დიდი მარხვა და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული
დიდი მარხვა და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული
ვესაუბრებით წმიდა სამების ლავრის მღვდელმსახურს დეკანოზ ბიძინა გუნიას:

- მამა ბიძინა, რატომ აღინიშნება აღდგომის დღესასწაული ყოველ წელს სხვადასხვა დროს და რატომ ხდება აღდგომის თვისა და რიცხვის თანხვედრა გარკვეული პერიოდის შემდეგ?


- აღდგომის დღესასწაული ძვ.სტ. 22 მარტიდან 25 აპრილის ჩათვლით მოიწევა. ზემოაღნიშნული საეკლესიო სწავლებას ეფუძნება, რომლის თანახმადაც პასექის თარიღის დასადგენად ოთხი პირობის დაცვაა აუცილებელი:

1. პასექი იდღესასწაულება გაზაფხულის ბუნიობის დღის (ძვ.სტ. 21 მარტი) შემდეგ;

2. შემდგომად პირველი სავსემთვარობისა (მთვარის მე-14 დღე), რომელიც გაზაფხულის ბუნიობის (დღეღამტოლობის) დღეს ან მის შემდგომ მოიწევა (რომელსაც საპასექო სა-ვსემთვარობა ეწოდება);

3. კვირა დღეს, რომელიც საპასექო სავსემთვარობის შემდგომ მოიწევა;

დაბოლოს,

4. არ უნდა დაემთხვეს იუდეველთა პასექს (ასევე არ უნდა მოიწიოს მასზე ადრე).

ქრისტიანული პასექის აღსრულების უადრესი და უგვიანესი ვადების შესახებ სწავლება, უაღრესად ნათლად არის წარმოჩენილი წმინდა იოანე ოქროპირის მიერ, რომლის მიხედვითაც:

თუ სავსემთვარობა 20 მარტს მოიწევა, ჩვენ დავუტევებთ მას და მომდევნო სავსემთვარობას დაველოდებით, ხოლო თუ სავსემთვარობა 21 მარტს ან მის შემდგომ უახლოეს დღეებში მოიწევა, მას ვიღებთ. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ სავსემთვარობისას არ უნდა იყოს კვირა დღე, შვიდეულის სხვა დღე კი მისაღებია. მაშინ, ცხადია, რომ თუ 21 მარტს (დღეღამტოლობისას) მოიწევა სავსემთვარობა (მთვარის მე-14 დღე) და ის დაემთხვევა შაბათს, უადრესი თარიღი ქრისტიანული პასექისა 22 მარტი - კვირა დღე იქნება. ამდენად, აღდგომის დღის განსაზღვრისას მარტის სავსემთვარობა, რომელიც 21 მარტზე ადრე მოიწევა, მაგალითად, 19 მარტს, არ ითვლება საპასექოდ. ამგვარად, თუ მარტის სავსემთვარობა 19 მარტს დაემთხვა, ჩვენ დავუტევებთ მას და დაველოდებით სავსემთვარობას, რომელიც 30 დღის შემდეგ - 18 აპრილს მოიწევა. ამასთან, თუ 18 აპრილი (ე.ი. სავსემთვარობა) კვირა დღეს დაემთხვევა, აღდგომის დღე მომდევნო კვირა - 25 აპრილი იქნება, რომელიც არის კიდეც ქრისტიანული პასექის უგვიანესი ვადა (წმინდა იოანე ოქროპირის თხზულებათა ტ. 8. წ. 2. გვ. 968-970).

