გიხაროდენ, ქრისტიანებო, მარხვა იწყება!
გიხაროდენ, ქრისტიანებო, მარხვა იწყება!
მარხვის არსი და მნიშვნელობა
ღვთის რწმენა და სიყვარული ყოველ ადამიანს გულში უნდა ჰქონდეს დამარხული; მაგრამ რწმენა და სიყვარული მაშინ ხდება ცხოველი, როდესაც ის საქმით ვლინდება. ერთ-ერთი ამგვარი საქმეთაგანია ღმერთის ჩვენდამი უსაზღვრო სიყვარულის საპასუხოდ თავშეკავება და ამქვეყნიურ სიამეთა - ჭამა-სმა-შვება-გართობის ცოტათი მოკლება. ამას ეწოდება მარხვა. ამ აზრით გონიერი ადამიანი, ლოცვის მსგავსად, სულ მარხვაში უნდა იყოს (იყვნენ და არიან კიდევაც ასეთი წმინდა მამები), მაგრამ, საზოგადოდ, ადამიანს, დაცემული, უძლური ბუნების გამო, არ შეუძლია გამუდმებული თავშეკავება. ამიტომ ეკლესიამ დაადგინა გარკვეული დრო და ფორმა თავშეკავებისა ანუ მარხვა.

მარხვისთვის
ვნებებთან ბრძოლაში მამა მაკარი მნიშვნელოვან როლს ანიჭებს მარხვას, რომელიც განსაკუთრებით ხორციელი ვნებების აღმოფხვრას უწყობს ხელს. "სულიწმინდით აღძრულმა წმინდა მამებმა, - წერს იგი, - მარხვები დაადგინეს როგორც ჩვენი სულიერი, ისე ხორციელი სარგებლობისთვის. ყველას რომ უცვლელად ერთი, სახსნილო და ნოყიერი საკვები გამოეყენებინა, მაშინ ეს შეიძლება მომაბეზრებელი გამხდარიყო. დღესასწაულის მოლოდინს არამმარხველებისთვის ისეთი ლხენა არ მოაქვს, როგორც მათთვის, რომელნიც ხორციელი და სულიერი მარხვით ემზადებიან. ვინც თავს იკავებს საჭმლისგან, მან თავი ვნებებისგანაც უნდა შეიკავოს".

ერთი სულიერი შვილის შეკითხვაზე, რომელიც ავადმყოფობის გამო მარხვაში სახსნილო საჭმლის მიღების უფლებას ითხოვდა, სქემოსანი მღვდელმონაზონი მაკარი პასუხობდა: "მარხვაში ეკლესიისგან აკრძალული საკვების გამოყენებაზე მე არ შემიძლია ნებართვა მოგცეთ. მაგრამ როცა გამოიყენებთ, ექიმის მიერ გამოწერილი წამალივით მიიღეთ, შემდეგ კი სულიერი მამის წინაშე მოინანიეთ და მისგან შენდობას მიიღებთ. რაც ეკლესიის მიერ დაუშვებელია, ჩვენ მისი დაშვება არ შეგვიძლია, მაგრამ სამაგიეროდ მონანულისთვის საქციელის შენდობის უფლება ღმერთისგან გვაქვს ბოძებული; მხოლოდ ნურაფერი ნუ შეგაშფოთებთ, სულიერად დამშვიდდით".

მაკარი ცდილობდა, ყველასთვის, ვინც მას მიმართავდა, გულში ეკლესიურობა ჩაენერგა. ამას კი აკეთებდა იმიტომ, რომ ესწავლებინა მათთვის, ეკლესიის მორჩილი ძენი ყოფილიყვნენ.

როგორ ვიმარხულოთ პრაქტიკულად
მარხვის დროს ადამიანმა არ უნდა მიიღოს გარკვეული სახის საკვები: ხორცეული (ცხოველი, ფრინველი), რძის ნაწარმი (რძე, მაწონი, ხაჭო, ყველი, არაჟანი, კარაქი) და კვერცხი.

შეიძლება იხმიოს პური, მარცვლეული, ხილი, ბოსტნეული, ბაღჩეული და თაფლი.

