პეტრეპავლობის მარხვა ერთადერთია ხანგრძლივ მარხვათა შორის, რომლის ხანგრძლივობა ყოველწლიურად ცვალებადობს
პეტრეპავლობის მარხვა ერთადერთია ხანგრძლივ მარხვათა შორის, რომლის ხანგრძლივობა ყოველწლიურად ცვალებადობს
წმინდა იოანე ოქროპირი ბრძანებს:
მართლაც და, რა არის მარხვა, თუ არა გვირგვინი გმირობისა, საფუძველი ჯილდოსი და გზა ცხოვნებისა? მარხვით ვიხსნებით მონობისაგან და თავისუფლებას ვიხვეჭთ, მამულს ვუბრუნდებით უცხო ქვეყანაში დატყვევებულნი, მარხვა კურნავს სულიერ ჭრილობებს და აახლებს ცოდვით გახრწნილ სულს. იგი განამტკიცებს გონებას, შთაგვაგონებს ღვთის შიშს, ანადგურებს ვნებებს, ათვინიერებს ზრახვებს.
მარხვის ჟამს ცხრებიან ვნებანი, აღსდგებიან სათნოებანი, უმეტესი სიწმიდით ელვარებს უბიწოება, ხორცი მორჩილ ხდება სულისა და მას ემსახურება.

სიხარულით შეუდექი მარხვას და ნუ ემსგავსები იმ თვალთმაქცთ, რომელნიც კაცთა სახილველად დაღვრემილი სახით დადიან. ამ მწუხარების გამო ისინი ვერ იღებენ იმ ჯილდოს, მარხვის გამო რომ ეძლევა ადამიანს. მაცხოვარი ბრძანებს: "ხოლო შენ რაჟამს იმარხვიდე, იცხე თავსა შენსა და დაიბანე პირი შენი, რაჲთა არა ეჩუენო კაცთა მმარხველად, არამედ მამასა შენსა დაფარულად" (მათე 6, 17-18).

წელიწადში დაწესებულია ოთხი ხანგრძლივი მარხვა, რომელიც წინ უძღვის ოთხ დიდ დღესასწაულს.
ა) დიდი წმიდა მარხვა – ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის წინ;
ბ) საშობაო მარხვა – ქრისტეს შობის წინ;
გ) მარიამობის მარხვა – ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის მიძინების წინ;
დ) პეტრე-პავლობის მარხვა – მოციქულთა თავთა – წმ. პეტრეს და წმ. პავლეს დღესასწაულის წინ.

ამ მარხვებიდან შობისა და მარიამობის მარხვათა ხანგრძლივობაც და დაწყების თარიღიც ყოველთვის ერთი და იგივეა: მარიამობის მარხვა 14 აგვისტოდან 28 აგვისტომდე გრძელდება, ხოლო შობის მარხვა – 28 ნოემბრიდან 7 იანვრამდე. დიდი მარხვის ხანგრძლივობაც უცვლელია – 49 დღე, თუმცა მისი დაწყების დღე ყოველწლიურად ცვალებადობს აღდგომის თარიღის შესაბამისად ანუ მარხვა უნდა დაიწყოს აღდგომამდე 49 დღით ადრე.

ასევე აღდგომის თარიღს უკავშირდება პეტრე-პავლობის მარხვის დასაწყისიც. პეტრეპავლობის მარხვა აღდგომიდან 58-ე დღეს იწყება და გრძელდება პეტრეპავლობის დღესასწაულამდე  - 12 ივლისამდე. ანუ ამ მარხვის დასაწყისი ცვალებადია, ხოლო დასასრული ყოველწლიურად უცვლელია, სწორედ ამიტომ არის რომ პეტრეპავლობის მარხვა ერთადერთია ხანგრძლივ მარხვათა შორის, რომლის ხანგრძლივობა ყოველწლიურად ცვალებადობს.

პეტრეპავლობის მარხვა ხსნილია თევზით, ოთხშაბათისა და პარასკევის გარდა.

ბეჭდვა
1კ1