ჭამა-სმით დასნეულებული ბევრი მინახავს, ხოლო მარხვისგან - არავინ
ჭამა-სმით დასნეულებული ბევრი მინახავს, ხოლო მარხვისგან - არავინ
თანამედროვენი თითქოს შევეჩვიეთ ეკლესიურ ცხოვრებას და იმ ყველაფერს, რასაც დედაეკლესია, წმინდა მამები და ჩვენი სულიერი მოძღვრები გვიქადაგებენ. ხშირად სიამაყის გრძნობაც გვეუფლება და თავი უპირატეს ეკლესიურ ადამიანებად მიგვაჩნია. მაგრამ განა ისეთები ვართ, როგორიც უფალს სურს? საკუთარ თავთან ჩაღრმავება და პასუხის გაცემა კითხვაზე, თუ როგორ ვცხოვრობთ და რას ვაკეთებთ სულიერი ცხოვრების გამოსასწორებლად, ალბათ ყველას გვმართებს. დაე, ღმერთმა მოგვცეს განცდა თვისთა ცოდვათა და ყოველი მარხვის დასაწყისი იყოს ჩვენთვის სინანულის მომგვრელი და განახლებული სულიერი ცხოვრების დასაწყისი.

გვესაუბრება სოფელ ბრეთის წმინდა გიორგის სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ზაბულონი (გელაშვილი):

- წინასწარმეტყველი ისაია ბრძანებს და მოუწოდებს ისრაელის ერს: "განიბანენით, წმიდა იქმნენით, მოისპენით უკეთურებანი სულთაგან თქვენთა წინაშე თვალთა ჩემთა, დასცხერით ბოროტთაგან თქვენთა, ისწავლეთ კეთილის ქმნა, გამოიძიეთ მსჯავრი, იხსენით მიმძლავრებული, უსაჯეთ ობოლსა, განამართლეთ ქვრივი და მოვედით და შევიტყვეთ, იტყვის უფალი, და უკეთუ იყვნენ ცოდვანი თქვენნი ვითარცა ღებილნი, ვითარცა თოვლი განვასპეტაკო, ხოლო უკეთუ გინდეთ და ისმინოთ ჩემი, კეთილნი ქვეყანისანი ჰსჭამნეთ, ხოლო უკეთუ არა გინდეთ, და არცა ისმინოთ ჩემი, მახვილმან შეგჭამნეთ თქვენ, რამეთუ პირი უფლისა იტყოდა ამათ".

მარხვა - წარმატებული სულიერი ცხოვრების გზაზე დიდ შემწეობას და დახმარებას გვიწევს. მარხვის მაგალითი მორწმუნეებს თავად უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ მოგვცა, როცა უდაბნოში ორმოცი დღე და ღამე იმარხულა.

მარხვა აუცილებელი წინაპირობაა ადამიანის სულიერი გამოჯანმრთელებისა. სინანული არის წინაპირობა ჭეშმარიტი ქრისტიანული ცხოვრებისა. სახარებაში თავად უფალი შეაგონებდა მოციქულებს, მარხვითა და ლოცვით დაეცვათ თავი ეშმაკის საფრთხეთაგან.

წმინდა ეკლესიამ რამდენიმე მარხვა დაგვიწესა: აღდგომის, ქრისტეშობის, ღვთისმშობლის მიძინების, წმინდა მოციქულების - პეტრესა და პავლესი. ვმარხულობთ ასევე ყოველი კვირის ოთხშაბათს და პარასკევს ნიშნად იმისა, რომ მაცხოვარი ოთხშაბათ დღეს გასცეს, პარასკევს კი ჯვარზე გააკრეს.

წმინდა ეკლესია გამოყოფს ცალკე შვიდ კვირას, როგორც განსაკუთრებულ დროს სინანულისთვის და მოგვიწოდებს ღვაწლისათვის, რათა გავიძარცვოთ ძველი იგი კაცი, განხრწნილი გულისთქმითა მისებრ საცდურისა და შევიმოსოთ ახალი.