ტრადიციულად არსებობს მარხვის შენახვის საყოველთაო წესები, რომლებიც საერთოა ყველა ავტოკეფალიური ეკლესიისთვის ყველა ეპოქაში, მაგრამ არსებობს გარკვეული საზღვრები, რომლებშიც შეიძლება იცვლებოდეს მარხვის სიმკაცრე გეოგრაფიული მდებარეობისა თუ კონკრეტული ვითარების მიხედვით (ძირითადად ჩვენ ფერისცვალებამდე ვერიდებით ყურძნისა და ზოგიერთი სხვა ხილის ჭამას და სხვა).

თევზი საზოგადოდ სამარხვო საჭმლად ითვლება, მაგრამ მისი მიღება-არმიღების საკითხი მარხვის სიმკაცრეზეა დამოკიდებული. ასევეა ღვინოც. მიუხედავად მისი მცენარეული წარმოშობისა, სახსნილოდ ითვლება და მარხვაში მისი მიღება მხოლოდ მცირე რაოდენობითაა დასაშვები, ისიც შაბათ-კვირას.

საერთოდ კი, ყოველ კონკრეტულ დროსა და ადგილას მარხვის სიმკაცრეს განსაზღვრავს ადგილობრივი ეკლესიის მამამთავარი.

დიდი წმინდა მარხვა
ეს მარხვა ყველა სხვა მარხვისგან გამოირჩევა მნიშვნელობით, სიმკაცრით და ზეიმურობით. მისი შესრულებით ჩვენ ვემზადებით ყველაზე დიდი ქრისტიანული დღესასწაულის - ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის შესახვედრად.

მომზადება დიდი მარხვისთვის
ეკლესია მორწმუნეების სულიერ და ფიზიკურ მომზადებას დიდი მარხვისათვის რამდენიმე კვირით ადრე იწყებს. დიდმარხვის დაწყებას წინ უძღვის 3 კვირა: მეზვერისა და ფარისევლის, უძღები შვილის, ხორცთა აკრებისა და საშინელი სამსჯავროსი და ბოლო კვირიაკე (კვირა დღე) - მიტევებისა და ადამის განდევნისა.

ა) კვირა მეზვერისა და ფარისევლისა
ეს კვირა მსგეფსია (ოთხშაბათი და პარასკევი ხსნილია). შვიდეულის დასაწყისში საკვირაო წირვაზე ეკლესია იხსენებს იგავს სახარებიდან მეზვერისა და ფარისევლის შესახებ (ლუკა 14,12-14), თუ როგორ ისმინა ღმერთმა ლოცვა ყოვლადუღირსი ადამიანისა - მეზვერისა, შეიწყალა იგი და სინანულის გამო დააყენა უფრო წინ, ვიდრე ფარისეველი, რომელიც ღმერთის კანონებს გარეგნულად კი ასრულებდა, მაგრამ არ ჰქონდა სინანული. ამ იგავის გახსენებით ეკლესია მოგვიწოდებს სინანულისკენ.

ბ) კვირა უძღები შვილისა
საკვირაო წირვაზე უძღები შვილის შესახებ იგავის გახსენებით (ლუკა 15,11-31) (როგორ დაუბრუნდა მამას გაქცეული შვილი, რომელმაც მთელი ქონება გაფლანგა, მაგრამ მიხვდა დანაშაულს და მამასთან მსახურად დადგომა გადაწყვიტა, მამამ კი ასეთი სინანულის გამო კვლავ შვილად მიიღო), ჩვენი სინანული კიდევ უფრო იზრდება.

ჩვენი სუფრაც შედარებით განტვირთულია: ოთხშაბათსა და პარასკევს კვლავ მარხვას ვინახავთ; ამასთან, ეს ბოლო შვიდეულია, როდესაც ხორცის მიღება შეგვიძლია.

გ) ყველიერის კვირა. ხსენება საშინელი სამსჯავროსი. ხორცის აკრება
მარხვის დაწყებას წინ უძღვის ბოლო კვირა - შვიდეული ყველიერისა. ამ კვირაში ოთხშაბათი და პარასკევი ხსნილია, მაგრამ მხოლოდ რძის ნაწარმით და კვერცხით, რადგან ხორცი კვირა საღამოს, ვახშმის შემდეგ აიკრიბა სუფრიდან და აღდგომამდე აღარ იჭმება.

