ლოცვა ღმერთთან საუბარია, გულისა და გონების სამყაროს შემოქმედის მიმართ აღპყრობა
ლოცვა ღმერთთან საუბარია, გულისა და გონების სამყაროს შემოქმედის მიმართ აღპყრობა
ლოცვა ღმერთთან საუბარია, გულისა და გონების სამყაროს შემოქმედის მიმართ აღპყრობა. ეკლესია რამდენიმე სახის ლოცვას განასხვავებს: სამადლობელს, როდესაც უფალს მადლობას ვწირავთ ჩვენი უზრუნველყოფისათვის, განვადიდებთ მას; თხოვნითს, როდესაც დახმარებას ვთხოვთ შემოქმედს და სინანულისას, როცა უფალს შენდობას ვთხოვთ ჩადენილი ცოდვებისათვის.

ლოცვა სულიერი სიმშვიდის შენარჩუნების მძლავრი იარაღია. იმ სიმშვიდისა, რომლის დარღვევასაც ცდილობს ბოროტი ძალა მძიმე ფიქრებით, განცდებითა და ემოციებით.

გვესაუბრება თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პედაგოგი დავით ციცქიშვილი.

- როგორ მოქმედებს ლოცვა ადამიანის სულიერ მდგომარეობაზე, განსაკუთრებით როდის არის იგი საჭირო?

- ლოცვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როცა ადამიანს სულიერად უჭირს, ღელავს, მრისხანებს ან სასოწარკვეთილია. ასეთ დროს ამ ღვთისმსახურებითი წესის შესრულება განსაკუთრებით კეთილისმყოფლად მოქმედებს შინაგან მდგომარეობაზე. არის შემთხვევები, როცა კაცს ეჩვენება, რომ უფალმა მიატოვა, რომ ვეღარ უძლებს მწარე სინამდვილეს. ასეთ შემთხვევაში ლოცვა მდგომარეობას ამსუბუქებს, სიმშვიდეს ანიჭებს ადამიანს და ისიც უფრო მედგრად ხვდება გასაჭირს, ისევ უბრუნდება უფლის რწმენა. ჩვენ სათანადოდ ვერ ვაცნობიერებთ ლოცვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას სულიერი შეჭირვების ჟამს, არადა, ის სულიერი, ფსიქოლოგიური დახმარების მეტად ძლიერი წყაროა.

- ლოცვა გვეხმარება, უფრო მეტად ჩავუღრმავდეთ საკუთარ თავს, გავაცნობიეროთ ამა თუ იმ საქციელის ქვეცნობიერი მოტივები...

- ამ ღვთისმსახურებითი წესის შესრულება ადამიანს ჭეშმარიტების შეგრძნების უნარს ანიჭებს, გონებას განწმენდს, პრობლემის გააზრებაში, გადაწყვეტილების მიღებაში გვეხმარება. მისი დაწყებისთანავე ცხადი ხდება, რა ნაბიჯის გადადგმაა საჭირო. ლოცვა გვეხმარება, უკეთესად ჩავწვდეთ საკუთარ ცოდვებს, შეცდომებს, ნაკლოვანებებს. საღამოს ლოცვის შემდეგ გონებაში ხშირად ამოტივტივდება განვლილი დღე: რა შეცდომა დაუშვი, რა ვნებამ იმძლავრა შენში, რა გამარჯვება მოიპოვე სულიერი ბრძოლის თვალსაზრისით... ამგვარად, ლოცვა აძლიერებს თვითანალიზის, საკუთარ თავში ჩაღრმავების უნარს. ხშირად ის ქვეტექსტი, რომელიც საქციელს ახლავს თან, სწორედ ლოცვით თვალსაჩინოვდება. მაგალითად, მოწყალების გაღება შეიძლება ბოროტის მიერ იყოს ნაკარნახევი. იგი ასწავლის ადამიანს, ან სრულებით არ გასცეს მოწყალება, ან გასცეს თავის მოსაწონებლად, სახელის მოსახვეჭად. თუ ასეთ დროს ლოცვას დავიწყებთ, ადვილი შესაძლებელია, შევიმეცნოთ ის მიზეზები, რომლებიც ჩვენს ქცევას განაპირობებს.

- ლოცვის დროს ხშირად გვეფანტება ყურადღება და ჩვენი გონება ყოფით საკითხებს დასტრიალებს თავს...