სამწუხაროდ, გაისმის ხოლმე კითხვები, თუ რაში გვჭირდება სინანული და რა არის იგი. ამაზე გვაძლევს პასუხს დიდი მარხვა, რომელიც არის ჭეშმარიტად სინანულის სკოლა, რისი დახმარებითაც თითოეულმა მართლმადიდებელმა ყოველწლიურად უნდა შეძლოს რწმენის გაღრმავება. "მარხვა დედაა სიწმინდისა, ცოდვათა მამხილებელი და გამამტყუნებელი. ძლიერი შემწეა სინანულისა და ანგელოზებრივი მოქალაქეობისა. ჭეშმარიტი მარხვა არის არა მარტო ხორციელი, არამედ სულიერი საქმეც. წმინდა ბასილი დიდი გვასწავლის, კაცნი, რომლებიც მოაკლდნენ საჭმელსა და არ იშლიან ცუდთა საქმეთა, დაემსგავსებიან ეშმაკს, რომელიც საერთოდ არაფერს ჭამს, მაგრამ ღვთის წინააღმდეგობას არ იშლიან. ჭეშმარიტი მარხვა, ძმათა, მტერთა, მოძულეთა ბრალთა მიტევებაში მდგომარეობს, ჭეშმარიტი მარხვა ქველმოქმედებაცაა და მოწყალებაც (წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსი). სული ლოცვით და მარხვით პოულობს ღმერთთან ერთობას და "ესე უწყოდეთ, რამეთუ აწვე არს ჟამი განღვიძებად ჩვენდა ძილისაგან, ესე არის დღენნი ეშმაკის ძლევისა".

ვინც შეგნებულად არიდებს თავს მარხვის შენახვას, არც კი ფიქრობს სულის გადარჩენაზე.

- როგორ ვიმარხულოთ და სათნო ვეყოთ უფალს, რათა სიხარული იმ სანატრელი დღისა, რომელსა ეწოდების აღდგომა, სრულად გაზიარებული ჰქონდეს ჩვენს სულებს?

- დიდ მარხვას განსაკუთრებული საღვთისმსახურო წიგნი, მარხვანი აქვს. მასში ყველა საგალობელი შედის, ასევე მარხვის ყოველდღიური ბიბლიური საკითხავები. ამ დროს საეკლესიო ტიპიკონში იკითხება წმინდა ეფრემ ასურის სინანულის ლოცვა: "უფალო და მეუფეო ცხოვრებისა ჩემისაო"... და "წმინდა ანდრია კრიტელის კანონი". კვირაობით ცისკრის ლოცვისას იგალობება "მსწრაფლ განუხვენ სინანულისა ბჭენი სულსა ჩემსა, ცხოვრების მომცემელო".

- რა არის ჭეშმარიტი მარხვა?

- უპირველეს ყოვლისა, შინაგანი განწმენდა, სიყვარულთან დაბრუნება, ამაოდ დახარჯული ცხოვრების სიძულვილი, შურის, უსამართლობის, უწმინდურობის წინააღმდეგ ბრძოლა. წმინდა სერაფიმ საროველი ბრძანებს: "ჭამა-სმისაგან ბევრი მინახავს დასნეულებული, ხოლო მარხვისგან - არავინ".

"ჰე, უფალო და მეუფეო, მომანიჭე განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა", - წმინდა ეფრემ ასურის ამ ლოცვას მთელი დიდი მარხვის განმავლობაში იმეორებს დედაეკლესია, რომელიც განსაკუთრებულად სინანულისა და თავმდაბლობისაკენ მოგვიწოდებს.

***
დიდი მარხვის განმავლობაში საღვთისმსახურო წესებს შორის ყველაზე შესამჩნევია ის, რომ არ აღესრულება საღვთო ლიტურგია ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, გარდა იმ დღეებისა, თუკი დაემთხვა ხარების დღესასწაული. ამის მაგივრად კი ოთხშაბათობითა და პარასკეობით აღესრულება მწუხრის ლოცვასთან შეერთებული განსაკუთრებული ღვთისმსახურება, რომელსაც პირველშეწირულის ლიტურგია ეწოდება.

ძველი დროიდან მოყოლებული ეკლესიაში ამგვარი რამ არის დაწესებული: მარხვის აღების დღეს მორწმუნეები ერთმანეთისგან ითხოვდნენ შენდობას და შემდგომ მიდიოდნენ და იწყებდნენ მოღვაწეობას (ეს წესი უფრო ბერ-მონაზვნებში იყო გავრცელებული). ამან განაპირობა დიდ მარხვაში პირველშეწირულის ლიტურგიის წესის დამკვიდრება, რომელიც განსხვავდება წმინდა ბასილი დიდის და წმინდა იოანე ოქროპირის ლიტურგიებისგან, რათა მორწმუნეებს სულიერი ძალების განმტკიცებისათვის შესაძლებლობა ჰქონოდათ ზიარებოდნენ სისხლსა და ხორცს უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. როგორც სახელწოდებიდან ჩანს (პირველშეწირული - ადრე შეწირული), ლიტურგიაზე არ ხდება ძღვნის კურთხევა, არც პროსკომიდია (კვეთა) და არც ევქარისტია (ძღვნის კურთხევა), არამედ მხოლოდ განახლება სიწმინდისა და ზიარება ადრე ნაკურთხი ძღვნით.