რაც შეეხება აღდგომის თარიღის განმეორებადობის საკითხს, იგი პასქალიაში გამოყენებული პასქალურ-კალენდარული ციკლებით (4-წლიანი, 28-წლიანი "მზის ციკლი", 19-წლიანი "მთვარის ციკლი", 532-წლიანი ციკლი - დიდი ინდიქტიონი) არის განპირობებული, რის გამოც მეორდება მთვარის ფაზების, კვირის შვიდეულის დღეებისა და თვის რიცხვების განლაგება, ანუ აღდგომის დღესასწაული ხდება პერიოდული. ასე მაგალითად, (ძვ.სტ.) აღდგომის დღე მოიწევა:

* 22 მარტს - 319, 414, 509, 604 და ა.შ. წლებში;

* 29 მარტს - 313, 324, 403, 408 და ა.შ. წლებში;

* 1 აპრილს - 294, 305, 367, 378 და ა.შ. წლებში;

და სხვა.

საპასექო გამოთვლათა თეორიულ საფუძვლებზე დაყრდნობით, პასქალისტების მიერ აღდგომის დღის საანგარიშო "სამარადისო" ცხრილი იქნა შემუშავებული (იხ. ქვემოთ), რომლის მიხედვითაც ნებისმიერ მკითხველს (რომელიც ელემენტარულ არითმეტიკულ მოქმედებებს ფლობს) შეუძლია თავადაც გამოთვალოს ამა თუ იმ კალენდარული წლის აღდგომის თარიღი. ამ ცხრილით სარგებლობისას მოცემული კალენდარული წლის რიგითი ნომერი (N) 28-ზე და 19-ზე უნდა გაიყოს. 28-ზე გაყოფის ნაშთები ზევით - ჰორიზონტალურ სვეტში უნდა ვეძიოთ, ხოლო 19-ზე გაყოფის ნაშთები ცხრილის მარცხენა მხარეს - ვერტიკალურ სვეტში. მიღებული ამ ორი რიცხვის (ანუ ნაშთების) შემცველი ვერტიკალისა და ჰორიზონტალის გადაკვეთაზე მდებარე რიცხვი აღდგომის დღის მაჩვენებელი იქნება.

- დიდმარხვის პერიოდის მსახურება განსხვავდება მთელი საეკლესიო ციკლის, ასევე ქრისტეშობის, პეტრეპავლობის და მარიამობის მარხვათა მსახურებათაგან. რას ვიტყოდით ამის შესახებ?

- აღნიშნული საღვთისმსახურო-ლიტურგიკული განსხვავება ხსენებულ უდიდეს დღესასწაულთა საღვთისმეტყველო მნიშვნელობიდან მომდინარეობს.

KARIBCHE


წმიდა ეკლესია უდიდეს დღესასწაულთა დაწესებით ადამიანთა ხსნის საღვთო განგებულების არსს, საღვთო აღმშენებლობის გზას წარმოაჩენს, რითაც საშუალებას აძლევს თითოეულ მორწმუნეს (ეკლესიის წიაღში) ღვთაებრივი ცხოვრების თანაზიარი გახდეს.

დიდი დღესასწაულების განხილვისას უცილობლად ორი გარემოება უნდა გავითვალისწინოთ:

1) თუ რა მოხდა (მაშინ) ისტორიულად, ადამიანთა ხსნის საღმრთო განგებულებით, და

2) რა ხდება ახლა, ჩვენთვის, საღვთო აღმშენებლობით.

განვმარტავთ, რომ ყოველივე ის, რაც აღსრულდა ადამიანთა ხსნისათვის (განკაცება, ნათლისღება, ჯვარზე ვნება, მკვდრეთით აღდგომა და ამაღლება), ადამიანურ ბუნებას ეხებოდა - დაცემული კაცობრივი ბუნების აღდგენას, რომელიც მთელ სისრულეს მაცხოვრის ზეცად ამაღლებისას იძენს. ხოლო ყოველივე ის, რაც ახლა ხდება ჩვენთვის, მართლმადიდებლური ეკლესიის საიდუმლოებებში მონაწილეობით, პიროვნებას ეხება და ადამიანის არჩევანზეა დამოკიდებული.