- ეს ბუნებრივია - ბოროტი ხომ განსაკუთრებით ებრძვის მლოცველს. წმინდა მამათა განმარტებით, ლოცვის აღსრულებისას დიდი მნიშვნელობა აქვს წარმოთქმულის ნათლად აღქმას, ყურადღების გამახვილებას მის შინაარსზე, ამას კი მიზეზთა გამო ზოგჯერ ვერ ვახერხებთ. ერთი მეუდაბნოე მამა ამბობს: როცა ეშმაკი დაინახავს, რომ ვლოცულობთ და ყურადღების მოკრებას ვცდილობთ, ყველა გზას მიმართავს, რათა გულისყური გაგვიფანტოსო. ამისთვის კი ბოროტი ჩვენსავე სუსტ წერტილებს იყენებს, იმ აზრებს შთაგვაგონებს, რომლებიც განსაკუთრებით გვტანჯავს, ყველაზე მგრძნობიარე ადგილას გვაყენებს დარტყმას. იმ ფიქრების მიხედვით, რომლებიც ლოცვისას მოსვენებას არ გვაძლევენ, შეგვიძლია გავიგოთ, სად არის ჩვენი აქილევსის ქუსლი და მის წინააღმდეგ მივმართოთ ძალისხმევა.

- მაგრამ უგულისყურობა ყოველთვის ბოროტისეული ზემოქმედების ბრალი ხომ არ არის; მიზეზი სხვა რამაც შეიძლება იყოს, მაგალითად, დაღლილობა...

- მართალი ბრძანდებით, დაღლილობისას ყურადღების კონცენტრაცია იკლებს, რაც, ბუნებრივია, ლოცვაზეც აისახება, ამიტომ საგანგებოდ უნდა ვაკონტროლოთ ეს მხარე. ალბათ, ყველას გამოგვიცდია, რომ როცა დაღლილ-დაქანცულნი ვბრუნდებით შინ და მაშინვე ვიწყებთ კანონის შესრულებას ან საღამოს ლოცვის კითხვას, ზერელედ აღვიქვამთ ტექსტს. აჯობებს, ცოტა ხანს დავისვენოთ და ისე შევუდგეთ ამ ღვთისმსახურებითი წესის შესრულებას. დიდი მნიშვნელობა აქვს იმასაც, რამდენად მზად ვართ ლოცვისათვის.

- რა მნიშვნელობა აქვს ლოცვის დროს განწყობას?

- ძველად რუსეთში ასეთი ტრადიცია არსებობდა: ლოცვის წინ სხდებოდნენ და ხუთიოდე წუთს მდუმარებაში ატარებდნენ - შინაგანად ემზადებოდნენ ლოცვისათვის. ახლა კი, მაგალითად, უყურებენ ტელევიზორს, უცებ გამორთავენ, წავლენ და ლოცვას იწყებენ. ასეთ დროს ადვილი შესამჩნევია, რომ გონება ლოცვისთვის სათანადოდ ჯერ კიდევ არ არის განწყობილი და ზერელედ აღიქვამს მის სიტყვებს. მამა პაისი ათონელს ერთმა მორწმუნემ ასეთი რამ ჰკითხა: "ყოველდღიურად ვლოცულობ; საღამოს ლოცვების წაკითხვის შემდეგ ვზივარ და საკუთარ თავს ვეკითხები: მე ხომ უფლისადმი აღვავლინე ლოცვა; რატომ ვერ ვგრძნობ ვერაფერს?!" ღირსმა მამამ ასე უპასუხა: "როგორ იგრძნობდი ლოცვის ძალას, როცა ამდენ ხანს იჯექი ტელევიზორთან და გამორთე თუ არა, მაშინვე საღამოს ლოცვების კითხვა დაიწყე? ჯერ გული უნდა გაითბო, წაიკითხო რომელიმე თავი წმინდა წერილიდან ან წმინდა მამათა თხზულებებიდან... აი, მაშინ შეიგრძნობ ლოცვას. გაყინული გულითა და საზრუნავით გადატვირთულნი უფალს ვერ ვესაუბრებით".

- როცა ლოცვის არც სურვილი გაგვაჩნია და არც განწყობა, აქვს თუ არა აზრი ასეთ დროს ამ ღვთისმსახურებითი წესის შესრულებას?

- ცხადია, ლოცვა ყოველთვის არ არის ადვილად, სასიამოვნოდ დასაწყები. ძალიან ხშირად ის ნებისყოფის დაძაბვას, ძალისხმევას მოითხოვს. უფალთან მისვლა რომ მხოლოდ სასიამოვნო ემოციებსა და განცდებს უკავშირდებოდეს, მაშინ ძალიან ადვილი იქნებოდა მასთან ღუზის ჩაშვება. ადამიანმა ყველაფერს უნდა გაუძლოს, აიძულოს, გადალახოს საკუთარი თავი და ამგვარად მოიპოვოს მადლი უფალთან.