თუკი ერთმანეთის მიმართ გვექნება გულისწყრომა და არ შევუნდობთ, მარხვა არ შეიწირება. როგორც მოციქული გვასწავლის: "გულისწყრომამან სიმართლე ღმრთისა არა ქმნას". მარხვის დროს მორწმუნეები თავიანთი მოძღვრებისგან მიიღებენ კანონს, თუ როგორ ილოცონ და როგორ იმარხულონ. მოძღვრისთვისაც ცნობილი უნდა იყოს სულიერი შვილების სულიერი მდგომარეობა. წმინდა წერილში ვკითხულობთ: "უფალო, არა თესლი კეთილი დათესე აგარაკსა შენსა? ვინაი აღმოცენდა ღვარძლი?" (მათ. 3,27). შეუძლებელია, ღვარძლი არ შეერიოს სიკეთეს. მოვუსმინოთ, რას ამბობენ წმინდა მამები. წმინდა გონებრივ საქმიანობას ეტმასნება ხიბლი, როგორც ხეს - სურო, ხოლო ხიბლს წარმოშობს თავდაჯერებულობა და თვითნებობა. მისი წამალია სიმდაბლე და წმინდა წერილის გამოკვლევა და სულიერი რჩევები. არა გონებრივი ლოცვის შესწავლის მიტოვება, რამეთუ, წმინდა გრიგოლ სინელის თქმით, ჩვენ არც უნდა გვეშინოდეს და არც უნდა ვეჭვობდეთ, როცა ღმერთს მოვუხმობთ, რადგან ზოგიერთები თუ გზას ასცდნენ, გონება დაიზიანეს, იცოდეთ, რომ ეს თვითნებობისა და თავმაღლობის გამო დაემართათ. ამის მიზეზი კი, ერთი მხრივ, უგუნური და გაძლიერებული მარხვაა.

როგორც წმინდა მამები გვასწავლიან, ნაყოფი სწორი და ჭეშმარიტი მარხვისა არის სინანული, განცდა და დანახვა საკუთარი უღირსებისა და უძლურებისა.

- როგორ ხდება მარხვისას საკვების მიღება?

- მარხვა ყველა ადამიანისთვის ერთნაირად არ დაუწესებიათ, რადგან ყველასგან არ შეიძლება ერთი საზომით მოთხოვნა. ყველას ერთი ძალა და შესაძლებლობა ხომ არა აქვს. ასაკობრივი განსხვავებაც ხომ არსებობს. ზოგი მოხუცია, ზოგი - ახალგაზრდა, ზოგი უძლურებაშია, ზოგი ძლიერი აღნაგობისაა, მაგრამ თითოეულისთვის სავალდებულოდ ერთი რამ დაადგინეს - ვერიდოთ ნაყროვანებას. წმინდაMმამები თავიანთ თავზე დაკვირვებით მიხვდნენ, რომ საზრდელის ყოველდღე ზომიერი მიღება უმჯობესია, ვიდრე სამ-სამი ან თუნდაც მთელი კვირით მარხულობა. ამგვარად ადამიანი ხორციელად უძლურდება და ვეღარ აღასრულებს ლოცვებს. როცა დანაყრდება, ისე მძიმდება, რომ აღარაფრის კეთების თავი აღარ აქვს. არც ის გვასწავლეს, რომ ყველა ერთნაირად ჭამდეს, რადგან ზოგს როგორ ყოფნის საზრდელი და ზოგს - როგორ. ერთი კი გვასწავლეს, რომ სიმაძღრით და გემოთმოყვარეობით არ უნდა ბრკოლდებოდნენ. არა საჭმელთა სიმრავლე, არამედ საჭმლით გაძღომა ავნებს კაცს და ეშმაკისგან გამოსროლილი ისრებით განახურვებს. მარტო ღვინით სიმთვრალე არ აბნელებს ადამიანის გონებას, არამედ წყლითა და სხვა საჭმლითაც შეიძლება ვავნოთ საკუთარ სულს - სოდომელების დაღუპვის მიზეზად ღვინო და სხვადასხვა სანოვაგის მიღება კი არ იქცა, არამედ პურით სიმაძღრე, როგორც ამას წინასწარმეტყველი ამბობს. თუკი უძლურებისათვის მივიღებთ საჭმელს, რაც უძლურებისთვისაა საჭირო, ეს არ დაგვაბრკოლებს, რადგან ხორცის უძლურება წინ არ აღუდგება ხორცის სიწმინდეს. საზრდელს იმისთვის ვიღებთ, რომ ხორცს შევუნარჩუნოთ სიცოცხლე და არა ჩვენი გემოთმოყვარეობა დავიკმაყოფილოთ.