საკვირაო წირვაზე ეკლესია მორწმუნეებს საშინელ სამსჯავროს ახსენებს; გარდა ამისა, ოთხშაბათსა და პარასკევს, დილით და საღამოს, მორწმუნეებმა უკვე უნდა წაიკითხონ სპეციალური მოკლე ლოცვა წმინდა ეფრემ ასურისა - "უფალო და მეუფეო...", რომელიც დიდ მარხვაში ყოველდღე იკითხება (შაბათ-კვირის გარდა).

დ) შენდობის კვირიაკე
დიდი წმინდა მარხვის წინა მოსამზადებელი პერიოდი მთავრდება ეგრეთ წოდებული შენდობის ანუ მიტევების კვირიაკით (კვირა დღით). დილით საკვირაო წირვაზე ეკლესია მოიხსენებს ადამის განდევნას სამოთხიდან, საღამოს კი სრულდება მწუხრის ლოცვა, რომლის დროსაც ტაძრის ყველა ფერადი შესამოსელი უნდა შეიცვალოს შავით.

ამ ლოცვის ბოლოს მრევლის წინ გამოდის უპირატესი მღვდელი და ქადაგების შემდეგ ყველასგან ითხოვს შენდობას ანუ პატიებას თავისი ნებსითი თუ უნებლიე შეცოდებების გამო. ამის შემდეგ თითოეული მორწმუნე სათითაოდ მიდის ჯერ მღვდელთან, შემდეგ ეკლესიის სხვა წევრებთან და თვითონაც პატიებას ითხოვს. განსაკუთრებით ამაღელვებელია, როცა თვით პატრიარქი დაჩოქილი ითხოვს მთელი ერისგან შენდობას. ამ დღეს საკუთარ ტაძარში ლოცვის ჩატარების შემდეგ ყველა მოძღვარი ცდილობს, თავის მრევლთან ერთად მივიდეს სამების ტაძარში და პატრიარქისგან შენდობა მიიღოს. ყოველი ქრისტიანი უნდა ეცადოს, მარხვის დაწყების წინ მიიღოს შენდობა ეკლესიისგან, მშობლებისგან, შვილებისგან, ყველა ახლობლისგან და განსაკუთრებით მათგან, ვინც მასზე გულძვირადაა.

ხშირად ადამიანი ფიქრობს, რომ მავანი მასზე უმიზეზოდაა ნაწყენი და ის თვითონ არის დამნაშავე; ან ფიქრობს, თუ არ ახსოვს, რომ მოყვასისთვის ეწყენინებინოს, მისთვის პატიების თხოვნა არ არის საჭირო. ასე არ არის, ჯერ ერთი, სახარების სწავლების მიხედვით, კონფლიქტის დროს ორივე მხარე დამნაშავეა, მიუხედავად იმისა, ხედავს ადამიანი ამას თუ ვერა; მეორეც ის, რომ ჩვენ ხშირად ადამიანებს უხეშობით გულს ვტკენთ და ვერ ვხვდებით ამას; მესამე, რომ შეიძლება ადამიანს უშუალოდ არაფერი დავუშავოთ, მაგრამ რაც უფრო ახლოს არიან ისინი ჩვენთან, ჩვენი ყოველი ცუდი საქციელი, ცოდვილი ფიქრი ხილულად თუ უხილავად მათზე მეტად გადადის; დაბოლოს, თუნდაც მოყვასს არაფერს ვუშავებდეთ, მის წინაშე მაინც დამნაშავედ უნდა ვგრძნობდეთ თავს, რამეთუ არ ვუკეთებთ იმას, რაც გვევალება. გვევალება კი განუზომლად მეტი იმაზე, რასაც ვასრულებთ: შევიყვაროთ ერთმანეთი ისე, როგორც უფალმა იესო ქრისტემ შეგვიყვარა ჩვენ (იოანე 13,34).

ასეთი სინანულით უნდა იწყებდეს ყოველი ქრისტიანი მარხვას.

მოამზადა მღვდელმა
ლევან მათეშვილმა
ბეჭდვა
1კ1