დიდი მარხვის დროს თავისი ბრძოლით ყოველი მორწმუნე უფალთან ერთად ეცმევა ჯვარს
დიდი მარხვის დროს თავისი ბრძოლით ყოველი მორწმუნე უფალთან ერთად ეცმევა ჯვარს
ნათლობის საიდუმლოთი ადამიანს პირველქმნილი და ამქვეყნიური ცხოვრების მანძილზე ჩადენილი ყველა ცოდვა მიეტევება, მაგრამ დაცემული ბუნების გამო ქრისტიანი ნათლობის შემდეგაც მრავალგზის სცოდავს, ამ ცოდვების მოსანანიებლად კი უფალმა აღსარების საიდუმლო განგვიწესა. მაგრამ ჭეშმარიტი სინანული საკუთარი ცოდვების შეცნობასთან ერთად მათთან ბრძოლასაც გულისხმობს, ვნებებთან ბრძოლის საუკეთესო საშუალება კი ლოცვა და მარხვაა.

ამგვარად, მარხვას ქრისტიანისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. გამორჩევით - დიდ მარხვას. სწორედ მის შესახებ გვესაუბრება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის მოძღვარი მღვდელი კონსტანტინე (გიორგაძე).

- მამაო, რით გამოირჩევა დიდი მარხვა სხვა მარხვებისგან?


- სანამ უშუალოდ დიდ მარხვაზე ვისაუბრებდეთ, ალბათ, აჯობებს, ორიოდე სიტყვით საზოგადოდ მარხვის არსს შევეხოთ.

რა არის მარხვა? - ეს გახლავთ უფლის სიყვარულის, მისი მცნებების დაცვა. მარხვა უფალმა ჯერ კიდევ ადამს და ჯერ კიდევ სამოთხეში დაუწესა, როცა უფლება მისცა, ეჭამა ნებისმიერი ხის ნაყოფი, გარდა ერთისა. მარხვა სულისა და ხორცის საკურნებელია, ამიტომ მართლმადიდებელი მოვალეა, ის შეინახოს. მოგეხსენებათ, მშვიდობის ჟამს ჯარისკაცები დაუღალავად ვარჯიშობენ, ბრძოლისთვის ემზადებიან. ასეთივე "ვარჯიშია" მარხვაც. მარხვით მოპოვებული სინანული, სიწმინდე არის ქრისტიანის მთავარი იარაღი სულიერი ომის დროს. ეს ომი იმ წუთიდან იწყება, როცა ნათლობისას მღვდელი მოსანათლს ეუბნება: "შებერე და შენერწყვე მას (ეშმაკს)". ამ წუთიდან დაწყებული ბრძოლა მთელი ცხოვრების მანძილზე გრძელდება.

რაც შეეხება დიდ მარხვას, თავადაც მოგეხსენებათ, რომ მას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - მისი მეშვეობით აღდგომის შესახვედრად ვემზადებით. აღდგომა დღესასწაულთა დღესასწაული, ზეიმთა ზეიმია. დიდი მარხვის დროს თავისი ბრძოლით ყოველი მორწმუნე უფალთან ერთად ეცმევა ჯვარს, რათა შემდეგ მასთან ერთად აღდგეს მკვდრეთით და ზეცად ამაღლდეს.

- რის მიხედვით დაწესდა დიდი მარხვის ხანგრძლივობა?

- დიდი მარხვის ხანგრძლივობა 40 დღეა. რიცხვ 40-ს ბიბლიაში განსაკუთრებული დატვირთვა აქვს: 40 წელი მოჰყავდა მოსეს ებრაელები უდაბნოში, წარღვნის დროს 40 დღე წვიმდა, 40 დღე იმარხულეს მოსემ და ელიამ, მე-40 დღეს ამაღლდა ზეცად მაცხოვარი, 40 დღე იმარხულა თვით ქრისტემ...

- რისთვის დასჭირდა მარხვა მაცხოვარს?

