ისევ გვიხმობს წმინდა მარხვა და კვლავ გვთავაზობს მადლს
ისევ გვიხმობს წმინდა მარხვა და კვლავ გვთავაზობს მადლს
"გადიდებთ შენ, ყოვლადწმიდაო დედაო ქრისტე ღვთისა ჩვენისაო, და ყოვლად დიდებულსა მიცვალებასა შენსა ვადიდებთ".
ისევ გვიხმობს წმინდა მარხვა და კვლავ გვთავაზობს მადლს. მართლმადიდებელი სამყარო 28 (15) აგვისტოს დღესასწაულობს მარიამობას - ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინებას, რომელიც უფლის ზეცად ამაღლების მეჩვიდმეტე წელიწადს იერუსალიმში, სიონში, წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახლში მოხდა, სადაც უწმინდესი დედა მიძინებამდე ცხოვრობდა. მარხვა 14 აგვისტოს იწყება და 28 აგვისტოს გვირგვინდება. ამ მარხვის დაწესების ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცა ვარაუდობენ, რომ 1060 წელს დაადგინეს პატრიარქმა იოანემ და იმპერატორმა კონსტანტინე დუკამ. ანასტასი კესარიელის ცნობით, იგი გაცილებით ადრე დაწესდა, დაახლოებით მეექვსე საუკუნეში, როცა ეკლესიაში მიძინების დღესასწაულის საყოველთაო აღნიშვნა დაიწყეს. მანამდე კი ეკლესიებში ამ მარხვას ინახავდნენ, მაგრამ სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ხანგრძლივობით.

მარხვა მხოლოდ ზოგიერთ საჭმელზე უარის თქმა არაა; იგი ღრმა სულიერებით, ლოცვით, ეკლესიაში სიარულით, მოყვასის განსაკუთრებული სიყვარულით უნდა გამოიხატებოდეს. მარხვა - ეს არის სწავლა სწორი არჩევანის გაკეთებისა. მოვიშველიებ წმინდა ილია მართლის სიტყვებს: "ხშირია ხოლმე, რომ როცა სული ჭლექდება, ხორცის დღეობა მაშინ არის; როცა სული ყვავის, ხორცი დნება". ხორციელი ვნებების დათრგუნვით უნდა ვაღწევდეთ სულიერ სიმაღლეს, თუმცა დღესდღეობით საზოგადოების ნაწილი ამას არ უფიქრდება და მარხვას ყოველგვარი შემზადების გარეშე იწყებს.

ქართველებისთვის 28 აგვისტო, ღვთისმშობლის მიძინების დღე, გამორჩეული დღესასწაულია და განსაკუთრებული პატივითაც აღინიშნება. მაგრამ, სამწუხაროდ, ნაკლებად ვითვალისწინებთ იმას, რომ ამ დღეს წინ ორკვირიანი მარხვა უძღვის, რომლის დაცვაც აუცილებელია, რათა სულიერად განწმენდილნი და მომზადებულნი შევხვდეთ მარიამობას.

ალბათ, საინტერესოა, მოსახლეობის რა ნაწილი იცავს მარხვას. ამის გასარკვევად ბაზარსა და სასურსათო მაღაზიებს ვესტუმრეთ. გამყიდველთა თქმით, მარხვის დაწყებისთანავე ხორცისა და სხვა არასამარხვო პროდუქტების რეალიზაცია მცირდება. ამის სანაცვლოდ, სამარხვო ნაწარმზე მოთხოვნა იზრდება. მრევლი, ძირითადად, სამარხვო მაიონეზს, თევზს, მაკარონს, ხილსა და ტკბილეულს ეტანება. გამყიდველთა აზრით, წინა წლებთან შედარებით, მომარხულეთა რაოდენობა გაიზარდა და მათ უმეტესობას ახალგაზრდები შეადგენენ.

თუმცა იშვიათად, მაგრამ, სამწუხაროდ, მაინც არის შემთხვევები, როცა გამყიდველი, ნებით თუ უნებლიეთ, მყიდველს არასამარხვო პროდუქტს, როგორც სამარხვოს, ისე სთავაზობს (გამყიდველთა უმეტესობა აღიარებს, რომ ეს ცოდვაა).

ხშირად ოჯახის ერთი ან ორი წევრი მარხულობს, დანარჩენები კი - არა. ამ დროს მომარხულისთვის ხელის შეწყობაა საჭირო. ერთ საგულისხმო შემთხვევას გავიხსენებ: მამა, რომელიც თავად არ იცავს მარხვას, მარხვაზე მყოფ შვილს, უნებურად არასამარხვო საკვებს რომ იღებს, შეძახილით აჩერებს და შეახსენებს, არ დაარღვიოს მარხვა. საპირისპიროდ, ნაცნობმა ქალბატონმა მიამბო, რომ მეუღლე სწორედ მარხვის დაწყებისას მოითხოვს დაჟინებით ხორციანი სადილის მომზადებას და ერთად მირთმევას. ამ პრობლემის დაძლევა ქალბატონისგან უდიდეს შინაგან ძალასა და რწმენას ითხოვს. დიდი ცდუნება და განსაცდელია მომარხულისთვის, თუკი ხელს არ უწყობენ ანდა, მეტიც, ეწინააღმდეგებიან კიდეც. თუმცა არც ეს არის დაუძლეველი სირთულე. ასეთ დროს ადამიანს უფალი აძლიერებს და ის თვითონვე ეხმარება ახლობლებს. გავიხსენოთ პატრიარქის სიტყვები: "როცა ადამიანი კეთილ საქმეს აკეთებს, მასზე გარდამოედინება მადლი სულისა წმიდისა, რაც მთელ მის სახლს, მის ახლობლებს, შვილებსა და შვილიშვილებს ეფინება".

მოამზადა
დემეტრე ტლაშაძემ
ბეჭდვა
1კ1