როგორ უნდა ვიმარხულოთ?
როგორ უნდა ვიმარხულოთ?
-ამ შეკითხვით მივმართე წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღარს, ღვთისმეტყველების მაგისტრს, ასევე წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელს, მღვდელ-მონაზონ ანდრიას (სარია):

-წმინდა მამები წერენ: ,,სხეულსაც უნდა მივცეთ იმის შეგნება, რომ მანაც შესცოდა". მარხვა ეს არის იარაღი, რაც ადამიანის სულს აღდგომით გამოაცოცხლებს. ხელში მოგვცა უდიდესი ძალა უფალმა და თუ სწორად გამოვიყენებთ, ვცხონდებით. მარხვა სოლიდარობის ნიშანია - ეს პირველი მიზეზი, მეორე - ეს სჭირდება სულს, რომ სხეულზე დამოკიდებული არ გავხდეთ. მარხვა არის დრო მორჩილებისა. მესამე - მძიმე საკვებისგან თავშეკავება. მაგიდიდან ისე უნდა ავდგეთ, რომ ლოცვის სურვილი გვქონდეს. წმინდა მამები განსაკუთრებულ შემთხვევებში გვირჩევდნენ: ,,ყველაფერი ჭამე, ოღონდ ადამიანი არა"... კანიბალიზმისგან გვიწევს ყველაზე მეტად თავშეკავება. რამდენიმე წელია სამარხვო კერძები შემოგვიყარეს და ვერ გაარჩევ ადამიანმა რისგან უნდა დაიცვა თავი სამარხვო საკვებისგან თუ ხორცისგან. ზოგჯერ ხორცს სჯობს სამარხვო კერძები: ევროპული სალათა, სამარხვო ყველი, სამარხვო ძეხვი, კატლეტი, ქაბაბი... რისგან ვიცავთ პირს ვერ მიხვდები. სამარხვო კერძი უფრო ძვირი გვიჯდება, ვიდრე ხორცი. წმინდა იოანე ოქროპირი წერს: ,,შენ დაითვალე რა ღირს შენი მოკრძალებული საკვები, როდესაც ხორცის გარეშე ტრაპეზობ და დანაზოგი მიეცი ღარიბებს" - ეს არის მარხვა. არა მხოლოდ ღვთის სიყვარული, მოყვასის სიყვარულიც დაგვედო ანდერძად. ყოველ რელიგიას თავისებურად ესმის მარხვა, მაგრამ მუსლიმის, ბუდისტისა და ქრისტიანის მარხვა ერთი არაა. ქრისტიანი ქრისტედან იღებს საფუძველს და ძველი აღთქმის სიწმინდიდან. დანარჩენი რელიგიები კითხვის ნიშნის ქვეშაა. ბუდისტს ადამიანი და მწერი ერთ დონეზე დაყავს, ამიტომ ხორცის გამოყენება საკვებად მისთის გვამის ჭამაა. პითაგორელები მკაცრად კრზალავდნენ ხორცის ჭამას, არა მხოლოდ ჭამას, ფეხის დაბიჯებასაც კი. ქრისტიანისთვის წმინდა და უწმინდური საკვები არ არსებობს, როგორც ეს იყო ძველ აღთქმაში. ამიტომ გათვალისწინებულია ადამიანის ორგანიზმზე საკვების ზემოქმედების გამოცდილება. მკაცრ მარხვად ითვლება უთევზოდ მიღება საკვების. დომინიკანელი ბერი ა.ლამბერტი ,,კოლხეთის აღწერილობაში" წერს: ,,მეგრელები ბერძნულ ჩვეულებას მისდევენ, დიდ მარხვას ძალიან მკაცრად იცავენ, თევზსაც კი არ ჭამენ! და საერთოდ, დღეში მხოლოდ ერთხელ ჭამენ, მზის ჩასვლისას ისინი ისე მტკიცედ იცავენ მარხვის წესს, რომ რაც უნდა ავადმყოფნი, მოხუცებულნი და უძლურნი იყვნენ , არავითარ შემთხვევაში ამ დროისთვის ხორცს არ შეჭამენ, ზოგიერთები პარასკევობოთ საერთოდ იკავებენ თავს საკვებისაგან: ბოლო კვირაში ღვინოს არ სვამენ, ბოლო სამ დღეს კი არავითარ საკვებს არ ღებულობენ".

წმინდა მეფეები ძალიან ბევრს ლოცულობდნენ და მარხვასაც მკაცრად ინახავდნენ: დიდი მარხვის დროს ნადიმზე წმინდა ლუარსაბმა შაჰის შემოთავაზებული თევზი არ ჭამა და უთხრა: - დღეს თევზით გინდა გავტეხო მარხვა, ხვალ ხორცს შემომთავაზებ, შემდგეგ კი ქრისტეს უარყოფასაც მომთხოვო. ასეთი მკაცრი მიდგომა ჰქონდათ მარხვისადმი ჩვენს წინაპრებს.


ბეჭდვა
1კ1