- თავად მას მარხვა, რა თქმა უნდა, არ სჭირდებოდა - ის ხომ უფალი იყო და ყოვლისშემძლე; თავისი საქციელით მან ჩვენ მოგვიწოდა მარხვისკენ.

- დიდ მარხვას წინ საკმაოდ ვრცელი მოსამზადებელი პერიოდი უძღვის.

- მეზვერისა და ფარისევლის კვირას ადამიანი უკვე გრძნობს, რომ მარხვა შორს აღარ არის. შესაბამისი განწყობაც აქედანვე ეუფლება. მარხვის ერთბაშად დაწყება ძნელია, მით უფრო, რომ მართლმადიდებლობა, სხვა კონფესიებისგან განსხვავებით, ბრმად მინდობას არ გვიქადაგებს, - უნდა გამოვიძიოთ, გავარკვიოთ, ვიცოდეთ, რას ვაკეთებთ. დამეთანხმებით, რომ აფთიაქში უსახელო წამალს არავინ იყიდის; უნდა ვიცოდეთ, მოგვკლავს ის თუ განგვკურნავს. ამიტომაც მეზვერისა და ფარისევლის, უძღები შვილის შვიდეულები ნელ-ნელა გვიქმნის სათანადო განწყობას, რათა უფრო მეტი ვიფიქროთ ჩვენს რწმენასა და მის ჭეშმარიტებაზე.

- დიდი მარხვა მიტევების კვირით იწყება. რა დატვირთვა აქვს ამას?

- როცა უფალს ჰკითხეს, მართლა შვიდჯერ უნდა შევუნდოთ შეურაცხმყოფელებსო? - 70-გზის 7-ჯერო, მიუგო მან. მიტევება უდიდესი სიკეთეა ქრისტიანისთვის. თუ არ მივუტევეთ, არც მოგვეტევება. მიტევების შემდეგ მორწმუნე სუფთა სინდისით შეუდგება მარხვას. მიტევების კვირა, ისევე, როგორც მთელი მოსამზადებელი პერიოდი, ქრისტიანის სრული განწმენდისთვის არის საჭირო.

- რა მნიშვნელობა ენიჭება მარხვაში კვებას და რა არის ამ დროს მთავარი?

- უფალი ამბობს, რომ მარხვის დროს იმ ფარისევლებს არ უნდა დავემსგავსოთ, ყველას რომ უჩვენებენ თავიანთ ღვაწლს; პირიქით - უნდა ვეცადოთ, მარხვით თავი არ მოვიწონოთ. უპირატესი მნიშვნელობა სულიერ მარხვას აქვს. მაცხოვარი, ამ გარემოს რომ მოშორებოდა, უდაბნოში წავიდა; ჩვენც უნდა მოვწყდეთ ამქვეყნიურ შფოთს და მცირე ხნით საკუთარი გულის უდაბნოში დავემკვიდროთ. უნდა

ვისწავლოთ თვალით მარხვაც, ვერიდოთ ყველანაირ გასართობს, ამა სოფლის "ბრჭყვიალა ფერები" ცოტა ხნით მაინც დავივიწყოთ. ზოგი ფიქრობს, რომ ეკლესია სიხარულს კრძალავს. ეს, რა თქმა უნდა, შეცდომაა. ის კი არა, მორწმუნეს გული მარხვის ჟამსაც სიხარულით უნდა ჰქონდეს სავსე, თუმცა ეს სიხარული უფლის სიყვარულით უნდა იყოს გამოწვეული.

- წმინდა მამების ცხოვრებაში ყოფილა შემთხვევები, როცა მარხვა განგებ დაურღვევიათ, რათა მოყვასისთვის გული არ ეტკინათ...

