ხანგრძლივი მარხვები
ხანგრძლივი მარხვები
წელიწადში დაწესებულია ოთხი ხანგრძლივი მარხვა, რომლებიც წინ უძღვის ოთხ დიდ დღესასწაულს.

ა) დიდი წმიდა მარხვა – ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის წინ;
ბ) შობის მარხვა – ქრისტეს შობის წინ;
გ) მარიამობის მარხვა – ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის მიძინების წინ;
დ) პეტრეპავლობის მარხვა – მოციქულთა თავთა – წმ. პეტრეს და წმ. პავლეს დღესასწაულის წინ.

ა) დიდი წმიდა მარხვა ამათგან ყველაზე ხანგრძლივი და საპასუხისმგებლოა. იგი აღდგომამდე 49 დღით ადრე იწყება და აღდგომის დღესასწაულამდე გრძელდება; ვინაიდან აღდგომა მოძრავი დღესასწაულია, ამ მარხვის დასაწყისი და დასასრული ყოველწლიურად ცვალებადობს, თუმცა მისი ხანგრძლივობა ყოველთვის 49 დღეა.

ბ) შობის მარხვა გრძელდება 28 ნოემბრიდან 7 იანვრამდე, როდესაც ეკლესია დღესასწაულობს იესო ქრისტეს ხორციელად დაბადებას (7 იანვარი სინამდვილეში არის 25 დეკემბერი იმ ძველი და ჭეშმარიტი კალენდრით, რომლითაც სარგებლობს ჩვენი ეკლესია);

გ) მარიამობის მარხვა ორკვირიანია და გრძელდება 14 აგვისტოდან 28 აგვისტომდე, როდესაც ეკლესია დღესასწაულობს ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ამქვეყნიური ცხოვრების დასასრულს – მის მიძინებას.

დ) პეტრეპავლობის მარხვის ხანგრძლივობა ცვალებადია 9 დღიდან თვენახევრამდე. ეს იმიტომ ხდება, რომ მისი დასასრული უძრავია, დასაწყისი კი – მოძრავი და უკავშირდება სულთმოფენობის დღესასწაულს, რომელიც, თავის მხრივ, აღდგომის დღესასწაულზეა დამოკიდებული (აღინიშნება აღდგომიდან 50-ე დღეს).

პეტრეპავლობის მარხვა იწყება სულთმოფენობიდან ერთი კვირის შემდეგ და მთავრდება 12 ივლისს (ახ. სტილით), როდესაც ეკლესია იხსენიებს თავთა მოციქულთა – წმ. პეტრესა და წმ. პავლეს.
ბეჭდვა
1კ1