად აღვასრულოთ ეს, სანამ მარხვას დავიწყებდეთ ვაიძულოთ თავი, მივუტევოთ ერთმანეთს ყველანაირი წყენა და გულისტკივილი. სწორედ ამიტომაა დიდი მარხვის წინ დაწესებული შენდობის დღე.
-"არა არს სოფელსა შინა ცოდვა, არცა დაცემა, არცა სიბოროტე, მხსნელო, რომელი მე არა მიცოდავს გონებით და სიტყვით და მოგონებით, ნებებით და ჯერ-ჩინებით და ქმნით, ვითარ სხვასა არცა ერთსა ვის სადა",-ჰგონებს ანდრია კრიტელი, ჩვენ კი დარწმუნებულნი ვართ რომ არ ვცოდავთ.
მოდით დიდ მარხვაში მაინც ჩავუღრმავდეთ სინანულის ამ კანონს. იგი დაგვეხმარება ჩვენი ცოდვების დანახვაში. გადავდგათ პირველი ნაბიჯი და ასე ავუყვეთ სასუფევლისკენ მიმავალ სათნოებათა კიბეს. (მიტროპოლიტი სერგი (ჩეკურიშვილი)).
წმინდა მამა აბბა დოროთემ კითხვას: რატომ გლოვობენ წმინდანები გამუდმებით, ასე უპასუხა:
-წმიდანი სინათლისაკენ მავალი ადამიანია, რაც უფრო უახლოვდება ნათელს, მით უფრო ხედავს ადამიანთა ცოდევებს. ამიტომაც ატარებენ ისინი მთელ ცხოვრებას გლოვაში. ამავე აზრს გამოხატავს დიდი სინანულის კანონის პირველივე ფრაზებიც: "ვინა ვიწყო მე გლოვად, საქმეთა ცხოვრებისა ჩემისათა, ანუ რომელი დასაბამი ვყო ქრისტე, გოდებისა ამის".
და ასე წერდა ანდრია კრიტელი, წმინდა მამა, რომელმაც 14 წლიდან დაიწყო ღვთისმსახურება. მაინც რა ცოდვებმა დაამძიმა იგი ასე? ვინ იყო ანდრია კრიტელი?
წმინდა ანდრია, მეექვსე საუკუნის ეს დიდი მამა, დამასკოში ცხოვრობდა. შვიდ წლამდე მუნჯი იყო. შვიდი წლისა პირველად ეზიარა ქრისტეს სისხლსა და ხორცს და სასწაულებრივად განიკურნა, ამეტყველდა. ასე დაანახა მაცხოვარმა ზიარების დიდი ძალა. გახარებულ მშობლებს სარმრთო წიგნებით აუვსიათ შვილი და უკვე თოთხმეტი წლისა ღვთისმსახურების შესასწავლად იერუსალიმში გაუგზავნიათ. ამ დროისათვის იგი იმდენად განსწავლული იყო, რომ თავისი ცოდნით იერუსალიმის პატრიარქიც განუცვიფრებია. შემდგომში ანდრია გახდა კუნძულ კრეტის მთავარეპისკოპოსი და იქედან მოყოლებული იწოდება კრიტელად. მან დაწერა სინანულის დიდი კანონი, რომელშიც ისეთი სიმძაფრითაა წარმოდგენილი ადამიანის ცოდვილი ბუნება, რომ თუ კარგად ჩავუღრმავდებით, ჩვენც სინანულით განვიმსჭვალებით. იგი მოცულობითაც ყველა სხვა კანონზე დიდია. ამიტომაც მას ოთხ ნაწილად ჰყოფენ და დიდი მარხვის პირველ ოთხ დღეს კითხულობენ.
-"ცოდვების დანახვა მთელი თავისი სიღრმით ჭეშმარიტად ღვთის მადლია", -ამბობს წმინდა იოანე კრონშტატელი.
ხშირად ადამიანები ვერ ხედავენ თავიანთ ცოდვებს: "არაფერი მომიპარავს", "ისეთი არაფერი ჩამიდენია", "როგორც ყველა მეც ისე ვცხოვრობ", "არავინ მომიკლავს",-ასე იწყებენ ისინი თავიანთ აღსარებას და ვერც წარმოუდგენიათ თუ სცოდავენ. არადა განა ცოდვა არ არის, როცა გვამხელენ რომ ვღიზიანდებით?! ანდა ის, რომ ღმერთი დავივიწყეთ?! განა ეს ცოდვები მოსანანიებლად არ არის?! და თუ არ გვესმის, რატომ უნდა გვიყვარდეს მტერი ჩვენი, ვართ კი ქრისტიანები?! რითი ავხსნათ თვითდაჯერებულობა ჩვენს უცოდველობაში, თუ არა გაქვავებული გულით, ჩვენი სულიერი სიკვდილით?!

ბეჭდვა
1კ1