მკერდში იცემდა მჯიღს და ამბობდა: ღმერთო, მილხინე მე, ცოდვილსა
მკერდში იცემდა მჯიღს და ამბობდა: ღმერთო, მილხინე მე, ცოდვილსა
დიდ მარხვას წინ უსწრებს მოსამზადებელი პერიოდი, რომელიც მეზვერისა და ფარისევლის კვირიაკით იწყება. ეს შვიდეული მსგეფსია (ხსნილია ოთხშაბათი და პარასკევი). ამ კვირის ღვთისმსახურების დედააზრი სახარებისეული მეზვერისა და ფარისევლის იგავის განმარტებაა.

ფარისევლები, იუდეველთა ერთ-ერთი რელიგიური დაჯგუფება, სათავეს იღებენ იონათან მაკაბელის შთამომავლობიდან, რომლებიც თავის მხრივ ხასიმიდების დინასტიის წარმომადგენლები იყვნენ. იუდეველთა ტყვეობიდან დაბრუნების შემდეგ განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა მოსეს კანონების ზუსტად აღსრულებას. სჯულის დაცვის საკითხი განსაკუთრებით გამკაცრდა ალექსანდრე მაკედონელის შემდეგ, როცა იუდეველთა შორის გავრცელება იწყო ბერძნულმა განათლებამ და მათ შორისაც გაჩნდნენ სჯულის მოღალატენი (1 მაკ. 1:11-15). განსაკუთრებით - ანტიოქე ეპიფანეს მიერ გამოცხადებული მორწმუნეთა დევნის შემდეგ. სჯულის მიმდევარნი უმკაცრესად ითხოვდნენ წესებისა და ჩვეულებების დაცვას. ასეთებს სჯულის მცოდნეებს უწოდებდნენ. ისინი, პრაქტიკული საჭიროებიდან გამომდინარე, განმარტავდნენ კიდეც კანონებს. ასეთი დამოკიდებულება ფარისევლობაში გადაიზარდა. ფარისევლებს სურდათ, ზუსტად აღესრულებინათ ეროვნული რელიგიის სწავლება და შორს ყოფილიყვნენ ყოველივე იმისგან, რაც თანხმობაში არ იყო სჯულის მათეულ გაგებასთან. აქედან წარმოიშვა სახელწოდება "ფარისეველი", რაც გამოყოფილს, გამორჩეულს ნიშნავს.

ფარისეველთა მოძღვრების მთავარი დებულებები ასეთი იყო: 1) ისინი ყველაფერს მიაწერდნენ ბედისწერას, მაგრამ არც თავისუფალ ნებას უარყოფდნენ; 2. მათ სჯეროდათ უმაღლესი კეთილი და ბოროტი სულების არსებობისა; 3. სწამდათ სულის უკვდავებისა, მკვდართა აღდგომისა (მხოლოდ - არა ქრისტიანული გაგებით) და მომავალი მისაგებლისა; 4) მოსეს სჯულის გარდა ისინი აღიარებდნენ ზეპირ გადმოცემებსაც, რომლებიც თითქოს მოსესგან გადაეცემოდა თაობიდან თაობას; ეს გადმოცემები ძირითადად ეხებოდა წეს-ჩვეულებათა აღსრულების გარეგნულ მხარეს და ფარისევლებისთვის ისეთი მნიშვნელობა ჰქონდა, რომ ზოგჯერ გადმოცემათა გამო დაწერილ კანონებსაც კი ცვლიდნენ.

ფარისევლებს განსაკუთრებული ადგილი ეკავათ იუდეველთა ცხოვრებაში, თუმცა სჯულისადმი მათმა ასეთმა გარეგნულმა დამოკიდებულებამ სამწუხარო შედეგი გამოიღო - იუდეველთა უმრავლესობამ ყური არ ათხოვა წინასწარმეტყველთა ღაღადს და კაცობრიობის მხსნელი არ მიიღო. მათვე მიაწერენ თავის დროზე იუდეის დამხობას.

მეზვერე, იგივე მებაჟე, გადასახადების ამკრეფი გახლდათ. იუდეველების თვალში მეზვერე და ცოდვილი ერთი იყო. ხარკის ამკრეფნი ტომით იუდეველები იყვნენ, მაგრამ რომის ხელისუფლების სამსახურში იდგნენ და ცუდი ავტორიტეტით სარგებლობდნენ, ამიტომ ხალხს ისინი არ უყვარდა.

