იესოს ლოცვის ოთხი საფეხური - თეოფანე დაყუდებულის სწავლება ლოცვაზე
იესოს ლოცვის ოთხი საფეხური - თეოფანე დაყუდებულის სწავლება ლოცვაზე
პირველი საფეხური გულისხმობს გარეგნულ ლოცვას - კითხვით, დგომით და მუხლთადრეკით გამოხატულს. თუმცა ამ დროს ყურადღება იფანტება, გული ლოცვაში არ მონაწილეობს, განწყობა არ არის. ამიტომ საჭიროა მოთმინება, შრომა და ოფლისღვრა. ეს ნუ შეგაშინებს, დადექი მშვიდად და დაიწყე ლოცვა. ეს ქმედითი ლოცვაა.
მეორე საფეხური კი ყურადღებით ლოცვაა. ლოცვისას გონება ეჩვევა აზრების მოკრებას და აცნობიერებს წარმოთქმულ სიტყვებს. ყურადღება ამ დროს შერწყმულია ლოცვის სიტყვებთან და წარმოთქვამს მათ, როგორც საკუთარს.

მესამე საფეხური გრძნობით ლოცვაა. ყურადღებისაგან თბება გული და რაც იყო აზრებში, ახლა გადადის გრძნობაში. იქ სიტყვა შემუსვრილობას გამოხატავდა, ხოლო აქ თავად შემუსვრილობაა. იქ იყო ვედრება, ხოლო აქ სავედრებელიც განცდაა. ვინც გადავიდა გრძნობით ლოცვაზე, ის სიტყვების გარეშე ლოცულობს, რამეთუ ღმერთი მის გულშია. ამიტომ ეს არის მლოცველად ჩამოყალიბების დასაწყისი, ზღვარი, საიდანაც იწყება თანდათანობითი გადასვლა აზრებიდან გრძნობაში. ამ დროს ლოცვის კითხვა შესაძლოა შეწყდეს ისევე, როგორც აზროვნება და იყოს მხოლოდ გრძნობა, გამოხატული ლოცვითი ნიშნებით... როცა ლოცვით აღძრული გრძნობა მუდმივი ხდება, მაშინ იწყება სულიერი ლოცვა, რომელიც არის ლოცვის ბოლო საფეხური და ღვთისაგან ბოძებული ნიჭი.

თუმცა ამბობენ, რომ არის კიდევ გონებისათვის მიუწვდომელი ლოცვა, ანუ ისეთი, რომელიც სცდება ცნობიერების ფარგლებს (ასეა წმ. ისააკ ასურთან). უწყვეტ ლოცვამდე ასამაღლებელი უადვილესი საშუალებაა იესოს ლოცვა, რომელიც მასში გაჩვევით და დახელოვნებით მიიღწევა. სულიერ ცხოვრებაში გამოცდილმა, ღვტივგანბრძნობილმა მამებმა ყოველგვარ სულიერ საქმიანობაში სულის განსამტკიცებლად მიაგნეს ამ უბრალო, ქმედით საშუალებას და რამდენადაც მთელი თავისი ცხოვრებით გვიჩვენეს, ასევე თავიანთ დარიგებებშიც გადმოგვცეს და დაგვიტოვეს სრულყოფილი სწავლებები იესოს ლოცვის შესახებ.

ვშრომობთ თუ ვიღვწით, ვცდილობთ გულის განწმედას და სულის განახლებას. საამისოდ კი გზა ორია: ქმედითი, ანუ მოღვაწეობრივი ცხოვრების გზა, როგორც ეს ზემოთ აღინიშნა, და გონებამჭვრეტელობითი - გზა გონების ღვთისაკენ მიმართვისა. პირველით სული იწმინდება და ღვთის მადლს იღებს; მეორიტ კი ხილული ღმერთი წვავს ყოველგვარ უწმინდურებას და განწმენდილ სულში ახლდება. გრიგოლ სინელი, უყრის რა თავს ყოველივე ზემოთქმულს იესოს ლოცვაში, ამბობს: "ღმერთს ვიმეცნებთ ან შრომით და ღვაწლით, ან იესოს სახელის მხატვრული მოწოდებით". შემდგომ უმატებს, რომ პირველი გზა გრძელია მეორეზე, მეორე კი სწრაფი და ქმედითია. აქედან გამომდინარე, ზოგიერთები ღვაწლთა შორის პირველ ადგილს იესოს ლოცვას აკუთვნებენ, რომელიც განანათლებს, განამტკიცებს, აცოცხლებს, უხილავ და ხილულ ყველანაირ მტერს ამარცხებს და ღმერთამდე ამაღლებს. ასეთია იესო ქრისტეს ყოვლისშემძლე და ყოვლისმომცველი სახელი - სიკეთის, ძალის და სიცოცხლის სულისათვის.

ამიტომაც მონანულს ან ღვთის მაძიებელს აუცილებლად თავიდანვე უნდა მიეწოდოს სრულყოფილი სწავლება იესოს ლოცვის შესათვისებლად და მისი მეშვეობით განისწავლოს ყველა სხვა ლოცვაში, რადგან ამ გზით სწრაფად შეიძლება სულიერი გამოფხიზლება, მომძლავრება და შინაგან სამყარომდე ჩაღრმავება. წინააღმდეგ შემთხვევაში, უმრავლესობა ჩერდება სხეულებრივ ან მშვინვიერ მეთოდებზე და თითქმის ფუჭად ხარჯავს ენერგიას და დროს.

ეს ქმედება იწოდება "მხატვრობად" და ის ძალიან იოლია. გონებამოკრებილმა და გულში ყურადღებით მყოფმა წარმოსთქვი უწყვეტად: "უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი", არ გამოხატო და არ წარმოისახო რაიმე და გჯეროდეს, რომ უფალი გხედავს და გისმენს.

გონება აუცილებლად გულში უნდა მოამწყვდიო და ლოცვის დროს პერიოდულად მცირე ხნით შეაკავო სუნთქვა, მაგრამ ყველა მთავარია რწმენა, რომ უფალი ახლოსაა და გისმენს, ლოცვაც ისე თქვი, ღვთის სმენას რომ სწვდებოდეს.
თავიდან, დიდი ხნის განმავლობაში ასეთ ლოცვას, როგორც ყველანაირ საქმიანობას, მხოლოდ ქმედების სახე აქვს, შემდეგ ხდება გონიერი და ბოლოს მკვიდრდება გულში. ვინაიდან ხშირია სწორი გზიდან გადახვევის შემთხვევები, ამიტომ საჭიროა ისწავლო მისგან, ვინც ფლობს ამგვარი ლოცვის უნარს. დაბნეულობას ყველაზე მეტად იწვევს იმის გაურკვევლობა, თუ ვინ სად იმყოფება ლოცვისას თავში თუ გულში.
ვინც გულშია, ის უსაფრთხოდ არის და კიდევ უფრო უსაფრთხოდაა ის, ვინც შემუსვრილი გულით ყოველთვის ევედრება უფალს ხიბლისაგან დახსნას.
ბეჭდვა
1კ1