- ამგვარ შემთხვევებს ხშირად არასწორად ხსნიან. ასეთი რამ მხოლოდ გამოუვალი ვითარებისას არის დასაშვები. საზოგადოდ, უნდა ვიცოდეთ, რომ ხორცის ან ყველის ჭამა კი არ არის ცოდვა, არამედ იმის დარღვევა, რაც უფალმა განგვიწესა.

- რომელი ცოდვებისგან გვიხსნის მარხვა?

- "ესე ნათესავი არარაით განვალს, გარნა ლოცვითა და მარხვითა", - იტყვის უფალი. ბოროტის ძლევა მარხვის გარეშე წაროუდგენელია. მარხვით ყველაზე მეტად ნაყროვანებას ვთრგუნავთ, რომელიც ყველა სხვა ცოდვის დედაა. მოვა დრო, როცა ერთ მხარეს პურს დაჰკიდებენ, მეორე მხარეს - ჯვარს. თუ ადამიანი მარხვას არ არის მიჩვეული, რაღა თქმა უნდა, პურს აირჩევს. ხოლო ის, ვინც მთელი ცხოვრება თავშეკავებასა და დათმენას სწავლობდა, ჯვარს და ამისთვის უდიდეს ჯილდოსაც მიიღებს.

ნაყროვანების შედეგად ადამიანი მრავალ ცოდვას სჩადის. რაც მეტს ვიღებთ ცხოველურ, კალორიებით მდიდარ საკვებს, მით მეტი ენერგია გამოიყოფა. ამ დიდძალ ენერგიას კი ასპარეზი სჭირდება. ამიტომაც ვლინდება ის მრუშობასა და ათასგვარ უბედურებაში. ამგვარად, ნაყროვანების დაძლევით ქრისტიანი სხვა ვნებებსაც მოერევა.

მარხვა, როგორც გითხარით, მაკურნებელია სულისა და ხორცისა. ყოფილა შემთხვევები, როცა ავადმყოფს კი არ უშიმშილია, არამედ უმარხულია და განკურნებულა, რადგან როცა სული განიწმინდება, განიწმინდება ხორციც.

- რა საცდური აქვს მარხვას და როგორ მოვერიოთ მას?

- როცა ადამიანი მარხვას პირველად ინახავს, უმეტესად სნეულებები დაატყდება ხოლმე თავს - თითქოსდა საკვების შეზღუდვას მისთვის ზიანი მოჰქონდეს. მარხვის დროს ეშმაკი ყოველი მხრიდან შეიძლება შეგვებრძოლოს. ეს ბრძოლები განსაკუთრებით ძლიერია პირველ კვირას. მერე თანდათან ნელდება, ბოლოს კი, ვნების კვირას, ეშმაკი კიდევ ერთხელ შემოგვიტევს ხოლმე. როგორც ნებისმიერი სხვა, ეს ბრძოლაც მძიმეა, მაგრამ ომში ზოგი მუზარადით, ჯაჭვის პერანგით, ხმლით მიდის, ზოგი კი მოუმზადებელი. შეუიარაღებელი ჯარისკაცი ბრძოლის ველს ცოცხალი რომ ვერ დატოვებს, ცხადია. ომში მხოლოდ ღირსეულები იმარჯვებენ.

- აქვს თუ არა აზრი მარხვას ტაძარში სიარულის გარეშე?

- მოდი, ასეთ კითხვას დაგისვამთ: აქვს თუ არა აზრი, მძიმე ავადმყოფმა შინ, თვითნებურად, საავადმყოფოში მიუსვლელად და ექიმის ჩაურევლად იმკურნალოს? დღეს თითქმის ყოველ ნაბიჯზე მოისმენთ, ღმერთი გვწამს, მაგრამ მღვდლისა არ გვჯერაო. განა შეიძლება, საავადმყოფოში მივიდეთ და ექიმს არ დავუჯეროთ, არ დავემორჩილოთ?!

- ბერები როგორ მარხულობენ?