ამგვარად, ხსენებულ მარხვათა და სადღესასწაულო ღვთისმსახურებებში მონაწილეობით საღვთო ისტორიის ლიტურგიკული თხრობის თანამონაწილენი ვხდებით, თანაზიარნი ვხდებით ადამიანთა ხსნის საღვთო განგებულებისა, რაც კონკრეტულ სადღესასწაულო მსახურებაშია წარმოჩენილი.

- დიდმარხვისა და ზატიკის პერიოდები განსაკუთრებული მნიშვნელობისაა და მრავალ მორწმუნეს უჩნდება სურვილი, უფრო მეტად ჩასწვდეს მათ მისტიკურ მხარეს, რათა უფრო მომზადებული შეხვდეს ამ პროცესების დაწყებას. თუ შეიძლება გვესაუბრეთ ყოველივე ამის შესახებ.

- დიდი მარხვის პერიოდი განსაკუთრებული დროა თითოეული მართლმადიდებელი ქრისტიანის ცხოვრებაში. ეს არის დრო საკუთარი თავის უკეთ შეცნობისა, დრო სინანულისა და ცოდვებისაგან განწმენდისა, დრო ლოცვისა და მარხვისა, ქველმოქმედებისა თუ სხვა სათნოებათა აღსრულებისა.

დიდი მარხვა საპასექო წლის მესამე, ბოლო პერიოდს მიეკუთვნება და იგი პირობითად სამ ქვეპერიოდად იყოფა: I პერიოდი, დიდი მარხვის მოსამზადებელი პერიოდი, ოთხ კვირა დღეს და სამ შვიდეულს მოიცავს. იგი მეზვერისა და ფარისევლის კვირის მსახურებით იწყება და ყველიერის კვირით სრულდება; II პერიოდი, ანუ საკუთრივ დიდი მარხვის პერიოდი, ექვს კვირა დღეს მოიცავს და ბზობის კვირით მთავრდება; III პერიოდი კი ვნების შვიდეული გახლავთ.

ვნების შვიდეული, მაცხოვრის ამქვეყნიური ცხოვრების უკანასკნელი დღეების გახსენებას ეძღვნება: საიდუმლო სერობას, მის გაცემას, პილატეს სამსჯავროს, ჯვარზე ვნებას, სიკვდილსა და საფლავად დადებას, რის გამოც ეს შვიდეული ვნების შვიდეულად იწოდება.

ვნების შვიდეულის პირველ სამ დღეს (ორშაბათს, სამშაბათსა და ოთხშაბათს) ღვთისმსახურებისას ოთხივე სახარება იკითხება, რათა თითოეული განიმსჭვალოს სახარებისეული სიბრძნით, რაც გახლავთ კიდეც ერთ-ერთი უცილობელი პირობა სულიერი გამოღვიძებისა, ფერისცვალების დაწყებისა, ადამიანთა განღმრთობისა. ამ დღეებში მორწმუნეთა ზიარებისათვის პირველშეწირულის ლიტურგიაც აღესრულება.

დიდი ხუთშაბათის მსახურებაში მოთხრობილია იმ მოვლენებზე, რომლებიც წინ უსწრებდა მაცხოვრის ვნებას. კონკრეტულად: მოწაფეებთან ერთად ბოლო პასექის აღსრულება, ფეხთბანა, ევქარისტიის საიდუმლოს დაწესება და იუდას მიერ მაცხოვრის გაცემა.

დიდი პარასკევის მთელი მსახურება მაცხოვრის ჯვარზე ვნების გახსენებას ეძღვნება და უდიდესი მწუხარებით არის განმსჭვალული. ცისკრის ჟამნზე თორმეტი ვნების სახარება იკითხება. ამასთან, დღის მსახურების თითოეული ჟამნი ნათლად წარმოაჩენს მაცხოვრის ვნების სხვადასხვა სახეს - გეთსემანიის ბაღში სისხლით განზავებული ოფლით დაწყებული, გოლგოთაზე მისი ჯვარზე აღსრულებით დამთავრებული. თითოეული საგალობელი თუ საკითხავი სინანულის ცრემლითაა აღსავსე, გულის შემძვრელია და ცოდვის შემმუსვრელი, ამავე დროს იმედის ჩამსახველიც.