ზოგჯერ სასოწარკვეთილების ვნება გვიტევს და პროტესტის გრძნობა გვეუფლება: "ადრე ვლოცულობდი და ვცდილობდი, ღვთისთვის სათნოდ მეცხოვრა, მაგრამ რა შედეგი გამოიღო ამან? Gგანა დამთრგუნველი, მძიმე შინაგანი მდგომარეობა საპირისპიროზე არ მიუთითებს?!" თუ ეს დაბრკოლება გადავლახეთ და ლოცვა დავიწყეთ, უმეტესად მალევე ვიგრძნობთ, როგორ ცხრება სასოწარკვეთილება, იდევნება ბოროტი და მჭმუნვარე, შავბნელი ფიქრები, ისევ ჩნდება იმედი, რწმენა ღვთისა. ხოლო თუ კაცი აჰყვა კაეშანს, ვერ სძლია თავს და ადრე თუ გვიან არ დაიწყო ამ ღვთისმსახურებითი წესის შესრულება, მდგომარეობა თანდათანობით უფრო და უფრო დამძიმდება. სანამ ადამიანი არ მიუბრუნდება ლოცვას, თავს უკეთ ვერ იგრძნობს.

- ბერული ცხოვრების ერთ-ერთი ნიშან-თვისებაა განუწყვეტელი ლოცვა. შესაძლებელია თუ არა ასეთი რამ ერისკაცისთვის?


- როდესაც ბერები დიდ სულიერებას აღწევენ, განუწყვეტლივ ლოცულობენ, ძილშიაც კი. კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა უფლის განუწყვეტლივ განდიდება, ნეტარი ავგუსტინე პასუხობდა: "მე ერთ ხერხს გასწავლი: თუ გსურს, გამუდმებით ახერხებდე ამას, რასაც არ უნდა აკეთებდე, აკეთე სამართლიანად. მხოლოდ ამითაც კი განადიდებ უფალს!" წმინდა ბასილი დიდი კი ამბობს: "განუწყვეტლივ უნდა ილოცო, მაგრამ არა სიტყვებით, არამედ მთელი შენი მოღვაწეობით. როცა ცდილობ, ამგვარად შეერწყა უფალს, მთელი შენი ცხოვრება უწყვეტი ლოცვაა".

ჩვენი ლოცვა, ჩვეულებრივ, გაფანტული, არაგულისხმიერია. ამასაც სიმშვიდით უნდა შევეგებოთ, რადგან მისი შინაარსი ჩვენში თანდათანობით შემოდის. როდესაც იესოს ლოცვის სწავლას იწყებენ, თავდაპირველად მას მხოლოდ გარეგნულად, მექანიკურად იმეორებენ; სულიერი განვითარების კვალდაკვალ ხდება ლოცვის შინაარსის აღქმა, ბოლოს კი გულიც აინთება ხოლმე მისი მადლით.

- ფსალმუნში ვკითხულობთ: "საშჯელისა მისისაგან გამოვედინ დაშჯილი და ლოცვა მისი ცოდვად შეერაცხენ მას" (ფს. 108:7). როგორ გავიგოთ ეს სიტყვები და, საერთოდ, რას გულისხმობს არასწორი ლოცვა?

- ქრისტიანული თვალსაზრისით საშიშია ლოცვა, როდესაც ადამიანი თავის ფანტაზიას ახელებს: წარმოიდგენს სამოთხის სურათებს, ანგელოზთა მოვლინებას და ა.შ. ეს ხიბლის ნიშანია და მეტად საზიანოა ადამიანის სულისათვის. ლოცვა მავნებელია მაშინაც, როცა რაიმე უკადრისს ვთხოვთ უფალს (ვთქვათ, მეტისმეტად მატერიალურს: მდიდრულ მანქანას, აგარაკს და ა.შ.). ამით ლოცვას შეურაცხვყოფთ. ცხადია, სხვა საქმეა, როცა ადამიანს უჭირს და დახმარებას ევედრება უფალს, მაგრამ რაც უფრო მეტად იზრდება კაცი სულიერად, მით უფრო ნაკლებს ითხოვს იგი ღმერთისაგან და მით მეტად მიენდობა მის ნებას. ასეთ დროს ყველაზე მძაფრია სურვილი, მოგვეცეს ძალა საკუთარი ჯვარის, ცხოვრებისეული მძიმე ტვირთის ტარებისა.
ბეჭდვა
1კ1