- საზოგადოდ, ბერები ერისკაცებთან შედარებით გაცილებით მძიმედ იცავენ მარხვას, თუმცა რაიმე საერთო კანონი არ არსებობს, ყველა მონასტერს თავისი ტიპიკონი აქვს და ყველა მამას საკუთარი ღვაწლი მიუძღვის უფლის წინაშე.

- არის თუ არა აუცილებელი უზეთო, მძიმე მარხვა?

- თუ ადამიანი ჯანმრთელია, დიდი მარხვის პირველ და ბოლო კვირას მძიმე მარხვა უთუოდ უნდა დაიცვას, თუმცა ერისკაცი არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს პურსა და წყალზე. საზოგადოდ, ყველაფერი მოძღვრის კურთხევით უნდა ხდებოდეს, მაგრამ როცა უწმიდესი მთელ ერს აკურთხებს მარხვაზე, მოძღვრისგან ინდივიდუალური კურთხევის აღება აღარ არის საჭირო, რადგან პატრიარქზე დიდი მაკურთხებელი ჩვენ არავინ გვყავს.

- ავადმყოფებს თუ ევალებათ მარხვა?

- თუ მათთვის სახსნილო საკვები აუცილებელია, მაშინ, მოძღვრის კურთხევით, შეუძლიათ, მარხვა არ შეინახონ. მე პროფესიით ექიმი ვარ და ვიცი, რომ თითქმის არ არსებობს დაავადება, რომლის დროსაც ხორცის მიღება აუცილებელი იყოს. ცილები, რომელთაც ხორცეული შეიცავს, რძის პროდუქტებში უფრო მეტია. ამიტომ ასეთ დროს სულიერ შვილს ვაკურთხებ, მიიღოს ნებისმიერი სახსნილო საკვები, გარდა ხორცისა, რადგან ავადმყოფობა (ისევე, როგორც ორსულობა) მარხვაზე დიდი ღვაწლია.

- ბავშვებისთვის როდიდან არის ნებადართული მარხვა?

- 7 წლამდე ბავშვებს შეუძლიათ, არ იმარხულონ. 7-დან 12 წლამდე მარხვა ოთხშაბათობით და პარასკეობით უნდა დაიცვან და გრძელი მარხვის პერიოდში ხორცი არ ჭამონ, 12 წლიდან კი ყველა მარხვა ჩვეულებრივად უნდა შეინახონ.

- ზიარების წინ მარხვა თუა აუცილებელი?

- ამ დროს ჩვენ ქრისტეს სისხლსა და ხორცს ვეზიარებით, მარხვა კი განგვწმენდს და ამ საიდუმლოს მისაღებად გვამზადებს. მაგრამ თუ ადამიანი ხშირად ეზიარება, მისთვის ოთხშაბათისა და პარასკევის მარხვაც საკმარისია. სასურველია, ზიარების წინა დღეს ხორცისგან თავი შევიკავოთ.

- ვნების კვირაზე რას გვეტყვით?

- ეს დიდი მარხვის ყველაზე მნიშვნელოვანი მონაკვეთია. ამ დროს ვიხსენებთ ყოველგვარ ტანჯვას, რაც კი უფალმა ამქვეყნიური ცხოვრების მანძილზე გადაიტანა. ეს კვირა მორწმუნისთვის განსაკუთრებული სინანულის პერიოდი უნდა იყოს. მან თავად უნდა შეიგრძნოს უფლის ამქვეყნიური დამცირება, რათა მასთან ერთად ამაღლდეს ზეცად. უფალი დღესაც ისე ევნება, როგორც ოცი საუკუნის წინ. ასე რომ არ იყოს, ჩვენი რწმენა ილუზია იქნებოდა. უფლის და ეშმაკის სასწაულები სწორედ იმით განსხვავდება ერთმანეთისგან, რომ უფლის სასწაული ჭეშმარიტია, ეშმაკისა კი - მხოლოდ მოჩვენებითი.

ესაუბრა
გვანცა გოგოლაძე
ბეჭდვა
1კ1