იგავი მოგვითხრობს: "ორი კაცი შევიდა ტაძარში სალოცავად: ერთი - ფარისეველი, მეორე - მეზვერე. ფარისეველი დადგა და ასე ლოცულობდა გულში: ღმერთო, გმადლობ, რადგან არა ვარ სხვათა კაცთა მსგავსად მტაცებელი, უსამართლო და მემრუშე და არც ამ მეზვერეს ვგავარ. ორჯერ ვმარხულობ კვირაში და ვიხდი მეათედს იმისას, რასაც ვიხვეჭ.

ხოლო მოშორებით მდგარი მეზვერე იმასაც კი ვერ ბედავდა, ზეცად აღეპყრო თვალნი. არამედ მკერდში იცემდა მჯიღს და ამბობდა: ღმერთო, მილხინე მე, ცოდვილსა.

გეუბნებით: სახლში ეს უფრო გამართლებული დაბრუნდა, ვიდრე ის, რადგან ყველა, ვინც აიმაღლებს თავს, დამდაბლდება, და ვინც დაიმდაბლებს თავს, ამაღლდება".

ადამიანი, რომელიც თავის უღირსებას განიცდის (ამ შემთხვევაში - მეზვერე) და ნანობს, ბევრად აღმატებულია ღვთის წინაშე, ვიდრე ფარისეველი, რომელიც გარეგნულად თითქოს მორწმუნეა, აღასრულებს ყველაფერს, რასაც მოსეს სჯული მოითხოვს, მაგრამ არ აქვს სინანული და სიმდაბლე ღვთის წინაშე.

მეზვერისა და ფარისევლის კვირიაკეს მოსდევს "უძღები შვილის" სახელით ცნობილი შვიდეული. ამ დროს ეკლესია იხსენებს სახარებისეულ იგავს უძღებ შვილზე: "ერთ კაცს ორი ძე ჰყავდა. და უთხრა უმცროსმა მამას: მამა, მომეცი ჩემი წილი, რაც მერგება სამკვიდრებლიდან. და გაუყო მათ თავისი ქონება. ცოტა ხანმა რომ განვლო, შეკრიბა უმცროსმა ყველაფერი, შორეულ მხარეს გაემგზავრა და იქ გაფლანგა მთელი თავისი ავლა-დიდება, ვინაიდან თავშეუკავებლად ცხოვრობდა. როცა ყველაფერი შემოეხარჯა, დიდი შიმშილობა ჩამოვარდა იმ ქვეყანაში და ძალიან გაუჭირდა. წავიდა და ერთ იქაურ კაცს შეეკედლა, ხოლო მან მინდორში გააგზავნა ღორების მწყემსად. ნატრობდა, ნეტავი ღორების საჭმლით მაინც ამომავსებინა მუცელიო, მაგრამ ვინ აღირსებდა!

გონს რომ მოეგო, თქვა: მამაჩემის რამდენ მოჯამაგირეს თავზე საყრელად აქვს პური, მე კი აქ შიმშილით ვკვდები. ავდგები, მივალ მამაჩემთან და ვეტყვი: მამა, ვცოდე ცის მიმართ და შენს წინაშე, და აღარა ვარ იმის ღირსი, რომ შენი ძე მერქვას, მაგრამ მოჯამაგირედ მაინც დამიყენე. ადგა და მამისკენ გასწია. ჯერ კიდევ შორს იყო, რომ მამამ დაინახა და შეებრალა იგი; ხოლო ის გამოიქცა, კისერზე მოეჭდო და ჰკოცნიდა მას. და უთხრა მამას: მამა, ვცოდე ცის მიმართ და შენს წინაშე და აღარ ვარ იმის ღირსი, რომ შენი ძე მერქვას.

ხოლო მამამ თავის მონებს უთხრა: მოიტანეთ სამოსელი პირველი და შემოსეთ იგი, გაუკეთეთ ბეჭედი ხელზე და ხამლი ჩააცვით მას. მოიყვანეთ ნასუქი ხბო და დაკალით; ვჭამოთ და ვიმხიარულოთ, რადგან ეს ჩემი ძე მკვდარი იყო და გაცოცხლდა, დაკარგული იყო და გამოჩნდა, და იწყეს მხიარულება.