დიდ შაბათს წმიდა ეკლესია იხსენებს მაცხოვრის საფლავად დადებას, ხორციელად საფლავში ყოფნას, განღმრთობილი სულით კი ჯოჯოხეთში ჩასვლას და მართალთა სულების გამოხსნას, და მამასა და სულიწმიდასთან განუშორებლად თანამყოფობას. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ დიდი შაბათის მსახურება გამშვენებულია ურთიერთსაპირისპირო სულიერ განცდათა საოცარი გამით: მწუხარებითა და სიხარულით, ცრემლითა და სულიერი აღმაფრენით, გულისტკივილითა და სულიერი გაცისკროვნებით.

და აი, დგება ნანატრი დღე, მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომის დღე, საპასექო "ახალი წელი", რომელიც არის დღე:

* სიკვდილიდან სიცოცხლეში გადასვლისა;

* მიწიდან ზეცად ამაღლებისა;

* სულიერი გაზაფხულის დადგომისა;

* საყოველთაო აღდგომის "დასაწყისისა" (მეორედ მოსვლის ჟამს ყოველი ადამიანის მკვდრეთით აღდგომის მომნიჭებელი);

* დაცემული კაცობრივი ბუნების აღდგენისა (რომელიც მთელ სისრულეს მაცხოვრის ზეცად ამაღლებისას იძენს) და ა.შ.

აღდგომიდან ყოველთა წმიდათა კვირიაკემდე არსებულ საღმრთისმსახურო ინტერვალს ზატიკის პერიოდი ეწოდება. საეკლესიო მსახურებათა წლიურ ციკლში ზატიკის პერიოდი განსაკუთრებული საზეიმო ხასიათით და თავისებურებით გამოირჩევა, რაც დაკავშირებულია მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომასთან და მის შემდგომ პერიოდთან, ამაღლებისა და სულთმოფენობის დღესასწაულთა ჩათვლით.

ზატიკის პერიოდი პირობითად სამ ნაწილად იყოფა: 1. ბრწყინვალე შვიდეული; 2. თომას კვირიდან აღდგომის წარგზავნამდე; 3. ამაღლებიდან ყოველთა წმიდათა კვირიაკემდე. აღნიშნული პერიოდის ღმრთისმსახურება საოცარი თავისებურებებით გამოირჩევა, რაზეც ალბათ სხვა დროს ვისაუბრებთ.

დაბოლოს, ზემოთქმულთან დაკავშირებით დავძენთ, რომ თითოეული მორწმუნე განსაკუთრებით უნდა ცდილობდეს მონაწილეობა მიიღოს დიდი მარხვის I შვიდეულის, ვნების შვიდეულისა და ბრწყინვალე შვიდეულის მსახურებებში.

- რა მიგაჩნიათ მრევლისათვის სულიერი წარმატების აუცილებელ წინაპირობად?

- ის, რასაც ბრძანებს უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, რომ თითოეული განადიდებდეს უფალს, უყვარდეს სამშობლო (მამული) და უყვარდეს მოყვასი. სხვაგვარად შეუძლებელია თანაზიარი გახდე ადამიანთა ხსნის საღმრთო აღმშენებლობის გზისა, რისი დასაწყისიც ნათლისღება გახლავთ, შუა ნაწილი - ღვთისსათნო ცხოვრება და საქმეთა სახარებისეული სწავლებით წარმართვა, ხოლო დასასრული - ვნებებზე გამარჯვება (როგორც ამას წმინდა გრიგოლ პალამა შეგვაგონებს - იხ. ჰომილიები, ნაწ. I, გვ. 217).
ბეჭდვა
1კ1