მარხვა - სულისა და ხორცის განსაწმედელი
მარხვა - სულისა და ხორცის განსაწმედელი
მარხვა ადამიანის სულისა და ხორცის განსაწმედელი და უფალთან დამაახლოებელია. ეს ის მცირე შესაწირია ღვთისათვის, რისი გაკეთებაც ადამიანს შეუძლია. თვით უფალმა იესო ქრისტემაც 40 დღე უდაბნოში იმარხულა. მარხვა ქრისტიანის ერთ-ერთი მოქმედებათაგანია, როდესაც მისი სული და ხორცი იწმინდება. განსაკუთრებულ დღეებში ეკლესიამ დაგვიდგინა ერთდღიანი მარხვები:

1) ყოველი კვირის ოთხშაბათი და პარასკევი გარდა მსგეფსისა, რადგან ოთხშაბათს იუდამ გასცა იესო ქრისტე, პარასკევს კი ქრისტე ჯვარს აცვეს;

2) ნათლისღების წინა დღე - 18 იანვარი (ახ. სტილით);

3) წმინდა იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღე - 11 სექტემბერი (ახ. სტილით);

4) ჯვართამაღლება - 27 სექტემბერი (ახ. სტილით).

გარდა ერთდღიანი მარხვებისა, წელიწადში დაწესებულია ოთხი ხანგრძლივი მარხვა, რომელიც წინ უძღვის ოთხ დიდ დღესასწაულს:

1) დიდი წმინდა მარხვა - ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის წინ;

2) საშობაო მარხვა - ქრისტეს შობის წინ;

3) მარიამობის მარხვა - ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის მიძინების წინ;

4) პეტრეპავლობის მარხვა - მოციქულთა თავთა - წმინდა პეტრესა და წმინდა პავლეს დღესასწაულის წინ.

წმინდა ლეონ დიდი წერს: "მარხვის შენახვა წელიწადის ოთხივე დროში გვიხდება, რათა მთელი წლის განმავლობაში ვაცნობიერებდეთ, რომ განუწყვეტლივ ვსაჭიროებთ განწმენდას; რათა ჩვენს დაუდევარ ცხოვრებაში ყოველთვის ვცდილობდეთ მარხვითა და მოწყალების გაღებით შევმუსროთ ცოდვა, რომელიც მრავლდება ხორცის უძლურებითა და უწმინდური ზრახვებით".

ყველაზე ხანგრძლივი და საპასუხისმგებლოა აღდგომის მარხვა. იგი აღდგომის წინ 49 დღით ადრე იწყება და აღდგომის დღესასწაულამდე გრძელდება; ეს მარხვა განსაკუთრებულად მძიმეა. თევზით ხსნილია მხოლოდ ხარების (25 მარტი/7 აპრილი) და ბზობის (დიდმარხვის მე-6 შაბათი) დღესასწაულებზე.

შობის მარხვა გრძელდება 28 ნოემბრიდან 7 იანვრამდე, როდესაც ეკლესია დღესასწაულობს იესო ქრისტეს ხორციელად დაბადებას (7 იანვარი სინამდვილეში არის 25 დეკემბერი იმ ძველი და ჭეშმარიტი კალენდრით, რომლითაც სარგებლობს ჩვენი ეკლესია); მძიმე მარხვა არაა. ახალი სტილით 25 დეკემბრამდე ოთხშაბათისა და პარასკევის გარდა ხსნილია თევზით. ახლა სწორედ ამ მარხვისთვის ვემზადებით. დამატებით შეიძლება ითქვას ის, რომ, საეკლესიო ტრადიციით, შობის მარხვას ფილიპე მოციქულის ხსენების დღესაც უკავშირებენ (ძვ. სტ. - 14, ახლით - 27 ნოემბერი). უმთავრესად კი საშობაო მარხვა ქრისტეშობის დღესასწაულისთვის მომზადების პერიოდია.

მარიამობის მარხვა ორკვირიანია და გრძელდება 14 აგვისტოდან 28 აგვისტომდე, როდესაც ეკლესია დღესასწაულობს ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ამქვეყნიური ცხოვრების დასასრულს - მის მიძინებას. მძიმე მარხვაა. თევზით ხსნილია მხოლოდ ფერისცვალების დღესასწაულზე (ახალი სტილით 19 აგვისტო).

პეტრეპავლობის მარხვა ცვალებადი ხანგრძლივობისაა. იწყება სულთმოფენობიდან 1 კვირის შემდეგ, ორშაბათს, და გრძელდება პეტრეპავლობის დღესასწაულამდე (ახალი სტილით 12 ივლისი). მძიმე მარხვა არაა. ოთხშაბათისა და პარასკევის გარდა ხსნილია თევზით.

წლის განმავლობაში არსებობს რამდენიმე განსაკუთრებული კვირა ანუ შვიდეული, როდესაც ოთხშაბათი და პარასკევი არასამარხვო დღეებია, ანუ ხსნილია. ასეთ შვიდეულს ეწოდება მსგეფსი. წელიწადში ასეთი მსგეფსი ხუთია:

1) შობიდან ნათლისღებამდე - 25 დეკემბრიდან (7 იანვარი) 4 (17) იანვრამდე;

2) მეზვერისა და ფარისევლის შვიდეული - დიდი მარხვის დაწყების წინ მესამე კვირა;

3) ყველიერის შვიდეული - დიდი მარხვის წინ ბოლო კვირა; ხსნილია ყველითა და კვერცხით;

4) ბრწყინვალე შვიდეული - აღდგომის შემდეგი კვირა;

5) სულთმოფენობის შვიდეული - სულთმოფენობის დღესასწაულის მომდევნო კვირა.

ოთხი უკანასკნელი მსგეფსის თვე და რიცხვი ყოველწლიურად საეკლესიო კალენდარში უნდა მოიძებნოს.
ბეჭდვა
1კ1