ხოლო უფროსი ძე ყანაში იყო, და როცა შინ მიმავალი სახლს მიუახლოვდა, შემოესმა სიმღერისა და ფერხულის ხმა. მოუხმო ერთ მონათაგანს და ჰკითხა: რა ამბავია? მან მიუგო: შენი ძმა მოვიდა და მამაშენმა ნასუქი ხბო დაკლა, რაკი საღ-სალამათი დამიბრუნდაო.

ხოლო ის გაბრაზდა და აღარ უნდოდა შესვლა. გამოვიდა მამამისი და მიიხმო იგი. მაგრამ მან უთხრა მამას: აგერ, რამდენი წელია გემსახურები და ერთხელაც არ გადავსულვარ შენს მცნებას, ერთი თიკანი თუ მოგიცია ოდესმე ჩემთვის, რომ მეგობრებში მომელხინა? სამაგიეროდ, მოვიდა თუ არა შენი ძე, რომელმაც მთელი თავისი ავლა-დიდება მეძავებს გადააგო, ხელად კვებულა ხბო დაუკალი.

ხოლო მამამ მიუგო მას: შვილო, შენ ყოველთვის ჩემთანა ხარ და ყველაფერი, რაც მაქვს, შენია. ამჯერად კი გვმართებს ვიხაროთ და ვიმხიარულოთ, ვინაიდან ეს შენი ძმა მკვდარი იყო და გაცოცხლდა, დაკარგულ იყო და გამოჩნდა (ლუკ. 15,11-32).

იგავის განმარტებით, ეკლესიის გარეთ მდგომი შვილის მამის წიაღში ანუ ეკლესიაში დაბრუნება უდიდესი სიხარულია, მამის წიაღში დაბრუნებისთვის კი აუცილებელია, სინანულის ისეთი განცდა გქონდეს, როგორიც უძღებ შვილს ჰქონდა.

ამ იგავის მაგალითზე ყველას, ვისაც სწყურია, ღვთაებრივი სიყვარულის თანაზიარი გახდეს, საშუალება ეძლევა გამოიჩინოს სიმდაბლე, გულისხმიერება და შეუერთდეს დედაეკლესიას, რომელიც მზრუნველი მშობლის მსგავსად ცოდვათა მიმტევებელი, მკურნალი და სალბუნია ყველა ჩვენი სულიერი და ფიზიკური ტკივილისა.

უძღები შვილის კვირიაკეში უკვე იწყება მარხვისთვის მზადება, სუფრა შედარებით განტვირთულია. ოთხშაბათსა და პარასკევს კვლავ მარხვას ვინახავთ, ამასთან, ეს ბოლო შვიდეულია დიდი მარხვის წინ, როდესაც ხორცის მიღება შეიძლება.

მომდევნო შვიდეულს ყველიერის კვირა ეწოდება, ეს დღეები კიდევ უფრო გვაახლოებს დიდ მარხვასთან. ამ შვიდეულის ოთხშაბათსა და პარასკევს მორწმუნეები ეფრემ ასურის ლოცვას კითხულობენ:

"უფალო და მეუფეო ცხოვრებისა ჩემისაო. სულსა უქმობისასა და მიმომწვლილველობისასა, მთავრობის მოყვარებისასა და ცუდად მეტყველებისასა ნუ მიმცემ მე (დიდი მეტანია).

ხოლო სული სიწმინდისა, სიმდაბლისა, მოთმინებისა და სიყვარულისა მომმადლე მე, მონასა შენსა (დიდი მეტანია).

ჰე, უფალო და მეუფეო, მომანიჭე მე განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა, რამეთუ კურთხეულ ხარ შენ უკუნითი უკუნისამდე, ამინ. (დიდი მეტანია).

ღმერთო, მილხინე ცოდვილსა ამას და შემიწყალე მე (12-ჯერ მცირე მეტანიით. შემდეგ გავიმეორებთ ლოცვას თავიდან ბოლომდე "უფალო და მეუფეო... " და ისევ აღვასრულებთ ერთ დიდ მეტანიას)".

ყველიერის შვიდეულში ოთხშაბათი და პარასკევი ხსნილია მხოლოდ რძის ნაწარმით. შვიდეული მთავრდება შენდობის ანუ მიტევების კვირა დღით.

მოამზადა მღვდელმა
ლევან მათეშვილმა
ბეჭდვა
1კ1