სულის განსაწმენდად არ არის საკმარისი მარტოოდენ საჭმლისგან თავის შეკავება, თუ არ მოვერიდებით შინაგან და გარეგან ვნებებს, ყველაზე მეტად თუ არ მოვიცილებთ შეგინებულ გულისსიტყვებს და არ შევიძენთ მორჩილებას, სიმდაბლეს, რომლისგანაც მოდის ჭეშმარიტი სიცოცხლე და საერთოდ ყველა სიკეთე. მოგვეთხოვება სახმართა სიძულვილი, აგრეთვე მორიდება და განშორება, მრისხანების, ამპარტავნების, მოწყინების, უქმმეტყველების.

ამ ყველაფერთან ერთად უნდა ვიცოდეთ, როცა ვმარხულობთ, მარხვას აუცილებლად ცდუნება მოჰყვება. არაერთხელ მოგვიწევს დაცემა მარხვის ასპარეზზე, მაგრამ უნდა გვახსოვდეს უფლის სიტყვები: "სასუფეველი ცათა იიძულების და რომელთა აიძულონ, მათ მიიტაცონ იგი". ეს ნიშნავს, რომ დაცემული არ უნდა შეურიგდეს დაცემას. სამწუხაროდ, ამბობენ ხოლმე, პირველ და ბოლო კვირას ვიმარხულებო. გვავიწყდება, რომ მარხვისადმი ასეთი დამოკიდებულებით მჟღავნდება ჩვენი რწმენა. ხშირად მონდომებით იწყებენ მარხვას, მაგრამ თუ შემთხვევით რაიმე განსაცდელი შეემთხვათ, უარს ამბობენ მარხვის გაგრძელებაზე. წმინდა იოანე ოქროპირი გვმოძღვრავს: "ის კი არ არის უბედურება, შენ რომ დაეცი, არამედ ის, რომ დაცემის შემდეგ ადგომა არ გინდა".

***
წინ გველოდება წმინდა ორმოცდღიანი მარხვა და ვნების შვიდეული. ამ დროს განსხვავებული ღვთისმსახურების წესია დამკვიდრებული.Eეს დღეები არის გახსენება იმ სიძნელეებისა, რომელიც იტვირთა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ თავისი ამქვეყნიური ცხოვრების დასრულებისას. მარხვის ბოლო კვირას სრულად იკითხება წმინდა ოთხთავი. დიდ ხუთშაბათს წმინდა ეკლესია იხსენიებს წმინდა ზიარების საიდუმლოს დაწესების დღეს. ცისკრის ლოცვაზე იკითხება 12 ვნების სახარება, მორწმუნეები ანთებენ სანთლებს და უფალს მთელი წლის განმავლობაში განსაცდელისა და გაჭირვების ჟამს ევედრებიან შეწევნას.

დიდი პარასკევი არის ყველაზე მძიმე დღე მთელი წლის განმავლობაში. ამ დროს არ სრულდება საღმრთო ლიტურგია. საკურთხევლიდან გამობრძანდება სამღვდელოების მიერAწმინდა გარდამოხსნა და დაბრძანდება შუა ეკლესიაში ჯვარცმის წინ. ამ დროს ხდება დატირება. ვნების მძიმე შაბათს უფალი ჩვენი იესო ქრისტე სულით ჩავიდა ჯოჯოხეთში და ახარა იქ მყოფ სულებს მათი განთავისუფლება ჯოჯოხეთის სატანჯველთაგან. შემდგომ მთელი კაცობრიობა მოელის აღდგომას უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, სიკვდილითა სიკვდილის დამთრგუნველისა.

ასე რომ, მორწმუნეებს წინ გველოდება დიდი და წმინდა მარხვა, რომელიც მთავრდება სულიერი ზეიმით, აღდგომით უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. ინებოს უფალმა, რომ მარხვის მადლით გაბრწყინებულნი, ღირსნი გავმხდარიყავით ამ ქვეყანასა ზედა წმიდითა გულითა გვედიდებინოს, ანგელოზთა გუნდთა თანა, მკვდრეთით აღმდგარი უფალი ჩვენი იესო ქრისტე. ამინ!
ბეჭდვა
1კ1